ლელა კოტორაშვილის ბლოგი

მთავარი » Uncategorized » ეს შეიძლება ყველას დაემართოს

ეს შეიძლება ყველას დაემართოს

ეს შეძლება ყველას დაემართოს.

პარანოიდული შიზოფრენია.

ჩემი 42 წლის ძმის დიაგნოზის სრული სახელწოდება დღეს გავიგე. მე მახსოვს ის დღე, როცა დედამ დიაგნოზი სახლში მოიტანა. ის განწირული ტიროდა. 12-13 წლის ვიქნებოდი.

მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა ზურას დიაგნოზისა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს. დედას უჭირდა პრობლემისთვის თვალის გასწორება. მამა მომხრე იყო, რომ ზურა ფსიქიატრიულ კლინიკაში დაგვეწვინა. დედა გააფთრებით ებრძოდა მამაჩემის გადაწყვეტილებას, მთელ სამყაროს. ერთხელაც სხვა გზა არ იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და ზურა სანიტრებმა ხმაურიანი შემართებით ჩაიყვანეს მანქანაში. ჩემი სახლის ფანჯრებში სინათლე ენთო. მეგონა, რომ მთელი უბანი, მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენს ფანჯრებს ხედავდა, მხოლოდ ჩვენი სახლიდან გამომავალ ხმაურს ისმენდა. მერე სიტყვა „ფსიქიატრიული“ მოგვიშინაურდა. ზურას გამოყვანა-წაყვანა ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაურიან და მტკივნეულ მოვლენად იქცა. ხანდახან სანახავად მე დავდიოდი. საჭმელი და სიგარეტი მიმქონდა მისთვის. ერთხელ, მეტროში ცელოფანი გაიხა და ჩანგლები ძირს დაცვივდა. მაშინ მეგონა, ვაგონში მყოფმა ყველა ადამიანმა იცოდა, რომ ასათიანზე მივდიოდი. მე ძალიან მრცხვენოდა იმის, რომ სწორედ ასათიანზე მივდიოდი. ის ქუჩები ჩემს ბავშვობას, დარდს, ზურას ცუდად ყოფნას და „ასტრის“ შემხუთველ სუნს მახსენებს.

ახლა ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს. თვეში ერთხელ მივდივართ, ხან – დედა, ხან – ზაზა, ხან მე და ზვიო, ხან – ყველა ერთად. თუ ბედიანში ყოფილხართ, გეცოდინებათ, როგორი საშინელი გზაა. ზამთარში უკიდურესად სახიფათო. ბოლო რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლას დანგრეული გზის გამო საათებს ვანდომებთ. ულამაზესი ხეობაა. კლდეზე გადმოშვერილი ხეები გზას ჩრდილავენ.  მანქანის წინ შველსაც კი გადაურბენია. ხშირად დიდი, ვეებერთელა ლოდებიც ცვივა. სივიწროვის გამო შემხვედრი მანქანისთვის გვერდის ავლა ჭირს. ბედიანის ტრაფარეტის გამოჩენისას გზა ყველაზე მეტად იწელება. მიჭირს იქ ყოფნა. გაძლება. ალაყაფის ჭიშკარს მიადგება თუ არა მანქანა, რამდენიმე წუთი ლოდინი გვიწევს. სანიტარი კარს აღებს და ძველი, პირქუში, ცხაურიანი შენობები ჩნდებიან. ზოგჯერ სარეცხია გამოფენილი, შიგადაშიგ ჭრელი ტანსაცმელი მრავლისმეტყველი კონტრასტია ჭიშკრის აქეთ და იქით არსებული სამყაროსი.

დღეს ისეთ დროს ჩავედით, ოთხმოცამდე მამაკაცი ეზოში სეირნობდა. ჩვენი მანქანა ნელა მიიკვლევდა გზას და ეზოში მყოფი ყველა თვალი ჩვენ გვიყურებდა. გაცრეცილი, გამხდარი სახეების უსიერი ტყე. ყველა ეზოში იყო. ყველა, ზურას გარდა. ექიმები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მძიმე პაციენტია, უხალისო, ბინძური, დაუმორჩილებელი, შემაწუხებელი, თავის თავში ჩაკეტილი.

მანქანის გაჩერებას ვერ ვასწრებთ, რამდენიმე ზურასთან გარბის, კოტორ, შენები მოვიდნენო, ახარებენ. ჩემი ძმაც ყოველ ჯერზე გახარებული გამორბის ჩვენკენ. გვკოცნის, გვეხუტება. მერე ყველაფერი რიტუალივით გრძელდება. ნაცნობ მაგიდასთან და სკამებთან მივდივართ. დედა ყავისფერი ჩანთიდან ზურას საყვარელ საჭმელებს ალაგებს. ცდილობს, ყველაფერი მოუმზადოს, უყიდოს, გაასინჯოს. დღეს ახალი კანფეტი წამოუღო. რამდენიმე ცალი რომ შეჭამა, დედა შესაფუთ ქაღალდს აკვირდებოდა და სახელს იმახსოვრებდა. თერმოსს, რომლითაც ზურასთვის ტკბილ თურქულ ყავას დავატარებთ, მხოლოდ ბედიანში წამოსვლისას ვიხსენებთ. რიტუალია ისიც, რომ ზურა ყოველთვის გვაძალებს და მონატრებულ ცხელ ყავას ჩვენც გვიწილადებს.

მერე ავთო ექიმთან მივდივართ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა საქართველოს ფოსტიდან შეტყობინება მიიღო. გაუკვირდა, ვის უნდა გამოეგზავნა ჩემთვის ამანათიო. ფოსტაში მისულს ამანათის ნაცვლად თეთრიწყაროს სასამართლოდან გამოგზავნილი წერილი დახვდა. რამდენიმე კვირის წინ ზურას საბუთების მოსაწესრიგებლად შეტანილ განცხადებას ხარვეზები აღმოაჩნდა.

ავთო ექიმი ავთო ექიმია. არც მთავარი ექიმი, არც ზურას ექიმი, არც მხოლოდ სახელი. ის არის ავთო ექიმი და თუ ზურას შიშები გაუმწვავდება ან გამხდარი დაგვხვდება, თუკი რამეს შემოგვჩივლებს, ჩვენ მასთან გავრბივართ, ვურეკავთ, გვახსენდება.

დღეს ვისხედით მის ძველებურ კაბინეტში და ის გულდასმით გვაწერინებდა განცხადებას. თითოეულ ფრაზას სამჯერ მიმეორებდა. დროდადრო თვითონ გაქონდა არშიაზე აუცილებელი წინადადებები. ბიუროკრატიული წვრილმანები თავბრუს მახვევდა. ვებრძოდით იურიდიულ ტერმინოლოგიას და ვავსებდით ხარვეზებს, ვწერდით სფეროების ლაბირინთულ ჩამონათვალს. ახალი ლურჯი ფარდები მხვდება თვალში და საკანცელარიო ნივთების რკინის ჩასადები. ავთო ექიმი დახმარებისთვის ნაცნობ ადვოკატებს ურეკავს, ისინიც მონდომებით ეხმარებიან. პარალელურად ყველა ზარს პასუხობს. უნებურად ვისმენ, რომ პაციენტებისთვის ვინმე გიორგის 140 ნაყინი მოაქვს. ავთო ექიმს აფრთხილებს, მალე მობილური აღარ დაიჭერს, მაგრამ გზაში ვარო. ნეტავ, ზურა თუ ადგება საწოლიდან ნაყინის შესაჭმელად?

განცხადების წერას ვრჩებით და ავთო ექიმი დედას ეუბნება, რომ არ მოსწონს მისი სახე, რომ მის შინაგან ფორიაქს გრძნობს და რომ ასე არ შეიძლება, რომ არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები ჰყავს, რომ მამაჩემს დიდ პატივს სცემდა და ძალიან უყვარდა, რომ დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალია, რომ ზურას მდგომარეობა არის მოცემულობა, რომელსაც ვერ შევცვლით, რომ უნდა შეეგუოს და გალაღდეს, რადგან შვილები დედის განცდებს ყველაზე მეტად გრძნობენ.

ავთო ექიმთან მშვიდად ვართ, რადგან მან იცის, რომ ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ყველას დაემართოს, რომ ყველაზე უმართავი და უცნაური დაავადებაა.

თავისი კაბინეტიდან გვაცილებს და მეუბნება, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე საგანგებოდ ჩამოვა.

ზურას ფორმა #100-ში ეწერა, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მისი დაავადება გენეტიკური არ არის. ერთ აბზაცში ჩატეულიყო ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი ბავშვობა.

– ლელა, დაიკო, როგორ ხარ? – მიღიმის ჩემი ძმის მეგობარი.

– ქალბატონო, გაზეთები ხომ არ ჩამოგიტანიათ? – რკინის ცხაურის მიღმა ბნელა და სიშავის ფონზე დედა ნაცნობ პაციენტს ხედავს, გაზეთებს მთხოვს და მომაქვს ხოლმეო.

– არაფრის უნდა მეშინოდეს? სახლში წამიყვანთ? რატომ არ მიშვებენ? – გვეკითხება ზურა. სახეზე ჭაღარა წვერი წამოზრდია. ხელს ვუსვამ, როგორ გამიჭაღარავდი-მეთქი და თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს, მერე თვალებში ვაკვირდები. ვერაფერს ვხედავ საშიშს, მხოლოდ სევდას, ბრაზს, წუხილს, სიკეთეს.

 

მოცემულობა ქრონიკულ შიზოფრენია პარანოიდულ შიზოფრენიად იცვლება. სახლში დაბრუნებული ვეცნობი, რომ პარანოიდულ შიზოფრენიას ახასიათებს ბოღმა. ვიცი, რომ მრავალი სიმპტომიდან ეს ერთ-ერთია, მაგრამ ზურა და ბოღმა ერთმანეთისგან ისევე შორს არის,როგორც ცა და დედამიწა. ჩემი ძმა ყველაზე კეთილი ადამიანია. ყველაზე დიდი აგრესიის დროს ჩემთვის თითიც კი არ დაუკარებია.

– ტანი ხომ გამიმაგრდება?

– უკვე გამაგრებული გაქვს. – მშვიდად პასუხობს დედაჩემი.

– ხომ არ მატყუებ, დე?

– არა.

– ტანს ხომ ჩამომიტან?

– კი, ზურა. – ხმაში სუსხი ერევა დედას.

– ხომ არ მატყუებ?

– ვაიმე, ვაიმე! – ხმას უწევს დედა. ზურა ჩუმდება.

მერე ყველაფერი თავიდან იწყება და ჩვენი ერთად ყოფნა გაუსაძლისი ხდება.

მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც არავისთან – ერთდროულად დიდ თავისუფლებასა და შეუვალობას. არ მიშვებს ახლოს. მხოლოდ დედაჩემის სჯერა და მასთან საუბარი ეხალისება.

შვიდი წლის ვიყავი ყველაფერი რომ დაიწყო და ცხოვრება თავდაყირა დადგა. მამაჩემის ხელით აწყობილი ვერცხლისფერი, სარკისებური რკინის კარი იტევს ათასობით ღამეს, დღეს, შიშს, ჩხუბს, არეულობას, წამლების სუნს.

ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ზურას ავადმყოფობის. მეგობრების სახლში მოყვანას ვერიდებოდი. მისი ამბის სხვისთვის თქმაც რაღაც დიდი საიდუმლოს განდობას ჰგავდა და ვისაც ვუამბობდი, ამით მისდამი დიდ ნდობას გამოვხატავდი.

ხშირად მესმოდა, როგორ იხსენიებდნენ ზურას გიჟად უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები. წიგნის კითხვისას არ გამომეპარება სიტყვა „გიჟი“. თქვენ თუ გაშინებთ ასე რომელიმე სიტყვა?

მერე გავიზარდე და სირცხვილი გაქრა. ზურას დობა კი საამაყო გახდა. მეამაყება, რომ მყავს, რომ ჩემი უფროსი ძმაა, რომ ჩემი დაბადება ძალიან გაუხარდა, რომ ველოსიპედის ხიდზე შემომსვამდა და დამაქროლებდა, რომ ყველაზე გადარეული მელომანია, ვისაც კი ვიცნობ, რომ კლასელი გოგოს დაბადების დღიდან მოსულმა ნაცრისფერი პალტოს ჯიბიდან ხელსახოცში შეხვეული ნამცხვარი „ნაპოლეონი“ მომიტანა, რომ თავის თავთან ყოფნა და ტკბილი ყავა უყვარს, რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანია დედამიწის ზურგზე, რომ ბევრს ეწევა, რომ მისი სხეული მთელი ცხოვრება ქრისტეს მაგონებს.

ყოველივე ეს არ არის მატივი.

ადამიანები ხშირად ვმალავთ ასეთ ამბებს. გასუსულები ვართ. არ ვიმჩნევთ. თავიდან ვირიდებთ.

ზურას დიაგნოზთან ერთად გავიზარდე. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოექცე ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრს. თუ მოინახულებთ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას, მიხვდებით, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას არ გვაღელვებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები. გადამალულები გვყანან. თავიდან მოცილებულები. საყვედურიც არ გვეთქმის იმიტომ, რომ რასაც შენ ვერ უმკლავდები, სხვა ცდილობს.

დღეს ჩემი 42 წლის ძმა გვეხვეწებოდა, რომ სახლში წამოგვეყვანა.

ჩვენ რაღაც ტყუილი გამოვიგონეთ და დავაჯერეთ.

ის გაბრაზდა.

ხმა არ ამოუღია, მაგრამ ვიცი, რომ გაბრაზდა. ჩავეხუტე და თავიდან მომშორდიო, მითხრა.

რამდენიმე დღის წინ თეკლა და გაბრიელი მეკითხებოდნენ ზურას შესახებ.

მოვუყევი, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა ქცევები ჩამოუყალიბდა. თეკლამ, გაჩერდი, თორემ მეტირებაო. გაბრიელმა კი მკითხა, ზურა ძია სულ თუ გახსოვსო.

ხშირად არ მახსოვს. მშვიდად მძინავს. მას კი დერეფნის მსგავს ოთახში რამდენიმე ადამიანთან ერთად სძინავს. იქ რომ რამდენიმე დღე გავატაროთ, ჩვენც შეგვერყევა ფსიქიკა.

სახლში დაბრუნებული ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი. ერთ ხანს გადავიფიქრე. მერე წიგნს ვკითხულობდი, რომლის ბოლო სიტყვები ამ წერილის დაწერის მთავარი მოტივი გახდა:

„-ეს შეიძლება ყველას დაემართოს.“

ავსტრალიელი მწერალი ასე ფიქრობს, ავთო ექიმიც სულ ამას ამბობს, მე უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ნებისმიერი რამ, რასაც გავურბივართ, რისიც გვეშინია, რასაც თავს ვარიდებთ, რაც ჩვენგან შორს გვგონია, ყველას შეიძლება დაგვემართოს.

იცით, მთელი ბავშვობა ვლოცულობდი, რომ ზურა გამოჯანმრთელებულიყო. მერე შევწყვიტე. ახლა ჩემი პატარა გოგო სთხოვს ხოლმე ღმერთს ზურა ძიას გამოჯანმრთელებას. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

 

 

 

 

 


4 კომენტარი

  1. Elene Betlemishvili ამბობს:

    ლელ ❤
    შენი გულახდილობა მიყვარს. საოცარი მუხტი და სამყაროს შეუცნობლობა რომ მოგაქვს ❤

    Liked by 1 person

  2. Annie ამბობს:

    ასეთი დიაგნოზების ეშინია ყველას. რთული გასაგებია და იარლიყსაც მაშინვე მიაკერებს საზოგადოება. ექიმების ცდას, რომ დიაგნოზი უფრო ნათელი გახადონ ხალხისთვის, დიდი შედეგი არ მოაქვს, სამწუხაროდ 😖 კარგი იქნებოდა, ბევრი ადამიანი თქვენნაირად უდგებოდეს ოჯახის წევრების დიაგნოზებს და ავადმყოფობებს 😊

    Liked by 1 person

  3. ანა ამბობს:

    იქნებ იმიტომ შევიგრძენი ასე მძაფრად, რომ ნაცნობია ჩემთვის ასეთი მოცემულობა… ასე შეულამაზებლად და იმავდროულად ლამაზად ამ მძიმე რეალობის გადმოცემა, მართლაც გასაოცარია…

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი