ლელა კოტორაშვილის ბლოგი

მთავარი » Uncategorized » რა საყვარელი იყო თეკლა სკოლაში, დე!

რა საყვარელი იყო თეკლა სკოლაში, დე!

დილას ჩავრთეთ მე და გაბრიელმა თეკლას საყვარელი მუსიკა  და ისე გავაღვიძეთ ჩვენი პირველკლასელი გოგო. სიხარულით გაახილა თვალები და შეუდგა მზადებას. ჩვენი წითელი ავტობუსი დათქმულ დროზე მოგრიალდა. სირბილით გავიქეცით გარეთ, ჭრიალით გავაღეთ ხის  ჭიშკარი და ჩანთამოკიდებული თეკლა ავტობუსისკენ გაცუნცულდა. გზადაგზა ესალმებოდნენ და ეფერებოდნენ მეზობლები, მასწავლებლები, ბავშვები.

IMG_9497 (2)

პატარა ხის დაფა ღამით მოვუხატე, სკოლის პირველი დღე მივულოცე და პიპილეთში ნატალიას და სანდროს შეგროვებული ონტკოფილებით მოვურთე. ესეც სიმბოლურად. ნატალიაც პირველად მიდის სკოლაში, თუმცა თეკლასგან განსხვავებით მას ბევრი კლასელი ეყოლება.

გაბრიელმა ხელი ჩაკიდა დას და ასე აუყვნენ სკოლის აღმართს.

სათითაოდ ჩაეხუტა ყველას.

კლასში შესულს დაფაზე მისალოცი წარწერა დახვდა და მაშინვე ამოიცნო თავისი სახელი.

მასწავლებელს მოუთმენლად ელოდა, შეხვედრის მერე ნახატი აჩუქა – უზარმაზარი გული, თან აუხსნა, უკან ჩემი დედიკო ხატიაო.

სკოლის დირექტორმა საზეიმოდ გადასცა კომპიუტერი და მთელი სკოლა ტაშით მიესალმა ერთადერთ პირველკასელს.

სკოლის  ზარიც დაარეკინეს.

მშვიდად და სიხარულით მიიღო უზარმაზარი სითბო და თამრიკო მასწავლებელთან ერთად პირველ გაკვეთილზე განმარტოვდა.

კლასში რომ შევაკითხე, მერხთან ჩემი გოგო იჯდა და ფუსფუსებდა. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ ავტირებულიყავი. მტკივნეულია თვითონ ფაქტი, იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ  მე მაინც მჯერა, რომ ჩვენი საქციელი უკეთესობისკენ  წინ გადადგმული ნაბიჯია. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რომ რამდენიმე წელიწადში ამ პატარა, კეთილმოწყობილ სკოლას მოსწავლეები აღარ ეყოლება და დაიხურება. ადამიანები, რომლებიც აქ მუშაობენ, შემოსავლის გარეშე დარჩებიან. წელს გვალვა იყო, შემომჩივლა ლილი მასწავლებელმა და მოსავლის გარეშე დავრჩითო. არადა წინ გრძელი და სუსხიანი ზამთარია, შეშა აქვთ მოსატანი, ფქვილი საყიდელი და ათასი ყოფითი საზრუნავი მოსაგვარებელი. როცა სოფელს ასე უჭირს არსებობა, მასწავლებლების ისედაც მცირე შემოსავლის გარეშე დარჩენა, წარმოიდგინეთ, როგორი რამეა. თეკლას ერთადერთობაც თავისთავად ბევრ პრობლემაზე მეტყველებს.

IMG_9516

არადა ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ აქ საოცარი ბუნებაა. აქედან წასული ადამიანები მწერენ, რომ ამ სოფლის თითოეული ქვაც კი უყვართ და სულ აქ დაბრუნებაზე ოცნებობენ. სოფელს აქვს ეს ჯადოსნური ძალა და ვისაც სოფლად გატარებული ბავშვობის დღეები უგემია, ყველა განიცდის ამ ძალის ზემოქმედებას.

ონიდან სტუმრები გვწვივნენ და სასწავლო წლის დაწყება მოგვილოცეს. ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა, ქალბატონმა სოფო გუგეშაშვილმა, თეკლას ფოტო გადაუღო და სოციალურ ქსელში ატვირთა წარწერით, უწერის სკოლის ერთადერთი მოსწავლეო. თეკლას სურათი სწრაფად გავრცელდა დღის ფოტოს სტატუსით  და პოპულარობა მოიპოვა. ათასგვარი გამოხმაურება მოჰყვა – ვიღაცას ვეცოდებით, ვიღაც გვილოცავს, ვიღაცას გული სტკივა, ვიღაც სავსე სკოლას იხსენებს, რამდენიმე ადამიანმა ისიც კი დაწერა – ბედნიერია, უკნიდან თმას არავინ მოწიწკნისო.

ჩემდაუნებურად ისევ ჩემს ბავშვობას ვუბრუნდები – სკოლის პირველი დღე ნათლად მახსოვს. ქეთი, მამაჩემის მიერ სკუპად მონათლული, ჩემი ბაღელი და მეზობელი იყო. ჩვენი დედები ერთ სკოლაში ასწავლიდნენ. რა თქმა უნდა, ერთ კლასში მოგვახვედრეს. მასწავლებელმა რომ ამოიკითხა ჩემი ლამაზი და უსაყვარლესი მეგობრის სახელი და გვარი, მის შემდეგ კი ჩემი, მახსოვს, როგორ გამიხარდა. თერთმეტი წელი ერთ მერხთან ვისხედით. მხოლოდ კლასის დამრიგებლის, იზო მასწავლებლის, გვეშინოდა და მათემატიკის გაკვეთილზე ვშორდებოდით, მერე კი ისევ ერთმანეთს ვუბრუნდებოდით. ომის წლები იყო. ყველას ძალიან გვიჭირდა. ქეთი ერთგულად მიყოფდა, როგორც მაშინ მეჩვენებოდა, უგემრიელეს კარაქიან პურებსა და ყველიან მჭადებს. მერეც ასე ვაგრძელებდით. ათთეთრიანი კრემიან ფუნთუშას არ ვჭამდით უერთმანეთოდ, რამდენიმე მზესუმზირის მარცვალიც უსიტყვო შეთანხმებით თანაბრად უნდა გაგვეყო. სკოლის მერე ერთ ფაკულტეტზე გავაგრძელეთ სწავლა და დღეს ქეთი თეკლას ნათლიაა. ძალიან, ძალიან ახლობელ ადამიანებს ხელის თითებით ვიხსენებ. ახლაც, როცა საკუთარ ოჯახებში ვართ ჩაფლულები, უცბად ამომიტივტივდება ქეთის თითები და გული მტკივდება მისი სიყვარულისგან. ასეთი ამბების და მეგობრობის მერე, აბა, როგორ არ ამეტირება თეკლას გამო.

IMG_9546 (3)

მიუხედავად ყველაფრისა, დღის ბოლოს ჩემი ნერვიულობა საპნის ბუშტივით გაქრა. მუსიკის გაკვეთილი თეკლას  მსგავსად მარტოდმყოფ მეორე და მესამე კლასელ ბიჭებთან ერთად ჩაუტარდა. უსაყვარლესები იყვნენ და აშკარად ბედნიერები ერთადყოფნის გამო. შესვენებების დროს სხვა ბავშვებთან თავდავიწყებით თამაშობდა. გაკვეთილების შემდეგ ყველამ ერთად ჩვენი სახლისკენ გამოვწიეთ, რომ თბილისიდან მამის გამოგზავნილი ტორტით აღგვენიშნა ეს დღე. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ხევს მოვუყვებოდით. ხელჩაკიდებული მოდიოდნენ, იცინოდნენ. თეკლა ყველას ეხუტებოდა – ეზოდან ჩვენს შესაგებებლად გამოსულ ჯემალი ბაბუასა თუ ხევზე შემოხვედრილ ზაური ბაბუას. აქ ყველას სცალია იმისთვის, რომ მოესიყვარულონ და გამოესაუბრონ. თბილისიდან მეგობრები გვირეკავდნენ და ჩვენს ამბებს გებულობდნენ. ჩემს ხმაში ეძებდნენ ფარულ დარდს, თუმცა ამაოდ. მთელი დღის განმავლობაში, როგორც ჩემს გოგოს, ისე მე,  სიხარული არ მოგვშორებია სახიდან, თუ არ ჩავთლით იმას, რომ დღის ბოლოს ზუსტად ერთსა და იმავე დროს წამწამები ჩაგვიბრუნდა და ცრემლები გვადინა.

IMG_9579

თეკლა გაიზრდება, კლასსაც შეიცვლის, გარემოსაც, თუმცა აქ გატარებული ბავშვობის წლები არასდროს დაავიწყდება. ეს იქნება ზღაპრული თავგადასავალი, რომელიც სავსეა ადამამიანებით, ურთიერთობებით, სიყვარულით და სითბოთი.

მე მეამაყება და მადლობელი ვარ, ამ გარემოში რომ იზრდება ჩემი გოგო. აქ განსაკუთრებული ბავშვები არიან.

ასე, რომ ნუ შეგვიბრალებთ. გამოგვიგზავნეთ თქვენი სიყვარული, რომ კიდევ უფრო გავძლიერდეთ და ყველა ერთად აუცილებლად გადავარჩენთ ამ ულამაზეს სოფელს.

IMG_9576

და რადგან ბავშვების პირით სიმართლე გველაპარაკება, გაბრიელის ძილის წინა სიტყვებით დავასრულებ წერას:

– რა საყვარელი იყო თეკლა სკოლაში, დე.

IMG_9420 (2)

IMG_9588 (2)


10 კომენტარი

  1. karkusha80 ამბობს:

    თეკლა გილოცავ, კეთილი იყოს შენი მობრძანება ცოდნის სამყაროში, წინსვლა და წარმატებები მოგცეს უფალმა …

    Liked by 1 person

  2. Natalia Strydom ამბობს:

    თეკლას ვუსურვებ ბევრ საინტერესო ადამიანებსა და საოცრებებს 🙂
    ყველაფერი იქნება საუკეთესოდ ❤ მადლობა ამ უსათუთესი წერილისთვის

    Liked by 1 person

  3. სასწაული ემოციები და ამბები გაქვს 🙂 წარმატებები თეკლა გოგოს 🙂

    Liked by 1 person

  4. nana ამბობს:

    ძალიან ლამაზ თეკლას ვულოცავ.💜💛წელს,როცა ვიყავი რაჭაში,ჩემს ხიდეშლებში,გავიკვირვე,რატომ არ ცხოვრობს ხალხი სოფლებში?! მართლაც,რო თითოელი ქვა დასამახსოვრებელი და ტკბილია. მერე ,ხომ მიექცეოდა სოფლებსაც ყურადღება, იქნებ სამუშაობიც ყოფილიყოს, ბევრი პირველ კლასელი.თბილისში აღარ დარჩა პატარა მიწაც, სულ შენობები,აღარ გავს ჩემს ლამაზ თბილის,გატენილი უამრავი კორპუსით.ალბათ ხალხის ,სიზარმაციის ბრალია,ყოველივე.

    Liked by 1 person

  5. Elisabedi ამბობს:

    საყვარელო თეკლა, შენ ისეთი დედიკო გყავს ყველაფერს გაგილამაზებს და უკეთესი მხრიდან დაგანახებს, ზალიან ბედნიერი და ლაღი გაირზდებიიიიიიიიიიიი

    Liked by 1 person

  6. Tea-Tekla Maisuradze ამბობს:

    შეუძლებელია ამ ყველაფრის გააზრება ცრემლის გარეშე ❤ დალოცვილი გამყოფოთ მაღალმა ღმერთმა ❤ გეფერებით ბევრს, ბევრს ❤ მე ვიცი ჩვენი ჯადოსნური კუთხის სითბო და სიყვარული ❤ უამრავ სიყვარულს გიგზავნით და აუცილებლად ვესტუმრები თეკლას ❤ ქალობას დაგილოცავ, თეკლას დედა ❤

    Liked by 1 person

  7. tokatoka1 ამბობს:

    sayvarelo tekla gilocav sascavlo clis dacyebas.cremlis gareshe sheudzlebelia am istoriis cakitxva.uflisgan iyavi dalocvili shen dedikostan,dzamikostan da mamikostan ertad.carmatebebs gisurveb cxovrebashi :-*

    Liked by 1 person

  8. mariami ამბობს:

    Gilotsavt kvelas stsavlis datskebamde,gauprtxildit da moeperet ertmanets,tqvens sopelshi tu qalaqs tu gindat rom bednierebi ikot.gikvardat ertmaneti!

    Like

  9. ნინო ამბობს:

    ლელა, საყვარელო, ვკითხულობდი ამ ბლოგს და ცრემლები მომდიოდა, ზუსტად ვერ ვხსნი ჩემს ემოციურ მდგომარეობას, დამეუფლა უდიდესი სითბო და სიყვარული , მივხვდი რა ძლეირი შეიძლება ადამიანი იყო თუ მოინდომებ, გამიხარდა, რომ ასეთ ადამიანს მიც ვიცნობ შენი სახით. ვიღაცას შეუძლია ამბის მოსმენა და მისი შინაარსით ტკბობა, როგორც მე, ხოლო თავად ჯადოსნური ამბის მონაწილედ გადაქცევა ბევრს არ ძალუწს. ნამდვილად დიდ ქებას იმსახურებ კეთილო ადამიანო. თეკლა, ჩემი შვილის მოსახელეა და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ!!!
    დიდი სიყვარულით და პატივისცემით,
    ნინო ლაზარაძე

    Liked by 1 person

  10. LA MAGA DE RAYUELA ამბობს:

    გილოცავ თეკლა !
    საამაყო დედა გყავს ❤

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი