ლელა კოტორაშვილის ბლოგი

მთავარი » Articles posted by lkotorashvili

Author Archives: lkotorashvili

ეს შეიძლება ყველას დაემართოს

ეს შეძლება ყველას დაემართოს.

პარანოიდული შიზოფრენია.

ჩემი 42 წლის ძმის დიაგნოზის სრული სახელწოდება დღეს გავიგე. მე მახსოვს ის დღე, როცა დედამ დიაგნოზი სახლში მოიტანა. ის განწირული ტიროდა. 12-13 წლის ვიქნებოდი.

მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა ზურას დიაგნოზისა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ საშინელება ხდებოდა ჩვენს თავს. დედას უჭირდა პრობლემისთვის თვალის გასწორება. მამა მომხრე იყო, რომ ზურა ფსიქიატრიულ კლინიკაში დაგვეწვინა. დედა გააფთრებით ებრძოდა მამაჩემის გადაწყვეტილებას, მთელ სამყაროს. ერთხელაც სხვა გზა არ იყო. სასწრაფო გამოვიძახეთ და ზურა სანიტრებმა ხმაურიანი შემართებით ჩაიყვანეს მანქანაში. ჩემი სახლის ფანჯრებში სინათლე ენთო. მეგონა, რომ მთელი უბანი, მთელი სამყარო მხოლოდ ჩვენს ფანჯრებს ხედავდა, მხოლოდ ჩვენი სახლიდან გამომავალ ხმაურს ისმენდა. მერე სიტყვა „ფსიქიატრიული“ მოგვიშინაურდა. ზურას გამოყვანა-წაყვანა ჩვეულებრივ, მაგრამ ხმაურიან და მტკივნეულ მოვლენად იქცა. ხანდახან სანახავად მე დავდიოდი. საჭმელი და სიგარეტი მიმქონდა მისთვის. ერთხელ, მეტროში ცელოფანი გაიხა და ჩანგლები ძირს დაცვივდა. მაშინ მეგონა, ვაგონში მყოფმა ყველა ადამიანმა იცოდა, რომ ასათიანზე მივდიოდი. მე ძალიან მრცხვენოდა იმის, რომ სწორედ ასათიანზე მივდიოდი. ის ქუჩები ჩემს ბავშვობას, დარდს, ზურას ცუდად ყოფნას და „ასტრის“ შემხუთველ სუნს მახსენებს.

ახლა ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში წევს. თვეში ერთხელ მივდივართ, ხან – დედა, ხან – ზაზა, ხან მე და ზვიო, ხან – ყველა ერთად. თუ ბედიანში ყოფილხართ, გეცოდინებათ, როგორი საშინელი გზაა. ზამთარში უკიდურესად სახიფათო. ბოლო რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლას დანგრეული გზის გამო საათებს ვანდომებთ. ულამაზესი ხეობაა. კლდეზე გადმოშვერილი ხეები გზას ჩრდილავენ.  მანქანის წინ შველსაც კი გადაურბენია. ხშირად დიდი, ვეებერთელა ლოდებიც ცვივა. სივიწროვის გამო შემხვედრი მანქანისთვის გვერდის ავლა ჭირს. ბედიანის ტრაფარეტის გამოჩენისას გზა ყველაზე მეტად იწელება. მიჭირს იქ ყოფნა. გაძლება. ალაყაფის ჭიშკარს მიადგება თუ არა მანქანა, რამდენიმე წუთი ლოდინი გვიწევს. სანიტარი კარს აღებს და ძველი, პირქუში, ცხაურიანი შენობები ჩნდებიან. ზოგჯერ სარეცხია გამოფენილი, შიგადაშიგ ჭრელი ტანსაცმელი მრავლისმეტყველი კონტრასტია ჭიშკრის აქეთ და იქით არსებული სამყაროსი.

დღეს ისეთ დროს ჩავედით, ოთხმოცამდე მამაკაცი ეზოში სეირნობდა. ჩვენი მანქანა ნელა მიიკვლევდა გზას და ეზოში მყოფი ყველა თვალი ჩვენ გვიყურებდა. გაცრეცილი, გამხდარი სახეების უსიერი ტყე. ყველა ეზოში იყო. ყველა, ზურას გარდა. ექიმები გვეუბნებიან, რომ ყველაზე მძიმე პაციენტია, უხალისო, ბინძური, დაუმორჩილებელი, შემაწუხებელი, თავის თავში ჩაკეტილი.

მანქანის გაჩერებას ვერ ვასწრებთ, რამდენიმე ზურასთან გარბის, კოტორ, შენები მოვიდნენო, ახარებენ. ჩემი ძმაც ყოველ ჯერზე გახარებული გამორბის ჩვენკენ. გვკოცნის, გვეხუტება. მერე ყველაფერი რიტუალივით გრძელდება. ნაცნობ მაგიდასთან და სკამებთან მივდივართ. დედა ყავისფერი ჩანთიდან ზურას საყვარელ საჭმელებს ალაგებს. ცდილობს, ყველაფერი მოუმზადოს, უყიდოს, გაასინჯოს. დღეს ახალი კანფეტი წამოუღო. რამდენიმე ცალი რომ შეჭამა, დედა შესაფუთ ქაღალდს აკვირდებოდა და სახელს იმახსოვრებდა. თერმოსს, რომლითაც ზურასთვის ტკბილ თურქულ ყავას დავატარებთ, მხოლოდ ბედიანში წამოსვლისას ვიხსენებთ. რიტუალია ისიც, რომ ზურა ყოველთვის გვაძალებს და მონატრებულ ცხელ ყავას ჩვენც გვიწილადებს.

მერე ავთო ექიმთან მივდივართ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემმა საქართველოს ფოსტიდან შეტყობინება მიიღო. გაუკვირდა, ვის უნდა გამოეგზავნა ჩემთვის ამანათიო. ფოსტაში მისულს ამანათის ნაცვლად თეთრიწყაროს სასამართლოდან გამოგზავნილი წერილი დახვდა. რამდენიმე კვირის წინ ზურას საბუთების მოსაწესრიგებლად შეტანილ განცხადებას ხარვეზები აღმოაჩნდა.

ავთო ექიმი ავთო ექიმია. არც მთავარი ექიმი, არც ზურას ექიმი, არც მხოლოდ სახელი. ის არის ავთო ექიმი და თუ ზურას შიშები გაუმწვავდება ან გამხდარი დაგვხვდება, თუკი რამეს შემოგვჩივლებს, ჩვენ მასთან გავრბივართ, ვურეკავთ, გვახსენდება.

დღეს ვისხედით მის ძველებურ კაბინეტში და ის გულდასმით გვაწერინებდა განცხადებას. თითოეულ ფრაზას სამჯერ მიმეორებდა. დროდადრო თვითონ გაქონდა არშიაზე აუცილებელი წინადადებები. ბიუროკრატიული წვრილმანები თავბრუს მახვევდა. ვებრძოდით იურიდიულ ტერმინოლოგიას და ვავსებდით ხარვეზებს, ვწერდით სფეროების ლაბირინთულ ჩამონათვალს. ახალი ლურჯი ფარდები მხვდება თვალში და საკანცელარიო ნივთების რკინის ჩასადები. ავთო ექიმი დახმარებისთვის ნაცნობ ადვოკატებს ურეკავს, ისინიც მონდომებით ეხმარებიან. პარალელურად ყველა ზარს პასუხობს. უნებურად ვისმენ, რომ პაციენტებისთვის ვინმე გიორგის 140 ნაყინი მოაქვს. ავთო ექიმს აფრთხილებს, მალე მობილური აღარ დაიჭერს, მაგრამ გზაში ვარო. ნეტავ, ზურა თუ ადგება საწოლიდან ნაყინის შესაჭმელად?

განცხადების წერას ვრჩებით და ავთო ექიმი დედას ეუბნება, რომ არ მოსწონს მისი სახე, რომ მის შინაგან ფორიაქს გრძნობს და რომ ასე არ შეიძლება, რომ არაჩვეულებრივი შვილები და შვილიშვილები ჰყავს, რომ მამაჩემს დიდ პატივს სცემდა და ძალიან უყვარდა, რომ დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალია, რომ ზურას მდგომარეობა არის მოცემულობა, რომელსაც ვერ შევცვლით, რომ უნდა შეეგუოს და გალაღდეს, რადგან შვილები დედის განცდებს ყველაზე მეტად გრძნობენ.

ავთო ექიმთან მშვიდად ვართ, რადგან მან იცის, რომ ფსიქიკური პრობლემები შეიძლება ყველას დაემართოს, რომ ყველაზე უმართავი და უცნაური დაავადებაა.

თავისი კაბინეტიდან გვაცილებს და მეუბნება, რომ ჩემი წიგნის პრეზენტაციაზე საგანგებოდ ჩამოვა.

ზურას ფორმა #100-ში ეწერა, რომ ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მისი დაავადება გენეტიკური არ არის. ერთ აბზაცში ჩატეულიყო ჩემი ოჯახის ისტორია, ჩემი ბავშვობა.

– ლელა, დაიკო, როგორ ხარ? – მიღიმის ჩემი ძმის მეგობარი.

– ქალბატონო, გაზეთები ხომ არ ჩამოგიტანიათ? – რკინის ცხაურის მიღმა ბნელა და სიშავის ფონზე დედა ნაცნობ პაციენტს ხედავს, გაზეთებს მთხოვს და მომაქვს ხოლმეო.

– არაფრის უნდა მეშინოდეს? სახლში წამიყვანთ? რატომ არ მიშვებენ? – გვეკითხება ზურა. სახეზე ჭაღარა წვერი წამოზრდია. ხელს ვუსვამ, როგორ გამიჭაღარავდი-მეთქი და თვალს ვერ ვწყვეტ, ისეთი ლამაზი ნაკვთები აქვს, მერე თვალებში ვაკვირდები. ვერაფერს ვხედავ საშიშს, მხოლოდ სევდას, ბრაზს, წუხილს, სიკეთეს.

 

მოცემულობა ქრონიკულ შიზოფრენია პარანოიდულ შიზოფრენიად იცვლება. სახლში დაბრუნებული ვეცნობი, რომ პარანოიდულ შიზოფრენიას ახასიათებს ბოღმა. ვიცი, რომ მრავალი სიმპტომიდან ეს ერთ-ერთია, მაგრამ ზურა და ბოღმა ერთმანეთისგან ისევე შორს არის,როგორც ცა და დედამიწა. ჩემი ძმა ყველაზე კეთილი ადამიანია. ყველაზე დიდი აგრესიის დროს ჩემთვის თითიც კი არ დაუკარებია.

– ტანი ხომ გამიმაგრდება?

– უკვე გამაგრებული გაქვს. – მშვიდად პასუხობს დედაჩემი.

– ხომ არ მატყუებ, დე?

– არა.

– ტანს ხომ ჩამომიტან?

– კი, ზურა. – ხმაში სუსხი ერევა დედას.

– ხომ არ მატყუებ?

– ვაიმე, ვაიმე! – ხმას უწევს დედა. ზურა ჩუმდება.

მერე ყველაფერი თავიდან იწყება და ჩვენი ერთად ყოფნა გაუსაძლისი ხდება.

მასთან თავს ისე ვგრძნობ, როგორც არავისთან – ერთდროულად დიდ თავისუფლებასა და შეუვალობას. არ მიშვებს ახლოს. მხოლოდ დედაჩემის სჯერა და მასთან საუბარი ეხალისება.

შვიდი წლის ვიყავი ყველაფერი რომ დაიწყო და ცხოვრება თავდაყირა დადგა. მამაჩემის ხელით აწყობილი ვერცხლისფერი, სარკისებური რკინის კარი იტევს ათასობით ღამეს, დღეს, შიშს, ჩხუბს, არეულობას, წამლების სუნს.

ძალიან დიდხანს მრცხვენოდა ზურას ავადმყოფობის. მეგობრების სახლში მოყვანას ვერიდებოდი. მისი ამბის სხვისთვის თქმაც რაღაც დიდი საიდუმლოს განდობას ჰგავდა და ვისაც ვუამბობდი, ამით მისდამი დიდ ნდობას გამოვხატავდი.

ხშირად მესმოდა, როგორ იხსენიებდნენ ზურას გიჟად უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები. წიგნის კითხვისას არ გამომეპარება სიტყვა „გიჟი“. თქვენ თუ გაშინებთ ასე რომელიმე სიტყვა?

მერე გავიზარდე და სირცხვილი გაქრა. ზურას დობა კი საამაყო გახდა. მეამაყება, რომ მყავს, რომ ჩემი უფროსი ძმაა, რომ ჩემი დაბადება ძალიან გაუხარდა, რომ ველოსიპედის ხიდზე შემომსვამდა და დამაქროლებდა, რომ ყველაზე გადარეული მელომანია, ვისაც კი ვიცნობ, რომ კლასელი გოგოს დაბადების დღიდან მოსულმა ნაცრისფერი პალტოს ჯიბიდან ხელსახოცში შეხვეული ნამცხვარი „ნაპოლეონი“ მომიტანა, რომ თავის თავთან ყოფნა და ტკბილი ყავა უყვარს, რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანია დედამიწის ზურგზე, რომ ბევრს ეწევა, რომ მისი სხეული მთელი ცხოვრება ქრისტეს მაგონებს.

ყოველივე ეს არ არის მატივი.

ადამიანები ხშირად ვმალავთ ასეთ ამბებს. გასუსულები ვართ. არ ვიმჩნევთ. თავიდან ვირიდებთ.

ზურას დიაგნოზთან ერთად გავიზარდე. ჩვენ არ ვიცოდით, როგორ უნდა მოექცე ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზის მქონე ოჯახის წევრს. თუ მოინახულებთ ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკას, მიხვდებით, რომ სახელმწიფოს, საზოგადოებას არ გვაღელვებს ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები. გადამალულები გვყანან. თავიდან მოცილებულები. საყვედურიც არ გვეთქმის იმიტომ, რომ რასაც შენ ვერ უმკლავდები, სხვა ცდილობს.

დღეს ჩემი 42 წლის ძმა გვეხვეწებოდა, რომ სახლში წამოგვეყვანა.

ჩვენ რაღაც ტყუილი გამოვიგონეთ და დავაჯერეთ.

ის გაბრაზდა.

ხმა არ ამოუღია, მაგრამ ვიცი, რომ გაბრაზდა. ჩავეხუტე და თავიდან მომშორდიო, მითხრა.

რამდენიმე დღის წინ თეკლა და გაბრიელი მეკითხებოდნენ ზურას შესახებ.

მოვუყევი, საიდან დაიწყო ყველაფერი, რა ქცევები ჩამოუყალიბდა. თეკლამ, გაჩერდი, თორემ მეტირებაო. გაბრიელმა კი მკითხა, ზურა ძია სულ თუ გახსოვსო.

ხშირად არ მახსოვს. მშვიდად მძინავს. მას კი დერეფნის მსგავს ოთახში რამდენიმე ადამიანთან ერთად სძინავს. იქ რომ რამდენიმე დღე გავატაროთ, ჩვენც შეგვერყევა ფსიქიკა.

სახლში დაბრუნებული ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს წერილი. ერთ ხანს გადავიფიქრე. მერე წიგნს ვკითხულობდი, რომლის ბოლო სიტყვები ამ წერილის დაწერის მთავარი მოტივი გახდა:

„-ეს შეიძლება ყველას დაემართოს.“

ავსტრალიელი მწერალი ასე ფიქრობს, ავთო ექიმიც სულ ამას ამბობს, მე უკვე დიდი ხანია ვიცი, რომ ნებისმიერი რამ, რასაც გავურბივართ, რისიც გვეშინია, რასაც თავს ვარიდებთ, რაც ჩვენგან შორს გვგონია, ყველას შეიძლება დაგვემართოს.

იცით, მთელი ბავშვობა ვლოცულობდი, რომ ზურა გამოჯანმრთელებულიყო. მერე შევწყვიტე. ახლა ჩემი პატარა გოგო სთხოვს ხოლმე ღმერთს ზურა ძიას გამოჯანმრთელებას. ახლა მხოლოდ ის მინდა, რომ დიდხანს იცოცხლოს.

 

 

 

 

 

წიგნები, ადამიანები, მელიები, ირმის ნახტომი

ამ წერილს თბილისში ვწერ. ერთ პატარა ოთახში, რომელიც ადრე აბაზანა იყო და ჩვენ ოთხ თეთრ კედლად გადავქციეთ. ასე რომ, არავითარი ნაძვები და მთები ფანჯრიდან, არც ხეცველას ზამთრისეული ფხაჭუნი სახურავზე და არც ბუს კივილი, ძალიან თუ მოვინდომებ, ჭერთან მიკრული პატარა სარკმლიდან თავს თუ გავყოფ და თუ გამიმართლებს, ცის ნაგლეჯთან ერთად მთვარეს დავინახავ. აქ ღამის სიმშვიდეს მანქანების საბურავების ხმა არღვევს. არც შეშის შესაკეთებლად მიწევს დროდადრო ადგომა, გამათბობელი ჩემს გათბობაზე თავად ზრუნავს. მე კი ოქტომბრის ამბები მაქვს მოსაყოლი და თქვენთან ერთად დროში უნდა ვიმოგზაურო.

პარასკევ დღეს პირველკლასელებთან ერთად ვატარებ. თავისუფალ თხუთმეტ წუთს რაჭველ გოგოებთან საუბრისთვის ვიყენებ. ეზოში ჩავდივარ, თხელი ჟაკეტი მაცვია, ისინი კი თბილად არიან შემოსილნი და მესინჯერით მანახებენ, როგორ გიზგიზებს ღუმელი „ჯადოსნური სამყაროს ოთახში“. გამოსახულება ბუნდოვანია, მაგრამ მაინც ვამჩნევ თამარის ჩაჩუტულ ლოყას, მარიამის აცრემლიანებულ თვალებს, ნინოს გახარებულ სახეს, ნინის აბრჭყვიალებულ მზერას და თეა მასწავლებლის შავი ტანსაცმელიც თვალში მხვდება, მერე ტელეფონს მაგიდაზე დებენ და ახლა მხოლოდ პერსონაჟთა გალერიის სურათებს ვხედავ, ახალი მეთოდის შესახებ ვუამბობ მათ და შემდეგი პარასკევისთვის მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ წაკითხვას ვთხოვ, ჯეინ ოსტინის რომანს – „სიამაყეს და მცდარი აზრი“ – ვაცნობ და ვუყვები ელიზაბეთის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა გაიცნონ, რადგან ისიც მათ მსგავსად სოფელში გაიზარდა და ქალაქში იშვიათად დადის. ჩემი სოფლელი გოგოები კისკისებენ, კარგით, მააას, მეუბნებიან და მე გულისტკივილი მეწყება ყველა იმ ნივთის დანახვისას, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასია, ჩემთან ერთად რომ აღმოჩნდენ სოფლის სკოლის პატარა ოთახში, რომელმაც ცოტა ხმაურიანი სახელი დაირქვა, ახლა კი ასე ბუნდოვნად ვხედავ და მხოლოდ ანარეკლებს უნდა დავჯერდე. უცნაურია ცხოვრება.

გოგოებმა მოგვიანებით მდინარე მუშვანის ხევი აიარეს, ჩემი სახლის ხის ჭიშკარი ააჭრიალეს და წიგნების თარო ყირაზე დააყენეს, რათა ჩემთვის – მათი სტუდენტი მასწავლებლისთვის – „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, „ოლივერ ტვისტი“, „მობი დიკი“ მოეძებნათ. ამასობაში მე და თეკლამ სკოლის მარშუტკით მთელი ქალაქი გამოვიარეთ, ადგილ-ადგილ საცობშიც გავიჭედეთ და შეღამებულზე სახლში დავბრუნდით. რახანია, მეცამეტე მირამისობის შესახებ მინდა წერილის დაწერა, მაგრამ დრო ვერ გამოვნახე. ვფიქრობ, წერისთვის დღევანდელ საღამოს გამოვიყენებ და მახსენდება, რომ ლია სტურუას ლექსების კრებული სკოლაში დამრჩა, მის ყდაზე უწერაშივე დავწერე მოკლე ჩამონათვალი, რომლის შესახებაც ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას. ისევ სოფელში ვრეკავ, მე და თამუნა ვიხსენებთ ორი თვის წინანდელ ამბებს. პირველ ადგილას იკავებს ის, თუ როგორ მოიპარეს საგულდაგულოდ მოგროვილი რკოები თაგვებმა, მერე ერთმანეთს არ ვაცლით: განახლებული პერსონაჟთა გალერეა, ფრაზების ფარდა, ფანჯრიდან გამქრალი პატარა პრინცი და მის ნაცვლად ჯოჯო მოიერის პერსონაჟები, „გემრიელი ვიქტორინისთვის“ მომზადებული ამონარიდები და სოფლის მაღაზიაში ნაყიდი პატარა კექსები, პროექტის „წაიკითხე ჩემი წიგნი“ პრეზენტაცია და სტუმრები თბილისიდან: თინა, თამუნა, გვანცა, ლევანი და პაატას ვირტუალური ჩართვა, ჩემი ახალი სკოლის მასწავლებელი გოგოები – ნინო, სოფო, მაკა და ინგა სტუმრად ჩვენთან, ჩვენი საყვარელი უფროსი მეგობარი – სოფო გუგეშაშვილი – ონიდან, გვანცას ვიოლინო, დარიჩინიანი გლინტვეინი, თვალებაბრჭყვიალებული ბავშვები, წარწერებიანი წიგნები, სკოლის მასწავლებლები – ყანები რომ მიატოვეს ჩვენ გამო მზიან შაბათ დღეს და საგანგებოდ ჩვენთვის ონიდან ამოტანილი სურნელოვანი ტორტი რომ დაგვახვედრეს – არ ვიცი, როგორ შევძლებ იმ დღის მოვლენებისა და შეგრძნებების გაცოცხლებას, მაგრამ შევეცდები.

გამომყევით.

სექტემბრის მირამისობიდან რამდენიმე დღეში მე და ჩემი ოჯახი ავიყარეთ და სოფლად სამწლიანი ცხოვრების მერე ისევ ქალაქში დავბრუნდით. უკან დასაბრუნებლად ბევრი მიზეზი გამოვიგონეთ: ოჯახის ერთად ყოფნა, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება, მაგრამ მთები და ადამიანები თან გამოვიყოლე, ამასთან ერთად დავსევდიანდი. უზომოდ გამიჭირდა იმ პატარა სკოლასთან განშორება, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ჯადოსნური ამბები დაატრიალა: საკუთარი თავი მაპოვნინა, პროფესია შემაყვარა, უამრავი ადამიანი მოიყვანა ჩემამდე. დავდიოდი ქალაქში და სულ მეტირებოდა: ავტობუსში, გზაში, გაკვეთილზე, საუბრისას, კიდევ, იცით, რა დამემართა, საკუთარ თავს ისე ვუყურებდი, როგორც უცხოს – ვიღაც გოგოს, რომელიც სოფელში გადაცხოვრდა, თავისი სამყარო გამოიგონა და მის ადგილას ყოფნას ვნატრობდი. აქ, ქალაქში, უფრო გავიაზრე სოფელში ჩვენთვის გამოგზავნილი ყველა წერილი, უფრო დავაფასე უცხო ადამიანების ყურადღება და უფრო გასაგები გახდა, როგორ აღმოჩნდა ხუთასამდე წიგნი მედიათეკის ოთახში, როგორ ვიღებდით სხვადსხვა საჩუქარს, რატომ არ ერიდებოდნენ მოყინულ თუ შორ გზას ჩვენთან მოსასვლელად. იმიტომ, რომ დღეს ქალაქის აჩქარებული რიტმი ცხოვრებით ტკბობისა და გახარებისთვის დროს არ გვიტოვებს, იმიტომ, რომ ჰაერისა და ხეების გარეშე გატარებული დღეები საშიშია, არადა, როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება სოფლისა და ქალაქის დრო და ყოფა.

ოქტომბრის ერთ პარასკევ დილას ზურგჩანთას ვიკიდებ და სკოლაში მივდივარ. მოლოდინი სიხარულით მავსებს – ვიცი, რომ ქალაქში გათენებული დილა სოფელში დამიღამდება. ამჯერად მეც მეგობრებთან ერთად მივქრივარ ჩემს სამყაროში. ჯერ არ ვიცი, რა მელის, ბავშვები რას დამახვედრებენ, მაგრამ დროდადრო ფუსფუსის ამსახველ ბუნდოვან სურათებს მიგზავნიდნენ და ინტერესს მიმძაფრებდნენ.

ქალაქის გასასვლელში ღვინოს, დარიჩინს, ფორთოხალს და მუსკატის კაკალს ვყიდულობთ გლინტვეინისთვის, გვანცას ვიოლინო ჩახუტებული ჰყავს, თინა მელიების გამოჩენას ნატრობს, შაორის ტყიდან ორი გზააბნეული მელია მართლაც გამოცანცარდა და გზაზე გადაგვირბინა. უწერაში გვიან ჩავდივართ. ოთახში შესულს შეშის, კვამლის, წიგნების სურნელი თავბრუს მახვევს, მგონია, რომ ერთი თვის ნაცვლად საუკუნეა გასული. მალე ზვიოს დაბადების დღე დგება და სადღესასწაულო განწყობა გადამდები ხდება.

მოგვიანებით თინას, თამუნას და გვანცას ნაირასთან ვაცილებთ და ვაბინავებთ. მშვიდი ღამეა. ვარკვლავებიანი. ორიონიც ჩვეულ ადგილას ციმციმებს.

შაბათი დილა მზიანი გვითენდება. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალთ სკოლაში. საკუთარი დღესასწაულები ხომ გამოვიგონეთ და ასეთ დღეებში თავისთავად სხვა დროში ვიწყებთ არსებობას. შინაარსიანი დღეები დროის აღქმას გვაკარგვინებს.

ერთ ძალიან კარგ რესურსწიგნში დაწვრილებით წერია წიგნიერების სწავლების ოპტიმალური მოდელის – პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემის შესახებ, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლა-სწავლების საწყის ეტაპზე მასწავლებელი აკეთებს, მოსწავლეები უყურებენ, მეორე ეტაპზე – ერთად აკეთებენ, ხოლო მესამე ფაზაზე – მოსწავლეები აკეთებენ და მათ ნამოქმედარს უყურებს/აფასებს მასწავლებელი. მართალია, ამ მეთოდის დაწრვილებითი ახსნა-განმარტება ჩემი და რაჭველი მოსწავლეების სამწლიანი ურთიერთობის ბოლოს აღმოვაჩინე, თუმცა, ფაქტია, რომ უნებურად ამ სცენარით განვითარდა ჩვენი – მასწავლებლისა და მოსწავლეების – ურთიერთობა და საქმიანობა. ამაში თვქენ თვითონ დარწმუნდებით.

სკოლისკენ ყველა ერთად მივეშურებით. თან მიმაქვს ჩვეული ბარგი-ბარხანა, ჯამ-ჭურჭელი, ასეთი დღებისთვის საჭირო წვრილმანი თუ მსხვილმანი ნივთი, სკოლის ჭიშკართან ბავშვები გვხვდებიან. ერთმანეთს მონატრებულები ენას არ ვაჩერებთ და ჯადოსნური ოთახისკენ მივეშურებით, გოგოებს მელაკუდურად ეღიმებათ, ბავშვური ხასიათისთვის შეუსაბამო სიმტკიცე გამოავლინეს და არაფრით გათქვეს საიდუმლოებანი, რომელთაც მეცამეტე მირამისობისთვის ამზადებდნენ.

ოთახში შესული სასიამოვნო სითბოსა და სურნელს ვგრძნობ, რომელსაც ჩემი ბავშვობის მეგობარმა ანასტასიამ თავისუფლების სურნელი უწოდა, მერე ფერებს ვამჩნევ – მუქ იისფერსა და მწვანეს, ფერები მატყვევებენ, თვალი ჭერისკენ მიმირბის და აი, აქაც ახალი პერსონაჟები ჩამოუკონწიალებიათ – ძველები უკან გადაუბარგებიათ და წინ პროექტის „წაიკითხე ჩემი წიგნი“ ფარგლებში წაკითხული წიგნების ყდებისა და პერსონაჟების მიხედვით დახატული პოსტერები განუთავსებიათ. წიგნების თაროსთან ახლოს ელიფ შაფაქის „სტამბოლელი ნაბიჭვარი“ ჰკიდია, მერე მე და ჩემი მეგობრები ერთმანეთს გავუზიარებთ ემოციებს, რომლებიც ამ წიგნის აღმოჩენამ გამოიწვია ჩვენში. „სტამბოლელი ნაბიჭვარის“ პერსონაჟთან გალერეაში აღმოჩენა მიუთითებს მოზარდი ადამიანების გაზრდილ ცნობირებასა და შემეცნებით სამყაროზე, ის, რომ არც ქილიკობენ და ჩვეულ ამბად მიაჩნიათ ნაწილობრივ ტაბუდადებული სიტყვის შემცველი სათაურის მიღება, ეს არ არის პატარა ამბავი.

აქვეა ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმა“, „სიყვარულის 40 წესი“, „რწყილების სასახლე“, ტომეკი და ჰანაჰი „პირაღმა მდინარიდან“, დორიან გრეი და რემარკის „ლისაბონის ღამე“, ნორა „წყლის საიდუმლოდან“ და ჩარლი ჩაპლინი. რამდენიმე დღის მერე მარიამი წინასამზადისისას გადაღებულ სურათებს გამომიგზავნის. ოთახში ჩვეული ქაოსია: ვინ ხატავს, ვინ ძაფებს ამაგრებს, ვინ ალუმინის კიბეს დაათრევს, ვინ ზედ არის შემომდგარი და ჭერში ხელებაწვდენილი, ახლა კი შედეგს ვუყურებ, მაგრამ ვცდილობ, აქამდე, ამ წესრიგამდე და მოცემულობამდე, გამოვლილ გზას მივაწვდინო თვალი, რამდენი წიგნი, ამბავი, ადამიანი, ემოციაა ამ პოსტერების მიღმა და მათ ფონზე ქმედება – უწყვეტი და გააზრებული. წარმოუდგენელია, ყოველივე ამან უხილავად და გადამდებად არ იმოქმედოს მნახველზე, ოთახში შემოსულ ადამიანზე.

მერე ხის მაგიდისკენ მიმაქროლებენ, შუშის ქვეშ ახალი ჰერბარიუმი გამოუმზეურებიათ, ზედ ლურჯად შეღებილი რკოს თავებით სავსე ქილა დგას, ერთმანეთს არ აცლიან ლაპარაკს, სიცილიც ხელს უშლით, ეს რკოები საგანგებოდ მოვაგროვეთ და ოთახში დავტოვეთო, მეორე დღეს კი მხოლოდ თავები დაგვხვდაო, მერე მეათეკლასელ პატას მივადექით და ბრალი დავწამეთო, მან კი იუარაო და ვფიქრობთ, რომ თაგვებმა მოგვპარესო. რაც არ უნდა წარმოუდგენლად მოგვეჩვენოს, ისე მოგვწონს თვითონ ამბავი, რომ ვიჯერებთ.

ჩვენთან ფანჯარაზე დახატული პერსონაჟები დროდადრო იცვლებიან. ახლების შერჩევისას არის ერთი ორომტრიალი, ახლა კი ვხედავ ისეთი წიგნის მთავარ გმირებს, რომელიც მე ჯერ არ წამიკითხავს. ფილმის კადრებივით უსწრაფესად ვიწყებ დროში მოგზაურობას და ჩვენი ლიტერატურული ცხოვრების გზაზე ახლადფეხადგმულ გოგო-ბიჭებთან ვბრუნდები, მწვანეთითება ტისტუს რომ ვკითხულობდით, ჰარი პოტერი, რონია და ოლივერ ტვისტი პირველად რომ აღმოაჩინეს, ახლა კი კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას ერთნაირად ეცნობიან, ფანტასტიკური ჟანრისა თუ ფენტეზის მოყვარულები არიან და რაც ამ თავგადასავალში ყველაზე მეტად მახარებს, ის არის, რომ ჩემზე ბევრს კითხულობენ და აქეთ მაცნობენ ახალ წიგნებს.

ფრაზების ფარდებამდე მოვედით. ვუყურებ და ჯერ ვერ აღვიქვამ, რა ხდება. ჭერიდან ფანჯრის გასწვრივ ფარდასავით ეშვება ჭრელ ძაფებზე დამაგრებული ფერადი ქაღალდის წრეები. Pinteres.com- ზე ვნახეთო, მიხსნიან და მერე ამ დეკორაციას ლიტერატურა მოვარგეთო. ვიწყებ ქვემოდან, მერე სკამზე ვდგები და კითხვას ვაგრძელებ, სულ ზედა რგოლებისთვის ფანჯრის რაფაზე ვინაცვლებ და სათაურების ამოკითხვისას ვხარობ: „შუაღამის შვილები“, „ბიძია თომას ქოხი“, „ყვავილები ელჯერნონისთვის“, „უცნობი ქალის წერილები“, „პერსეპოლისი“, „წიგნის ქურდი“, „ჩვენც სალტკროკელები ვართ“, ჩარლი ჩაპლინის „ჩემი ავტობიოგრაფია“, „რომანივით საკითხავი“, „პირაღმა მდინარე“, „მე შენამდე“, „ძმები ლომგულები“, „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი“, „მე ის ვარ“, „ოლივერ ტვისტი“, „გოგონა დრაკონის ტატუთი“, „ჯინსების თაობა“, „ღირსება“, „13 მიზეზი“, „წყლის საიდუმლო“ – აბა, როგორია? არ ვივიწყებთ, რომ ეს ხდება მაღალმთიანი სოფლის სკოლაში, რომელიც უახლოესი თანამედროვე წიგნების მაღაზიიდან სულ მცირე ორასი კილომეტრითაა დაშორებული.

თინა გოგოებთან ერთად ოთახში იკეტება და გლინტვეინს ამზადებს, ოთახს ადამიანები და ერთმანეთით გახარების მოლოდინი ავსებს, ბავშვები წიგნებზე საუბარს იწყებენ და მალე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი იჩენს თავს: მეშვიდეკლასელი ანი გვაცნობს თანაკლასელი ნინის დაწერილ წიგნს, რომლის მიხედვით პატარა პოსტერიც შეუქმნია და ხის სკამზე შემოსკუპებული გვიხსნის, როგორ გამოიგონა ნინიმ ჰარი პოტერის გაგრძელება, რომელიც ჰარი ნარნიაში ამოგზაურა და გარდაცვლილი ადამიანები გაუცოცხლა.

მეათეკლასელი გიორგის არჩევანი ჩარლზ ბუკოვსკის „მაკულატურაა“. ჩემით ამ წიგნს კი არა, არცერთ წიგნს არ წავიკითხავდი, გულწრფელად გვიმხელს, რომ არა მარიამის ძალდატანებაო.

მერე ბევრს ვსაუბრობთ პროექტის – „წაიკითხე ჩემი წიგნი“ – შესახებ, რომლის მთავარი მიზანია, წააკითხო წიგნი სასურველ ადამიანს, ფურცლებზე დაუტოვო ჩანაწერები, შეკითხვები, მინიშნებები, წარწერიანი ბარათები, მერე კი მისგან დაელოდო უცნობ ავტორსა და სათაურს, ახლა შენ იმოგზაურო სხვის განცდებთან ერთად. ეს ძალიან ცოცხალი პროცესია, საინტერესო და ისე მოხდა, რომ წიგნისა და ბავშვების მოყვარული ადამიანები ერთი პატარა გუნდად შევიკარით, ჩვენი მოტივატორები კი მეცხრეკლასელი გოგოები – მარიამი და თამარი – არიან. არ გვასვენებენ, რაჭიდან ყვითელ მარშუტკას ატანენ ჩვენთვის წაკითხულ წიგნებს, წერილებს, სადაც ვპოულობთ გამხმარ ფოთლებსა და ყვავილებს. ვგეგმავთ, რომ ბლოგი გავაკეთოთ და ბევრი ადამიანი ავიყოლიოთ, რამდენიმე საიდუმლოც გამოვიგონეთ და საღამოს ჩემს კვამლისსუნიან ოთახში მე, თამუნა, გვანცა და თინა მრავლისმეტყველი სახეებით ვეჩურჩულებით ერთმანეთს.

ლევანიც ჩევნთან ერთად არის. ლევანი ჩემი უახლოესი მეგობრის, ნინოს ძმაა და ლიტერატურა უყვარს. პროექტში ჩართულობისთვის ამ ნიშნით გამოვარჩიეთ. მიზნებსა და აღწერილობაში ერთ-ერთი ქვეპუნქტია – „ფორმას ვუცვლით დროსა და სივრცეს“, ლევანმა, ამ გამოწვევამ მომხიბლა, როგორც ფიზიკოსიო.

პაატა თბილისიდან გვერთვება, თვალს გვადევნებს, გულისხმიერად გვისმენს და მერე გვესაუბრება, როგორი მნიშვნელოვანია დღევანდელ სამყაროში ადამიანებს შორის წიგნებით ურთიერთობის ის გზა, რომელიც თოთხმეტი წლის მარიამმა გამოიგონა.

პროექტის რვა მონაწილემ ორი თვის განმავლობაში თოთხმეტი წიგნი წავიკითხეთ, ახლა კი ერთმანეთისთვის თუ სხვებისთვის ვსაუბრობთ ავტორების, სათაურების, შთაბეჭდილებების შესახებ და ოთახის ჰაერი ივსება საინტერესო ფრაზებით, განწყობებით, რაც ყველაზე მთავარია, ბავშვები გვიყურებენ, გვისმენენ, ხედავენ, რომ მზად ვართ მათთან ურთიერთობებისთვის, რომ უფროსებს ძალიან გვეინტერესებიან, რომ მთელი გულით მოგვწონან, რომ მათგან ჩვენც ვსწავლობთ, რომ მათი სუფთა და ძლიერი ენერგია ყოვლისმომცველია, მერე კი შედეგად უფრო პატარები მოდიან და პროექტში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამენ.

ამჯერად მუსიკაზე საგანგებოდ არ მიფიქრია, გვანცას და მისი ვიოლინოს გამო. რას ვიფიქრებდით, წინა მირამისობას ჩარლი ჩაპლინის მუსიკას ხმის გამაძლიერებლებით რომ ვისმენდით, ახლა გვანცა ვიოლინოზე შეასრულებდა ჩვენთვის. მართლაც დაუჯრებელი ამბავია. მანამდე პაგანინზე გვესაუბრა, რომელმაც ჩემი უსაყვარლესი მეგობარი ანასტასია გამახსენა და მისი ოთახის აივანი, 13-14 წლისები რომ ვისხედით რომელიღაც თბილ დღეს და ახლადაღმოჩენილ პაგანინზე შთაგონებული რომ მიყვებოდა, მაშინ ვფიქრობდი, ნეტა რამ წააკითხა ავტობიოგრაფიული წიგნი-მეთქი, თვალწინ მიცოცხლდება ანასტასიას ხორბლისფერი სახე, მომწვანო თვალები და ლიტერატურით შემონახულ ცხოვრებაზე მეფიქრება.

„გემრიელი ვიქტორინისთვის“ პირველად ამოწერეს ამონარიდები წიგნებიდან და თან დამემუქრნენ, ისე უნდა დაგაბნიოთ, რომ ვერ გამოიცნოთო. პირობას ასრულებენ და თან გული მოსდით ჩემს მიუხვედრელობაზე, რა გჭირთ, მააას, – ეცინება მარიამს, იმდენს მაინც ვახერხებ, რომ ჩვენი საერთო წიგნი – მაია ენჯელოუს „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“ – გამოვიცნო.

ლიტერატურული ამბებიდან ნაილი მასწავლებლის ოთახში ვინაცვლებთ და უგემრიელეს ტორტს ვესხმით თავს. ხომ ხედავ, შენი გულისთვის მზიანი შაბათი მივატოვეთო, ირმა და რუსიკო მასწავლებელი მეხუმრებიან, მეკითხებიან ჩემსას და მე მათ ყოფით ამბებს დანატრული, ვტკბები მათი სილაღით, უბრალოებით, პირდაპირობით, სითბოთი. ქალაქურ რიტმში სხვა ბევრ რამესთან ერთად მათი საუბარი და ყოველდღიურობა მენატრება. მერე, ერთი-ორი კვირა გაივლის და ლილი მასწავლებელი დამირეკავს, მომიკითხავს, დამლოცავს, გამამხნევებს და მოუსვლელობის გამო მომიბოდიშებს. მთელი დღე მაკლდა მისი ჭაღარა თმა, ხმელი სილუეტი და დარდი იმაზე, რომ მის ჭიშკარს რამდენჯერმე ისე ავუარე, ვერ შევეხმიანე.

ვთანხმდებით, რომ ორ თვეში ისევ შევხვდებით ერთმანეთს, რიგით მეთოთხმეტე ლიტერატურულ კაფეში, რომლისთვის ისევ მოსწავლეები იფუსფუსებენ, ისევ სიურპრიზებს დამახვედრებენ. ჯერ არ ვიცი, რა გველის, ვინ მოვა ჩვენამდე, მარტოები ვიქნებით თუ უცნობი თუ ნაცნობი ადამიანები გვესტუმრებიან, რა თავგადასავალი გადაგვხვდება, რა ამბებს დავაგროვებ თქვენთვის მოსაყოლად.

საღამოს ტყეში მივდივართ, ზვიოს დაბადების დღეს ვუერთდებით. რიონი შემოდგომისფერია, ანუ კამკამა და ლურჯ-მწვანე, ღამდება, ცაზე ვარსკვლავები ჩნდებიან. თინა ირმის ნახტომს ნატრობს დამალე მთიდან მთამდე გადაჭიმულს ვხედავთ. მე და ჩემი მეგობარი თამუნა ერთმანეთს მონატრებულები ყველას ვივიწყებთ და სუნთქვის შეგუბებამდე ვიცინით, მე ჩემი ახალი ცხოვრების შესახებ ვუყვები, ის თავის დაგროვილ ამბებს მიამბობს, კოცონი ბრიალებს და ნაპერწკლები ვარსკვავებისკენ მიციმციმებენ. გრძელი, გრძელი დღე თავს გვევლება.

ადგილი, სადაც ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად ახლა ვართ, ზვიომ აღმომაჩენინა, თბილისიდან ჩამოსული ჩაგვსხამდა მანქანაში და აქ მოვყავდით, ჩვენ ვსაუბრობდით, ლუდს ვსვამდით, თეკლას და გაბრიელს გასწრობანას, დამალობანას, დაჭერობანას ვეთამაშებოდით, მტკაველისხელა ნაძვებს შორის მიწაზე ვწვებოდით, ვეებერთელა ფიჭვებში გამოჩრილ ცას ვუყურებდით, წყალს პირდაპირ კლდიდან ვსვამდით, მდინარიდან მონაბერ ქარს ერთმანეთთან ვემალებოდით, არსად მივიჩქაროდით, სახლში როცა მოგვინდებოდა, მაშინ ვბრუნდებოდით და სასწაულია დროის ამგვარი აღქმა, ცხოვრებით ტკბობის საშუალებას რომ გიტოვებს, საკუთარ თავზე ფიქრს რომ გასწავლის, ბუნებასთან რომ გაახლოებს. მერე, ქალაქში დაბრუნებულს, ყველაზე მეტად დროსთან თავისუფალი ნებივრობა მომენატრება და ფიქრები დამტანჯავენ, რასაც ამდენი ხანი ვყვებოდი, მართლა თავს გადამხდა თუ დამესიზმრა.

24862085_1726714200673948_8757987542573025820_n (2)

24301294_1726714284007273_5288602399019845817_n

24796780_1726714330673935_3302426423093250888_n (2)

მეთორმეტე მირამისობა

22728964_1687648657913836_4764428222171783899_n

 

„მე კი ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ პატივი დამდეს და სოფლის მასწავლებელთან გამათანაბრეს.“

ჩარლზ ჩაპლინი

 

ჩარლის სამყარო ორი წლის წინ სოფომ გაგვაცნო უწერის სკოლის ბავშვებსა და მასწავლებლებს. სოფო კვირაში ერთხელ ამოდიოდა ონიდან და პროექტის „კინო სკოლაში“ ფარგლებში ვუყურებდით ცნობილი რეჟისორების ფილმებს. შევიყრებოდით ოთახში, ავანთებდით ღუმელს, გავმართავდით პროექტორს, ყველითა და პურით დავპურებოდით და ვირტუალურ სამყაროში მოგზაურობას ვიწყებდით – ვიცინოდით, ვტიროდით, განვიცდიდით და ფილმის ბოლოს სოფოს საუბარს ყველა სულგანაბული ვისმენდით. არასდროს დამავიწყდება ერთად განცდილი ემოციები.

ერთხელაც „ოქროს ციებ-ცხელებას“ ვუყურეთ. სოფოს ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიული წიგნი ჰქონდა ამოტანილი და ფილმის დასასრულისას წაკითხვა გვირჩია. მერე წიგნის ფესტივალზე ვიმოგზაურეთ, თან დარეჯან მასწავლებლის მამის ძველებური ჩემოდანი წავიღეთ, ერთ-ერთ დღეს უცნობი ადამიანი მოგვიახლოვდა. ხელში სქელტანიანი წიგნი ეკავა. ყველამ ვიცანით ჩარლის წიგნი და უჩვეულო ყიჟინა ავტეხეთ. ნაცრისსფერყდიან წიგნს ჩემი ბავშვობისდროინდელი რვეულის გადასაკრავი ეკრა. მერე რაჭაში გამოვამგზავრეთ, მედიათეკის ოთახში დავაბინავეთ და ზუსტად ორი წელი იცხოვრა ისე, რომ არავინ მიკარებია. ძველი წიგნისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების სურვილით შეპყრობილმა ზაფხულის არდადეგებზე სახლში წამოვიყვანე და გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლისთვის, თამუნასთვის, წამეკითხა. რას წარმოვიდგენდი, წინ რა მელოდა. ეს ცალკე ამბავია, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიულმა რომანმა, რომელიც ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა და 1978 წელს გამოიცა, ბევრჯერ გადალახა ნაქერალას უღელტეხილი, ჩემი ყოველდღიურობით, წარწერებითა და შიგნით ჩატოვებული ბარათებით აივსო, მდინარე ჯეჯორის ნაპირზეც ინებივრა და მეთორმეტე მირამისობისთვის მზადება დაიწყო.

ალბათ, ყველასთვის ნაცნობია, სიზმარში რომ გაგვიანდება, მირბიხარ, მირბიხარ, მაგრამ მაინც ვერ ასწრებ დანიშნულ წერტილამდე მისვლას და სასოწარკვეთილს უიმედობა გაღვიძებს. პირველ სექტემბერს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტანჯველი სიზმარი გაცხადდა. სოფელ პიპილეთში, პატარა ფინურ სახლში, დილიდან ათასი საქმით მოცულმა დავიწყე არსებობა: სახლს მომავალ ზაფხულამდე ვტოვებდით, ვალაგებდი ნივთებს, ვრეცხავდი ჭურჭელს, ვაწესრიგებდი ტანსაცმელს, პარალელურად გემრიელი ვიქტორინისთვის კექსს ვაცხობდი, ლიტერატურული კაფესთვის საყვარელ ეპიზოდს ვხატავდი, ბავშვებს ვურეკავდი და დაგეგმილი დრო ნელ-ნელა თითო საათით იწევდა საღამოსკენ.

მახსოვს, უწერისკენ მიმავალს, ათასი ნივთით მოცულს, მოძრაობა მიჭირდა. ჩემი მღელვარება პიკს აღწევდა. არადა, რომ არა პირველ სექტემბერი, ჩვენი ორთვიანი ინტერვალი დიდი ხნით გაიწელებოდა, რაც წარმოუდგენლად მიმაჩნია. უნდა მოვასწრო, უნდა მივუსწრო, უწერაში რომ მივალ, ფრაზებს ამოვბეჭდავ, თეკლას დავბან, მოვწესრიგდები, ლეპტოპს, ფოტოაპარატს, დამაგრძელებელს და ათას წვრილმანს (სწვდებოდა ჩემი გონება) წავიღებ, კოქტეილისთვის საჭირო ინგრედიენტებს ონში ვიყიდი – ვფიქრობ, – ვრეკავ, ვპასუხობ, ვწერ. გარეგნობით უცხოპლანეტელს ვგავარ, ამოუცნობ არსებას – გაწეწილი და მტვრიანი თმით, ჩამქრალი თვალებითა და გადაღლილი სახით, სარკეში ჩახედვის სურვილი მიქრება, საკუთარი თავი მაშინებს. მერე, იმავე საღამოს, თამუნა, ჩემი მოსწავლე, სურათს გადამიღებს, ხელში მობილური მიკავია და, სავარაუდოდ, ვიდეოს ვუღებ რომელიმეს, წიგნის საუბრის დროს, თვალები მიბრჭყვიალებს და ასეთი სახე, მგონი, მხოლოდ მათთან ყოფნისას მიხდება, ამაზე ვფიქრდები და ვასკვნი, რომ ეს დრომ მოიტანა. ცხოვრება მძიმე და აუტანელი იქნებოდა, ეს დღესასწაულები რომ არ გამომეგონებინა საკუთარი თავისთვის, მოსწავლეებისთვის, სხვა ადამიანებისთვის. ნამდვილად ასე იქნებოდა და მადლობა, წიგნებს, რომ ჩვენი (ჩემი) საინტერესო ცხოვრება შექმნეს, სხვებიც გარიეს, ჩააბეს, მომიყვანეს, შემაყვარეს და ჩვენი თავი შეაყვარეს.

შუადღეს ქრისტინამ მომწერა, ზღვიდან რაჭაში მოვდივარ და თუ ჩამოგისწარით, ამოვალო. ქრისტინა რაჭამ და წიგნებმა მოიყვანა ჩემამდე. ჩემი პატარა მეგობარი ძალიან საინტერესო ადამიანია და ერთადერთია ჩემ ირგვლივ, რომელიც საკუთარ წიგნზე ოცნებობს. დღე გრძელდება, არ ვიცი, ქრისტინა თუ მოასწრებს ჩვენთან მოსვლას, ის კი ვიცი, რომ ჩარლის წიგნი უნდა გავაცნო ჩემს მოსწავლეებს. ამჯერად ბავშვებს წიგნის წარდგინების ფორმად სრულ თავისუფლებას ვანიჭებ. მე საყვარელ ეპიზოდზე ვამახვილებ ყურადღებას, გუგლში ჩარლის ბავშვობის ქუჩას ვეძებ და მალევე ვაგნებ მას. ამ ქუჩაზე დედასთან ერთად უკიდურეს გაჭირვებას განიცდიდა. ლილი ჰარლი კი იჯდა ფანჯარასთან და გამვლელებს აკვირდებოდა. აბა, როგორი ამბავია?! საკუთარ შვილს ქუჩაში გამვლელებზე გამოგონილი სასაცილო ამბებით კვებავდე, გეყოს ძალა და გამბედაობა, გამოძებნო განწყობა და სამუდამოდ დაამახსოვრო შვილს თავი მსგავსი საქციელით. თავდავიწყებით შემიყვარდა ინგლისელი ლილი ამ ეპიზოდიდან და გადაწყვეტილი მაქვს, ზუსტად ვიცი, რომ საუბარს სოფოს ირგვლივ დავიწყებ.

სკოლის ჭიშკართან მისულს კი მხვდებიან ქრისტინა, ნინია, თამუნა და სოფო. ვერ წარმოიდგენთ და სიტყვებით გამიჭირდება ჩემი განცდების გადმოცემა. პირველი სექტემბერია, სკოლა არავის ახსოვს, საღამოს ექვსის თხუთმეტი წუთია. რიონი მოდგაფუნობს. საღამოვდება და მე და ჩემი მოსწავლეები, სოფლის გოგო-ბიჭები, ჯადოსნურ ოთახში ვიკრიბებით, პოსტერებს ვაკრავთ, ოთახს ვამზადებთ, ჩარლის დაწერილ მუსიკას ვრთავთ, ერთმანეთისთვის და საგანგებოდ ჩვენთვის მოსული ოთხი სტუმრისთვის წიგნებზე საუბარს ვიწყებთ. ასეთი მწირი მენიუ არასდროს გვქონია, თუმცა ეს ხელს არ გვიშლის.

მეექვსეკლასელი ანი „ჰარი პოტერი და დაწყევლილ ბავშვს“ გვაცნობს დიორამით, ბათუმში ყოფნისას დავინახე და მაშინვე ვთქვით, რომ ეს წიგნი ჩვენიაო. გუშინ ბებოსთან ვიყავი ამბროლაურში, საქანელაზე ვიჯექი და დღევანდელ დღეზე მეფიქრებოდაო, დღეს ხომ ბოლოჯერ ხართ ჩვენი მასწავლებელიო, უცრემლიანდება თვალები, ანი, აბა, რას ამბობ-მეთქი და კატეგორიულად მაწყვეტინებს, როგორ არა, ასეაო.

ანის დის, მარიამის არჩევანია დიანა ანფიმიადის წიგნი „წინასწარმეტყველება მურაბით“. ბათუმში რომ წავედით, იქ გვაჩუქესო და ავტორმა შვილთან ერთად ახალი წელი რომ გაატარა, ეგ მომეწონა ყველაზე მეტადო.

ნინიმ, ჩემი მეგობრები ჯადოსნურ ოთახში ზაფხულისთვის წასაკითხ წიგნებს არჩევდნენო, შორიდანვე დავინახე ჟან-კლოდ მურლევას „პირაღმა მდინარე“ და, მგონი, ყველას გადავახტი, ეს ორი წიგნი ხელში რომ ჩამეგდოო.

მერვეკლასელი თამუნა ნაირა გელაშვილის რომანს „მე ის ვარ“ გვაცნობს, ხელნაკეთი წიგნი დაუმზადებია, 13 წლის გოგოს 21 წლის ბიჭი შეუყვარდება, ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება გადაგხდეთ თავს ასეთი სიყვარული და ძალიან კარგი იქნებაო, ვანოს აწყობილ საპრეზენტაციო სკამზე ზის და სიცილისას ლოყა ეჩუტება.

მეცხრეკლასელი გიორგი ბასა ჯანიკაშვილის პიესის – „ლაბადა და ფეხსაცმელი“ – შესახებ გვესაუბრება. მოქმედება საიქიოში ვითარდება და ისეთი სახალისო პიესაა, საიქიოშიც კი მომანდომა წასვლაო, გვამხიარულებს. წიგნის წარდგინების ფორმად ლიტერატურული დღიური აურჩევია.

მისი მეგობარი გიორგი კი უჩინარდება. ოთახი დაგვალაგებინა და მერე რომ მოვიკითხე, ფეხბურთს თამაშობსო, მიპასუხეს. ასეთ დროს გაბრაზებას აზრი არ აქვს. და საერთოდაც, მასწავლებელს გაბუტვის უფლება არ გაქვს. გული მწყდება და გულისტკივილი ორი თვის მერე სიხარულად დამიბუნდება, როცა შემდეგ მირამისობას გიორგი „მაკულატურას“ წაიკითხავს და ჩვეული ორატორობით ყველას მოგვნუსხავს.

მერვეკლასელი მარიამის არჩევანია სალმან რუშდის „შუაღამის შვილები“ , პრეზენტაცია სლაიდშოუს სახით აუწყვია და გვესაუბრება ეპიზოდზე, წინადადებაზე, რეცენზიაზე, სიუჟეტზე, პერსონაჟებსა და ავტორზე.

მეთორმეტე ლიტერატურულ კაფეს პატარა სტუმრებიც ჰყავს, თეკლას ბიძაშვილები, პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები: თათული, სანდრო და მართა. მათი არჩევანი საყვარელი ეპიზოდებია წიგნებიდან, რომლებიც საგანგებოდ ჩვენთვის დახატეს და გაგვაცნეს. ქალაქისა და სოფლის სკოლების კავშირი – გულისხმიერი და ხალისით სავსე, დაუვიწყარი გამოცდილებისა და განცდების მომტანი.

თეკლას არჩევანია ვესტლის „ანტონის საჩუქრები“. ერთხელ რაჭიდან თბილისში მირეკავს და მეუბნება, უბედურება მოხდა, წიგნი დავკარგეო. ცოტა ხანში ჩემი მეგობრის შვილი, ელენე, ონიდან მწერს, თეკლას ადრე წიგნებს შევპირდი, ახლა მინდა ვაჩუქო და გამოგიგზავნითო. ელენეს ნაჩუქარ წიგნებში თეკლას დაკარგული წიგნის აღმოჩენისას მეტირება. ამ ამბავის მოყოლას თავისებურად ცდილობს პატარა, მწვანეთვალება გარუჯული გოგო.

მერე სტუმრების ჯერი დგება: ნინია ბულგაკოვის „ოსტატსა და მარგარიტაზე“ გვესაუბრება და ასტრიდ ლინდგრენის სამყაროში გვამოგზაურებს, ქრისტინა ჩვენს უცნაური დამეგობრების ამბებს ჰყვება და სელინჯერისა და უნას სიყვარულის ისტორიას გვაცნობს, მერე ფოლკნერზე ისწყებს საუბარს, თან პატარა ბავშვივით ხელებით სკამს ეყრდნობა და ფეხებს იქნევს, მერე თამუნა გვესაუბრება და დაუვიწყარ წიგნს იხსენებს ირვინგ სტოუნის „წყურვილი სიცოცხლისა“, მე კი ამ სათაურის გაგონებისას მუცლად მყოფი თეკლა მახსენდება, იმ სკოლის ავტობუსი, სადაც ახლა ვმუშაობ და დილები, როცა ვან გოგის ამბებს ვკითხულობდი.

სოფო ჰექტორ მალოს „უსახლკაროსა“ და დიკენსის წაკითხვას გვირჩევს და გვარიგებს, რომ წიგნებში არ დავრჩეთ, რომ რეალობისა და წარმოსახვის გარჩევის უნარი არ დავკარგოთ.

ღამდება. ერთმანეთს ვშორდებით. სტუმრებს ვაცილებთ. პირველ სექტემბერს სკოლის ჭიშკარი ჩვენთვის გაიღო და დაღამებისას დაიკეტა. ჟუჟუნა ყველაზე ბოლოს გამოდის სკოლიდან, ჩვენ გვაცილებს და მარტოდმარტო მიუყვება აღმა მდინარე მუშვანს.

მომავალ თავგადასავლებამდე, მეცამეტე მირამისობამდე და ნაძვების სამეფოდან წამოღებულ ნამდვილ ამბებამდე.

 

ერთი, ორი და ბევრი ლიტერატურა

ჩემი მეგობარი თინა შეყვარებულია ჯულიან ბარნსზე. სხვისი სიყვარული გადამდებია.

დილას, სანამ სახლიდან გავიდოდი, მამა თეიმურაზის მკითხველის ჩანაწერებს ვკითხულობდი. მამა თეიმურაზი ნათიამ აღმომაჩენინა და ერთ-ერთი იშვიათი ადამიანია, რომელიც წიგნებითა და კითხვით შეპყრობილია, ამასთანავე, ჯანსაღად აზროვნებს, მოკლედ, თანამოაზრე მგონია.

წინასიტყვაობის მერე მისი ჩანაწერი წავიკითხე – ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდაზე”.

 

მერე გზაში უნამუნოს მოთხრობა “წმინდა მანუელ სათნო, წამებული” წავიკითხე და მშვენიერებით ამევსო სული.

მერე შიდა სამაგისტრო გამოცდა მქონდა. ყოველთვის მშვიდად ვხვდები გამოცდებს, მაგრამ ჩემამდე შესულები და გამოსულები ერთმანეთს უამბობდნენ, რა ჰკითხეს გამომცდელებმა.
ყველა ერთსა და იმავეს პასუხობდა, გვეკითხებიან, რატომ ვაბარებთ შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაზეო.

მე ტირილი მომერია, სიტყვა “ლიტერატურა” მიტრიალებდა თავში და ყველაფერი ის, რასაც ეს სიტყვა ჩემთვის ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრება მომეძალა და ახლა იმაზე ვდარდობდი, თავს რომ ვერ ვიკავებდი.
თან ჩანთაში წმინდა მანუელის ამბავი მედო, ორლარიანი წიგნი, რომელსაც ყდაზე ნაძვები და ტბა ახატია და მე კი მხოლოდ დღეს შევამჩნიე, უწერა გამახსენდა და იქ დატოვებული ჩემი შვილები…
“პედრო პარამოს” კითხვა გავაგრძელე ყურადღების გადასატანად და ძველი სახლის ეზოში მწიფე ლიმონის ყვავილებმა ისევ ლიტერატურა გამახსენა. როგორ გამოვხატო ის, რასაც ვგრძნობ და განვიცდი? – მეფიქრებოდა.

გასაუბრებაზე არ მიტირია, ვცდილობდი, თავი მომეწონებინა მათთვის.

საუბარმა მოიყოლა და რამდენი წლის შვილები გყავთო, მკითხეს. ვუპასუხე, უფროსი გოგო, თეკლა, ზუსტად დღეს გახდა 8 წლის-მეთქი. გამოცდაზე რა სათქმელია, მაგრამ დილას დაწერილი ჩემი და ზვიოს მისალოცი წერილები გამახსენდა, ყვითელ მარშუტკას რომ გაატანა ზვიომ, გამახსენდა, როგორ სათუთად დაწერა ზვიომ პატარა, საოცარი წერილი თეკლასთვის.
ვფიქრობ, რომ ესეც ლიტერატურაა, რომ ჩვენი ყოველდღიურობაა ლიტერატურა, ჩვეულებრივი და უბრალო ამბები, მჯერა, როგორც უნამუნო წერს, რომ ზღვარის გავლება შეუძლებელია რეალობასა და გამონაგონს შორის და ხშირად ერთმანეთის როლებს უკეთესად ირგებენ, ვიდრე საკუთარს.

ვიჯექი სკამზე სამი გამომცდელის წინ და კოჭთან ლურჯი პასტით ერთი პატარა წინადადება მეწერა – “ხბოს კანჭი კეცზე”, ჩემი თილისმა,  გვერდით სემიოტიკური ნიშნით – მიხატული ლუდის კათხით –  ცოცხალი თავით რომ არ მოვიშორე სახლიდან გამოსვლამდე.
იმიტომ, რომ ესეც ლიტერატურაა ჩემთვის.

მერე თინასთან ერთად უთვალავი წიგნით გარშემოტყმული ყავას ვსვამდი და ლიტერატურული კაფეს ამბებს ვუყვებოდი, ვიდეოებს ვანახებდი და ვუსმენდით ქრისტინას, საპრეზენტაციო სკამზე რომ შემოვასკუპეთ და ფეხების ქნევით რომ გველაპარაკებოდა სელინჯერსა და ფოლკნერზე, ნინიას – ჩარლი ჩაპლინის მუსიკის ფონზე ასტრიდ ლინდგრენისა და ბულგაკოვის “ოსტატსა და მარგარიტაზე” რომ გვიყვებოდა, მერე ამ წითურთმიანმა გოგომ ზუსტად ჯულიან ბარნსის “დასასრულის განცდა” დამიდო წინ, უნდა წაგაკითხოო, ზუსტად ის წიგნი, დილას მამა თეიმურაზის შთაბეჭდილებებიდან რომ გავიცანი.

სახლისკენ, გზაში, ვფურცლავდი და აღმოვაჩინე, რომ წიგნი ორი ნაწილისგან შედგებოდა, რომელსაც ასე ჰქვია: ერთი, ორი.

ზუსტად ასე.

ბოლო წაკითხული რომანიც – კუტზეეს “მაიკლ კეის ცხოვრება და დროება” – ზუსტად ორი ნაწილისგან შედგებოდა და მათაც ასე ერქვათ: ერთი, ორი.

მაიკლ კეი ჩემს ძმას მაგონებს, ზურას. ისიც მასავით ჩამომხმარი და უამბიციოა.

მაიკლ კეიმ ჩემი მეგობარი მაკა გამახსენა, ერთხელ სოციალურ ქსელში დაწერა მის შესახებ გულისამაჩუყებელი წერილი და შემაყვარა.

წიგნი ონში ვიყიდე, მაშინ, როცა თეკლას მეგობრისთვის ანე კატერინე ვესტლის მოთხრობებს ვეძებდი, მაიკლ კეი ერთ-ერთ ყუთში ზემოდან იდო და თავისკენ მიმიხმო.

საღამოს თეკლამ მითხრა, მამიკოს წერილი პატარა იყო, არ გამიჭირდა წაკითხვა, შენს წერილს მერე წავიკითხავ, გემრიელ ლუკმად ვინახავო.

“გემრიელ ლუკმად ვინახავ” – ულამაზესი ფრაზაა.

გუშინ საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი და ვკითხულობდი უსქელეს წიგნებს, ნაცნობი  ავტორების, ერთ დროს ჩემი ლექტორების აღმოჩენა მახარებდა და ვგრძნობდი, როგორ ილექება ცოდნა მეხსიერების ფსკერზე, ყველა წაკითხული წიგნი და თავს გადამხდარი ამბავი დალივლივებდა ჩემში და ვიაზრებდი, რომ შეგნებულად ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო.

როგორ უნდა მოუყვე ასეთი ამბები ახლადგაცნობილ ადამიანებს რამდენიმე წუთში?

აბსურდის განცდა მეუფლება.

სექენდ ჰენდში იმ წერტილს მივაკითხავ, სადაც ვინტაჟურ კაბებს ვყიდულობ და ისეთი ჩემი ზომისა და ჩემებური კაბები დამხვდებიან, მეფიქრება, რომ ნამდვილად ვიღაც ჩემთვის კერავს ამათ.

ბაზარში გაბრაზებული ქალის ფრაზას გავიგონებ, ყველა კაცი ერთი და იგივე ნაგავიაო, ამბობდა. შემეცოდება ასეთი გაღიზიანების გამო და მოთხრობა რომ დაიწყოს ამ ფრაზით, როგორი იქნება?

ისევ ლიტერატურა.

მერე ნესვი ვიყიდე დედაჩემისთვის, სამი ლარი და ხუთი თეთრის აიწონა, ხუთ თეთრს რომ განსაკუთრებული მოთმინებით ელოდა გამყიდველი ქალი, გამიკვირდა, მაგრამ ზვიო სულ ამართლებს ხოლმე ასეთ ადამიანებს და მალევე მივუტევე გულში დიდსულოვნად, ამ ქალმა კი მომაძახა, გემრიელად მიირთვითო და მე ჩემი ფიქრების შემრცხვა.

ორი ათეული წლის წინ ამ ადგილას ნუნუ დეიდას ჯიხური იდგა და იქვე, გვერდით, მამაჩემი კახურ ზეთსა და კოპტონს ყიდდა, ბნელ და დუხჭირ ოთხმოცდაათიანებში, უფრო ამიტომ შევჩერდი მზისგან გაშავებულ ცოლ-ქმართან, რომ მამაჩემისა და დედაჩემის წვალება გამახსენდა.

მერე მარკეტში ორი ბანანი და ორი რძიანი ყავა ვიყიდე – ჩემთვის და დედასთვის – ხელის გულზე ერთი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი მედო, ანუ ზუსტად იმდენი, რამდენიც ორ ბანანსა და ორ რძიან ყავას სჭირდებოდა, ისე გავიხარე, კონსულტანტი გოგო გაკვირვებული დავტოვე და შუშის კარს რომ ვაღებდი, მადლიერებისგან ყვირილი მომინდა, როგორ დამყვება თან შეუცნობელი და როგორ მილამაზებს ყოფიერებას. ჩემი სული კი ხანდახან  წონასწორობას კარგავს, მერე კი დიდი ხანი სჭირდება სიმშვიდის დასაბრუნებლად.

ჩემი ბავშვობის ქუჩა დამიხვდება თავისი სურნელით.

სახლში დედა გამახსენებს, რომ მამაჩემმა ის უნივერსიტეტი დაამთავრა, რომელშიც მე ვაბარებ. თავისით მეცადინეობდა და რუსულად ჩააბარა ისტორიის ფაკულტეტზეო.

დღეს იმ შენობაში დავდიოდი, რომელშიც მრავალი წლის წინ ახალგაზრდა, იმედიანი და დედაჩემზე შეყვარებული მამაჩემი დადიოდა, წამომეშლებიან ფიქრები და ასმაგად შემიყვარდება იქაურობა.

დოსტოევსკის “სუსტი გული” გახსოვთ? ბედნიერებისგან რომ ჭკუიდან შეიშლება არკადის მეგობარი. ძალიან მძიმე მოთხრობაა. ყველაზე მეტად  მიჭირს და ამავე დროს მიადვილდება დოსტოევსკის პერსონაჟების გაგება, მათი ქცევის გააზრება. ოთარ ჭილაძის ფრაზა მახსენდება, ბედნიერებას მოთმენა უნდაო.

მართლა ასეა.

თეკლასთან ბიძაშვილები და ჩემი მოსწავლეები იყვნენ, მათთვის უთქვამს, მსოფლიოში საუკეთესო დაბადების დღე მქონდაო.

დღეს ჩემს გოგოსთან ის პატარა ადამიანები იყვნენ, რომლებთანაც ძალიან დიდი დრო მაქვს გატარებული, თეკლას და გაბრიელის კუთვნილი დროები. დღევანდელი თეკლას დაბადების დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი უკან ბრუნდება.

ამ ამბებს მარიამის მოწერილი ამბით  დავასრულებ, იმიტომ, რომ ესეც ლიტერატურაა ჩემთვის:

“იცით, მას, თქვენი გაკეთებული ყავა ვინატრეთ მე და თამომ და ხუთი წუთი არ გასულა, თათულიმ ყავა ხიმ არ გინდათო.”

IMG_20170905_205801_689

 

 

 

ლილი ჰარლიდან დედაჩემამდე

დედას ულამაზესი სახელი – მარისა – ჰქვია. აგვისტოს ცხელი და ჩვეულებრივი დღეა. კარზე აკაკუნებენ. ის არის. მგონია, რომ დედაჩემზე ფრთხილად ამქვეყნად არავინ აკაკუნებს. მის დანაოჭებულ ხელებს აქვთ უნარი, იყვნენ ყველაზე უხმაურონი.

სახლში შემოდის ასევე ფრთხილი სიარულის მანერით. თითქოს ერიდება. ასეთია. ყავა არ მაქვს და მაღაზიაში გავრბივარ. ყველაზე მეტად მასთან ერთად მიყვარს ყავის დალევა. რაც არ უნდა დიდი ჭიქით მოვუდუღო, უცბად სვამს ხოლმე და სულ ვიცინით ამაზე, სად მაქვს დრო, ნელა ვწრუპოო, თავს იმართლებს.

არ ვიცი, საიდან აქვს უნარი, იცინოს უბრალო და ადამიანურ ამბებზე. მეც მეტი რა მინდა, ვუყვები ათას რამეს, ძირითადად ჩემს ამბებს, ვყვები თეკლას და გაბრიელის საქციელზე, გულისტკივილზე, სიხარულზე, ვიხსენებთ მამაჩემს, ვდარდობთ ზურაზე, ვფიქრობთ ზაზაზე და შევხარით შორეს, თორნიკეს, ლუკას, მარიამს და, რა თქმა უნდა, ყველაზე ბევრს ზვიოზე ვლაპარაკობთ.

ყავას ერთი გამჭვირვალე ჭიქით ვსვამ. სათვალიანი გოგოს სურათი ახატია, ყავის ჭიქით ხელში და საოცრად მაგონებს დედაჩემის ახალგაზრდობას.  ვეუბნები, ეს ჭიქა შენთან ასოცირდება და თუ გამოიცნობ, საიდან-მეთქი. მპასუხობს, თვეების ზურა რომ მიჭირავს, ალბათ, იმ სურათს გაგონებსო. მე კი სულ ორი ცალი მქონდა ეს ჭიქა. ათი წელია უკვე, ერთი გამიტყდა და ამას თვალის ჩინივით ვუფრთხილდები. პატარა ლელა აჩურჩულდება ხოლმე, იცოდე, ეგ რომ გაგიტყდეს, დედა მოგიკვდებაო, მე კი თავიდან ვიცილებ უსიამოვნო ფიქრებს, ისევ ბავშვობაში ვაბრუნებ.

ზუსტად ვიცი, რომ ყველაზე ბნელ, რთულ და მძიმე წლებში დედას ხალისიანმა ბუნებამ გადაგვარჩინა, მისმა სიცილისა და წვრილმანებით გახარების უნარმა გვიხსნა გაქვავებისგან.

პირველი მოგონება, სადაც დედა ჩნდება, ასეთია: საძინებელში დედა წამოწოლილია, ცხელა, მწვანე, სრიალა გადასაფარებელი ზაფხულის ხვატს არ იმჩნევს, დედა წითელყდიან წიგნს კითხულობს და მერე მიამბობს ერთი მეფის, სახელად ლირის  შესახებ, რომელიც უფროსმა ქალიშვილებმა სახლიდან გამოაგდეს და მხოლოდ ნაბოლარა გოგომ შეიბრალა მამაო. ალბათ, 5-6 წლის ვიქნებოდი და მძაფრად მახსოვს, როგორ გამაბრაზა უსამართლობამ, როგორი შეუთავსებელი იყო ეს განცდები ჩემი პატარა გულისთვის, როგორ დავდარდიანდი და მიკვირდა, დედას მოყოლილი ამბავი ზღაპარივით კეთილად რომ არ დასრულდა. მას შემდეგ რამდენჯერაც არ დავიწყე „მეფე ლირის“ კითხვა, ვერც ერთხელ დავასრულე.

დედა ოცდათექვსმეტი წლის იყო, რომ გამაჩინა და სულ დარდობდა, სულ შიშობდა, რომ ჩემსას ვერაფერს მოესწრებოდა. მთელი ბავშვობა ვიტანჯებოდი იმ განცდით, რომ დედა მომიკვდებოდა. გამოგონილი მქონდა ათასი წესი, რომელთა დაცვით დედაჩემს არაფერი დაემართებოდა, მაგალითად, ჩვენი ქუჩის ვარდიფერსა და ნაცრისფერ ფილაქნებზე ისე უნდა დამებიჯებინა, რომ გადამკვეთ ხაზს არ შევხებოდი და კიდევ რამდენი ასეთი.

მერე ზურას ამბები რომ დაიწყო, დედაჩემი საწოლზე წამოწოლილი აღარ მინახავს.  ირიჟრაჟებდა თუარა, ის ფეხზე იყო. დედასთან დაქალები არასდროს მოდიოდნენ. არასდროს, არასდროს მინახავს ყავის სმის დროს. ერთხელ მახსოვს, მეხუთე სართულზე მეზობელს ვესტუმრეთ და მაშინ რამდენიმე წუთით რომ ჩამოჯდა, გამიკვირდა.

ერთხელ კიდევ მეგონა, რომ დავკარგე და არასდროს დაბრუნდებოდა. ატირებული დავეძებდი ქუჩაში, მაღაზიიდან მომავალმა რომ დამინახა ადამიანების გარემოცვაში, გულში ჩამიკრა და შფოთი წამიერად გამიქრა.

ზურას ამბავმა რვა წლის გოგო და ორმოცი წლის ქალი დაგვამეგობრა. ღმერთო, როგორ ვერ ვიტანდი მის ტირილს, ყველაზე მეტად შენ გემახსოვრება და, ალბათ, შენ მაძლევდი პატარა გოგოს ძალას, ის საოცარი სიტყვები წარმომეთქვა, რომლებიც ჯადოსნურად მოქმედებდა დედაზე.

ზურაზე დარდმა გახვრეტილი ყურები შეუხორცა და მისი გარდერობიდან ყველა ლამაზი კაბა გააქრო, ის პერანგიც, მე რომ მიუწვდომლად მეჩვენებოდა – ლილისფერი, მარგალიტის ღილებით. აქვამარინისთვლიანი ვერცხლის საყურეები კი, მამამ სანკტ-პეტერბურგიდან შეყვარებულობისას რომ ჩამოუტანა, სამუდამოდ გაშავდნენ და მრავალი წელი მელოდებოდნენ მე. მე მაინც უზომოდ მომწონდა დედაჩემი ისეთი, როგორიც იყო.

ვოცნებობ, რომ ლონდონი დედასთან ერთად ვნახო. აგვისტოს ცხელ შუადღეს, როცა ჩემი ბავშვობის სახლისკენ ერთად წავალთ, ინგლისურად ვკითხავ, რას ნახავდი შენს საყვარელ ქალაქში-მეთქი და ისიც ინგლისურად მომიყვება ათას რამეს – წმინდა პავლეს ტაძარში წავიდოდი, სადაც ჩურჩული რამდენიმე მეტრის რადიუსში ისმისო, ბუკინგემის სასახლეს ვესტუმრებოდი, რომლის ეზო რამდენიმე ჰექტარზეა გადაჭიმულიო, ვესტმინისტერის სააბატოსაც, სადაც გამოჩენილი ადამიანები არიან დასაფლავებულნიო, ბიგ ბენის ნახვაზე ვოცნებობ, რომელსაც ბენჯამენის ინიციალების მიხედვით ჰქვია სახელიო, ხიდებიც მაინტერესებს, რომლებიც ტემზაზე არიან გადებულნიო, მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმიც საოცარი რამეაო, კიდევ – პიკადელის მოედანი და შექსპირის დაარსებული Globe theater , Tate, სიტი, სადაც ძირითადად ბაკნებია განთავსებული, ვესთენდი – მდიდრების მხარე და ისთენდი, სადაც მუშახელი ცხოვრობსო.

უნდა მოისმინოთ მისი ულამაზესი გამოთქმა, მგონია, რომ მისი მუსიკალური სმენის დამსახურებაა, მე კი სმენადახშულს ამაოდ მასწავლიდა თავის საყვარელ სიმღერებს, რომ მიხვდა, აზრი არ ჰქონდა, შემეშვა.  ხმა უნდა მოისმინოთ კიდევ, ასე მგონია  სული შრიალებს, როცა მელაპარაკება.

გვარჯალაძის შავყდიანი ინგლისურის ლექსიკონი აქვს დედას, მთელი ჩემი ბავშვობა, ჩემი ცხოვრება, დედაჩემია ის წიგნი, ფაქიზად ეძებს ხოლმე სიტყვებს.

მერე ერთად ვარჩევთ ჩემი მეგობრის პატარა გოგოსთვის ძაფს, რომლითაც თბილი გადასაფარებელი უნდა მოვუქსოვო, კიდევ ერთი მეგობრისთვის მაისური მოვძებნეთ და თან ვუყვები, როგორია ჩემი ახალი მეგობარი, რა უყვარს, როგორ ვიპოვეთ ერთმანეთი, დედაც მთელი გულისხმიერებით მისმენს, მერე ჩემი და ზვიოს ახალდაქორწინებული მეგობრებისთვის წინასწარშერჩეულ სურათებს ვბეჭდავთ, წიგნების მაღაზიაში მივყავარ, ქეთრინ სთოქეთის „მოსამსახურეს“ ყიდულობს თავისთვის და სახლში მივდივართ.

მარკეტში რაღაცების საყიდლად შევდივართ. ერთი კონსულტანტი დედას ეხუტება, გულში იკრავს, ჩემო უსაყვარლესო მარიცა მასწავლებელოო, ეუბნება. დედა ჩემს თავს აცნობს, ჩემი გოგოაო, რაჭაში რომ ცხოვროვდა, ისო. მერე მიყვება ამ ქალზე, საოცარი ვინმეაო, ცხრა კლასის მეტი ვერ დაამთავრა მისმა ბიჭმა და ისე შეგნებულად ეკიდება ამ ამბავს, აქეთ მამშვიდებსო.

საერთოდ, ადამიანების სიყვარული დედასგან მომდევს. ოღონდ ის ჩემზე დიდსულოვანი და მიმტევებელია.

სულ მიამბობდა ამბებს თავისი ბავშვობის, სკოლის, სტუდენტობის, სიყვარულის, თაყვანისმცემლების, იმედგაცრუებების, მამაჩემის გაცნობისა და შეყვარებულობის, დედობის, სამსახურის, ცოლობის, ცხოვრების რიტმის შესახებ.

თავის განცდებზე მიყვებოდა და ახლა ვხვდები, რამხელა სიმდიდრე მომცა ამ საუბრებმა.

სახლში პატარა გოგოსავით ფუსფუსებს, მასადილებს, ყავას მიდუღებს, მაღაზიაში ჩადის დავიწყებული ნესვის საყიდლად, მე კი მისი ფუსფუსი სრულ უქნარად მაქცევს და ყველაზე მეტად ამ დაღლილ და გადაქანცულ ადამიანს ვუნებივრდები.

ლიტერატურიდანაც თავისნაირი უბრალო, საბრალო და კეთილშობილი ადამიანები უყვარს: მთელი ცხოვრება ბოსინისა და აირენის სიყვარულზე მელაპარაკებოდა, მე კი მხოლოდ მაშინ გავიცანი ისინი, როცა  გაბიელი მუცლად მყავდა, ტოლსტოის ანა კარენინა სულ ეცოდებოდა,  „აღდგომა“ მისი სიყვარულის გამო წავიკითხე, აღფრთოვანებული იყო იმ ფაქტით, როგორ ინანიებდა თავის შეცდომას მდიდარი ნეხლიუდოვო და როგორ მიყვება გადასახლებაში დანაშაულის გამოსასყიდად უმანკო კატერინას, როჩესტერი უყვარდა კიდევ და მთელი ბავშვობა ჯეინ ეარს მეძახდა, ნერვებს მიშლიდა, სულაც არ მინდოდა, რომ მარტო სული მქონოდა მშვენიერი, ისედაც არასრულფასოვნების კომპლექსი მტანჯავდა, კიდევ ლელაი და კვირიაი  ამოიჩემა და მახსოვს, ფასანაურში ჩემზე უფროს ბიჭს, სახელად კვირიას, თვალს ვერ ვუსწორებდი სირცხვილით, ჯეინ გერჰარდტი უყვარდა კიდევ და ოსკარ უაილდის ზღაპრები, ო’ჰენრის ნოველები, ჩარლზ დიკენსი და ანა კალანდაძის ლექსები. თვითონაც წერდა და თარგმნიდა. კიპლინგის ლექსს „თუ“ მიკითხავდა ხოლმე ხშირად, თავისივე თარგმანს.

ამ ყველაფერთან ერთად უნდა ვაღიარო,  როცა მეჩხუბებოდა, არასდროს მისმენდა და თავის დაცვას უზრდელობასა და მთიულურ სიფიცხეს აბრალებდა, პატრიოტულ და პათეტიკურ ლექსებს მიქებდა და ერთადერთხელ, პირველ კლასში, მთელი კლასი ქაშვეთის ეკლესიაში საზიარებლად რომ წაგვიყვანეს, მაიძულა, ჩამეცვა ის ქვედაბოლო, რომელიც არ მინდოდა.

სახლში მატანს თავის მოწეულ მსხვილ პამიდორებს, ვაშლს, ატამს, ვაშლატამას, ქლიავს, მჭადის ფქვილსა და ტყემალს.

მატარებლით მარნეულში წასვლას გადაწყვეტს და ერთად მივდივართ ახმეტელის მეტროსთან.

ვეხუტები. დედა მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ჩადის. ხელში ჩანთები და ცარიელი ვედრო უკავია. მხრები დაშვებული აქვს. მე ზემოდან ვუყურებ იქამდე, სანამ არ გაუჩინარდება.

სულ ვგრძნობდი ადამიანებისგან დედაჩემით აღფრთოვანებას, ზოგჯერ – ჩუმს, ფარულს, უტყვს, ზოგჯერ – ხმაურიანს.

თავისი ტელეფონი მე დამჭირდა და დამიტოვა. რამდენიმე დღეა რეკავენ მისი მეგობრები – მარნეულიდან გულო დეიდა, მარისას დავუტოვე რაღაცები და, ნეტავ, თუ ნახავსო, ლია მასწავლებელი, ლიბერთი ბანკის მესიჯები არ მომდის და, ნეტავ, თუ ჩაგვერიცხა პენსიაო, ბიძაჩემი ავთო, ცოტა გულმოსული, სოფლიდან მის გამო ჩამოვედი და ნეტავ გამაგებინა, რას დაქრის აქეთ-იქითო.

მე კი იმაზე ვფიქრობ, რომ დედას თავისი ცხოვრება აქვს, ჩვენგან დამოუკიდებელი – მარტოობით, დარდითა, შრომითა და მეგობრებით სავსე, მაგრამ მაინც თავისი და საინტერესო.

წუხელ ჟან-მარკ ვალეს ფილმს ვუყურე დედოფალი ვიქტორიას შესახებ. ეს ის პერიოდია, ბუკინგემის სასახლე რომ შენდებოდა დედოფლისთვის, მე კი ჩვენი საუბარი და ოცნებები მახსენდება ლონდონის შესახებ.

საღამოს რაჭიდან წერილს მწერს თოთხმეტი წლის მარიამი, ალბერ კოინის „დედაჩემი“ წავიკითხე და სათქვენო წიგნიაო. კიდევ ერთი ფილმში პირველივე წუთებიდან მთავარმა გმირმა შექსპირს ძებნა რომ დაუწყო ბიბლიოთეკაში, უფრო გამიმძაფრდა დედაზე დაწერის სურვილი.

მთელი დღეა ჩარლი ჩაპლინის ავტობიოგრაფიულ რომანს ვკითხულობ. ჩარლის დედით, ლილი ჰარლით, მოხიბლული ვარ. მისი სიკეთე, იუმორი და ბრძოლისუნარიანობა დედას მახსენებს. ჩარლი ერთგან წერს, ქვეყანაში ომის საშიშროება იყო, მაგრამ დედას ეს არ ადარდებდა, მას თავისი ომი ჰქონდაო.

დედაჩემიც ასეთი ქალია. მთელი ცხოვრება თავის წილ ომშია ჩაბმული.

იმ ამბებზე, ლილის ფსიქიკური აშლილობა რომ დაეწყო და ფსიქიატრიულ კლინიკაში წაიყვანენ, ცუდად გავხდი, ცრემლები კითხვას მაწყვეტინებენ. ზურას ამბები ამომიტივტივდა.

მახსოვს, როგორ დამატარებდა ყველგან. ბავშვობის მოგონებებში ერთი დღეა. ზაფხულია. ცხელა. დედას ხელჩაკიდებული მივყავარ გრძელ ქუჩაზე. მე მიხარია და ვგრძნობ მის განსაკუთრებულობას. კითხვა-კითხვით მიაგნო ერთ-ერთ კორპუსს, თეთრი კარი ჰქონდა სახლს, ფსიქიატრმა ქალმა გაგვიღო კარი და მასხოვს, როგორ გვიღიმოდა და როგორ ებღაუჭებოდა დედა მის ღიმილს. რამდენიმესანტიმეტრიანი ზღურბლი უსასრულო უფსკრულად ქცეულიყო დედასა და იმ ქალს შორის. რაღაცნაირად მობუზული წამოვიდა იქიდან დედაჩემი და დღესაც გული მტკივდება, რომ მახსენდება. ასეთი მობუზულმა იცხოვრა, ასე გრძნობს დავალებულად თავს ყველას წინაშე, ასეთი უფსკრული აღიმართა დედაჩემსა და სხვა დედებს შორის მას შემდეგ, რაც ზურა გაუხდა ცუდად.

დედაჩემი სულ მოძრაობს იმიტომ, რომ ფიქრებს გაექცეს.

სამი კვირის წინ ზურასთან ვიყავით ერთად. მთელი იქ ყოფნის განმავლობაში, ზურა ეუბნებოდა, რომ ეშინოდა, ეშინოდა, ეშინოდა. დედაჩემი კი საჭმელს ულაგებდა, უწყობდა, ამშვიდებდა, აწყნარებდა, ეფერებოდა, ახალ ტანსაცმელს აცმევდა, ექიმს უსმენდა.

მერე მარნეულში გამოვიარეთ და ხან გარგარი დამაკრეფინა ბავშვებისთვის, ხან – ატამი, ხან – ქლიავი, ხან – ვაშლი. კარტოფილის ამოსაღებად რომ წავიდა, სიცხისგან დაუძლურებული ძლივს მივლასლასებდი მის უკან. ის კი თოხით ხელში მიქროდა, გამხმარ ძირებს თხრიდა და ერთად ვურევდით მიწაში ხელებს, ვეძებდით ახალ კარტოფილებს და ენერგიით ვივსებოდით.

ვყვები, ვიხსენებ, ვოცნებობ, მაინც ვერასდროს შევძლებ, გადმოვცე, როგორია დედაჩემი.

ვინ იცის, იქნებ, ერთ დღეს მართლა წავიდეთ ლონდონში ერთად.

17218327_1453638971314807_6991178923859610466_o (3)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბათუმური შაბათ-კვირა, ანუ არაჩვეულებრივი ამბები

 

19399303_1558875877457782_9047104871263675848_n

შაბათის დილა

„ასეთი ზაფხული, კუსტარული…“ – ლექსის ეს პირველი სტრიქონი 17 ივნისის დილის ყავას მივაყოლე. ლექსი რეალურად გრძელდება. ზაფხულის დილას გოგოებთან ერთად ერთ ოთხაში მეღვიძება, ანუ დღეს არაჩვეულებრივი დასაწყისი აქვს. ჩუმი შარიშურის ხმა საბოლოოდ მაფხიზლებს. ეკა ფუსფუსებს. მისი ხელები არასდროს ისვენებენ. ღამით, სანამ ღრმა ძილით ჩაეძინებოდა, წუხდა, ასე მიბუჟდება ხელი და ტკივილისგან ჩაძინება მიჭირსო. ეკა მარიამის დედაა – თერთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი ომის გამო ბიჭვინთიდან რომ წამოვიდა და რაჭაში დასახლდა. ზღვისფერი თვალები აქვს და ჩვენ შორის ყველაზე კარგად ცურავს, ბოტანიკურ ბაღში უგულოდ რომ ჩავუარეთ მანდარინის ხეებს, მოგვაბრუნა და სათითაოდ გვაჩვენებდა მარცვლისოდენა ციტრუსს. არასდროს დამავიწყდება, როგორ უბრჭყვიალებდა თვალები ზღვის ფონზე სურათებს რომ ვუღებდი, როგორ უხდებოდა ლურჯი კაბა და როგორ ეჩუტებოდა ლოყა გაღიმებისას.

მალე სხვებიც იღვიძებენ. გუშინდელი წვიმის მერე მზით ვხარობთ. ირმა, ნინო, თამუნა საუზმეს ამზადებენ, ვეებერთელა ჩაიდნით ჩაის ფერს აყენებენ, ჩვენ მარტო ეს თუ გვეყოფაო. შაქარი გვითავდება და ჩაის ირმას ფუტკრების თაფლით ვიტკბობთ. რაჭიდან წამოღებულ ხაჭაპურებსა და ლობიანებს რაც უფრო მეტს ვჭამთ, მგონი მით უფრო მრავლდებიან. ჩვენი ოთახის გოგოები ღამის ამბებს გვიყვებიან, რა თქმა უნდა, სიცილისა და ღამის გატეხვის მცდელობისას. თეკლას სახე კოღოებს დაუგემოვნებიათ და დაკოპლილმა გაიღვიძა.

დღის განრიგი გაწერილია: პირველად ჯეოსელის ოფისს უნდა ვესტუმროთ, თერთმეტ საათზე გველოდებიან და ვჩქარობთ. როგორც იქნა მზად ვართ ყველა და მარშუტკაში ვიყრით თავს – რვა უფროსი და თხუთმეტი მოსწავლე.

 

ჯეოსელის ოფისი ჭავჭავაძის ქუჩაზე

ალეკომ, მძღოლმა, ჭავჭავაძეზე ჩამოგვსხა და თვითონ მანქანის გასაჩერებლად გაეშურა.

ჯეოსელის ოფისში სიხარულით გვხვდებიან. თანამედროვე ტექნოლოგიები ყველას გვაინტერესებს. Marshal- ის ხმის გამაძლიერებლებით განსაკუთრებით ვიხიბლებით და გვახსენდება ჩვენი სკოლის „დინამიკები“, რომელსაც დენის წყარო სჭირდება და ჩემი იუესბიანი ორი პატარა კოლოფი, ბუნებაში რომ დავატარებთ და ლიტერატურული დღეობების დროს მუსიკით განწყობას ვიქმნით.

ყურსასმენებსაც ვირგებთ, სამყაროსგან რომ გთიშავს, რიტმი გვიყოლიებს და ცეკვა გვინდება. თეკლა უახლესი მოდელის iphone – ის ყიდვას ისეთი სახით მთხოვს, თითქოს ნაყინი იყოს.

აქ ყველაფერი გვხიბლავს: ოფისის თანამშრომლების დამოკიდებულებები, სიახლეები, ფერები, ინფრასტრუქტურა, საჩუქრები, ყურადღება, გულისხმიერება. იასამნისფერ ზურგჩანთებში დღიურებს ვპოულობთ, თეკლა მუხლებზე იდებს და წერას იწყებს: „ეხა ჩვენ ვართ ჯეოსელში. მაგარია!“

ჯეოსელის ოფისიდან კიროვაკანის ქუჩისკენ მივემართებით, სკოლაში, მაია მენაბდესთან და მის მოსწავლეებთან სტუმრად.

იქამდე რამდენიმე ქუჩა გვაქვს გასავლელი. ჩემი ფოტოაპარატი ამჯერად მიშოს უჭირავს. ვხვდები, რომ სიამოვნებს გადაღების პროცესი. სახლში დაბრუნებული აღმოვაჩენ, რომ საინტერესო ფოტოამბები მოუგროვებია: აი, მაღაზიის წინ ვდგავართ თითქმის ყველა, შუადღის მზე კონტურებს უკარგავს გამოსახულებებს, აი, მე – ხან ტელეფონზე ვსაუბრობ, ხან ვიცინი, ზუსტად ისეთი ბუნებრივი ურბანული ფოტოებია, მე რომ მიყვარს, აი, ყველა ერთად მივემართებით ქუჩაში, მერე რამდენს ვიცინებთ ასეთი საერთო მსვლელობების გახსენებისას, ზებრაზე მოძრაობას რომ რამდენიმე წუთით ვაჩერებდით, აი, თამუნაც, ანგარიშზე თანხას რიცხავს აპარატთან – ვიცი, გულიანად იცინებს, ამ სურათების ნახვისას, მიშოს იმ ძაღლის დაფიქსირებაც მოუსწრია, თავი რომ ჰქონდა მეორე სართულის აივნიდან გამოყოფილი, აი, მეექვსეკლასელი ილია, ჩვეული სერიოზული სახით მიაბიჯებს ქუჩაში, ეს ის ადგილია, მანქანამ რომ გაუჩერა და სადაურობა რომ ჰკითხეს, ეტყობა ჩვენი იასამნისფერი ზურგჩანთებით დაინტერესებულებმა იფიქრეს, რამე აქცია ხომ არ არისო, ილიას ეკითხებიან თურმე, საიდან ხარო, ამას ესმის, სად მიდიხართო, ილია პასუხობს, არ ვიციო, ირმა თვითმხილველია ამ გაუგებრობის და ჩვენც გვაცინებს.

გზაში თაკოს ვურეკავ და შთაბეჭდილებებს ვუზიარებ, ისიც იცინის ჩვენს ამბებზე, მერე რამდენჯერმე დავურეკავ კიდევ და სულ ასე გაეცინება. ეს სამი დღე ხომ იყო სიხარულის ფოიერვერკი ჩვენთვის და ამასთან ერთად უკარგეს ადამიანებშიც დავტივტივებდით. ისეთ რამეები გადაგვხდა თავს, ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით.

აი, როგორც იქნა მოვაგენით მაიას სკოლას.

 

მაია – ლიტერატურული თამაშობები და აჭარული მასპინძლობა

რა საოცარია ცხოვრება!

რას წარმოვიდგენდი სამი წლის წინ, როცა აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ლიტერატურულ გადაცემას ვუყურებდი, სადაც ორი გოგო – მარი და მაია – პატარა პრინცზე საუბრობდნენ, რომ ერთ დღეს, ზუსტად ამ გოგოებთან ჩამოვიდოდი ბათუმში!

რაჭაში საწერ მაგიდაზე მაიას სტატია მიდევს, რომლის მიხედვით გაკვეთილის დაგეგმვას ვაპირებდი, ახლა კი რეალურად მასთან ვარ.

მაია გვაცნობს მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბსა და მის წევრებს, წესებს, გვიამბობს ლიტერატურული ამბების შესახებ და ჩვენც სიამოვნებით ვუსმენთ. მერე ბავშვების გასაცნობად თამაშს იგონებს, ნელ-ნელა მთის გოგო-ბიჭებიც იხსნებიან, ხალისდებიან. ვუყურებთ ანიმაციას სახელად – „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები“, რასაც კითხვა-პასუხი მოჰყვა, რომელიც თეკლამ ასე დაასრულა ბოლოს, ალბათ, ამას (ადამიანების წიგნად გადაქცევას) დასასრული არ ექნებაო.

მაია შავ-თეთრ ფილმებს ახსენებს, კინოზეც საუბრობს, ჩვენ გასუსულები ვართ, წინ ვიყურებით, ვისმენთ და დარწმუნებული ვარ, ყველას ჩვენი უფროსი მეგობარი სოფო გვახსენდება, მისი სტუმრობები, ონიდან ჩვენთვის ამოტანილი ფილმები და საუბრები, განხილვები, ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელება“, აკირა კუროსავას „რასიომონი“ ან კიმ კი-დუკის   „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი … და ისევ გაზაფხული“ და კიდევ ბევრი სხვა კინოშედევრი. ისევ ჩუმად ვარ და სოფოსადმი მოზღვავებული სიყვარულითა და მადლიერებით მევსება გული.

ყველაზე სახალისო შეჯიბრის დრო დგება – მონაწილეები ორ რიგად ნაწილდებიან, ერთ მხარეს ევალება, რომ რამდენიმე სიტყვით აუხსნას ეკრანზე გამოსახული მწერალი, წიგნი მეგობრებს, ამ უკანასკნელებმა (მეორე მხარემ) კი უნდა გამოიცნოს. მერვეკლასელი გოგოების – მარისა და თამუნას ემოციური თამაშის მერე, მეექვსეკლასელების – ნინისა და ანის ჯერი დგება.

– აი, როსტომ მასწავლებელმა რომ გვათხოვა, ეგ წიგნი გაიხსენე! – ხელებს იქნევს ანი.

– აუ, აუ… – სხმარტალებს ნინი.

– სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“! – აქედან უყვირიან დანარჩენები.

– აი, წიგნის ყდაზე ტვინში რომ თაგვი ჰყავს!

– „თაგვებსა და ადამიანენზე“?

– არა! არა! თამუნამ რომ დახატა ის!- ანი ცდილობს „ყვავილები ელჯერნონისთვის“ გაახსენოს ნინის, მაგრამ ამაოდ.

– მწერალია… – ეკრანზე სხვა სურათი ჩნდება.

– რომელი?

– ჩვენი კლასელი ბიჭის სახელი ჰქვია!

– ილია ჭავჭავაძე! – ყვირის გახარებული ნინი, რომელსაც გამოცნობა არ გაჭირვებია, რადგან კლასში სულ ოთხნი არიან – სამი გოგო და ერთი ბიჭი.

მერე კლუბის წევრებს ვუსმენთ, რომლებიც თავდაჯერებულად გვიყვებიან წიგნებისა თუ ფილმების შესახებ საინტერესო რამეებს.

ერთი ბიჭი ჯიმ ჯარმუშს ახსენებს, არ ვიცი, იცნობთ თუ არა ამ რეჟისორს, მაგრამ გირჩევთ, უყუროთო მის ფილმს „ყავა და სიგარეტი“. ჩემს ცხოვრებაში ჯარმუში და ბათუმი ისევ გადაიკვეთნენ, ზუსტად ამ ქალაქში აღმოვაჩინე რამდენიმე თვის წინ ეს ამერიკელი რეჟისორი და პატერსონის ფრაზები იმ მობილურ ტელეფონში მეწერა, რომლითაც სურათებს ვუღებდი ბავშვებს. ერთ-ერთი მათგანის შესახებ გაკვეთილიც კი ავაგე და დაუვიწყრად გვექცა. პატერსონი ამბობს, ნათარგმნი ლექსები იგივეა, შხაპის ქვეშ ქოლგით რომ იდგეო.

მერე გემრიელობებზე გვპატიჟებენ და ჩვენც მუსრს ვავლებთ უგემრიელეს „შუებს“, პიცებს, ხაჭაპურებს, ყველაზე მეტად კი – ბალს, მთაში ხომ ისე შემოგვადნება ხოლმე გაზაფხული და ზაფხულის პირველი თვეებიც, რომ ხილი დამწიფებას ვერ ასწრებს.

დრო მალე გადის. ალეკო კიროვაკანის ქუჩას აგნებს და გველოდება. უნდა გავიქცეთ, თუმცა სათქმელი ბევრი გვრჩება ერთმანეთისთვის. იქნებ, რაჭაში გავაგრძელოთ ეს შეხვედრა, ვოცნებობთ. დადებითი ემოციებითა და ინტერესგაღვივებულები ვემშვიდობებით ერთმანეთს, თან მივაქროლებთ საჩუქრებს – ქვიშის საათსა და სიმბოლურ სუვენირს ჯადოსნური ოთახისთვის.

არა, მაინც როგორ მიხვდა მაია, რომ ქვიშის საათი გაგვიფუჭდა და წამმზომი ბოლოხანია აღარ გვაქვს.

გავა რამდენიმე დღე და უფრო ღრმად გავიაზრებთ, რომ ბათუმის პატარა სკოლაში ორი დაუვიწყარი საათი გავატარეთ.

ასეთი საგნამანათლებლო პროექტებით მოგზაურობა გადასარევი საშუალებაა საინტერესო ადამიანების გასაცნობად, ახალი ურთიერთობების გასაბმელად, სხვების გამოცდილების გასაზიარებლად.

 

Le –port, გოგებაშვილის 30

ეს რესტორნის სახელია, რომელიც ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს. კითხვა-კითხვით ვაგნებთ. ზებრაზე ისევ ვკეტავთ მოძრობას. გზაში ბოშა ქალი გვეკიდება, როგორც იციან, დაჟინებით გვაცივდება, იყიდეთ რამეო. მაკას დედა, მანანა, მეორე დღეა საათის ყიდვას აპირებს და, აჰა, ქუჩაში არ გადაეყარა ამ ფერადტანსაცმლიან, მზემოკიდებულ ქალს, საათებით რომ დახუნძლულა. მარტო მანანა კიარა, მიშო და გიორგიც დაინტერესდნენ.

დრო არ გვაქვს საყოველთაო ვაჭრობისთვის. მანანას, გიოს და მიშოს ქუჩაში ვტოვებთ და ჩვენ რესტორანში შევდივართ.

ალბათ, ფიქრობთ, აქ რა ქარმა გადმოგვაგდო ან ამ მთიდან ჩამობარგებულს რა ლეპორტობა აგვტეხია.

ახლავე გიამბობთ ყველაფერს.

აქ ჯეოსელის კეთილი ნებით აღმოვჩნდით. ლანჩზე დაგვპატიჟეს, კარის შეღებისას თვალს გვჭრის ოცდაორ კაცზე გაშლილი გრძელი მაგიდა, რომელიც დახუნძლულია ნაირ-ნაირი საჭმელებით, ამ ყველაფრიდან საოცარი გემოვნება და დახვეწილობა იგრძნობა, რომელიც ჩვენს განწყობაზე სასწაულად მოქმედებს და სიხარულის სტატისტიკური გამოხატულების ვირტუალური დანახვა რომ ყოფილიყო შესაძლებელი, ასე დაიწრებოდა: „your stats are booming!” , როგორც ჩემი ბლოგი მატყობინებს ხოლმე, როცა რომელიმე წერილს განსაკუთრებულად უმართლებს.

როგორც იქნა სუფრასთან ვსხდებით. წინ ზღვა ჩანს. მე მიშოსთან და გიორგისთან ვჯდები და საჭმელებს ვთავაზობ:

– მიშო, ცეზარი არ გინდა?- ვეკითხები.

-ცეზარი? ცეზარი თეა მასწავლებლის მეზობელს ჰქვია, მასწავლებელო. – მპასუხობს და სიცილით მართმევს თეფშს.

მე კი იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ რეალობა როგორი პირობითი რამეა. აი, მაგალითად, ორივე ბიჭი ელვისებურად დააქროლებს ცხენებს, მთის ბილიკებს ზეპირად ცნობენ, ერთმანეთს შეშიც ჩეხაში ეხმარებიან, თივას თიბავენ, ლაღები და მხიარულები არიან, „ცეზარს“ მივირთმევთ და თან იმაზე ვსაუბრობთ, რომ არასდროს მოერიდოთ ისეთი სიტუაციების, რომლებშიც არ ყოფილან, არასდროს შერცხვეთ იმის აღიარების, რომ რაღაც არ იციან. ამასობაში ბოშა ქალთან ნაყიდ საათს რაღაც დეტალი ძვრება, რვა ლარი მივეცი და სათიბში მაინც გამოვიყენებ, იქ მაინც სულ საათზე ვიყურებიო, თავს ინუგეშებს მიშო. რანაირია ეს ბიჭი, რაჭველი ამბროსიკუნას როლი რომ შეასრულა ორი კვირის წინ, სოფელში ცხოვრებაზე თემა რომ დაგვიწერა და აგვატირა, ლიტერატურულ კაფეში „ყვავილები ელჯერნონისთვის“ რომ გაგვაცნო, ორბობას დედამისის გამოტანებული ნაბადი ლილი მასწავლებელთან რომ დატოვა, გზაში ხელს შემიშლისო, ახლა ჩვენთან ერთად არის, Le-port- ში, ცოტა ხანში დელფინების მწვრთნელებით აღფრთოვანდება, მაინც რანაირად ახერხებენ ამასო, გაიკვირვებს, ხვალ კი მუზეუმში უძველესი აჭარული სკის – ჯარას ხის მასალას წამში გამოარკვევს გირგისთან ერთად, წაბლისგან არის დამზადებული, წაბლი ან მუხა, მაგრამ არა, არა, მუხა მუქია, ეს ნამდვილად წაბლია, იტყვის გიორგი და მიშოც დაეთანხმება, ჩვენი ურთიერთობის სიხარულსა და სილაღეს კი სამანივით თან გასდევს რაღაცნაირი მორიდება, მოწიწება, პატივისცემა, რომლის მხარეებს არცერთი ვლახავთ.

ჩვენი აბარგებისა და გაქცევის დრო დგება. დელფინარიუმში მივდივართ, დელფინების შოუ ოთხ საათზე იწყება. ალეკოს ვურეკავთ, რომ მოგვაკითხოს, ისიც გვთხოვს, რომ გზისპირას დავხვდეთ, რადგან მანქანას დიდხანს ვერ გააჩერებს.

ხმაურით წამოვიშალეთ, მადლობას ვუხდით მომსახურე პერსონალს, მენეჯერს და ვემშვიდობებით.

წამის მეასედებში მანქანაში ვლაგდებით. უკვე ისე სწრაფად ვმოძრაობთ, რომ საკუტარ თავზე გვეცინება. წამოვალთ, მაგრამ შთაბეჭდილებები არ გაგვინელდება. ათას მადლობას დამაბარებენ ბავშვები თუ მშობლები იმ ადამიანებისადმი, ვინც ასეთი დღესასწაული მოგვიწყო.

რატომ, ლელა? რატომ გვახარებენ ასე? რატომ დაგვიფინანსეს გზა? – ხშირად მკითხავენ და მე ყოველთვის ასე ვუპასუხებ, იმიტომ, რომ წიგნებს ვკითხულობთ ყველა ერთად და იმიტომ, რომ წიგნებს კითხულობენ ბავშვები. ერთმანეთი წიგნებმა და კითხვამ გვაპოვნინეს.

მერე დელფინებს გავიცნობთ და სახლში დასასვენებლად წასვლას გადავწყვეტთ, მანქანას დელფინარიუმის ავტოსადგომზე ძლივს მივაგნებთ. ალეკო გვეტყვის, რომ ორმა ბიჭმა თქვენთვის პიცები, ხაჭაპურები და ნამცხვრები მოიტანაო. გავიაზრებ, რომ მხოლოდ le-port-ის თანამშრომლები თუ ჩაიდენდნენ ამ ამბებს, მაგრამ როგორ მოგვაგნეს, გაოგნებულები ვართ, ფიქრი ფიქრს ებმება იმის წარმოდგენისას, სად ვიყავით, სად ვართ ახლა, ჩვენ ხომ ძლივს ვიპოვეთ მანქანა, იმათ კი მხოლოდ თვალი მოკრეს და ალეკო გვეტყვის, თქვენ გიხსენებიათ, რომ დელფინარიუმში მივდივართო და ასე მოგძებნესო. საერთოდ არ ევალებოდათ ასეთი რამ, მომსახურების საფასურში არ შედიოდა, მხოლოდ თავისი კეთილი ნებით იმოქმედეს და ამასთან ერთად, რომ არ დაეზარათ იმ სიცხეში ეს ყველაფერი. სამოქალაქო გმირობაა ჩვენთვის მათი საქციელი, რადგან ბავშვებმა დაინახეს, გაიაზრეს, გაიხარეს და პირად მაგალითად ექცათ, დარწმუნებული ვარ, ოდესმე თვითონაც ასე გაახარებენ სრულიად უცნობ ადამიანებს.

ასეთი ადამიანები ცხოვრობენ ზღვისპირა ქალაქში. ასე დაგვხვდა ზღვა მთას.

 

დელფინარიუმი

პარასკევ საღამოს, მარის რომ ვემშვიდობებოდი, ოცი ქათქათა ბილეთი გამომიწოდა და მე ჩემი წითელი ჩანთის წინა ჯიბეში მოვათავსე. ბილეთები ირაკლიმ მოიტანა დელფინარიუმიდან და ერთი დღე და ერთი ღამე იარეს ჩვენთან ერთად, დროდადრო ვამოწმებდი, გეგონება ამოფრინდებოდნენ და გაიქცეოდნენ.

B სექტორში, VII რიგს ვიკავებთ. დელფინები წყალში დაცურავენ. შოუ იწყება და ჩემი საყვარელი ადამიანების გაბრწყინებული სახეები გულს მიჩქარებს. წამყვანი სამ ენაზე გვესალმება და ამბობს, რომ დელფინები ოცდაათზე მეტი ხმოვანი სიგნალით საუბრობენ. ბელუჩი და ციცი მეცნობიან. საერთო ამაღლებული განწყობიდან ფიქრებს სხვა ზაფხულებში მივყავარ და ვაცნობიერებ, რომ მესამედ ვარ დელფინარიუმში და სამივეჯერ ზუსტად ერთი და იმავე ადგილას ვზივარ, მხოლოდ ადამიანები იცვლებიან ჩემ ირვლივ, დღეს ზვიო და გაბრიელი არ არიან და პირველად იმ აგვისტოში ვიყავი აქ, რომელსაც რაჭაში გადაცხოვრების სექტემბერი მოჰყვა.

მერე იმაზე მეფიქრება, ქართულ ენაში ბუნების ყველაზე მნიშვნელოვანი რამეების გამოსათქმელად ერთი ან ორი მარცვალი რომ გვყოფნის: ზღვა, ცა, მიწა, მთა, კლდე, ქვა, ხე …

იმაზეც ვფიქრობ, რანაირები ვართ ეს ადამიანები, მაინც და მაინც დელფინები უნდა დავამწყვდიოთ, ცეკვა-თამაში ვასწავლოთ, რომ ვიცინოთ, ვიყვიროთ, ტაში გამეტებით ვუკრათ, ვიყვიროთ, ცრემლები ვღვაროთ…

შოუს დამთავრების მერე ეზოში ვგროვდებით. ნინი ისევ მთელი გულით ტირის. პირველად მეც ასე დამემართა. არ ვიცი, რა ძალები მოქმედებენ ასე, ცხარე ცრემლით რომ გვატირებენ დელფინების ნახვისას.

ბილეთებს ვინახავთ. ჩემს შვილებთან ნაცად თამაშს ვიხსენებ და ბავშვებს ვთავაზობ, თამაშს „ბილეთობანა“ ჰქვია, ანუ ერთი ბილეთის ირგვლივ რაც თავს გადაგხდება, მოკლე ფრაზებით უნდა ჩამოწერო და აღწერო შთაბეჭდილებები, მერე კი ბილეთების ამბებს ბლოგზე გამოვაქვეყნებთ.

 

აკვარიუმი

მრავალფერი თევზების სანახავად დელფინარიუმიდან აკვარიუმს ვსტუმრობთ. ბავშვებთან ერთად იასამნისფერ დღიურში თევზების სახელებს ვიწერ: აურატუსი, აკარა, ასტრონოტუსი, ლომბარდო, ბარბუსი, აკულა ბალა, ციხლაზომა, ყველაზე მეტად ქარიყლაპია გვხიბლავს.

მასწავლებლური შთაგონებისთვის ასეთი კულტურულ-საგანმანათლებლო წანწალი არაჩვეულებრი რამ არის. აღარ არის შთაგონება და მოტივაცია? საკუთარ თავს რეცეპტს ვუწერთ: რომელიმე მუზეუმში ვიზიტი, ან საინტერესო ფილმის ყურება, ან მშრალ ხიდზე ნივთების თვალიერება – ამ ყველაფერს კი, დაგროვილ შთაბეჭდილებებს, აუცილებლად მოჰყვება აქტივობების მოფიქრება და დაგეგმვა.

რამდენიმე გოგო წერით არის გადატებული. აი, მაგალითად, ნინი წიგნს წერს და სანამ მისი წიგნის შესახებ უფრო დაწვრილებით გიამბობთ, მანამდე ერთად ვარჩევთ პერსონაჟების სახელებს თევზების მიხედვით, ყველაზე მეტად მოგვწონს ლოქოს ლათინური სახელწოდება – Silurus glanis, ოქროს თევზსაც არაფერი დაეწუნება, აბა, სცადეთ და ხმამაღლა წარმოთქვით:      Capasus auratus.

სახლში ვბრუნდებით. ვისვენებთ, ვიცვლით და ღამის ქალაქში სეირნობისთვის ვემზადებით.

 

ბულვარი

საღამოვდება. ბულვარში ფეხით მივდივართ. ცოტა მაშინებს ეს საყოველთაო მსვლელობები ქუჩაში, განსაკუთრებით გზის გადაკვეთისას მელევა სული. ირმა ნაწილების მაღაზიის აღმოჩენით ხარობს, ქმარმა გერმანული „დრუჟბის“ ცეპი დამაბარა და აქ უფრო მაგისთვის გამომიშვაო, გვაცინებს, ეკა ვეტაფქთიაქში შერბის, მოზვრებს ახველებსო და რაღაც ტაბლეტებს ყიდულობს. მერე ისევ გზას მივიკვლევთ ზღვისკენ. გზად წიგნებით სავსე მანქანა გვხვდება, 1914 წელს გამოცემული ილია ჭავჭავაძის თხზულებების კრებული თვალს მჭრის, მაგრამ ისეთ ფასს მეუბნება ბუკინისტი კაცი, ცივად ვაბრუნებ უკან. კედლის მხატვრობებს ვათვალიერებთ, მერე მეთევზეებს ვუყურებთ, ვერცხლისფერ ლიფსიტებს რომ იჭერენ.

ზღვა თბილიაო, ამბობენ და ფეხებს ისველებენ, მერე სულ სველდებიან, იცინიან, სურათების გადაღებას მთხოვენ. მზე ჩადის. ბნელდება. ბიჭები ბულვარში ველოსიპედებით დასეირნობენ, თეკლას სათამაშოს ვყიდულობ – ცაში რომ უნდა აისროლო და დაიჭირო, ერთი აისვრის ფერად ჯოხს ცაში და დანარჩენები ერთმანეთს დაჭერაში ეცილებიან, ულამაზესები არიან თავაწეულები, ლაღები, ბედნიერები, სიხარულით ავსებულები.

 

ანბანის კოშკი

რა ლამაზი სახელი აქვს შუშის ამ შენობას, რომელსაც ირგვლივ ქართული ანბანის 33 ასო შემოვლებია. სულ მისი ბრალია, ახლა აქ რომ ვდგავარ რაჭველ გოგო-ბიჭებთან ერთად. ბათუმში მოგზაურობის ერთ-ერთი მიზეზი ანბანის კოშკი იყო. სექტემბერში ვისხედით მე და ზვიო თანამედროვე კოშკის რესტორანში, ჭიქა ღვინოს ვსვამდით და მე ვოცნებობდი, რომ ოდესმე ჩემს მოსწავლეებთან ერთად აქედან მეყურებინა ზღვისთვის. მერე ოცნება უწერაში წავიღე და სხვები ავიყოლიე.

შუშის ლიფტს ერთი წუთი სჭირდება, რომ მიწას მოგწყვიტოს და ცასთან ახლოს გაგაქროლოს. ორად ვიყოფით და ერთმანეთს ცაში შეხვედრამდეო, დროებით ვემშვიდობებით.

-რატომ ჰქვია ანბანის კოშკი? – კითხულობს ნინი და თვითონვე პასუხობს, – ალბათ, ანბანის დაფასებისთვის.

ა ბ გ დ …. წ ჭ ხ ჯ ჰ – უწერამ აიარა ოცდაცამეტი ასო და ჰ-სთან ამოვიდა, ჰაერში, ცასთან ვართ. დედამიწაზე ადამიანები დაპატარავდნენ, სულ ერთი ხდება მათი ჩაცმულობა, სქესი, ასაკი, გარეგნობა, მხოლოდ მოძრაობით იგრძნობიან დედამიწელები.

ცოტა ხანში წიგნებიან ღია თაროებს ვამჩნევთ. მივდივართ და ვათვალიერებთ, უმეტესად ინგლისურენოვანი ლიტერატურაა, რამდენიმე ქართული გამომცემლობისაც, თუმცა ყდით და სათაურებით ადვილად ვხვდებით ნაწარმოებების ქართულ შესატყვისობას: ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობას“ ვიღებ ხელში და გვერდით ის გოგო მიდგას, რომელმაც მისი წაკითხვა მირჩია, მერე დოსტოევსკის „მოთამაშე“ აღმოვაჩინე, „იდიოტიც“ აქვეა, ეს არის წიგნი, რომელიც მარტო ჩემს თავს მახსენებს, კიდევ ნასტასიასა და მიშკინს, ფამუქის „უმანკოების მუზეუმზე“ ჩემი მეგობარი მაკა მახსენდება, ყველაზე მეტად ლუის კეროლის „ელისის თავგადასავალი საოცრებათა სამყაროში“ მახარებს.

ჰეჰ, რა მაგარია წიგნთან დაკავშირებული ცხოვრება, მეფიქრება, როგორ აღტაცებას იწვევს ჩემში იმის გააზრება, რომ მიწიდან ასე შორს ვარ, თანამედროვე რესტორანში, თაროზე რამოდენიმე წიგნი მხვდება და ისინიც თავისებურ მინიშნებებად მევლინებიან.

თუ რა გადაგვხვდა თავს მიწაზე დაბრუნებისას, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს პირადად უნდა გიამბოთ.

თეკლა მუხლებზე დღიურს იდებს ხატავს და წერს იმას, რაც ხდება: „ჩვენ ვართ ანბანის კოშკში და ვჭამთ. ჩამოგითვლით მენიუს – ყავები და ხაჭაპური!“ – თეკლას ეს დღიური მალე ყველაზე ძვირფასი და საინტერესო გახდება ჩემთვის, თან იცით როგორი ნახატი აქვს ყდაზე: იასამნისფერ ნავში ადამიანი დგას და ჭრელაჭრულა ნაჭრებით დახუნძლულ ნატვრის ხეზე თავის ნატვრას კიდებს. ილუსტრაციის ავტორი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუაა.

 

ღამის ბათუმი

ანბანის კოშკიდან გამსახურდიას ქუჩაზე გავდივართ. პიაცას სანახავად მივემართებით. თეკლა დაიღალა და მიშომ ზურგზე შემოისვა, ასე ივლიან ძალიან ბევრს. დაღლილობისგან ფეხებს ძლივს ვიმორჩილებთ, მაგრამ მაინც დავდივართ, დავდივართ. ევროპის მოედანზე შაბათ დღეს ვასრულებთ და ზუსტად ამ დროს მოედანზე საათი თორმეტჯერ რეკავს.

მძღოლი გვაკითხავს და სახლში დაღლილ-დაქანცულები ვბრუნდებით. გვიანია და კიდევ უფრო გვიან ვიძინებთ, გოგოების კისკისის ფონზე, რა თქმა უნდა.

ეს იყო გრძელი, გრძელი და განსაკუთრებულამბებიანი დღე.

 

კვირა დილა

დილა ისევ ეკას ფუსფუსით იწყება. ვაცნობიერებთ, რომ ეს ჩვენი ბათუმური ერთად ყოფნის ბოლო დილაა და ვსევდიანდებით. ვბარგდებით. ვსაუზმობთ. ამასობაში ანასტასია მოდის და ჩვენი ჯადონსური ოთახისთვის კენ კიზის „…გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ მოაქვს ასეთი წარწერით: „წიგნი იმაზე, რომ შესაძლებელია ყველაფერს მივაღწიოთ ადამიანებმა, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, ვიყოთ ჩვენი მიზნებისა და ოცნებების ერთგული…

…და კიდევ იმაზე, რომ სიკეთე ყოველთვის არის ბოროტებაზე უკეთესი.“ – მერე მიზნების ერთგულებასა და სიკეთის უპირატესობებზე გვესაუბრება, გასუსულები ვუსმენთ და ვფიქრობ, რომ რა ბედნიერებაა, როცა ასეთი მეგობარი გყავს.

ჩვენი ბარგი საბარგულში ინაცვლებს. ვსვამთ ბათუმურ დილის „კოფეს“, ვემშვიდობებით დიასახლისს და მუზეუმისკენ მივდივართ.

 

აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი

ამდენნი და ასე ერთად მუზეუმში პირველად ვართ. ანასტასიას ინიციატივით აღმოვჩნდით ამ საოცარ სივრცეში, თორემ ისე ჩაივლიდა ჩვენი მოგზაურობა, რომ ვერ ვნახავდით უძველეს ღვინის გასაზავებელ ჭურჭელს – კრატერს, რომელიც მსოფლიოს ოთხ ქყვენაშია დაცული: სფრანგეთში, იტალიაში, ინგლისსა და საქართველოში. კრატერი ქობულეთში აღმოუჩენიათ და ძვ. წ. V ს-ით თარიღდება. ძველი ბერძნული მითოლოგიის თემატიკითაა მოხატული. ასევე, ვერ გავიგებდით, რომ საქართველოს ერთ-ერთ მუზეუმში არსებობს ვეშაპის ჩონჩხი, რომლის სიგრძე თვრამეტი მეტრია, წონა სამოცდაათ ტონამდე ყოფილა, ხოლო ენა ორ ტონამდე იწონის თურმე. აჭარის ეთნოგრაფიულ კუთხეში მეშვიდეკლასელი მარიამი სახელოსნოს წინ განმარტოვდა და ინტერესით აკვირდებოდა სამჭედლო იარაღებს, ალბათ, მამა თუ გაახსენდა-მეთქი, ვფიქრობ, პატარა ამბავი ხომ არ არის, XXI საუკუნეში, ტექნოლოგიების ეპოქაში, მამა მჭედელი გყავდეს და უყურებდე, როგორ კვერავს ნალებს მეზობლის ცხენისთვის.

ამასობაში გიდი, რომელიც აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის ისტორიებს გვაცნობს, გვეკითხება, საიდან ვართ, რაჭის ხსენებისას, ამბობს, რომ მოსალოცად უწერაში დადის ხოლმე და მერე უნდა წარმოიდგინოთ ჩვენი სიხარული, იმის გაგებისას მამა ნიკოლოზის მრევლი რომ აღმოჩნდება ეს ქალბატონი. მამა ნიკოლოზი ბათუმიდან უწერაში ყოველ შაბათ-კვირას დადის წირვა-ლოცვის აღსავლენად.

მუზეუმში რა აღარ ვნახეთ, რით აღარ გავკვირდით!

მე მოსაწვევ ბარათებს ვერ მოვწყდი, ერთმა განსაკუთრებით მიმიზიდა, „ახალი წლის შეხვედრა“ ერქვა ღონისძიებას, და სხვა რამეებთან ერთად იტყობინებოდა: შესვენების დროს უკრავს გაძლიერებული ჯაზ-ორკესტრი ჯაზ-მომღერალი ქალის მონაწილეობით, კონცერტის შემდეგ – ცეკვა დილამდე ჯაზ-ორკესტრის აკომპანიმენტით, რესტორანთან მორიგეობენ მსუბუქი მანქანები: „ზის-101“, „ლინკოლნი“ და „მ-1“, გრძელდება მაგიდების წინასწარი შეკვეთების მიღება, რესტორანი ღიაა მთელი დღე-ღამის განმავლობაში. – ვკითხულობ და ცალკე იმაზე ვფიქრობ, ნეტა როდის იყო ეს წვეულება, ან ვინ მივიდა, ან რა ეცვათ, ან მოხდა თუ არა რამე ნამდვილი და ღირებული თუ უბრალოდ, დროის მოსაკლავად აღმოჩნდნენ იქ ადამიანები, ან რა დაუკრეს, პარალელურად მანქანაში მომლოდინე ჩემი წიგნი მახსენდება, გასაკვირი არაა, ჯაზზე კორტასარი რომ გაგახსენდეს.

 

ბოტანიკური ბაღი

ბათუმს ვტოვებთ და ბოტანიკური ბაღის სანახავად ზღვის სამყაროში კიდევ ერთხელ ვჩერდებით. შუადღის მზე გვთენთავს და სიარული გვიძნელდება. სამი დღის განმავლობაში ყველას მჟავე წყალი ენატრება. დროდადრო ჟანგბადითა და ათასგვარი სურნელით გაჯერებული ჰაერი გვაგრილებს და ძალას გვმატებს. ჩემი იასამნისფერი დღიური ისევ ივსება ჩანაწერებით: სამხრეთის კორდილინე, ლანცეტა კუნინგჰამია, ფინიკის პალმა, ნაგის ფეხნაყოფა, იაპონური კამელია – ვიწერთ ხეებზე მიმაგრებული ლითონის ფირფიტებიდან. ტირიფფოთლა ევკალიპტის ფოთლებს ვაგროვებთ და მომავალი ლიტერატურული კაფესთვის სანიშნეების დამზადებას ვაპირებთ.

 

გზა – უკან, რაჭისკენ

ქუთაისიდან ტყიბულამდე გზას თუ დაკვირვებიხართ ოდესმე? ჩემი ამოჩემებული და შეყვარებული გზების სიაში შედის. იშვიათად, რომ მანქანა შემოგხვდეს, დაუსახლებელი იმერეთის კორდები, მინდვრები, გორები მწვანედ ბიბინებს. პასუხისმგებლობის სიმძიმე გზის დამოკლების პარალელურად მსუბუქდება.

თეკლა ისევ ჩანაწერს აკეთებს და დღიურში წერს: „ცეკვა მარშუტკაში!“, ნაწერის ქვემოთ კი მოცეკვავეებს გვხატავს.

ათი საათი ხდებოდა, უწერაში, კაკალასთან რომ ამოვგრიალდით, ამოვბარგდით, ოჯახის წევრები, მეზობლები სანახშოზე გველოდნენ, გაბრიელმა ახლოს არ გაიკარა თეკლა, მარტო დედას უნდა ჩავეხუტოო.

 

ლიტერატურული პარალელები

იმ ყველაფერთან ერთად, რაც თავს გადაგვხდა, განაკუთრებულად აღსანიშნია პატარა მკითხველებისა და ლიტერატურული ასოციაციების ამბები.

როგორც კი მარის მაღაზიაში ფეხი შევდგით, მერვეკლასელმა მარიამმა და თამუნამ კედელზე დახატული შერლოკ ჰოლმისეულ იეროგლიფებს დაინახეს, მერე მის პერეგრინის წიგნის სურათებს აღმოაჩენენ, მაღაზიის წინ დეკორატიული ყვავილების ქოთნებზე პირველად თეკლა შენიშნავს პატარა პრინცს, მერე კარლსონის, გრეგუარის, პეპის ჯერი დგება.

გოგოებთან შედარებით ბიჭები პასიური მკითხველები არიან. ორ თვეში ერთხელ ერთი წიგნიც რომ წაიკითხონ ლიტერატურული კაფესთვის, ბედნიერები ვართ. დელფინიანი წიგნების საუბრისას მეცხრეკლასელი ბიჭები მაღაზიაში არ შემოდიოდნენ, მარიამი მიყვებოდა მერე, შემოსაყვანად რომ გავედი, თავისი წიგნების ავტორები დავიწყებოდათ და ნერვიულობდნენო, ამათ სასაცილოდ არ ჰყოფნით ასეთი „წვრილმანი“ – წიგნის ავტორისა თუ პერსონაჟის სახელის დავიწყება, რადგან იციან, რომ ყველაზე მთავარი კითხვისას განცდილი სიამოვნებაა, ის ემოციები, რომლებიც ყველას სხვდასხვანაირად გვეუფლება და რომლებსაც ვერასდროს გადმოვცემთ იმგვარად, როგორც განვიცდით.

ეშმაკის ბორბალზე ყოფნისას ცაში მოლივლივე ერთი ცალი თოლია ჯონათან ლივინგსტონად რომ მონათლეს, უკვე გიამბეთ. მერე ბოტანიკურ ბაღში შენიშნავს ანი და ასე მარტო რომ დაფრინავს, ნამდვილად ჯონათანიაო, დაასკვნის.

ღამის ბათუმში სეირნობისას კედელზე ბუს დაინახავენ და ჰარი პოტერის ჰედვიგს დაარქმევენ, მუზეუმში ბუს ფიტულიც ჰედვიგს გაახსენებთ.

ანი, მარი და ნინი ბულვარში ხელს ჩამკიდებენ და ასლანის სანახავად გამაქროლებენ. ნარნიის შემქნელ ასლანთან შეხვედრა როგორი ამბავია, ხომ წარმოგიდგენიათ, ვფიქრობ, ლუსის მსგავსად ლომის ფაფარში ცხვირს ჩავმალავ და უხილავი ძალებით ავივსები-მეთქი, ოცნებას არ მაცლიან, აი, ასლნათან მოვედითო, კისკისებენ და არც მეტი, არც ნაკლები, ლომის ქვის ქანდაკების წინ მაყენებენ, ასლანად მონათლულ ქვის ლომს ეხუტებიან, კოცნიან, ეფერებიან, მასთან სურათებს იღებენ და იჯერებენ, რომ ბათუმის ბულვარში ნამდვილად ნარნიის ასლანი გამოეცხადათ.

გზად მაღაზიას ვამჩნევ, „მარსელი“ აწერია და გოგოებს ვანახებ, ენდი უირის მარსელი გვგონია რატომღაც. მარსიდან დედამიწაზე ირმა გვაბრუნებს, მარსი კი არა, საფრანგეთის საპორტო ქალაქის მარსელის გამო დაარქმევდნენო, რეალობას უფრო შეესაბამება ირმას ვარაუდი.

აკვარიუმში თევზი სახელად „წითელი ოსკარი“ ემანუელ შმიტის წიგნს „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“ გაგვახსნებს.

მუზეუმში ზუსტად ისეთ პეპელას ვნახავთ, ჯადოსნური ოთახის ყვავილებთან ერთად რომ გვყავს შუშის ქვეშ, ხის მაგიდაზე. მარიამის დედამ, ეკამ, გზაზე იპოვა და ჩვენ გვაჩუქა.

გიდი ხამანწკებს გვანახებს და ბავშვებს ო’ჰენრის „სიყვარულის მსახურება“ და მოთხრობის უცხო სიტყვების მიხედვით აგებული ინოვაციური გაკვეთილი გაახსენდებათ. ესეც რომ არა, ხამანწკები ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი საჭმელი რომ არის, წიგნის მოყვარულმა ადამიანებმა კარგად იციან.

და აი, ვეშაპის ჩონჩხს მოვადექით. ორი თვე ვკითხულობდი ჰერმან მელვილის „მობი დიკს“, ნემსის ყუნწში გავძვერი, ეპიზოდები ვხატე, წიგნი მასწავლებლის მაგიდაზე ვაცხოვრე, რა არ ვუამბე, მაგრამ ახლოს არავინ გაეკარა თეთრი ვეშაპის ამბებს, ახლა ამ ჩონჩხს ვუყურებთ, ხელით ვეხებით და მე თვითონ გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ასეთი უზარმაზარი იყოს წყლის ბინადარი არსება. ჩემი მეგობარი ანასტასია ვეშაპის გაქვავებული ემბრიონის ამბავს მტკივნეულად აღიქვამს და ვეშაპს უთანაგრძნობს, როგოც დედა – დედას: რა შეემთხვა ორსულ ვეშაპს ოკეანში, რატომ მოკლეს, თავისი სიკვდილით არ მოკვდებოდა, რადგან რეპროდუქციული ასაკში იყოო, გვაფიქრებს. მიხედავად მისი უზარმაზარი მასისა, ვეშაპს უწვრილესი საყლაპავი მილი აქვს და მხოლოდ წვრილი თევზებით იკვებება. სულ ორი არსებაა დედამიწაზე, რომელიც თავს მაღლა სწევს და შადრევნებს აფრქვევს, დედამიწაზე – სპილო და წყალში – ვეშაპი, მახსენდება ერთ-ერთი თავი „მობი დიკიდან“, სადაც მწერალი გვაფიქრებს, რომ ვეშაპი ღვთის მადიდებელი არსებაა, მიწაზე სიცოცხლე რომც შეწყდეს, წყალქვეშ ის ისევ იარსებებს. ჩვენ კი კაპიტან აქაბივით ზოგს შურისძიება გვიპყრობს და საბედისწერო დევნას ვუწყებთ, ზოგს ვეშაპის ქონი გვიზიდავს და ოკეანეებს ვსერავთ, ზოგს -ძვალი და ზოგს კიდევ – ულვაში, სავარცხლებისა და წებოს დასამზადებლად.

ვეშაპის ჩონჩხის ნახვამ ზაფხულის აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში „მობი დიკი“ დააბინავა.

ზემოთჩამოთვლილი ლიტერატურული პარალელები ყველაფერია ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის: სასწავლო წლის ნაყოფიერი დასასრული, ათასი კრედიტქულა, რეფლექსია, პრემია, სტიმული და მოტივაცია.

ამ უგრძელეს წერილს კი ნინის წიგნის ამბით დავასრულებ.

წამოსვლის წინა დღეს, ბალიშებს რომ ვკერავდით, ანიმ მითხრა, იცით, მასწავლებელო, ნინი წიგნს წერს და ჰარი პოტერს ნარნიაში ამოგზაურებსო. გზაში ნინი რვეულს მაძლევს, ყდაზე თავისი ნახატი გადაუკრავს, რომელზეც ლურჯკაბიანი გოგო დაუხატავს.

ფენტეზის მოყვარული პატარა გოგო ვერ შეეგუა ჰარის საყვარელი ადამიანების სიკვდილს და პერსონაჟი გამოიგონა, რომელიც ყველას გაუცოცხლებს ჰარის. პერსონაჟი გოგოა და სახელიც ისეთი მოვუფიქრე, ძალიან მომწონსო, ლურჯკაბიან გოგოს აიანა ჰქვია და ეს თქვენ ხართ, ლელა მასწავლებელოო, სამწუხაროდ, აიანა ბოლოს კვდება, ჰარის გადაეფარება და გადაარჩენსო. ვაიმე, ნინი, არ მოკლა აიანა, გთხოვ, მეშინია-მეთქი, ის კი იცინის და ჯერ არ ვიცი, როგორ დაასრულებს წიგნს.

ისე მომწონს მწერლები წიგნებს რომ უძღვნიან სხვებს, ნინის წიგნს კი ასეთი წარწერა აქვს: „ვუძღვნი მას, ვინც დიდი ბედნიერება მომანიჭა, ლელა მასწავლებელს“ და იქვე დაუწერია: „ამ სიცოცხლეში ერთი რამ უნდა იცოდე, შეგეძლოს გაამხიარულო საკუთარი თავი“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მთის მო-გზა-ურობა ზღვაზე

19247972_1555950211083682_4117456155459072150_n

 

 

ახლა სურამში ვარ, ავტოგასამართ სადგურში, ჩვენი მანქანა გამოშიგნული დგას ორმოს თავზე და ხელოსნები ცდილობენ რამე გაუგონ. ზვიო ტაქსით წავიდა ნაწილის საყიდლად, მე ვზივარ და ველი, ისევ როდის დავადგებით რაჭის გზას. ათას წვრილმანთან ერთად წიგნებში ვარ ჩაფლული: ხუან რულფოს „პედრო პარამო“, ანა გავალდას „35 კილო იმედი“, რენსომ რიგზის „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“, ლუისის „ლომი, კუდიანი და გარდერობი“, თამთა მელაშვილის „მარინეს ანგელოზები“ , შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“, ბერნარ ვერბერის „ჭიანჭველები“, ქსეროქსები კრედიტ-ქულების ამბებში გასარკვევად, ლია სტურუას მწვანეყდიანი ლექსების კრებული, ერთი სიტყვით, პირადი ბიბლიოთეკით ვმოძრაობ. წიგნების უმეტესობა გამომცემლობა „წიგნები ბათუმისაა“. თბილისში დავიმგზავრე, რადგან რამდენიმე დღეში ჩვენი სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები ბათუმში მივდივართ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტით, რომელსაც ასეთი სახელი დავარქვით – „მთა მიდის ზღვასთან“.

თბილისში კონფერენციისთვის მომიწია ჩამოსვლა, დღეს უკან ვბრუნდები. სკოლიდან ნაილი მასწავლებელი მირეკავს, გვაინტერესებს, როგორ ჩაიარა შენმა ამბებმაო, სხვა დანარჩენთან ერთად იმასაც ვეუბნები, რომ მეათეკლასელი ნინოს თემამ ძველი თამაშობების შესახებ, დიდი მოწონება დაიმსახურა და კრებულში აპირებენ დაბეჭდვას, მერე ირმა მეხმიანება, ონში ვაპირებთ წასვლას, სადმე უნდა დავსხდეთ და იქნებ ჩამოგვისწროო. რა კარგი რამე მოუფიქრებიათ, ალბათ, იაშა წაიყვანთ, გაიხარებენ, იცინებენ, რა კარგია, რომ დამირეკეს, მეფიქრება.

მოსწავლეებიც მწერენ – მარიამი და თამუნა წიგნების მიხედვით ბალიშებს ხატავენ, შავი კონტური გაუთავდათ და ერთად ვფიქრობთ, როგორ გააგრძელონ ხატვა.

ბალიშებისთვის ნაჭრები სექტემბერში, სასწავლო წლის დასაწყისამდე ლილოში ვიყიდე და რაჭაში გამოვამგზავრე, გამოვაზამთრე და ორ დღეში ბათუმში დავიმგზავრებთ.

ბათუმში, პირველ რიგში, მარისთან და ირაკლისთან მივდივართ – მათ მიერ გამოცემულ წიგნებზე უნდა ვისაუბროთ წიგნის მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“. რაც რაჭაში ვარ და რაც საქველმოქმედო აქცია წამოვიწყე მოძველებული ბიბლიოთეკის გასაახლებლად, მასე მერე გვიგზავნიან ახალ თარგმანებს, საბაშვო ლიტერატურას და მე და ჩემი მოსწავლეები ახლა უკვე კარგად ვიცნობთ სხვადასხვა ავტორსა თუ ლიტერატურულ პერსონაჟს.

ერთ დღეს მარი თავისი ბლოგით აღმოვაჩინე და მივწერე. ისეთი გულისამაჩუყებელი და თბილი წერილი მომწერა, რომ უნახავად შემიყვარდა. მერე წიგნის ფესტივალზე გავიცანი. მეორედ, სამი წლის წინ, ბათუმში ვნახეთ ერთმანეთი. მაშინ ვუთხარი, რომ პროგრამაში, რომელიც მაღალმთიან სოფელში მასწავლებლობას გულისხმობდა, მონაწილეობას ვაპირებდი. მახსოვს, მის მაღაზიაში, წიგნების თაროსთან ვიდექით, ისიც მახსოვს, როგორ გაუკვირდა და გაუხარდა ჩემი გადაწყვეტილება. მე კი მისი ამგვარი აღქმა და დამოკიდებულება დიდ სტიმულად მექცა. მარი მაშინ ბავშვებისთვის საკვირაო შეხვედრებს აწყობდა და ზღაპრებს უკითხავდა მათ. ისეთ რთულ და მიუღწევლ რამედ მეჩვენებოდა თუნდაც ხმამაღალი კითხვა აუდიტორიის წინაშე, რომ ვფიქრობდი, ნეტა როგორ ახერხებს-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მიპასუხა, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს შეძლებო, დარწმუნებული ვარო, მეუბნებოდა მარი და ვგრძნობდი, რომ მართლა ასე ფიქრობდა.

შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევამ, მარის სიტყვებმა, დამოკიდებულებებმა თვითრწმენა გამიღვივა. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანებს დიდი ამბების დატრიალება შეგვიძლია ერთმანეთის ცხოვრებაში და იმდენად მნიშვნელოვნები ვართ ერთმანეთისთვის, რომ გააზრებაც კი გვიჭირს.

ჩვენი რაჭიდან ბათუმში მოგზაურობის ამბებში კიდევ ბევრი ადამიანია ჩაბმული.

ტელეფონის ეკრანს უცხო ნომერი ეწერება. მელოდის ამბების კითხვას ვწყვეტ და ვპასუხობ, ლელა ხართ? თქვენი ნომერი ანასტასიამ მომცა, მე ბათუმიდან გირეკავთ იმის სათქმელად, რომ თქვენი ოთახები მზად მაქვს, წამოსვლამდე დამირეკეთ. ანასტასია ძალიან მოგვეწონა და მისი ხათრით ათ ლარად ერთ ადამიანს მოგათავსებთო.

ანასტასია ჩემი ბავშვობის მეგობარია. ბათუმში ცხოვრობს და განათლების სამინისტროში კულტურის ამბებს უძღვება. მთელი წელი მგულშემატკივრობდა და ჩვეული პასუხისმგებლობით მიგეგმავდა მარშრუტს, მისი ინიციატივით უნდა ვესტუმროთ ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმს და იქვე, ახლახანს გახსნილი კოსმოსური სივრცეც აუცილებლად უნდა ვნახოთ, რომლისთვისაც ქართველმა მხატვარმა, ახალგაზრდა გოგომ, შექმნა და მოხატა ინტერიერი, აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაშია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმიც, სადაც ვეშაპის ჩონჩხი, ძვ. წ. V ს-ის კრატერი, უძველესი ჩინური ჭადრაკი და სხვა საინტერესო ნივთები გველოდება, ასევე უნდა დავლაშქროთ ბოტანიკური ბაღი, ანბანის კოშკი, ძველი ბათუმის ქუჩები, ბულვარი.

ანასტასია თვლის, რომ მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობას ისედაც რთული ცხოვრებისეული პირობები აქვთ და ქალაქის მაცხოვრებლები ვალდებულები ვართ, ჩვენთან სტუმრობისას მაქსიმალურად დავიხარჯოთ მათთვისო.

თავის მუცლის ბინადარ დელფინთან ერთად დადის ჩემი ბავშვობის მეგობარი ბათუმის ქუჩებში და ფიქრობს ჩვენზე, რა უნდა გვანახოს, რა თანმიმდევრობით, კენ კიზის მაკმერფის შესახებ რომ უნდა გვესაუბროს და ერთი სული მაქვს, როდის მოვუსმენთ ყველა ერთად ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ განსაკუთრებულ და გამორჩეულ გოგოს.

ტრანსპორტირების ხარჯებს კომპანია „ჯეოსელი“ გვიფინანსებს. ერთხელ, თბილისში სტუმრობისას, ჯეოლაბში დაგვპატიჟეს, წიგნები გვაჩუქეს და დაგვიმეგობრეს. მას მერე გამუდმებით გვგულშემატკივრობენ და ახლაც, სიხარულით დათანხმდნენ ჩვენს თხოვნას. ყველაფერი კი ბლოგისთვის დაწერილი წერილით დაიწყო, სადაც ვწერდი წიგნის ფესტივალზე წიგნების მოგროვების მიზნით გამგზავრების შესახებ. წერილი თაკომ წაიკითხა და საერთო მეგობრის, გვანცას მეშვეობით დამიკავშირდა. თაკო კომპანიის პიარ მენეჯერია. ათასი ბიუროკრატიული წვრილმანის მოგვარება უწევს, რომ ჩვენი ამბავი გამოვიდეს. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ისე აკეთებს, რომ ურთიერთობაში ბარიერები არ იქმნება.

ბათუმში ერთი ძალიან საინტერესო მასწავლებელი – მაია მენაბდე უნდა გავიცნოთ თავის მოწავლეებთან ერთად. სკოლაში, სადაც მუშაობს, ლიტერატურული ცხოვრება აქვს გაჩაღებული და მისი საქმიანობით მოხიბლული ვარ.

P.S: ეს წერილი აქ შეწყდა და მას მერე დრო ვერ გამოვნახე დასასრულებლად, თუმცა ჩვენი ამბების დასაწყისად გამოვიყენებ. იმდენი რამ დამიგროვდა მოსაყოლი, რომ ეს იქნება ყველაზე გრძელი წერილი.

 

„ჩვენ ვწერთ ან ვთამაშობთ სხვებისთვის და არა ჩვენთვის.“ – წერის დაწყებამდე კორტასარის ერთ-ერთ მოთხრობაში ამოვიკითხე, წიგნიდან, რომელმაც ჯერ თბილისიდან უწერამდე იმოგზაურა, შემდეგ კი უწერიდან – ბათუმამდე და ჩვენთან ერთად ისევ რაჭაში დაბრუნდა. მთელი დღეა ვცდილობ ვიპოვო ფორმა, რომლითაც შევძლებ ჩვენი დღეების შესახებ გიამბოთ, ანუ მე თქვენთვის უნდა დავწერო.

 

ოცნებები

ო – ცნებ – ა      სულაც არ არის    აუ- ხდე – ნელი    რამ.

ჩვენი სკოლის გზა სახლამდე მდინარე მუშუანს მოუყვება. ერთხელ, ნოემბერში, სკოლიდან ერთად მოვდიოდით მე და ჩემი მოსწავლეები. გზაში ბათუმზე ვლაპარაკობდით, ვოცნებობდით იქ წასვლაზე, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, გამოუშვებდნენ თუ არა მშობლები, თვალები უციმციმებდათ, მერე დახავსულ ლოდზე დავდეთ ჩემი მობილური ტელეფონი, წამზომი ჩავრთეთ და სურათი გადავიღეთ.

ამ გზაზე გვხვდება წისქვილი, ჭიშკრები, ბოსლები, სახლები, ქვები, კაკლის ხეები, მაყვლის ბუჩქები, ხშირად – ალფეზა ბაბუა, იშვიათად – მანქანები, ძირითადად, „ნივები“ და „ნოლშესტები“, ქვის ღობეები, ორღობეები, ნალიები, ყვავილები, ღორები, ხბოები, მძლოკვები, გოჭები, ხარები, ძროხები, ძაღლები, ჭიანჭველები, გუბეები, ყინული, თოვლი, სამი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ შემხვდა უცნობი დედა-შვილი, ავლისას თუ ჩავლისას დედაკვინის თვალთვალი ჩვევად გვექცა, კიდევ – ნისლით დამალული ნაძვების და ამ ნაძვებიდან – მზის ამოსრიალების. კილომეტრ-ნახევარი მიწა ჩემი უსაყვარლესი გზაა, მას რამდენიმე თვის შემდეგ ბთუმში გავიხსენებ, ჩვენს ოცნებასა და ერთად გადაღებული სურათთან ერთად, ხმამაღლა ვიტყვი და სხვებიც ამოიტივტივებენ გონებიდან, გაიცინებენ, მერე თამუნას ვკითხავ, ოცნებები თუ ხდება-მეთქი და ის მიპასუხებს, რა თქმა უნდა, მააას, თან გაიცინებს და ცალი ლოყა ჩაეჩუტება.

 

წინა დღის ამბები

როგორც წესი, ასეთი დღეები გრძელია. ახლაც ასეა. დღის ბოლოს ჩემი მობილური ტელეფონის შემომავალი თუ გამავალი ზარების სიაც დღესავით დაგრძელდა. სოფელში უჩვეულო ფუსფუსი დგას: ვინ ხაჭაპურს აცხობს, ვინ – ლობიანებსა და ნამცხვრებს, ვინ ქათამს ბრაწავს, ვინ ყველს არჩევს, ვინ თაფლის ქილებს ამზადებს, ძალიან ბევრ სახლში გარდერობები გვარიანად აირია, სანამ სამგზავრო ტანსაცმელი შეარჩიეს, ხუთშაბათი დღეც როგორ დაემთხვა საყიდლებზე გასამგზავრებლად – ჰიგიენური ნივთებისა თუ სურსათის მოსამარაგებლად.

რაც ყველაზე მთავარია, საქონელი უნდა გადააბარონ საიმედო ხელს, რომ მათ ჩამოსვლამდე მიხედონ, დილას საძოვარზე გარეკონ, საღამოს მოწველონ, ბოსტანი და სხვა საქმეები სამი დღე მოიცდის. ერთი სიტყვით, ბავშვებთან ერთად ოჯახის დიასახლისები უნდა გავიტაცო.

სასწავლო წლის ბოლო დღეა, მე კი ბალიშები მაქვს შესაკერი. სახლში დიდი არეულობაა, ამიტომ სკოლაში გადავწყვიტე საკერავი მანქანის წაღება. ზვიო ვერ იცლის და ბედად, სოფლის გამგებლის, მელიტონის მანქანით ვსარგებლობთ – საბარგულს ვავსებთ მოხატული ბალიშისპირებით, საკერავი მანქანით, სილიკონით, წიგნებით, ლეპტოპით, სალონის უკანა სავარძელზე ჩვენ – მე და ჩემი მოსწავლეები – ვთავსდებით და სკოლაში, ჯადოსნურ ოთახში ვბანაკდებით.

სანამ მე თბილისში ვიმოგზაურე, თამუნამ და მარიამმა მოხატული დამახვედრეს 23 ბალიში, რომლებზეც გააცოცხლეს ტისტუ, შასტა, მარწყვა, მელოდის თევზი – ოლი, მარსელი, ჭიანჭველები, მატილდა და სასწაულმოქმედი მიტერ ფოქსი, მის პერეგრინი, ჰანა ბეიკერის ცამეტი მიზეზის აუდიოჩანაწერი, ელჯერნონი და ჩარლი გორდონი, ხიდი ტერაბითიაში, გრეგუარი, ქალაქი წყალზე და ამ ხატვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანამონაწილეები იყვნენ სხვა დანარჩენებიც.

ჯადოსნურ ოთახში ასეთი დღეებისთვის დამახასიათებელი ქაოსი სუფევს. საკერავ მანქანასთან გოგოებს რიგ-რიგობით ვსვამ, უხარიათ და დაინტერესებულები არიან. აქვე იბადება ახალი იდეა – დავწეროთ სოციალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც გოგოები შეკერავენ და მოხატავენ ბალიშებს, მაისურებს, ჩანთებს, თექისგან დაამზადებენ თმისამაგრებსა თუ საყურეებს, მერე ამ ნივთებს გავყიდით, მერე ფულს დავაგროვებთ და საკერავ მანქანას, საღებავებსა და ნაჭრებს ვიყიდით, ასე გაუჩნდებათ საკუთარი შემოსავალი, თან პარალელურად ათას უნარ-ჩვევას გამოიმუშავებენ.

ვკერავთ და სპექტაკლის ჩანაწერს ვუყურებთ, ვიხსენებთ იმ დღის ამბებს და ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ, ვრეკავ, ვპასუხობ, ვწერ გეგმას, სიას და თანდათან ოთახი ბალიშებით ივსება, ჩვენც ვფერადდებით.

გოგოებს სახლში ვამგზავრებ და სკოლაში სულ მარტო ვრჩები. გარეთ წვიმას აპირებს და ჩემი მარტო დატოვების ეშინიათ. მათ წასვლამდე ძალების მოსაკრეფად ყავას ვიდუღებ.

გადავწყვიტეთ „გემრიელი ვიქტორინა“ ბათუმში ვამოგზაუროთ. ფრაზების შერჩევა-ამოწერა დიდხანს გრძელდება. მზე ადგილს ინაცვლებს და დღის მეორე ნახევარში ჩვენს ოთახს ადგება. ამ დროს ყველაფერი იერს იცვლის – წარწერები და ნახატები ფანჯარაზე, კედლის პოსტერები, წიგნები, მაგიდები, ნივთები.

სკოლის დასაკეტად ჟუჟუნა დეიდა და გიორგი ჩამოდიან. ზვიო მაკითხავს და ბარგის ჩატანაში გიო მეხმარება. შვიდი საათი სრულდება.

ჩანთაში ბრძანება მიდევს, სადაც წერია, პასუხისმგებლობა დაეკისროს ლელა კოტორაშვილსო. ამ პასუხისმგებლობით ვარ მოცული, ეს პასუხისმგებლობა ტვირთად მაწევს და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.

თაკო მირეკავს და მოსწავლეთა რაოდენობას აზუსტებს, მძღოლის ნომერს მაძლევს, მანქანა ქუთაისიდან ამოგაკითხავთ, ყველა მოსწავლე კარგად უნდა იჯდესო.

მერე ვიღაც ბიჭს ვესაუბრები, ჩვენ გვინდა, მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნათ და შიდა ტრანსპორტირებას გვიგეგმავს, შევეცდები, ისეთი მძღოლი გამოვნახო, რომელიც ბათუმის ქუჩებს კარგად იცნობსო.

სახლში დაბრუნებული თეკლას ვაბანავებ, ბარგს ვალაგებ, ნამცხვარს ვაცხობ, კაკაოსთვის თამუნასთან მივდივარ, წვიმს, ბნელა, გზას ტელეფონით ვინათებ, ვჩქარობ, ვანილისთვის ნაილი მასწავლებელთან გავრბივარ, სველ ბალახს მივარღვევ, შაქარს ეთერი ბებო მაძლევს, ნერვები მეშლება, მაინც და მაინც ასეთ დროს რომ თავდება ყველაფერი.

ორი თვის განმავლობაში გაბრიელი ბათუმის გაგონებისას ჩხუბს იწყებდა, გვიბრაზდებოდა მე და თეკლას, აღარ ხართ ლამაზები, აღარ მიყვარხართო, ამ საღამოს მომადგა და მითხრა, რომ გვიშვებს, მერე ვაძინებ და ზღაპარს ვუამბობ მის საყვარელ ნამცეცასა და ჰენრიკზე, თითქოს ამით იმ სიცარიელის ამოვსებას ვცდილობ, რომელიც უჩვენოდ უნდა ჰქონდეს.

კიდევ ერთხელ ვურეკავ ყველას და ვთანხმდებით, რომ დილის შვიდი საათისთვის კაკალასთან შევიკრიბებით.

ღამის თორმეტი საათისთვის ორღობეში მანქანა ამოგრიალდა, სოფლის მდუმარებასა და ჩემი სისხლის მოძრაობას ერთდროულად არღვევს.

დაძინებამდე მოსწავლის წერილი მომდის, მასწავლებელო, არ მჯერაო, მწერს.

დავიძინებ, მაგრამ დილის მოლოდინი არ დამაძინებს.

 

გზა

დილას კაკალასთან ვიკრიბებით. გვაცილებენ, გვლოცავენ, საბარგული ბარგით ივსება, ლილი მასწავლებელს ვურეკავ, შორ გზაზე სულ ლოცვით გვაცილებს ხოლმე, არ მპასუხობს, ონში ეკლესიასთან ვჩერდებით, უკან დაბრუნებისას მარიამს ბალიშები ახსენდება, ჩვენი ნაშრომ-ნაღვაწის გარეშე ბათუმში გამგზავრება აზრს კარგავს, მძღოლი გაოგნებულია, რა ბალიშები აუტყდათო, ფიქრობს, ისევ მელიტონი გვახსენდება, სოფლის გამგებელი და ზვიოს ბიძა, დახმარებისთვის ვურეკავ და ისიც თხუთმეტ წუთში ჩვენთან ჩნდება ერთი ტომარა ბალიშითურთ.

გზაში დიანას წიგნს – „წინასწარმეტყველება მურაბით“ – ვკითხულობ. ახსენებს ტყეს, ზღვას, სოფელს.

ერთგან ვკითხულობ: „ღუმელთან ვზივარ და ჯადოსნურ შეგრძნებებს ველოდები. ბავშვობიდან მომყვება განცდა, რომ სოფელში, ბავშვებთან უფრო ადვილად მოდის თოვლის ბაბუა, უამრავი კიბის ავლა არ სჭირდება, ნაცრისფერ კორპუსებს მიღმა არ იკარგება. მგონია, რომ იქაურ ბავშვებს სმენაც და მზერაც უკეთესი აქვთ.“ – ირგვლივ სოფელში დაბადებული და გაზრდილი ბავშვები მახვევიან და დიანას ფიქრებს ვეთანხმები. საერთოდ, მთელი სამი დღის განმავლობაში თავს გადახდენილი ამბები სიხარულს და სიამოვნებას უკავშირდება, სწორედ იმიტომ, რომ მთაში გაზრდილი პატარა ადამიანების სულიერი სამყარო სილაღით გამოირჩევა, წვრილმანებით გახარების უნარიც აქვთ და მათი ემოციები გადამდებია.

გურიაში მოლოდინი მიმძაფრდება. რამდენჯერაც არ უნდა გამოვიარო ეს გზა, დაღლილობა მიქრება და ზღვის დანახვის სურვილით ვივსები. სულ პირველად ზღვა რომ ვნახე, ცამეტი წლის ვიყავი. სკოლაში ურეკის ბანაკის საგზური მოიტანეს და დედამ გამიშვა. მატარებლის ფანჯრიდან თვალმოკრული ჰორიზონტად ქცეული სივრცე ჩამრჩა მეხსიერებაში და ახლა, როცა ბავშვები პირველად ხედავენ ზღვას, როცა სიხარულისგან ხმაურობენ, ხმამაღლა იცინიან, ემოციების შესაკავებლად პირზე ხელს იფარებენ, მეტირება და ჩემი თავი მახსენდება.

 

ნობელების მუზეუმი და თამუნა

დღის განრიგით ბათუმში შევალთ თუ არა, ძმები ნობელების მუზეუმს უნდა ვესტუმროთ. ანასტასია სამსახურში შესვენებით სარგებლობს, მანქანით გვხვდება და თამუნასთან მივყავართ. ბოლოს ერთმანეთი ოქტომბერში ვნახეთ, უწერაში, ახლა ივნისია და ბათუმის ქუჩაში ვდგავართ, ორივე თბილისელები ვართ. ცხოვრება რომ უცნაური და საინტერესო ვინმეა, დიდი ხანია, ვიცით.

ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობ თამუნას. მეგობრის სიყვარულები გადამდებია. გეტყვით იმას, რომ ახლა ჩემი მოსწავლეებისთვის ბათუმი თამუნათი – ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმის დირექტორით – იწყება. ამ გოგომ მოახერხა და სულ სიცილით გაგვაცნო საინტერესო ფაქტები ნობელების ბათუმური ამბებიდან და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გვიამბო, მაგალითად, როგორ დაარიგა მელანქოლიური სერგეი ესენინი აისედორა დუნკანმა, თუ კიდევ ერთხელ გადაწყვეტ თვითმკვლელობას, ბათუმში წადიო.

მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, ბერტა ზუტნერიც გაგვაცნო, ათი წელი რომ უცხოვრია საქართველოში და ეკატერინე ჭავჭავაძის მეგობარი რომ ყოფილა.

სამხერდო ფოტოჟურნალისტი, რობერტ კაპა რომ ახსენა თამუნამ, ბავშვები მდუმარედ უსმენდნენ, მაგრამ ის რომ მოაყოლა, ჯონ სტეინბეკთან ერთად 1947 წელს საქართველოში იმოგზაურაო, აშრიალდნენ, აღელდნენ, თამუნა მიხვდა, რომ სტეინბეკმა გამოიწვია ეს მღელვარება და გაეღიმა, მარიამმა გადმომიჩურჩულა, მასწავლებელო, „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“ ხო სტეინბეკმა დაწერაო, „თაგვებსა და ადამიანებზე“ მისი საყვარელი წიგნია და ვერ ინელებს ლენის სიკვდილს, მე ჩემი ახალი წიგნი, სტეინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ გამახსენდა, ქეთომ რომ მაყიდინა წიგნის ფესტივალზე, ნუკრი და მაია გადარეულები არიან, ისე მოეწონათო და აბა, როგორ არ დავინტერესდებოდი.

რობერტ კაპას გადაუღია მახინჯაურის გვირაბში მატარებლის პირველი შემოსვლა.

აქვე გავიცანით ჩინელ ლაუ-ჯენ-ჯაოს, რომელსაც ოცდაათი წელი უცხოვრია ბათუმში და რომელმაც აჭარაში სამი ათასამდე სახეობის ჩაის ნერგი ჩამოიტანა.

ლაუ-ჯენ-ჯაო თურმე ასეთ რამეს ამბობდა, ერთი ფოტო რვაას სიტყვას უდრისო და ჩვენც სხვა რა გვინდოდა, უფრო მეტი გულმოდგინებით ვაჩხაკუნებთ ფოტოაპარატის ღილაკს.

დავათვალიერეთ პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გაფრენის კადრები, რომელიც 1999 წელს გენერალ ელგუჯა მეძმარიაშვილის ინიციატივით შემდგარა. ულამაზესია ქართული კოსმოსური მოწყობილობა.

აქვე ვნახეთ კოსმოსური სივრცის ანალოგით მოხატული ოთახი. ისე დაემთხვა, რომ მხატვარიც ჩვენი იქ ყოფნისას, მუზეუმში იმყოფებოდა. სინამდვილეში, ვინ იცის, რა არის კოსმოსი, ის ხომ ილუზიაა, ხატვის პროცესი ყველაზე მეტად მსიამოვნებდაო, გაგვიზიარა შთაბეჭდილებები ძალიან საინტერესო გოგომ, რომელმაც მოკლე დროში, ათ დღეში, მოხატა საკმაოდ დიდი სივრცე.

ჩვენ კი პლანეტებში ვენერას ვეძებდით და რამდენიმე დღის წინ სკოლის სცენაზე გაცოცხლებული რეი ბრედბერის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ გვახსენდებოდა.

როცა ბათუმში მოხვდებით, აუცილებლად სანახავ ადგილთა სიაში შეიყვანეთ ძმები ნობელების მუზეუმი და დატკბით თამუნას გაცნობის ბედნიერებით.

 

სახლი სოხუმის ქუჩაზე

მივბარგდით, გადავბარგდით, ამოვბარგდით სახლში, სოხუმის ქუჩაზე. მერე ოთახებში გადავნაწილდით. როგორც იქნა, მოვთავსდით და სადილობისას რაჭული ლორის სურნელი დავატრიალეთ ეზოში.

ცოტა დასვენების მერე მარისთან წასასვლელად მოვემზადეთ, მარიამმა, ისეთი ლამაზი გოგოები ვართ, ვინ იფიქრებს, რომ სოფლიდან ჩამოვედითო.

წვიმას იწყებს, თუმცა ჩვენ სულ არ გვაშინებს. დიდი ხანია ამინდის ცვალებადობას შევეგუეთ და გადავწყვიტეთ, თავსხმა წვიმაც რომ დაგვახვედროს ზღვისპირა ქალაქმა, განწყობა არ გავიფუჭოთ.

ერთი სიტყვით, მარისთან მივდივართ და გოგოები ოთახში ქაოსს ვტოვებთ, მოვახერხეთ და რამდენიმე წუთში თავბრუდამხვევი უწესრიგობა დავამყარეთ.

 

 

მაღაზია „წიგნები ბათუმში“

ბათუმის ვიწრო და გადატვირთულ ქუჩებში ჩვენს უზარმაზარ მარშუტკას მოძრაობა უჭირს. როგორც იქნა გავიკვლიეთ გზა.

მართლა დაუჯერებელი ამბავი ხდება ჩვენს თავს, სამი წლის წინ რას წარმოვიდგენდი, თუ უწერის ბავშვებთან და მშობლებთან ერთად ამ მაღაზიაში მოვიდოდი. ისიც დაუჯერებელი ამბავია, მთის სოფელიდან, სადაც მხოლოდ ერთი მარკეტია, რომელიც სკოლის დამთავრებისთანავე იკეტება, სადაც ინტერნეტი ამ ბოლო დროს არის ხელმისაწვდომი, სადაც ერთი სასრიალოც კი არ არის, ჩამოვიდნენ ერთ-ერთ ევროპულ ქალაქში 8 – 15 წლის ადამიანები და საუბრობენ დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“ თუ ბერნარ ვერბერის „ჭიანჭველებზე“, რენსომ რიგზი, როალდ დალი, კლაივზ სტეპლზ ლუისი, ჯეი აშერი, ენდი უირი, შერონ დრეიპერი, მორის დრიუონი, ანა გავალდა, სალომე ბენიძე, დიანა ანფიმიადი, ნატო დავითაშვილი, ჯონ ბოინი, ჯუდი ბლუმი – მათთვის ისეთი ნაცნობი ავტორები არიან, როგორც სხვა კლასიკოსი ქართველი თუ სხვა ქვეყნის ავტორები.

წიგნის მაღაზიაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად პირველად ვარ. ბავშვები მთვრალებივით დაიარებიან, ზოგი დღიურს ყიდულობს, ზოგი გულსაბნევებს, ნინიმ „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ აღმოაჩინა და დედამისს აყიდინა, ანიმ და მარიმ „ანა ფრანკის დღიური“ შეიძინეს, მარიამმა და თამუნამ მარის ჰკითხეს რჩევა და აიზეკ აზიმოვის „მე, რობოტი“ და ამელი ნოტომის „გრაფ ნევილის დანაშაული“ შეიყვარეს.

მარი თავს გვაცნობს და ამბობს, რომ ორი შვილი – ლეა და თინათინი – ჰყავს და მათთან ერთად – კიდევ ორი შვილიც: მაღაზია „წიგნები ბათუმში“ და ამავე სახელობის გამომცემლობა. მერე გვიამბობს წიგნი რა გზას გადის, სანამ მაღაზიის თაროებამდე მოაღწევს, სანამ მკითხველის ხელში აღმოჩნდება.

მე ჯეოსელის იასამნისფერ დღიურში სწრაფ მორბენალ ჩანაწერებს ვაკეთებ. პირადი მაგალითის გავლენების ძალით ვიცი, რომ ჩემი მოსწავლეებიც მომბაძავენ.

  1. თავდაპირველად არჩევენ ნაწარმოებს და იწყება საავტორო უფლებების მოძიება, თუმცა, თუ ავტორი სამოცდაათი წლის გარდაცვლილია, ამის საჭიროება აღარ არის;
  2. მთარგმნელის ხელში გადადის წიგნი, თარგმნას 2-3 წელი სჭირდება;
  3. თარგმნილ ნაწარმოებს რედაქტორი ამოწმებს და აზუსტებს სხვადასხვა დეტალს: სახელებს, ისტორიულ მოვლენებს, ასწორებს სტილს, პუნქტუაციას, ტექსტს ქართული ენის ნორმებში აქცევს;
  4. მერე საქმეში დამკაბადონებელი ერთვება, რომელიც წიგნის დიზაინს აწყობს;
  5. ყდის დიზაინი ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, ადრე ყველა ყდა ერთმანეთს ჰგავდა, თანამედროვე სამყარომ მოიტანა ეს ტენდენციაო, ამბობს მარი და ახალ პროფესიაზე – წიგნის დიზაინზე გვაფიქრებს;
  6. ყდის დიზაინის შემდეგ კორექტორის ჯერი დგება, რომელიც საფუძვლიანად ამოწმებს სტილს, პუნქტუაციას;
  7. ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მოწმდება წიგნი;
  8. სულ ბოლოს კი თურქეთში, სტამბაში, მიემგზავრება. თურქეთში ბათუმისხელა სტამბები ყოფილა;
  9. თურქეთიდან საქართველოში ჩამოდის:
  10. და ამ ყველაფრის მერე წიგნი მკითხველის ხელში ახალ სიცოცხლეს იწყებს.

 

აბა, როგორი ამბავია?

მერე ჩვენ – მოსწავლეები და მასწავლებლები – ვსაუბრობთ დელფინიან წიგნებზე.

სულაც არ ვიცი, რის თქმა აპირებენ ისინი.

ისეთივე ლაღები და თავისუფლები არიან, როგორც თავიანთ პატარა და ულამაზეს სოფელში.

მარიამი ჯეი აშერის „13 მიზეზის“ შესახებ საუბარს აპირებს. რომ წაიკითხა, პირველი რაც აღნიშნა, ის იყო, თუ როგორ უყვარს თავისი სკოლა და რა ბედნიერებაა, რომ ჰანა ბეიკერისნაირი პრობლემები მის თანატოლებს არ აქვთ. ერთი სული ჰქონდა, როდის ისაუბრებდა ამ წიგნზე. ახლა კი რამდენიმე ფრაზის შემდეგ, გული უჩუყდება და ტირილს იწყებს.

მეექვსეკლასელები ნარნიის ქრონიკებით არიან მოხიბლულნი. თეკლამ მატილდა წაიკითხა და ხუთწლინახევრის გოგოს ცუდი დედ-მამით აღშფოთებულია.

თამუნა ისე საოცრად საუბრობს ბერნარ ვერბერის „ჭიანჭველებზე“, თავიდან წაკითხვა მინდება და ერთი სული მაქვს, როდის ავიყვან ანბანის კოშკში, რომ კიდევ ერთხელ გაავლოს პარალელები ადამიანებსა და ჭიანჭველებს შორის.

როცა წიგნებზე ვსაუბრობთ, სტუმრებს განსაკუთრებულად ვუთვალთვალებთ ხოლმე, რადგან ვფიქრობთ, რომ ისინი შემთხვევით არ მოდიან ჩვენთან. მარისთან მაიამ მოგვაკითხა, იქ გავიცანით და შევიყვარეთ ერთმანეთი.

მერე „გემრიელი ვიქტორინას“ ვთამაშობთ. ბათუმშიც ისევე ვხალისობთ, როგორც უწერაში. თამაშში ებმება ყველა: მასპინძლები, სტუმრები, მოსწავლეები, მშობლები.

მერე ტკბილეულის დაგემოვნებისა და საჩუქრების დრო დგება. მარი ქართველი ავტორების წიგნებსა და დელფინარიუმის ბილეთებს გვჩუქნის.

საღამოს, სახლში დაბრუნებისას ბავშვები მეტყვიან, როგორი საკვირველი მოსმენა იცის მარიმ და როგორი ლამაზი გოგოაო.

მარიმ მართლაც არაამქვეყნიური მსმენელია.

ესეც ასე. დაუჯერებელი ამბების ოდისეა დაიწყო და გრძელდება.

„ეშმაკის ბორბალზე“ შევხვდებით.

 

„ეშმაკის ბორბალი“, ზღვა, ალი და ნინო

წიგნების სამყაროდან ბულვარში ვინაცვლებთ კიდევ ერთი ოცნების ასახდენად. ალბათ, არავის გექნებათ გაგონილი ეს ორი სიტყვა: „ეშმაკის ბორბალი“ – ისეთი სიხშირით, როგორც – მე.

როგორც იქნა მივაღწიეთ რკინის კონსტრუქციასთან, რომელიც ადამიანებს ჰაერში ატრიალებს. მე სოსოს გოგოებთან – ანისთან, მარისთან და ნინოსთან ერთად ვთავსდები, თან მეფიქრება, იცოდეს სოსომ, სად მივაქროლებ მის ნალოლიავებ გოგოებს-მეთქი, ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავატანინო და მათი შფოთიც ნელ-ნელა ქრება, ანის სულ არ ეშინია. ამ დროს მარიამის ყვრილი მესმის, სიტყვებს თანდათან ვარჩევ, ნახეთ, თოლია მიფრინავს, ჯონათან ლივინგსტონი იქნებაო. ჰაერში ვართ გამოკიდებულები. სიხარულით ავსებულები, ირგვლივ ერთი ცალი თოლია დაფრინავს და აქაც არ მასვენებენ ლიტერატურული პარალელებით.

მიწაზე დაბრუნებულები ზღვისკენ მივრბივართ, ფეხებს ისველებენ, ათას სურათს იღებენ, ხარობენ.

უწერაში ვიდეოს აღმოვაჩენ, სადაც მანანა და ლუიზა საპირისპიროდ მოძრაობენ, მაკა ჩვენკენ მორბის, თეკლა გვერდით მიდგას, მარიამის ტყავის ქურთუკი მუხლამდე წვდება, თამუნა და მარიამი ზღვასთან არიან, გვანცა ამბობს, თევზებთან გადავხტები და გავცურავო, მე ვამბობ, უწერა ბათუმშია-მეთქი.

ანასტასიამ გვაკითხავს და ალისა და ნინოს ქანდაკებაზე გვიამბობს, რომ 2010 წელს ქართველმა მოქანდაკემ, თამარ კვესიტაძემ შექმნა, რომელიც მარადიული სიყვარულისა და ერთა შორის ურთიერთგაგების სიმბოლოაო.

 

შინ

მერე ყველა ერთად სახლში ვბრუდებით. ვვახშმობთ და დაღლილობისგან წამში გვეძინება, რა თქმა უნდა, უფროსებს, თორე აბა, ამათ რა დააძინებდათ, კისკისებდნენ და ბიჭებს მესიჯებს წერდნენ გვერდითა ოთახში. ისინიც ჩაძინებულ მიშოსა თუ გიორგის სურათებს ამათ უგზავნიდნენ, გეგონება, დაძინება დანაშაული იყოს.

ჩემი თექვსმეტი ივნისის ლია სტურუას ლექსს ერთად ვკითხულობთ. „თავგადაპარსულ თინეიჯერებს ელოდები“- არ მაგრძელებინებენ და ყველას ერთად პაატა შამუგიას ეკონომიური ლექსებიდან ახსენდებათ ერთ-ერთი: „ბოლოს ისე გამელოტდა, ფიქრები მოუჩანდა“, „ბავშვების“ გაგონებისას მეუბნებიან, რომ ესენი ჩვენ ვართო, წითელ ფერზე ჩემი ჩანთა გაიხსენეს, „სუიციდზე“ – მარიამის წიგნი და ჰანა ბეიკერი, ლექსი კი ასე სრულდება და თან მხოლოდ ჩემთვის:

„თეორიული ტკივილით

წარმოსახვას გაუკეთილშობილებ

და მერე?

გეშინია იმის, რაც არ იცი…“

 

შაბათის ამბებამდე.

 

 

 

 

 

 

 

 

მესამე სპექტაკლის ამბავი

ერთ დროს ვერასდროს წარმოვიდგენდი, სპექტაკლს თუ დავდგამდი, არაფერი რომ ვთქვა სცენარის დაწერის, როლების განაწილების, მუსიკის შერჩევის, ქორეოგრაფიული დეტალების მოგონების, რეკვიზიტების შექმნის, ფორმების შეკერვის შესახებ. მასწავლებლობის გზაზე შედგომამ საკუთარი შესაძლებლობები აღმომაჩენინა, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო და მიმზიდველი პროცესია.

სპექტაკლი – ახლა ეს სიტყვა ჩემი მოსწავლეებისთვის და ჩემთვის სიხარულთან ასოცირდება, სულ არაფრიდან, ცარიელი დარბაზიდან, რუტინიდან, ერთმანეთისგან – სილამაზის, ფერადოვნების, დაფარული დინებების ამოტივტივებისა და ერთ მთლიანობად შეკვრის დღესასწაულთან კიდევ.

მთელი წელი მეკითხებოდნენ, როდის დავწერდი სცენარს. მე კი მახსენდებოდა უზარმაზარი შრომა, რომელიც ამ ყველაფერს სჭირდებოდა და ვგრძნობდი, რომ ძალა არ მქონდა. ესენი კი მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერში დამეხმარეოდნენ, ოღონდ კი სპექტაკლი დაგვედგა.

ამასთან ერთად, პირველი სემესტრი ისე მიილია, რომ აზრად არ მომსვლია, რომელი მწერლის შემოქმედება შეიძლებოდა გამხარიყო სპექტაკლის თემატიკა. ჩემი ფიქრები ისევ გოდერძი ჩოხელის შემოქმედებას დასტრიალებდნენ.

ყველაფერი ასე დაიწყო:

ზამთრის არდადეგებზე მეგობარმა „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“ წამაკითხა. მერე Neil Diamond-ის მუსიკას მოვუსმინე, რომელიც ამავე მოთხრობის მიხედვით გადაღებულ ფილმს გასდევდა ფონად. მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ სპექტაკლი დამედგა, რომლის თემა განსხვავებული ადამიანები და საზოგადოება, ინდივიდუალიზმი, თვითძიება, საკუთარი სურვილების, მიზნებისა და მისწრაფებების ერთგულება იქნებოდა – ყველაფერი ის, რაც საზოგადოების განვითარებას უწყობს ხელს და რაც ასე მტკივნეული პროცესია.

მერე რეი ბრედბერის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ გამახსენდა. სექტემბერში წავიკითხეთ, დისკუსიაც გავმართეთ, ფილმსაც ვუყურეთ და მეექვსეკლასელმა ნინიმ იმდენი იტირა, ძლივს დავამშვიდეთ.

მოთხრობის სიუჟეტი პლანეტა ვენერაზე ვითარდება, სადაც შვიდ წელიწადში ერთხელ ამოდის მზე და ისიც რამდენიმე საათით. იქ ადამიანები დედამიწიდან ახალი ცივილიზაციის შესაქმნელად წასულან და ბავშვებსაც აღარ ახსოვთ მზე. მხოლოდ მარგოა მათ შორის, რომელიც ოთხი წლისა ჩაიყვანეს ვენერაზე და მზის მონატრება ფიზიკურ ტკივილად გადაქცეოდა. კლასელები კი არ უჯერებენ მარგოს და აი, მზის ამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუჭნაოში კეტავენ.

ცივილიზაციისა და ტექნოლოგიების განვითარებისას ადამიანის კონფლიქტები გარესამყაროსთან, ადამიანებთან თუ საკუთარ თავთან, განსხვავებული აზრის მიმართ აგრესია, ბავშვური დაუფიქრებელი საქციელი და მისი შედეგები – ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემებია წამოჭრილი რამდენიმეფურცლიან მოთხრობაში. ამ ყველაფერთან ერთად კი მზისა და ზაფხულის უზომო სიყვარული იგრძნობა.

ჩვენს სკოლაში სულ 25 მოსწავლეა, ორმა მეთორმეტეკლასელმა ბიჭმა კარს მომდგარი გამოცდების გამო ჩვენთვის ვერ მოიცალა, პირველკლასელებს სწავლა დაუმთავრდათ და სპექტაკლში მონაწილეობის მსურველი 21 მოსწავლე დარჩა. მათი ასაკის მიხედვით უნდა შემერჩია მოთხრობები და ისე გამენაწილებინა როლები. უმცროსკლასელებზე ფიქრებმა გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრებამდე“ მიმიყვანა, მოთხრობამ – „ქარი და კაცი“ – კი სპექტაკლის სათაურამდე: „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომი“. ეს უცნაური ტომი ჩვენ – მე და ჩვენი მოსწავლეები – ვართ ან მინდა, რომ ვიყოთ და ვუერთგულოთ ჩვენს ოცნებებს, სურვილებს, მიზნებს. გურამ პეტრიაშვილის მოთხრობებისთვის მუსიკის შერჩევა დიდი სიამოვნებაა – მრავაფეროვნებისა და არჩევანის თავისუფლებას გაძლევს. მოთხრობის შინაარსიდან გამომდინარე ერთ-ერთ ეპიზოდს ჯონ ლენონის “Watching the wheels” შევურჩიეთ, ხალხი ამბობს, რომ მე გიჟი ვარ, რადგან იმას ვაკეთებ, რაც მე მინდაო – მღერის ჯონი და ქარის დამორჩილების სურვილით შეპყრობილ კაცს ძალიან უხდება ეს სიტყვები და მუსიკა, კაცი კი მხოლოდ იმიტომ დასდევს ქუდს, რომ იმის ყურება უყვარს, თუ როგორ ურხევს საყვარელ ადამიანს ნიავი კულულებს.

„კი, ნამდვილად სევდის მომგვრელია ეს ამბავი, მაგრამ განა უფრო არ შეგიპყრობთ სევდა, თუკი ოდესმე გაიგებთ, როგორ გადაშენდა ქუდის მდევნელთა უცნაური ტომი და ქალაქში ტყუილადღა უბერავს ქარი? „ – სპექტაკლის დასასრულს ვიმეორებთ ავტორის სიტყვებს.

მწერალი შარშან – ნოემბრის წიგნის დღეებსა და ფესტივალზე – ვნახე. იჯდა ღია კაფეტერიაში და ავტოგრაფებს არიგებდა. წიგნის ფესტივალზე ჩალის სკამზე, მის წინ ვიჯექი, ვიღაც კაცმა ჩაგვიარა, ჩემი სკამის საზურგეს მოეჯახა და გზა გააგრძელა. ვსაუბრობდით და არ შევიმჩნიე. თეთრწვერა მწერალმა კი მითხრა, მან (იმ კაცმა) იგრძნო, თქვენს სკამს რომ დაეჯახა, მაგრამ არაფრად ჩააგდო ეს ფაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავხედიაო.

„ვარდისფერი კაცი“ უცნაურად აღმოვაჩინე. მოთხრობის მთავარი პერსონაჟის – რაჭველი ამბროსიკუნას –  შესახებ ნინო ზედელაშვილმა მიამბო, რომელიც ავტორია გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიული წიგნისა – „ნაწილიანი“.

ნინოსთან, რომელსაც მხოლოდ ტელეფონით ვიცნობ, გოდერძი ჩოხელი, სოფელი ჯუგაანი და ჩემი კახელი ბებიები მაკავშირებენ. იმდენად ემოციური იყო ეს დამთხვევები, გადმოცემაც კი მიჭირს. ონიდან უწერაში დაბრუნებულმა „ვარდისფერი კაცი“ მოვძებნე და მივხვდი, რომ ზუსტად ის მოთხრობა იყო, რაც მჭირდებოდა. მერე ერთ პარასკევ დღეს სკოლაში წავიკითხეთ, რასაც განხილვა, საუბარი და წერა მოჰყვა.

მოთხრობების სცენარად გადაქცევა საკმაოდ შრომატევადი რამეა, რასაც როლების განაწილება მოჰყვება მთელი თავისი პასუხისმგებლობებითა და სირთულეებით.

პირველი თავყრილობა სცენარის გასარჩევად ყოველთვის დიდ მხიარულებას იწვევს.

მერე რეპეტიციები იწყება და იმაზე ფიქრი, როგორ დავაპუროთ ერთმანეთი. ერთხელ მეშვიდეკლასელმა მარიამმა თავისი გამომცხვარი ნამცხვარი „ზებრა“ მოგვიტანა. უგემრიელესი იყო და თაფლის არომატიანი. მარიამმა ნამცხვარი თავისი ფუტკრების თაფლით გამოგვიცხო. ხომ არის ასეთი ამბები შესაყვარებელი და განსაკუთრებული?!

როცა ამ ყველაფრის წარმმართველი ხარ, სიტუაცია რთულდება. იმატებს გაღიზიანება და სტრესული ფონი, თუმცა იმის გააზრება მშველოდა, რომ ასეთ დროს ხმაური ბუნებრივია, რომ თავდაპირველად პროცესს კლაპოტის მოძებნა სჭირდება და მერე ყველაფერი თავისი დინებითა და მიმართულებით იწყებს სვლას.

ძალიან საინტერესო იყო რეკვიზიტების შექმნა და მოძიება. გადავწყვიტეთ, მარტივად გავმკლავებოდით ნებისმიერ წამოჭრილ პრობლემას: მოვიძიეთ შარშანდელი ფორმები და ნაჭრის საღებავებით მოვხატეთ, სახლიდან გავაქროლე თბილისიდან ჩამოტანილი მუყაოს ყუთები, რომლებიც კარად და   თოლიების ფრთებად გადავაქციეთ, მოთხრობის შესაბამისი პოსტერები შპალიერის თეთრ ქაღალდზე დავხატეთ, მოსიარულე სათაურები წინა სპექტაკლიდან გავიხსენეთ, ფერადი წულისგან მარტივად გამოვჭერით ოთხკუთხედი მაისურები თუ თოლიების ფორმები და ძაფის ნაცვლად სტეპლერი გამოვიყენეთ, თმების გასაჭაღარავებლად ცარცი დავფხშვენით, ზარად ძროხის ეჟვანი ავაწკრიალეთ, ჟუჟუნა დეიდას ძველებური ფარდაგი უკვე მესამედ ვთხოვეთ, ლილი მასწავლებელი კი საკარცხულისა და ძველებური ჭურჭლისთვის შევაწუხეთ, გუდამაყრელი დედაკაცებისთვის მაყვალა ბებოს კაბები ამოვქექეთ, ქუდებისთვის მეგობრის ბიძას მივადექით და ონიდან საგანგებოდ ჩვენთვის ამოტანილ ცილინდრებს არამქვეყნიური ყიჟინით შევეგებეთ, ფანჯარას სათაური დავაწერეთ, ვხატეთ, ვღებეთ, ვჭერით, ვზომეთ, ვეძებეთ, ვიპოვეთ, ჩამოვიტანეთ, წამოვიღეთ, შევქმენით და ეს ქმედებები ერთ დიდ მთლიანობად ვაქციეთ.

რეპეტიციებზე ვხალისობთ, ბევრს ვიცინით, ერთმანეთით ვხარობთ და ვცდილობთ კომპლექსებისგან განვთავისუფლდეთ, გვიკვირს სხვა კუთხით დანახული უახლოესი ადამიანები და როცა რომელიმეს თამაში განსაკუთრებულად გაგვაოცებს, ტაშს ვუკრავთ.

მცირერიცხოვან სკოლაში, სადაც კლასში ყველაზე ბევრი ოთხი მოსწავლეა, ასეთი ერთადყოფნები უდიდესი სიხარულია. ეს არის იშვიათი დღეები, როცა ოთახში ოცი ბავშვი ერთად იყრის თავს. მერე როგორ უხარიათ ერთმანეთი – პატარა უფროსს ბაძავს, უფროსი პატარაზე ზრუნავს და დგება დრო, როცა პროცესის წარმმართველები თვითონ ხდებიან, როცა ჩემზე უკეთესად იციან საკუთარი გამოსვლის დრო, თავისი თუ ერთმანეთის სიტყვები. უკვე მესამედ ვარ გაბმული ამ უცნაურ თავგადასავალში, რომელმაც დავიწყარი შთაბეჭდილებების შემგროვებლად გადამაქცია.

აი, გიყვებით ამ ყველაფერს, ვცდილობ, ასეთი წერილებით ჩვენი დღეები შემოვინახო, მაგრამ რეალობის ანარეკლი გამომდის მხოლოდ.

ჩვენი ხვალინდელი დღე დილას ყვავილების მოკრეფით დაიწყება, მერე სცენა გვაქვს მოსაწყობი, გოგოები make up-ს განსაკუთრებულად ელიან, ყველა ერთად კი სტუმრებს ველით. აფიშა ორი დღის წინ გამოვაკარით კაკალასთან და იმედი გვაქვს, რომ გამონახავენ დროს ჩვენთან მოსასვლელად. ისიც უნდა გითხრათ, ამ საღამოს ნამცხვრის გამოცხობა დავაპირე და მაცივარში მარგარინი ვერ ვიპოვე, მერე სოფელში თუ ვინმესთან მეგულებოდა, ყველასთან ვრეკე და დაბნელებულზე მარიამის დედამ, ეკამ ამომიტანა. მერე მე რომ კვერცხსა და შაქარს, ვანილსა და მაწონს ვთქვეფდი, მთიდან სავსე მთვარე ამოდიოდა, მოლოდინები, დამრგვალებულ მთვარე, ზაფხულის სურნელი, ჩემი შვილების ხმები ერთმანეთს ერეოდა და ერთი სული მქონდა, როდის დავწერდი წერილად ბავშვების ფრაზებს, სპექტაკლის შესახებ საუბრისას რომ ჩავიწერე.

წარმოიდგინეთ სხვადასხვა ბავშვის სიხარულით გამთბარი ხმა და ისე წაიკითხეთ ეს წინადადებები, რომლებსაც ათამდე ავტორი ჰყავს:

„ძალიან ვხალისობთ. შეგვიძლია, ერთი დეტალით ერთმანეთს ბედნიერება მოვუტანოთ. ვიცი, რომ დარბაზი ჩვენს ემოციებს გაიზიარებს.“

„ერთი სიტყვითაც კი შეგვიძლია ერთმანეთი გავაცინოთ.“

„მე ვისწავლე როგორ უნდა ვაპატიო ბავშვებს მარტივად.

როგორ?

თავისით მოვიდა.“

„მარგო შვიდი წელი ელოდა მზეს – თავის ოცნებას და ჩვენ რა სისულელეებზე ვბრაზდებით.“

„ყველაში აღმოვაჩინე მსახიობური ნიჭი.“

„ყველაზე მეტად პაატას ოინები მიყვარს.“

„დარწმუნებული ვარ, რომ დარბაზი ჩვენით იამაყებს.“

„ჩემს თავში სიმამაცე აღმოვაჩინე.“

„როგორც ქარი არის მიუწვდომელი, ოცნებაც ისეთი მიუწვდომელია.“

„თურმე შემძლებია ხმამაღლა ლაპარაკი.“

„მივხვდი, რომ ყველას ყველაფერი შეგვიძლია, თუ მოინდომებ და სპექტაკლი ამის საშუალებას გვაძლევს.“

„მარგომ რომ ბავშვებს აპატია, ყველაზე მეტად ეგ მომწონს.

მარგოს საქციელმა ყველა შეგვცვალა.“

 

 

18921901_1541519345860102_2671689933653740975_n

მეთერთმეტე მირამისობა

18839337_1529510420394328_6632204995391448945_n

 

რამდენიმე დღეა მზისამოსვლისთანავე გუგულის ხმა მესმის. ირგვლივ მთებია – ნაძვნარიან ტყეს ალაგ-ალაგ ფოთლოვანი შერევია. ყოველ დილას სოფლის საქონელი ჩემი ჭიშკრის წინ მიწკარუნობს და ზანზალაკების ხმა ცხოვრებას განსაკუთრებულ რიტმულობას სძენს. ასე გაგრძელდება თოვლის მოსვლამდე. მთვარე და ვარსკვლავები სანატრელი გაგვიხდა. მაისის მიწურულობისა და ზაფხულის პირველი დღეების კვალობაზე ძალიან ცივა, სკოლიდან სახლში დაბრუნებულს გაყინული სახლი და ერთფეროვნება მხვდება. ჩემს ოთახში ფანჯარას საკმარისი სინათლე და სითბო ვერ შემოაქვს. ვცდილობ, საქმეები გამოვიგონო, რომ გავთბე და გავხალისდე. სასწავლო წლის დამთავრებამდე ორი კვირა დარჩა. ჩვენ კი ძალიან ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები.

ლიტერატურულ კაფეში მეთერთმეტედ უნდა შევიკრიბოთ. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ორნიშნა რიცხვს გადავცდით. ჩვენ კი ისევ გვიხარია და ისევ ისეთი გულისხმიერებით ვემზადებით მისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პასუხისმგებლობის განაწილების ხარჯზე პროცესი თანდათან უფრო გაადვილდა.

რას მომიტანს ეს დღე?

რას მოუტანს ბავშვებს?

როგორ ჩაივლის?

ვინ გვესტუმრება?

როგორი განწყობა მექნება დღის ბოლოს?

რაღაცნაირი შიშიც კი დამჩემდა და გულში სიმშვიდისთვის ვლოცულობ.

იმდენად იასამნისფერ სიხარულს მოიცავს ხოლმე ჩვენი ერთადყოფნები, წინასამზადისი, ერთმანეთზე ფიქრი, რომ შიშიც ბუნებრივია, რადგან ცხოვრება ასეთი სწორხაზოვანი სულაც არ არის.

როგორც იცით, ჩვენმა ლიტერატურულმა თავყრილობებმა გარკვეული სახე, ფორმა და ხასიათი შეიძინა, თავისი თანმიმდევრული აქტივობებით, განახლებული ინტერიერით, სტუმრებით, წიგნების წარდგინების ფორმებით, ტკბილეულობით, მუსიკითა და გემრიელი ვიქტორინით.

გლინტვეინის დრო აღარაა. ღუმელიც აიღეს მედიკო და ჟუჟუნა დეიდამ. ამიტომ მენიუს მილქშეიქითა და კოქტეილით გამრავალფეროვნება მომაფიქრდა.

მილქშეიქისთვის ერთჯერადი ჭიქები და საწრუპები ზვიომ მიყიდა, თეთრი და შავი შოკოლადი, ნაყინი ონიდან ამომიტანა, რძე ირმა მასწავლებელმა მოგვართვა – თავისი ხელით მოწველილი და ადუღებული, ამ ბოლო დროს ბანანს ბოსტნეულის გამყიდველი ჩარიტაც დაატარებს თეთრი მარშუტკით და აღარ არის იშვიათი ხილი, დიუსელდორფიდან ჩამოტანილი ბლენდერი ამოვამზეურე და სკოლაში გავაქროლე, ერთი სიტყვით, ასეთ ამბებიან ნივთებსა და სასუსნავებს ჯადოსნურ ოთახში თავი მოვუყარეთ და მილქშეიქობა მოვიწყვეთ. ირმას თავისი ჩვეული რაციონალურობით საჭირო მასალის განაწილება დავავალეთ და ფერად-ფერადი და სურნელოვანი სითხეც ავაგუგუნეთ, ზოგი ჭიქებში ასხამდა, ზოგი საწრუპებს ანაწილებდა, რამდენიმე გოგოს შავი მარკერით სახელების დაწერა დავავალეთ და თან სტარბაქსის ყავაზე ვუამბე, რომლისთვისაც სახელი კაპიტან აქაბის პირველი თანაშემწის – სტარბაკის პატივსაცემად დაურქმევიათ, ჰერმან მელვილის „მობი დიკიდან“.

უფროსებისთვის კოქტეილი მოვამზადეთ. ანის და მარის სოფლის ბოლოდან ჩამოტანილ ველურ პიტნას დარეჯან მასწავლებელი არ ენდო და სახლში გაიქცა, რამდენიმე წუთში საკუთარი ბაღიდან დაკრეფილი მოგვიტანა, შუშის ორიგინალური დოქი ჩემმა მეგობრებმა ჩამომიტანეს თბილისიდან დაბადების დღის საჩუქრად და როგორც კი დავინახე, მაშინვე მირამისობის ინტერიერის ნაწილად წარმოვიდგინე.

ტორტი ნინომ გამოგვიცხო – ანის და მარის დედამ, თვითონ ვერ ჩამოვიდა, ფუტკარს ვერ ვტოვებო, დააბარა გოგოებს.

ოთახის ინტერიერის განახლებისთვის ჰაგრიდი წაშალეს და პატარა პრინცი დახატეს. კედლის ახალი პოსტერიც შევარჩიეთ. წინა საღამოს ჩემთან შევიკრიბეთ – მერვეკლასელი თამუნა და მისი ძმა გიორგი, ჩემი მეგობარი თამუნა, თეკლა და გაბრიელი: ვხატეთ, ვაფერადეთ, ვილაპარაკეთ, სლაიდშოუსთვის ათივე მირამისობის სურათები შევარჩიეთ, პარალელურად გემრიელი ვიქტორინისთვის „ზებრას“ ვაცხობდი. ერთი თვის წინ გაზქურა თბილისიდან სოფელში ჩამოვიტანეთ. სულ მგონია, რომ რაღაც დროის მერე, ჩვენთან თანაცხოვრებისას, ნივთები სულიერდებიან. ზუსტად ასეთი გასულიერებულია ჩემი ვერცხლისფერი გაზქურაც, ზვიომ რომ მიყიდა ერთ ახალ წელს. მახსოვს, პირველად სომხური ქადები და საშობაო ღვეზელები გამოვაცხვე, თავიდან ფეხებამდე ფქვილში ვიყავით ამოგანგლულები, სამზარეულო ნაომარს ჰგავდა, მერე ცხობა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად მექცა.

აი, ახლა ეს ვერცხლისფერი ღუმელი ჩემთან იყო, მუცელი ყვითლად განათებოდა და შიგნით ნელ-ნელა ფუვდებოდა შავ-თეთრი ცომი, ვანილის სურნელი ამჯერად შუშაბანდის ღია ფანჯრებიდან წვიმასა და სიბნელეს ერეოდა და მე მახსენდებოდა ჩემი ცხოვრების დღეები: მეგობრებისთვის, შვილებისთვის, მეზობლებისთვის რომ ვაცხობდი გემრიელობებს – მამაჩემის ხელით დაკრეფილ ალუბლიან კექსს, ხაჭოს ნამცხვარს, ატმის ტარტებს, ტარტალეტკებს, შუებს, ახლა კი ამ სოფლის ადამიანებისთვის, ბავშვებისთვის ველოდი ცხობის დასრულებას. მართლაც, რომ საინტერესოა ცხოვრებისეული პარალელები – სხვადასხვა ჭრილში დანახული და აღქმული.

გიორგისა და თამუნას სახლში წასვლის დროს წვიმამ მოიმატა. ქოლგა მოვძებნე, ერთი წლის წინ მეგობრამა მაჩუქა, პატარა პრინცი ახატია. თამუნა გაშლილი ქოლგით ჭიშკარში რომ გადიოდა, ქოლგიანი ხელი მაღლა ასწია და კარს გადაატარა, საოცარი კადრი იყო: მიდოდა გრძელთმიანი გოგო სახლში, სოფლის ატალახებულ ორღობეში, მასწავლებელთან ტოვებდა კაფეში, მაგიდასთან მსხდომ ახლადგაფერადებულ მელიკუდებს, თავზე პატარა პრინცს მიიყოლებდა, გვერდით – ძმას და მეორე დღის გათენებას მოუთმენლად ელოდა, რომ შერლოკ ჰოლმსის სამყაროში დავემგზავრებინეთ. წინა დღეს კი ზუსტად ამ გოგომ დაგვიხატა ფანჯარაზე პატარა პრინცი, რომელიც ცოტა მოხუც კაცს ჰგავდა და დიდხანს ვიწვალეთ, რომ ნამდვილი პრინცისთვის დაგვემსგავსებინა.

მერვეკლასელმა მარიამმა Pinterest.com აითვისა და ნათურებისგან ულამაზესი სუვენირი დაგვიმზადა: ნათურებს თავი მოაძრო, მოხატა, ძაფი გამოაბა, წყალი ჩაასხა, ყვავილები ჩაალაგა, მერე მეთერთმეტეკლასელი პაატა ოთახის ფანჯარაზე აახტუნა და დიდხანს აწვალა, სანამ ისე არ ჩამოაკიდებინა, როგორც მას სურდა.

კომიქსიანი მაგიდის გადასაფარებლებიც გავიხსენეთ და ინტერიერი გავილამაზეთ.

ქიმიის მასწავლებელმა ნუნუკამ ყავის ლიქიორი და ხაჭაპური მოგვართვა, ვინ კარტოფილის ღვეზელები დააცხო, ვინ – არაჟნის ფუნთუშები და სულაც არ იგრძნობოდა, რომ მთის გაუკაცურებულ სოფელში ვცხოვრობთ.

ონიდან სტუმრები გვესტუმრნენ – ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალბატონი შუქურა ჯაფარიძე და განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი სოფო გუგეშაშვილი. ამ ოფიციალური წარდგინების მერე უნდა გითხრათ, რომ აგერ ორი წელია ერთგულად დადიან ჩვენთან, არ უშინდებიან მოყინულ გზებსა თუ სიცხეს, გვისმენენ, გვეფერებიან, შთაბეჭდილებების წერილებს გვწერენ, გვაფასებენ, სურათებსა და ვიდეოებს გვიღებენ, გვესაუბრებიან ბავშვობისდროინდელ თუ ბოლოს წაკითხულ წიგნებსა და განათლების მნიშვნელობაზე, რაც მთავარია, მათ ოფიციალურ საჯარო სტატუსს ლიტერატურული მეგობრობა გასდევს ფონად და უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან ბავშვები მათ მოსვლას, მასწავლებელო, ვინმე თუ მოდისო, ყოველთვის მეკითხებიან წინა დღეს, თავიდან ღელავდნენ, შფოთავდნენ, მერე შეეჩვიენ და სტუმრების მოსვლა უხარიათ ხოლმე.

ნდობას და სიყვარულს მოპოვება უნდა, მოშინაურებულ სიყვარულებს კი – მოვლა და გაფრთხილება.

ასე რომ, შევიკრიბეთ გალამაზებულ ჯადოსნურ ოთახში – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, სტუმრები და წიგნებზე საუბრის დრო დადგა.

წარდგინების ფორმა ამჯერად ერთი ეპიზოდი და უცხო სიტყვებია.

ერთ-ერთ ასტრიდობას დამზადებულ ხელნაკეთ სანიშნეებზე ჩვენს სახელებს ვაწერთ, ქილაში ვათავსებთ და პირველ ხუთეულს ვირჩევთ.

მეთერთმეტე მირამისობას თამუნა მასწავლებელი ხსნის, ალექსანდრე დიუმას „დედოფალ მარგოზე“ გვესაუბრება. ყველამ ვიცით, როგორ უყვარს ეს ფრანგი მწერალი. დღეს თეთრწინწკლებიანი ლურჯი კაბა აცვია და ძალიან ლამაზია.

მე ბავშვებს სურათებს ვუღებ, სათითაოდ ვაფიქსირებ მათ ფიქრიან სახეებს, მთელი არსებით აქტიურ მსმენელებად რომ ქცეულან.

ფორმატის მაგივრად ფერადი წული ჩამოვიტანე თბილისიდან, ეპიზოდები სახლში დავხატეთ, სახვიელები ნიკუშამ მოგვიტანა, ანას და ლანას მიერ გერმანიიდან გამოგზავნილი ქაღალდის ლენტები დასამაგრებლად მოვიმარაგეთ და ეს ყველაფერი ფერად პოსტერებად ავაწყვეთ.

მეცხრეკლასელი გიორგი თოლია ჯონათან ლივინგსტონს გვაცნობს, ნახატის შექმნაში და დაიხმარა და თოლიების საუბარი კომიქსად წარმოგვიდგინა.

კესომ ჟან-კლოდ მურლევას „პირაღმა მდინარე“ წაიკითხა. ტომეკი ცაში აიხედავს და ჩიტებს დაინახავს, რომლებსაც სამკუთხედი ჰქონდათ შექმნილიო, ეს ეპიზოდი განსაკუთრებით მომეწონაო, გვიყვება წითურთმნიანი გოგო, რომელიც ძალიან კარგად ხატავს და მერე მისი დები გვეტყვიან, რომ ეპიზოდები კესომ დაუხატათ, კესო კი სიხარულისგან აკისკისდება.

მერვეკლასელმა მარიამმა ელიფ შაფაქის „ღირსება“ შეგვაყვარა. მოქმედება სამ ადგილას მიმდინარეობს, საინტერესო წიგნია, ჩემი არჩევანი ის ეპიზოდია, პატარა ძმა, იუნუსი უფროს ძმას, ისკანდერს ციხეში რომ მიაკითხავსო, გვანახებს მინიმალისტურ ნახატს, მე კი ვფიქრობ, რომ მარიამის კაცუნებს ათას ნახატს შორის გამოვარჩევ.

მეცხრეკლასელი გიორგის არჩევანია რენსომ რიგზის „ მის პერეგრისნის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ . ეპიზოდად მის პერეგრინი დაუხატავს.

მეათეკლასელი მიშო დენიელ კიზის ჩარლი გორდონს გვაცნობს, მისი ძმა, მეშვიდეკლასელი ნიკოლოზი კი – პალაციოს „საოცრებას“, პატარა ბიჭები – მეოთხეკლასელი და მესამე კლასელი გიორგეები – ანე-კატერინე ვესტლისა და ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებებს.

მეექვსეკლასელი გოგოები ჰარი პოტერისს შვიდტომეულს შეეჭიდნენ და მონუსხულები გვიყვებიან, რომ წიგნი საოცარ მეგობრობაზეა, რომ უკვირთ იმ ადამიანების, რომლებთაც არ უყვართ ჰარი პოტერი, რომ ხატვის მასწავლებელს არასწორი შეხედულება ჰქონდა და იმდენი ელაპარაკეს, რომ აზრი შეაცვლევინეს, კაფანდარა ნინი ჩვეული ემოციით გვიყვება, როგორ გაწირა ჰარის ნათლიამ, სირიუს ბლექმა ჰარისთვის თავი, თან პაუზას აკეთებს და შავ თვალებს მავლებს, მაკვირდება, სანამ მე გავიაზრებ ამ საშინელებას, იცის, რომ არ ვიცი ეს ამბავი და მაცდის გააზრებას, თან მითანაგრძნობს.

მეათეკლასელი ნინო, დედის სტუდენტობისდროინდელი მდოგვისფერი კაბითა და გვირილების გვირგვინით, „ქარწაღებულნზე“ გვესაუბრება, რატომღაც არ მომეწონა სკარლეტიო და ცდილობს, ვინმე რეტი შეგვაყვაროს.

მეცხრეკლასელი მაკა იუსტაინ გორდერის „ფორთოხლის გოგონაზე“ იწყებს საუბარს. ეპიზოდის მერე უცხო სიტყვებს კითხულობს: სფაიზ გერლზი – ინგლისური ჯგუფი, ამ ორი სიტყვის გაგონებისას მე გული მიჩუყდება და წამებში მაკას ტოლი ვხდები, ვყვები, როგორი პოპულარული იყო ჩვენ დროს ეს ჯგუფი.

მერვეკლასელი თამუნა გამოდის და იწყებს, წარმოიდგინეთ, ორი ბინა და წარმოიდგინეთ, რომ ერთშიც შერლოკ ჰოლმსია და მეორეშიც, ახლა რა ხდება, შერლოკ ჰოლმსმა მკვლელს დაუგო ხაფანგი და ჩვენს ყურადღებას ამახვილებს ნახატზე, რომელზეც ჩიბუხიანი შერლოკ ჰოლმსები გაუცოცხლებია. თამუნა დილიდან ცუდად იყო, წიგნზე საუბრისას უჩვეულო გამოცოცხლება ეტყობა, თვალებიც უბრჭყვიალებს და ღიმილისას ცალი ლოყაც ეჩუტება.

ჩემი არჩევანია რეი ბრედბერის „4510 ფარენჰაიტით“. კლარისა მაკლალენი გაი მონტეგს რომ ეკითხება, უყვარს თუ არა ვინმე და ბაბუაწვერით ამ სიყვარულის შემოწმებას ურჩევს, ის ეპიზოდი გავაცოცხლე. 1957 წელს დაწერილ წიგნში ამერიკელი მწერალი მომავალს წინასწარმეტყველებს და გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ანაცვლებენ ტექნოლოგიები რეალურ ურთიერთობებს.

სულ ბოლოს თეკლას მოუწია საუბარი. დევი ვაგუს ადამიანად გადაქცევისა და შავჯაგრიანი გველის გაკეთილების ამბავს გვიყვება არჩილ სულაკაურის „ცისფერი ირმიდან“. პირველ რიგში მოგესალმებითო, იწყებს და ახალამოსული კბილებით თანხმოვნების გამოკვეთას ცდილობს, ამ სკოლაში სწავლის პერიოდში აუდიტორიის წინაშე მეთერთმეტედ საუბრობს წიგნებზე.

უცხო სიტყვებად კი შემდეგი არსებითი სახელები გახმიანდნენ: ვირაჟი, მარყუჟი, ხერესი, ფენიქსი, ხვედა, ხამანწკა, სუ, კაიუტა, გაუდი, რახმანინოვი, ჰიპოგრიფი, ავადა კედავრა, დემენტორი, მწიგნობარი, მწვერვალი, გუდასტვირი, ბრაკონიერები, მაქსიმა, სირინოზი, ქანქარა, ტარსიკონი, საზი, აგორა, პრეფექტი, პლატფორმა, ელფი, კუპე, ტრიბუნა, კონდუქტორი, დეპარტამენტი, რემინისცენცია, ანორაკი, მენესტრელი, კრანიოლოგია, ალპენშტიკი და კიდევ მრავალი სხვა.

ძალიან მოგვწონს წარდგინების ამგვარი სტილი – ეპიზოდი და უცხო სიტყვები, გადავწყვიტეთ, რომ შემდეგ ჯერზეც წიგნები ასე გავაცნოთ ერთმანეთს.

ამ სიტყვებზე საინტერესო აქტივობების მოფიქრება შეიძლება, მე ჩემსას ვფიქრობ.

გემრიელი ვიქტორინის დრო დგება.

„მანქანიდან გადმოსვლისთანავე მილდრედი „ნიჟარებით“ იცობდა ყურებს.“ – კითხულობს ნიკუშა და არავის აცლის, მგონი ეს თქვენი წიგნიდანაა, მეუბნება. მახსენდება, რომ ჩემს წიგნზე საუბრისას ნამდვილად ვახსენე ნიჟარები (ე.წ. ყურსასმენები), რომლითაც რეალობას ეთიშებოდა გაი მონტეგის ცოლი.

„სახლს, რომელიც გორაზე იდგა და სოფელ ლიტლ-ჰენგლტონს გადაჰყურებდა, „რიდლების სახლს“ ეძახდნენ.“ – ეს „ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასის“ დასაწყისია, მაგრამ რიდლების გაგონებისას რედლი ბუა ახსენდებათ და „ნუ მოკლავ ჯაფარა“ ჰგონიათ.

სულ ბოლოს მე ვხსნი ჩემს წილ ფრაზას, ვუყურებ და არ მჯერა, რომ ხელში ჩემი უსაყვარლესი და ამოჩემებული წარწერა მიჭირავს წიგნიდან „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ – „უშენოდ თავი ტყვეობაში მგონია. რატომ არ მწერ? ძალიან ვდარდობ. გკოცნი, ემა“. ასეთი მოულოდნელი სიხარულები და ერთი შეხედვით უჩვეულო დამთხვევები ხშირად გვემართება.

ჯერ არ იციან, რომ დილას საგანგებოდ ამ აქტივობის გასახალისებლად ღია კითხვები მოვიფიქრე, რომლებიც ერთგვარ შემაჯამებელ აქტივობად გვექცა.

რომელ ქალაქში მდებარეობს ტბა, რომელზეც ჰოლდენ კოლფილდი ბევრს საუბრობს? – ვსვამ კითხვას და ქალბატონი სოფო ხელს იწევს, თუ შეიძლება, მე გიპასუხებთო. თვალი გოგოებისკენ მეპარება, რომლებთაც წესით უნდა ახსოვდეთ, მაგრამ არაფერიც არ ახსოვთ.

ისევ ჩვენი მშვენიერი სტუმრის დახმარებით იხსენებენ ნიუ-იორკსა და ცენტრალ პარკს.

ჩვენი შეხვედრის შინაგანაწესის ოფიციალური მხარე ამით სრულდება, სტუმრებს ვაცილებთ, მერე წერილებს წერენ, ტორტს ვჭრით, მუსიკას ვუსმენთ, ოთახს ვალაგებთ და ბარგს სკოლის გარეთ ვეზიდებით. სახლში წასაღებებ ნივთებს გრძელ სკამზე ვაგროვებთ, ნაგავს ახალთახალ ურნაში ვათავსებთ და ერთმანეთს ვემშვიდობებით.

მე და თეკლაღა ვრჩებით. ზვიოს ველოდებით, ონიდან მოდის და სახლში უნდა წაგვიყვანოს. თეკლა აპარატს იღებს და სურათების გადაღებას იწყებს. ვზივარ და ირგვლივ დღის უსულო გმირები შემომხვევიან: გაჭუჭყიანებული ბლენდერი, შუშის დოქი ფსკერზე დალექილი მოთელილი პიტნებით, პლასტმასის ცარიელი კონტეინერი, ალაგ-ალაგ საღებავაცლილი სინი, სურათებითა და ფოლდერებით გადატენილი ლეპტოპი, წიგნები, ჩანთები. ჩემი მოსწავლეები და მშობლები აღარ ჩანან. ვსევდიანდები, ვმძიმდები, გამოცარიელებული ვარ. თეკლას ნაჭრის ჩანთა გვერდულად გადაუკიდია, ჩანთაზე ირემი ახატია და სურათს მიღებს. სკოლის ეზოში კაკლის ხე შრიალებს – აქეთ-იქით იხრება, დილამდე მარტო იქნება, მეფიქრება და ცარიელი სკოლის ეზო უარესად მასევდიანებს.

მერე ნაძვების სამყაროში ჩემს გოგო- ბიჭებთან ერთად მივდივარ. მიწაზე ვწვებით და აყვავებული ნაძვების, ფიჭვებისა და ჩიხრების სილამაზით ვტკბებით. ჩვენ გვერდით ერთი მტკაველი სიგრძის ნაძვები ამოსულან, მათაც გამოუბიათ თავისი წილი ყვავილები.

ყავისფერ ჩანთასთან ერთად მდინარესთან ვმარტოვდები, წინა ჯიბეში ნინის წერილი მიდევს, პირადად თქვენთვის დავწერე და ცალკე შეინახეთო, დანარჩენები ერთად არიან თავმოყრილნი. წერილებს მიწაზე ვდებ და კითხვას ვიწყებ. სახელების წაკითხვა აღარც მჭირდება – ხელწერითა და ტექსტის მოცულობით ვცნობ. სიცარიელის ამოსავსებად წინადადებების ყლაპვას ვიწყებ. ზოგიერთი წერილი ისე ძლიერ მატირებს, რომ ცრემლებისგან მთელი სახე მისველდება. სულ, სულ ბოლოს თეკლას წერილი რჩება. წიგნზე საუბარიც ბოლოს მოუწია, მისი წერილიც ბალახებს მიეწება და თავი ბოლოსთვის შემოინახა.

ბედნიერი ვარ, ოღონდ ძალიან ბედნიერი, თითქოს ცაში ვიფრინე.

უმაგრესი დღე იყო.

ადამიანი დიდხანს არ ცხოვრობს. ამიტომ, თავისი სიცოცხლის მანძილზე სიკეთე უნდა აკეთოს და ბედნიერი იყოს.

ერთი სული მქონდა, ვიქტორინის დრო როდის დადგებოდა.

ბედნიერი ვარ ამ დღეებით და ჩემ ირგვლივ შექმნილი სამყაროთი.

ყველას რომ ვუყურებდი, მეგონა, თავის თავებში წიგნებს წერდნენ.

ვინმე რომ იტყვის წიგნზე რამე გლახას, უნდა დავარწმუნოთ, რომ წიგნი კარგი რამეა.

ვიცი, მომავალშიც გვექნება ლიტერატურული კაფე, მაგრამ დღეს თქვენ აქ ხართ, როგორც ჩვენი მასწავლებელი.

ეს მირამისობა სხვა მირამისობისგან განსხვავებით კიდევ უფრო კარგი იყო.

სურვილი გამიჩნდა, რომ მათ წაკითხულ წიგნს მეც შევეჭიდო და გავიაზრო, რატომ მოსწონთ.

ყველა იმიტომ მომეწონა, რომ დაიხვეწნენ.

განსაკუთრებით წარდგინების ფორმა მომეწონა.

ამ წიგნიდან ერთი წინადადება დამამახსოვრდა: „სიცილი ხომ ერთ-ერთი ყველაზე გადამდები რამ არის.“ ჩემი მეგობრები გამახსენდნენ, რომლებიც სულ იციან და თავიანთი სიცილით მეც მაცინებენ.

ეს დღე საინტერესო იყო და ყველამ ვისიამოვნეთ.

სკოლა და ფერადი ოთახი სამუდამოდ აღიმართა კედლად, სადაც ფერები ერთმანეთშია, სადაც არ არის სიფლიდე, სიმკაცრე, გაბეზრებულობა და ცრუპენტელობა.

ბოდიში, ლელა მასწავლებელო, რომ ეს მოკლე სიტყვა დაგიწერეთ. იმიტომ, რომ მიშოს უნდა პასტა და ბოდიშს გიხდით.

მე მომეწონა სხვა ბავშვების გამოსვლა! და შენიც, დე! ძალიან გახარებული ვარ! და მიხარია რასაც შენ გვიკეთებ! ყოველი დღე ჩემთვის დაუვიწყარია!

 

. 18765831_1529521433726560_1725223949575743038_n (2)

18813641_1529521663726537_2939785381819294447_n (2)

18767678_1529521903726513_6714555088812404743_n (2)

ამბავი მოსიარულე გაკვეთილისა

18664519_1524361180909252_1706752041120245813_n

სოფელში გაბმული წვიმებია. გაზაფხული ისე მიდის, თითქოს არც მოსულა. სკოლის წინ, მდინარეზე, გადმოკიდებული ტყე კი გაიზარდა, ფოთლები გამოიბა და ჩვენგან განსხვავებით სულაც არ არის მოწყენილი. ფოთლოვან ხეებში ნაძვები და ფიჭვებიც ახასხასდნენ. ახლა ყვავილობის დრო უდგათ, ავარდისფერებული გირჩები საახალწლო ნათურებს გვანან.

ჩვენს მასწავლებლებს ტრენინგები აქვთ ონში. ვისაც ფუტკარი ჰყავს, წუხს, ჩვენი არყოფნის დროს რომ იყარონ, რა გვეშველებაო. დედა ფუტკარი რომ თავის ახალნაყარ შთამომავლობას სკიდან გამოიყვანს, ისე გუგუნებენ, ვერტმფრენის ხმა მოგაგონდებაო, მიხსნიან.

ბოლო სამი გაკვეთილი შეცვლილ როლებს დავუთმეთ, ანუ მე რომ მოსწავლე ვარ და ისინი -მასწავლებლები. ამაზე ცალკე გიამბობთ. ერთი სიტყვით, ჩემმა გოგოებმა ისე იმასწავლებლეს, რომ სასწავლო პროცესისთვის „გარედან“ შემახედეს და ბევრი რამე კიდევ უფრო ნათელი გახადეს. ისევ მასწავლებლის ამპლუაში დაბრუნებულმა, გოგოებისთვის განსხვავებული გაკვეთილის დაგეგმვა გადავწყვიტე.

საპროგრამო მასალა ამოვწურეთ, ამიტომ საგანამათლებლო საიტის – mastsavlebeli.ge – მივაკითხე. რამდენიმე ასეთი გაკვეთილი ჩავატარეთ და უზომოდ მოეწონათ. ვირჩევ რაიმე ნიშნით საინტერესო თემას და სხვადასხვა აქტივობებით ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ მიზნისკენ.

ამ ძიებისას გადავაწყდი თორნიკე ჭელიძის სტატიას სათაურით „ამბავი ამბისა – როგორ მივიტანოთ მხატვრული ტექსტები მოსწავლეებამდე“ და გაკვეთილის მთავარი მიმართულებაც გამოისახა. მიზანს შემდეგნაირად მოვარგე – უცხო ტექსტის გაგება-გააზრება, რომელიც რამდენიმე ქვეპუნქტად ჩამოიშალა, კერძოდ, მოსწავლეები დაფიქრდებიან იმაზე, რომ ნებისმიერი ნივთს თავისი ამბავი აქვს, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ლიტერატურულ ტექსტად ვაქციოთ; ამის გააზრებისას კი თვითონ მხატვრული ამბის გაგება გაუადვილდებათ;

აი, მაგალითად, პრინტერს, რომლითაც ამ გაკვეთილისთვის მასალა ამოვბეჭდე, საკმაოდ იდუმალი და შინარსიანი ამბები აქვს. ვინ იცის, ჩვენამდე სად იყო და ორთქლიან ფურცლებზე რას ბეჭდავდა, მერე ბათუმიდან ჩვენთვის გამოგზავნეს, საქართველოს ფოსტის მანქანითაც იმოგზაურა და რაჭაში ჩამოვიდა, მას მერე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია და ერთგულად აცოცხლებს ჩვენს თავგადასავლებს, სცენარებს, ტექსტებს გემრიელი ვიქტორინებისთვის, ნაირ-ნაირ სურათებს ჯადოსნური ოთახის პოსტერებისთვის, ტესტებს, წერილებს, ლექსებსა თუ შეფასების რუბრიკებს.

ამბის გააზრებისა და ტექსტის წაკითხვის მერე გავეცნობით ერთ პოეტს, მის ერთ ლექსს და შეეცდებიან, ლექსით მიღებული ემოციები ამბად გადმოცენ, იმ ამბად, რომელიც თავისებურად აღიქვეს. მართალია, პოეზიის მარტივ მამრავლებად დაშლა დანაშაული მგონია, მაგრამ თითოეული ლექსის დაწერას ხომ თავისი ამბავი მოტივი, განწყობა, ისტორია აქვს.

ყველაზე მეტად რაც მიჭირს და რაზეც დიდი ძალისხმევა მეხარჯება, ეს არის შესაფერისი აქტივობების მოფიქრება, დალაგება, დროის გათვლა, ისე, რომ არ ავცდე მიზანს და ეროვნულ სასწავლო გეგმასაც მოვერგო, რათა შედეგსაც მივაღწიო და მოსწავლეებიც გავაბედნიერო.

ალბათ, მასწავლებლებს გეცნოთ ჩემი გასაჭირი. ვფიქრობ, პრაქტიკასთან ერთად გეგმის აგება მეტად გამიადვილდება. ის კი არადა, მიზნად დავისახე, რომ ამ მხრივ იქამდე ვიმუშაო საკუთარ თავზე, სანამ ისე არ ვიგრძნობ თავს, როგორც თევზი – წყალში. რამდენიმე გამოცდილ მეგობარ-მასწავლებელს გული გავუწყალე ჩემი შეკითხვებით და მათივე რჩევა-დარიგებების გათვალისწინებით გადავწყვიტე, რაც შეიძლება მარტივად მივუდგე ამ საკითხს – აქილევსის ქუსლად ქცეულ გაკვეთილის გეგმას.

იმასაც მივხვდი, რომ გეგმაზე მუშაობა, მართალია, დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ მისი ერთ მთლიანობად აკინძვის შემდეგ ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და ამიტომაც, რატომ უნდა მოვაკლო თავს მსგავსი სიამოვნება. ცალკე ამბავია, როგორ უხარიათ მოსწავლეებს ასეთი დაგეგმილი გაკვეთილები. ჩვენ დაუვიწყარ მოგონებებად გვექცევა ხოლმე. სწავლა-სწავლების მთავარი დანიშნულებაც ხომ ისაა, რომ სიამოვნება მივიღოთ ცოდნის აგება-გაცემისას მასწავლებლებმაც და მოსწავლეებმაც.

ასე მოტივირებულმა ვჭერი, ვკერე და ვბეჭდე ტექსტები, მოვამზადე სლაიდშოუ ტერენტი გრანელის შესახებ, შევარჩიე მისი ერთი ლექსი, ჩემი გადაღებული სურათებიდან რამდენიმე ამოვბეჭდე და დავალება მოვიფიქრე – სურათებზე ასახული კადრების მიხედვით რაიმე ამბის გამოგონება.

ეს ყველაფერი სულ სამი მოსწავლისთვის მოვიმოქმედე. სამწუხაროდ, ერთი მათგანი – თამუნა – ავად გახდა და სკოლაში ვერ მოვიდა.

ასე რომ, ორი მერვეკლასელი გოგო და ერთი მასწავლებელი შემოვრჩით ერთმანეთს მაისის ნისლიან დილას.

გავშალე ჩემი ფურცლები, მოვამზადე ლეპტოპი და გაკვეთილი დავიწყეთ: წერეს, წაიკითხეს, მონიშნეს, გახაზეს, გაიგეს, უყურეს, უსმინეს, უპასუხეს, თვალებიც დახუჭეს (კესოს მივბაძე და მისი მეთოდი გამოვიყენე, კერძოდ, პირველად ტერენტის ლექსი მე წავუკითხე, მათ თვალდახუჭულებმა მოისმინეს და მერე იმაზე ისაუბრეს, რაც განიცადეს), შეაფასეს, დავალება მოინიშნეს და ამასობაში ზარიც დაირეკა.

ახლა ამ წერილის სათაურის დაბადების ამბავს მოვადექით.

გაკვეთილის ბოლოს თამუნას გამოგზავნილი საჩუქრების დათვალიერება გადავწყვიტეთ. საღამოს ბებიამისი მიამბობს, როგორ ფუსფუსებდა მთელი ღამე თამუნა, როგორ გაატანა გიორგის დილას და როგორ აწვიმდა ცელოფანში მოთავსებულ ჩვენთვის განკუთვნილ საჩუქრებს სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

თამუნას ხელნაკეთობებმა სიხარულისგან აგვაციმციმა, მე ყვითელი ფინჯანი შემხვდა წარწერით – „ყვითელი იმიტომ, რომ მზე გვიყვარს და ჭიქა იმიტომ, რომ ჭიქაზე ხელებს ვითბობთ ხოლმე“.

და სიხარულის იმ წუთებში მომაფიქრდა, რომ ჩვენ საპასუხოდ გაკვეთილი „გაგვეგზავნა“ თამუნასთვის. მასალა მისთვისაც მქონდა მომზადებული, მთავარი იყო გეგმის დაწერა და ამ ყველაფრის შეფუთვა, სლაიდშოუს ასტრიდის სახლისეულ ფლეშკაზე გადავიტანდი და ამგვარად ქართულის გაკვეთილი თამუნასთვის აივლიდა ატალახებულ აღმართებს, სოფლის შუკებსა და ორღობეებს და თამუნას სიხარულისგან ისე აუციმციმებდა თვალებს, როგორც მისმა საჩუქრებმა – ჩვენ.

გაკვეთილის გეგმის დასაწერად ამჯერად ნაკლები დრო დამჭირდა, მანამდე ადელსდორფიდან ჩვენთვის გამოგზავნილი ლურჯი საქაღალდე შევარჩიე და შიგნით მოვათავსე სტატია, ტერენტი გრანელის ლექსი, ორი სურათი თავისუფალი წერისთვის, ფლეშკა და გეგმის წერას შევუდექი.

გაკვეთილის გეგმა

  1. სიტყვა „ამბავი“ – როგორ განმარტავ შენი სიტყვებით?
  2. წაიკითხე თორნიკე ჭელიძის სტატია სახელად „ამბავი ამბისა – როგორ მივიტანოთ მხატვრული ტექსტები მოსწავლეებამდე“ ;
  • კითხვისას გახაზე მნიშვნელოვანი წინადადებები და შემდეგ დააკვირდი, რა ნიშნით შეარჩიე ისინი;
  • მოგეწონა ტექსტი? რატომ? რაზე დაგაფიქრა?
  1. ჩართე brahms-ის (ტერენტის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ამოვიკითხე, რომ მას კლასიკური მუსიკა ჰყვარებია. რადგანაც ვერ გავიგე, რომელ კომპოზიტორს უსმენდა, ამიტომ კლასიკური მუსიკით დასაინტერესებლად ბოლო ხანს აღმოჩენილი მუსიკოსი შევთავაზე) რომელიმე სონატა და წაიკითხე ლექსი სახელად „ ცა-ლაჟვარდი, დედამიწა -კუბო“;

 

  • დააკვირდი შენს ემოციებს;
  • რა განიცადე?
  • ლექსის ფურცელს მიაწერე ის ამბავი, რომელიც შენ დაინახე ამ ლექსში.

 

  1. უყურე ყვითელი ხავერდის ქისაში ჩადებულ ფლეშკაზე არსებულ სლაიდშოუს, რომლითაც გაიცნობ ერთ-ერთ ქართველ პოეტს – ტერენტი გრანელის.
  2. შეაჯამე გაკვეთილი და დაწერე პატარა თემა სახელად – ერთი გაკვეთილის ამბავი: რა მოგეწონა? რა არ მოგეწონა? რა განიცადე? რა ისწავლე? რამ დაგაინტერესა?

დავალება:

ლურჯ საქაღალდეში არსებული სურათები იპოვე და თითოეულის შესახებ მოიგონე რაიმე ამბავი;

ერთ სურათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფანჯრებია ასახული, მეორე სურათზე – „ეშმაკის ბორბალი“ , რომელიც ბათუმში, ზღვის პირას დგას.

თითოეულის სათაური იქნება ტერენტი გრანელის ლექსის სტრიქონი – „ახლა სადღაც საუბრობენ ჩემზე“.

საღამოს თამუნას გამოგზავნილი „ერთი გაკვეთილის ამბავი“ მესინჯერში მოწკაპუნდა. მე კი სამივე გოგოს ამბავს გაგიზიარებთ.

„მე ეს გაკვეთილი ძალიან მომეწონა და ბედნიერი ვარ ამ გაკვეთილისგან. ყველაფერი კარგი იყო: ლექსები, მოთხრობის ამბავი და სხვა. ეს გაკვეთილი არასდროს დამავიწყდება.“ – კესო

„ეს გაკვეთილი არასდროს დამავიწყდება. ამ გაკვეთილმა მასწავლა, რომ ყოველთვის უნდა ვიკითხოთ „რა არის ეს?“ ტერენტი გრანელი ჩემი საყვარელი პოეტი გახდა, როგორი იდუმალი ადამიანია! შეიძლება, მის ამბავს ვერ ჩაწვდე, მაგრამ სამუდამოდ ჩემში დარჩება.“ -მარიამი

„ძალიან მომეწონა და გამიხარდა, როცა გავიგე, რომ სიტყვა “ამბავზე” ფრაზა უნდა შემექმნა, რადგან თავისუფლად და ბედნიერა დ ვგრძნობ თავს მათი შექმნის დროს. მუშაობის პროცესში მეგონა, რომ პეპელა ვიყავი, რადგან პეპელა მხოლოდ სამ დღეს ცოცხლობს, თუმცა ეს სამი დღე მისთვის, ალბათ, ბედნიერებაა, ხოლო მეც ბედნიერი ვიყავი წერის, კითხვის, ფიქრის დროს და ვიცოდი, ეს ბედნიერი წამები მალე გაილეოდა და მეც ვტკბებოდი ამ წუთებით. საოცარ ლექსს გავეცანი, რომელიც მისი სევდის მიუხედავად მაინც სასიამოვნოდ წასაკითხი არის. ნახატი კი მე შევქმნი. ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზუსტად ვიცოდი რა უნდა დამეხატა და სხვისი ნახატიდან გადახატული არ იყო.

წავიკითხე თორნიკე ჭელიძეს ბლოგი, რომელიც დამაფიქრებელი აღმოჩნდა და წარსულის კადრები აღმიდგინა. ძალიან გამიხარდა, როცა ეს ფრაზა აღმოვაჩინე გაკვეთილის ერთ-ერთ ნაწილში – “მხატვრული ლიტერატურა”, რადგან ეს სიტყვა ჩემს ბევრ კარგ მოგონებას უკავშირდება.“ – თამუნა

18670799_1524361184242585_1983607744731389290_n (3)

 

 

18739963_1524361177575919_3853153188615349545_n (3)

 

 

 

 

 

 

 

 

პატარა მკითხველების გზა წიგნებისკენ

7878

 

წიგნების სამყაროსთან დამეგობრება ადვილი არ არის.  განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პატარა ადამიანების მკითხველად ჩამოყალიბებისას. კითხვის პროცესი თავისუფალ არჩევანს გულისხმობს. ამის გარეშე არაფერი გამოვა.

მინდა, რომ ჩემი  გამოცდილება გაგიზიაროთ. ძალიან ბევრს ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, წიგნი რომ შეუყვარდეთ და კითხვის სურვილი რომ  გაუჩნდეთ.

არასდროს მომბერზდება ჩემს პირველ წიგნებზე საუბარი, თუმცა წიგნებამდე მამაჩემის გამოგონილი ზღაპრები იყო. სანამ დამოუკიდებლად დავიწყებდი კითხვას, მანამდე მამა ყოველღამ მიამბობდა თავისი ახალგაზრდობისდროინდელ ისტორიებსა თუ ჩემთვის სახელდახელოდ გამოგონილ ზღაპრებს. პერიოდულად ჩერდებოდა და მეუბნებოდა, რომ “აკუმულატორი”  დაუჯდა და მის დასატენად “სუკების” მიღება სჭირდებოდა. სუკები ჩემი ღაწვები იყო, რომლებიც მამაჩემისა და ჩემი ძმების გაუთავებელი კოცნისგან მუდმივად კაპილარჩაწყვეტილები იყვნენ. ფანტაზიის სამყაროდან  რეალობაში დაბრუნებას ყოველთვის ვაპროტესტებდი, მაგრამ მამა ჩვეული შეუვალობით ელოდა, როდის დავრთავდი კოცნის ნებას და მერე  ხალისითა და მოხერხებულობით გადავყავდი საზღაპრეთში. ხანდახან ისე ცხადად ვეხები იმ წამებს, თითქოს ჩვენ შორის ძალიან ბევრი დრო არ იყოს გაწოლილი.

სწორედ იმის გააზრებისას, რომ მამისეული ზღაპრებიდან  მრავალი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე  უძვირფასეს წუთებად შემომრჩნენ და ყველაზე ძლიერი კავშირი გააბეს ჩემსა და მამას შორის,  ვცდილობ, მეც ასეთი დაუვიწყარ მოგონებად ვაქციო ჩემი შვილების ძილისწინა წუთები.

ანუ კითხვამდე პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ბავშვობისას მოსმენილი ზღაპრებია.

მეტი ჯადოსნურობისთვის გამოგონილი გვაქვს პატარა თამაშობანი:  ჩაბნელებულ ოთახში სამივე ერთად გაბმულად ვამბობთ – ძიიინ  ძოოოოონ, ძიიიინ ძოოოონ, ძიიინ ძოოოონ  და მერე ვიწყებ ზღაპრების მოყოლას, ხელისგულებს წამწამებზე ვადებთ, ვახამხამებთ და ვხარობთ, ვუსმენთ ერთმანეთის გულისცემას და ენერგიით ვივსებით – რამდენი ასეთი რამის მოფიქრება შეიძლება, ვინ იცის.

რაც მთავარია, ძილის წინ ძალიან ბევრი ინფორმაციის მიწოდება არ შეიძლება, რადგან ბავშვებს  შთაბეჭდილებების მონელება უჭირთ. შეიძლება ისე აღეგზნონ, რომ ჩაძინების ნაცვლად სრულიად გამოფხიზლდნენ.

წინასწარ არასდროს ვიცი, რას მოვყვები. ვამბობ სიტყვებს – “იყო და არა, იყო ერთი …” – და პირველ წინადადებას მოვაყოლებ, რომელსაც მერე თვითონ მოჰყავს სხვები.

ზღაპრის გმირებისთვის სახელების დარქმევა დიდი სიხარულია ჩვენთვის – ერთმანეთს ვეკითხებით, ვიგონებთ, ვარჩევთ და ვთანხმდებით.

გამონაგონს ხანდახან ქართულ ხალხურ ზღაპრებს ვუნაცვლებთ. ვუკითხავ ინტონაციით, პაუზებით, რომელიმე წინადადება თუ განსაკუთრებით მომეწონება, ხმამაღლა ვაფიქსირებ, მათი თანდასწრებით  სარჩევში სათაურებს ვეძებ,  მითითებულ გვერდებს ვპოულობ, მინიმალისტურ შავ-თეთრი ილუსტრაციებით აღფრთოვანებას გამოვხატავ,  რომელიმე დეტალს გამოვარჩევ და კომენტარს ვაკეთებ, კითხვის შეწყვეტისას  სანიშნად ვიყენებთ ფოთლებს, ყვავილებს, ხელნაკეთობებს – ასეთი დემონსტრირებით ბავშვები  წიგნთან ურთიერთობას ეჩვევიან, რაღაც დროის მერე კი თვითონაც მსგავსად მოიქცევიან, რადგან ჩვენი ქმედებები სასწაულად ილექება მათ ცნობიერებაში.

ზღაპრები  ბავშვს ფანტაზიას უვითარებს, ლექსიკურ მარაგს  უმდიდრებს, კითხვისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს უყალიბებს, წიგნით დაინტერესების წინაპირობას ქმნის.

ანბანის შესწავლის მერე სურვილი გვიჩნდება თვითონ შევძლოთ უცნობ სამყაროში მოგზაურობა. თუ ოჯახის წევრები აქტიური მკითხველები არიან და ბავშვები მათ ხელში წიგნს ხშირად ხედავენ, დიდი ალბათობით, თვითონაც უადვილდებათ პირველი ნაბიჯის გადადგმა წიგნებისკენ.

მთავარია, დამწყებ მკითხველებს მათი ასაკისთვის შესაბამისი სირთულის ტექსტი შემოხვდეთ. აი, ამ დროს ძალიან დაეხმარებათ ჩვენ მიერ მოყოლილი თუ წაკითხული ზღაპრები, მათი ცნობიერებიდან ამოტივტივდებიან დალექილი სიტყვები, რაც გააზრებასა  და შინაარსის გაგებაში დაეხმარებათ.

მერე იწყება სიტყვებთან ურთიერთობის ძალიან საინტერესო ეტაპი, რასაც შეკითხვების კორიანტელით გამოხატავენ – აინტერესებთ უცნობი სიტყვები, მორბიან და გვეკითხებიან, რაღაც დროის მერე გაუგებარი სიტყვების რიცხვი თანდათან იკლებს და პატარა მკითხველების დამოუკიდებელობა იზრდება.

ავტორებისა და სათაურების შერჩევა, შუა გზაზე მიტოვებული წიგნები, წარწერებისა და ფრაზების გახაზვა, პარალელურად რამდენიმე ნაწარმოების  კითხვა, კითხვის ნაცვლად თამაში და მულტფილმების ყურება, დიდი ხნით მიტოვებული კითხვის პროცესი – ყველაფერი ეს მათი კეთილი ნებაა, თუმცა რაღაცების გამოგონება შეიძლება ბავშვების სხვადასხვა ნაწარმოებით დასაინტერესებლად.

ბავშვობისდროინდელი განცდები და შთაბეჭდილებები ჩაბნელებულ ოთახში კედელზე არეკლილ საყვარელი ადამიანის ჩრდილს ჰგავს – დიდს, უფორმოს, იდუმალს, სასაცილოს, ამაღელვებელს, გულისამაჩუყებელს, მოუხელთებელს, მარტო შენ მიერ დანახულსა და განცდილს.

რაც უფრო მეტი წიგნი გაახსენებთ ცხოვრების ნათელ პერიოდს, მით უკეთესი. ვერ მომინელებია, რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები მხოლოდ იმიტომ არ მაქვს წაკითხული ბავშვობაში, რომ  მათ შესახებ არაფერი ვიცოდი, მიუხედავად ჩემი თუ ჩემი მეზობელი ციცო დეიდას უზარმაზარ ბიბლიოთეკასთან ხანგრძლივი ურთიერთობისა. არ ვიცნობდი ანე-კატერინე ვესტლის, თურმე მაშინ “ჩვენც სალტკროკელები ვართ” და “დეტექტივი კალე ბლუმკვისტიც” არსებობდა. მე კი სულ რაღაც სამი  წლის წინ  აღმოვაჩინე ისინი, შევიყვარე და სხვებსაც გადავდე სიყვარული.

მე თუ მკითხავთ, საბავშვო ლიტერატურას არასდროს უნდა დავშორდეთ. ღრმადმოაზროვნე თანამედროვე და კლასიკოსი ავტორების პარალელურად სულ უნდა ვიკითხოთ სხვადასხვა ქვეყნის საბავშვო ნაწარმოებები.  სიმსუბუქეს, სიხალისესა და მშვენიერებას მოიტანენ ჩვენში, თან ამ გზით კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ბავშვებს. მნიშვნელობა არ აქვს, რა სტატუსის მატარებლებიც  უნდა ვიყოთ:  მშობლები, მასწავლებლები, დები, ძმები, ბებიები, ბაბუები, დეიდები, მამიდები, ბიძები თუ ბანკის რიგითი თანამშრომლები – მაინც სულ უნდა ვიკითხოთ საბავშვო წიგნები.

ახლახანს აღმოვაჩინე არჩილ სულაკაურის “ცისფერი ირემიც”. ერთ-ერთ ტრენინგზე ქარიზმატული და საინტერესო ქართულის მასწავლებელი გავიცანი, რომელიც აღფრთოვანებული გვიყვებოდა, თუ როგორ დადგა”ცისფერი ირემი” სკოლაში, როგორ მოიწვია ავტორი და როგორ გადაიტანა მოქმედებები სხვადასხვა კლასში.

როგორც კი  “ცისფერი ირემი” თბილისის წიგნის მაღაზიის თაროებზე გამოჩნდა, მაშინვე რაჭაში გამოვამგზავრე და ჩემს საბავშვო წიგნებთან მივუჩინე ბინა. მერე თეკლამ გადაწყვიტა  მისი წაკითხვა. შევპირდი, რომ დაამთავრებ, მეც აუცილელად წავიკითხავ-მეთქი. ისე აუბრჭყვიალდა თვალები, უფრო მეტად მომინდა დანაპირების ასრულება. მერე  დავფიქრდი, რომ თუ ჩვენ – დიდები და  პატარები –  ერთად წავიკითხავთ ერთი და იმავე წიგნებს, არაჩვეულებრივი მეთოდი  იქნებოდა მათი კითხვით  დაინტერესებისთვის. მარტივი ამბავია – რა ასაკისაც არ უნდა ვიყოთ, ყველას გვახარებს ყურადღების ნებისმიერი ფორმა.

ჩვენს “ცისფერ ირემს” კი არაჩვეულებრივი თავგადასავალი გადახდა თავს. ერთ საღამოს თეკლას წიგნი ეზოში დარჩა. მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. მეორე დღეს კითხვა მოუნდა, სახლში რომ ვერ იპოვა, გაახსენდა სადაც უნდა მოეძებნა და ეზოდან სულ ქვითინით ამოიტანა წვიმისგან გაჟღენთილი, დამძიმებული, დარბილებული “ცისფერი ირემი”. ცრემლებს აღვარღვარებდა, ნახე რა დაემართაო. დარდის გასაქარვებლად, იმაზე ფიქრი დავიწყეთ, თუ როგორ უნდა გვეშველა წყალდიდობანანახი წიგნისთვის. პირველი რაც ჩავიდინეთ, გაგიკვირდებათ და,  ჩვენ ის გავწურეთ, დიახ, დიახ, როგორც დასველებული მაისური, ისე ვგრიხეთ და ვადინეთ წყალი, მერე ღუმელს მეტი სიმხურვალისთვის ხმელი შეშა ვაყლაპეთ და მის ქვეშ მოვათავსეთ, პერიოდულად ვუთვალთვალებდით, ვამოწმებდით, შრებოდა თუ არა, მაგრამ რამდენიმე საათის მერე ისევ ისეთი გალუმპული და ყდაშემოფლეთილი რომ დაგვხვდა, ზვიოს დავურეკეთ და შველა ვთხოვეთ. ყდაზე ჩახმახფილთაზარი და პიპა ახატიაო, აკვალიანებდა მამას თეკლა.  მე იმით ვისარგებლე, რომ წიგნის მაღაზიაში მისვლა მოუწევდა და ალეკო შუღლაძის “გადამალვა” შევუკვეთე. მოკლედ, გვარიანად დავაბნიეთ ზვიო, მაგრამ მეორე დღეს “ბიბლუსის” ცელოფნის უწერაში დანახვამ სიხარულით აგვიჩაქარა გულები.

თეკლამ პრიალაყდიანი წიგნის კითხვა განაგრძო, თან აღფრთოვანებით მიამბობდა შინაარსს. მერე კი იცით რა მოხდა? ოთხ-ხუთ დღეში უყდო და წვიმით გაჟღენთილი “ცისფერი ირემი” სრულიად გამოშრა და წარმოუდგენლად გაბუთქუნდა. უსაყვარლესი გახდა – სასაცილო, ამბებიანი და თეკლამ ისევ მასში გადაინაცვლა თავისი გამხმარი შროშანებითა და ფანქრებითურთ, მე კი ახალყდიანი მივისაკუთრე და კითხვას შევუდექი.

ერთობლივი კითხვა  დაუვიწყარი თავგადასავალი იყო. პარალელურად  შეკითხვობანას ვთამაშობდით, რაც უფრო მეტად გვახალისებდა. თუ ვერ გამოვიცნობდით, მინიშნებებით ვაწვალებდით ერთმანეთს და თუ რომელიმე  ახალ თავზე გადავიდოდით, შეთანხმებისამებრ, ლოდინი გვიწევდა.

ასე ვიმოგზაურეთ მუსიკოს ოლილესთან და პიპასთან ერთად, დავეხმარეთ ცისფერ ირემს, გავიცანით ვაგუ, მატა, კაჭკაჭი ჭიბო, მწიგნობარი შიო და ტყის სხვა ბინადრებთან ერთად თავგადასავლებში გავებით. ფერადი ფანქრებით ვხაზავდით მოწონებულ ფრაზებს, სიტყვებს, არშიებზე ვტოვებდით მინიშნებებსა და ჩვენი სოფლის დღეებს.

მეთერთმეტე ლიტერატურულ კაფესთვის თეკლას არჩევანი “ცისფერი ირემია”. ამჯერად  წარდგინების ფორმად ერთი ეპიზოდი და  ახალი სიტყვები ავირჩიეთ. ეპიზოდი თვითონ შეარჩია, უცნობი სიტყვების (არსებითი სახელების) ამოწერაში კი მე დავეხმარე.

საინტერესოა ჩვენ მიერ რაღაცა ნიშნით ამორჩეული და გახაზული ფრაზები.

შვიდი წლის გოგოს არჩევანი – “სიჩუმეში წყლის წვეთების ტკაპა-ტკუპი ისმოდა მხოლოდ”;

დედამისის – “ისლის ქოხის პატარა ფანჯრიდან უზარმაზარი ყვითელი მთვარე მოჩანდა.”

ვფიქრობ, კითხვის პროცესში ჩვენი ჩართულობითა და ინტერესით უფრო დავაახლოვებთ ბავშვებს წიგნებთან, თუმცა ამავე დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო, რომ მათი თავისუფალი ნება და დამოუკიდებელი არჩევანი არ შევზღუდოთ. რაც ყველაზე მთავარია, ამ კუთხით გამიზნულ თითოეულ ქმედებას  სიამოვნება უნდა გასდევდეს ფონად, რაც დროსთან ერთად პატარებსაც და დიდებსაც დაუვიწყარ შთაბეჭდილებებად გადაგვექცევა.

 

 

 

 

 

 

 

 

სოფლის ერთადერთი ვირის ამბავი

ამ წერილის დაწერა სოფლის ერთადერთი ვირის გამო მომინდა. მას სევდიანი თვალები აქვს და საათში ერთხელ ყროყინებს. ალფეზა ბაბუას ვირი ლიტერატურაში გაბნეულ პერსონაჟ ვირებს მახსენებს: პლატეროს, ვინი ფუჰის ი-აა-ს, სანჩო პანსას ერთგულ სახედარს.

ჩემს კახელ პაპას, იორამსაც ჰყავდა ვირი, რომლის სახელები სერიალის მთავარი მოქმედი გმირი ქალების პარალელურად იცვლებოდა. საბოლოოდ მერცხალა შერჩა. ერთხელ მე და ჩემმა ბიძაშვილმა პაპაჩვენის ვირი “ტაჩკიანად” გავიტაცეთ, თუმცა თავგადასავალი სოფლის პირველივე ორღობეში დასრულდა. მერცხალა გაჯიუტდა, ერთ ადგილზე გაჩერდა და ცოცხალი თავით არ ისურვა ფეხის მოცვლა. ხან ვეფერეთ, ხან ვეჩხუბეთ, ვანჯღრიეთ, სახრეც მოვიშველიეთ, მაგრამ ძვრა ვერ ვუყავით.

მერცხალა ყოველდღე დაატარებდა პაპას ვენახში. საღამოობით შინდაბრუნებულს პატარა ვედროთი მოჰქონდა ლეღვი, სახლეჩი თუ სახრავი ატამი, ნესვი, ბროწეული, მსხალი, რთველობისას კი ყურძნის წვენით დაიტკბილებოდა ხოლმე “ტაჩკა”. მერცხალა იყო ჩვენი უდიდესი სიხარული.

ახლა, როცა ჩემს ბიჭს ვირის ყროყინის გაგონებისას ბავშვური აღფრთოვანება შეიპყრობს ხოლმე, მთელი ჩემი არსებით ვაცნობიერებ ასეთი ამბების სინათლესა და  სიღრმეს.

ჩემი წერილი კი იმ ამბით უნდა გაგრძელდეს, გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ყავა რომ გამითავდა. ასეთ დროს მაღაზიაში უნდა ჩავიდე ან წავიდე წესითა და რიგით, მაგრამ, რადგანაც სოფელში ვცხოვრობთ და ყავის საყიდლად წასვლა-ჩასვლა კი არა, არამედ გამგზავრებაა საჭირო, ამიტომ ყავის მოსაპოვებლად ალტერნატიული გზების ძიებას ვიწყებ. შუშაბანდის ერთ-ერთ კარადაში არაბიკას მარცვლებს ვპოულობ. ყავის მარცვლებმა შტუდგარდიდან ჩემთვის იარეს, იარეს, ცხრა ზღვა გადმოცურეს, ცხრა მთა გადმოლახეს, მთელი ევროპა მოიარეს და საბოლოოდ უწერაში ჩამოვიდნენ. ეთერი ბებოს ძველებურ ხელის საფქვავს ვართმევ და ახლა ყოველ დილას ყავის მოდუღების რიტუალს მისი დაფქვა დაემატა. ასე რომ, ყავის მარცვლებსაც თავისი ამბები აქვთ.

გაზაფხულს მთაში ვერ ვგრძნობთ, რამდენიმე დღეა გაბმულად წვიმს. ღამე სახურავზე ახმაურებული წვიმა მაღვიძებს. საღამოობით ღუმელს ვანთებთ და დღის განმავლობაში დაგროვილ ქაღალდებს, პოლიეთილენსა და პლასტმასს ვწვათ, ბოსტენეულის ნარჩენებს ხის ღობეზე ჩამოკიდებულ ალუმინის ვედროში ვათავსებთ მეზობლის ღორებისა და ძროხებისთვის.

სასწავლო წლის დამთავრებამდე ერთი თვეღა დარჩა. ჩვენ კი ძალიან ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები: ერთი ლიტერატურული კაფე, სპექტაკლი სახელად „ქუდის მდევნელთა უცნაური ტომი“, „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტის მიხედვით პოემის ციხე-ქალაქებში იმიტირებული მოგზაურობა და ივნისის ბოლოს ბათუმში ვაპირებთ წასვლას, წიგნის მაღაზიაში „წიგნები ბათუმში“ ირაკლის და მარის გამოცემულ წიგნებზე უნდა ვისაუბროთ.

მერე კი მე და ჩემი ოჯახი თბილისში ვბრუნდებით. ჩვენმა სამწლიანმა მომთაბარე ცხოვრებამ თავისი თავი ამოწურა. რამდენიმე თვეა, რაც ეს გადაწყვეტილება მივიღე. თავიდან ძალიან გამიჭირდა, ახლა შევეგუე, თუმცა კარგად ვაცნობიერებ, რომ ჩემი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება.

ისედაც ხომ ამბების შემგროვლებლად ვიყავი გადაქცეული, წერაატანილი სხვა თვალით ვუყურებდი ყველაფერს, ახლა განსაკუთრებულად მოვარგე თვალებს გამადიდებელი შუშები, გონება და გული გავიმახვილე და ვიმახსოვრებ პაწაწინა დეტალებს, ხმებს, სიტყვებს, ფრაზებს, ბავშვების სახეებს, ქცევას, ვინახავ ნახატებს, წერილებს, მობილურის მახსოვრობა გადავსებული მაქვს მათი სურათებით.

ერთ დილას სკოლაში მიმავალს სანახშოზე ბიჭები მხვდებიან, ბადეს კემსავენ, ალბათ, სათევზაოდ წავლენ, მეფიქება. საღამოს გაბრიელს ორ წითელწინწკლებიან კალმახს მოუყვანენ. გზას ვაგრძელებ და ახლა წისქვილიდან მომავალ მეზობლებს გადავეყრები, არადა, ჯერ დილაა, ისინი კი სიმინდის ფქვილით ბრუნდებიან სახლში.

თეკლა მათემატიკის მაგალითების ამოხსნისას ლილი მასწავლებლის ხელით გამოთლილ თხილის ჯოხებს იყენებს. მთელ დღეს მამასთან ერთად ტყეში ატარებს, საღამოს ჩვენთვის შარფში სათუთად გახვეული პაწაწინა ტყემლები, დამჭკნარი გვირილები და ნაძვის კევი მოაქვს. ძილის წინ მაფრთხილებს, რომ მადინა მასწავლებელსაც შევუნახო, იმიტომ, რომ თურმე ნაძვის კევის გარდა სხვას არ ღეჭავს.

პირველკლასელი თიკო ახლა უკვე ახერხებს, რომ სიყვარული წერილობით გამოხატოს და ინგლისური Ii –ის გასწვრივ ფერადი ფანქრებით მიწერს „ ლელა მასწავლებელს გადაეცით თიკო სალო მისი ჩიტები“.

გაკვეთილზე დაცემინებისას მესამეკლასელი გიორგი ელვის უსწრაფესად მეხმიანება, ჯანიო, დილას ჭიშკარში შემოსულს კი ფანჯრიდან მიყვირის, სალამი, მასწავლებელოო.

მეოთხეკლასელი გიორგი მეკითხება, მომავალ წელსაც ხომ თქვენ გვასწავლითო და ჩემი უარის გაგონებისას სახემოღვენთილი მპასუხობს, გლახააო.

ვცდილობ, ჩემი შვიდი წლის ძმისშვილი, მარიამი, თბილისში, სახლის წინ მდებარე 175-ე სკოლაში დავარეგისტრირო, მაგრამ რეგისტრაციის დაწყებიდან ზუსტად ორ წუთში ადგილი აღარ არის. ჩვენი სოფლის ულამაზეს სკოლას კი ან ეყოლება პირველკლასელი, ან – არა.

ერთ ჩვეულებრივ დღეს სკოლაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი გვსტუმრობს. კვლევას ატარებენ სკოლებში ძალადობის არსებობის შესახებ. კითხვარის შევსებისას ვიაზრებ, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მოსწავლეებს შორის არცერთი კონფლიქტი არ ყოფილა, სოფლის მცირერიცხოვანი სკოლისთვის უცხოა ბულინგი, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობა. მერე ჯადოსნურ ოთახს ვათვალიერებინებთ და ვუამბობთ ჩვენი თავგადასავლების, ასტრიდის დაბადების დღეების შესახებ, ჩვენი მშვენიერი სტუმარი კი გვიყვება, თუ როგორ მოინახულა მწერლის სახლი შვედეთში ვიზიტისას, მერე ვიდეოჩანაწერს გვანახებს, ჩვენც ლამისაა შევძვრეთ მის ტელეფონში. წასვლისას ასტრიდის სახლში ყოფნისას საჩუქრად მირებულ ფლეშკას გვიტოვებს, გადავწყვეტთ, რომ ვირტუალურ მოცულობაში ჩვენი სურათები გადავიტანოთ და წიგნების თაროზე დავაბინაოთ. წასვლისას გოდერძი ჩოხელის სპექტაკლსა და ფასანაურში მოგზაურობას ვახსენებთ, ქალბატონი მაია კი გახარებული გვეუბნება, რომ ფასანაური და ქვეშეთი მისი ბავშვობის დაუვიწყარი ადგილებია. მერე ქართულ თარგმანებზე ჩამოვარდა საუბარი, მე ჩემი მეგობრის სახელი მავიწყდება, მინდა ვუთხრა მას, რომ რამდენიმე მთარგმნელთან ვმეგობრობთ, ვკითხულობთ და ზუსტად ამ დროს კარს მეათეკლასელი გვანცა აღებს, წიგნი წავიკითხე და უნდა დავაბრუნოო, ხელში ჩემი მეგობრის, გვანცას ნათარგმნი ჯონ სტაინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“ უჭირავს. არაფერს ვამბობ, მეღიმება და გული მადლიერებით მევსება ჩემი ზეციური მფარველებისადმი, წიგნებისადმი, სიტყვებისადმი, უცნობი და ნაცნობი ადამიანებისადმი – ყველაფრისადმი, რაც ჩვენს ამბებს განსაკუთრებულობას სძენს.

იმავე დღეს შავ დაფაზე ფრაზა მხვდება დონ კიხოტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ კი მეექვსეკლასელი ნინისგან ყვითელი ბარათი წარწერით – ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი წავიღე, ლელა მასწავლებელოო.

წყალტუბოში ვიდეოგაკვეთილის შეფასების განხილვისას ტრენინგზე რაჭიდან წერილი მომდის, იცით, გიორგიმ „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“ დაამთავრაო. მეათეკლასელი გიორგი გოგოებისგან განსხვავებით პასიური მკითხველია. ასეთი სქელტანიანი წიგნის წაკითხვა სასიხარულო ამბავია. რაჭიდან მოფრენილი ვირტუალური გზავნილი წიგნის საოცარ ფოტოებს მახსენებს, ერთ-ერთ მათგანს ასეთი წარწერა აქვს: “კარტოფილს ვთლი და ვოცნებობ, რომ სახლში მალე დაბრუნდე.”

სკოლაში მოულოდნელად ონიდან გვანცა გვსტუმრობს. კინოს დღე გვაქვს და „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ვუყურებთ. გვანცა ნათხოვარ წიგნს გვიბრუნებს, ზუსტად იმას, მეათეკლასელმა გიორგიმ რომ წაიკითხა – რენსომ რიგზის „მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის“. მომეწონაო, გვეუბნება. ონიდან შოკოლადის ნამცხვარი მოგვიტანა, თეკლას კი სტუმრისთვის სოფლის მაღაზიაში ნაყიდი „სნიკერსი“ მოაქვს და ყველასთვის ანაწილებს. სანამ ბავშვები შავ-თეთრ კადრებს უყურებენ, ჩვენ ჯადოსნურ ოთახში ყავას ვსამთ და წიგნებსა და კითხვაზე ვსაუბრობთ. გვანცა თავისი ბავშვობის წიგნებს იხსენებს, გაცრეცილყდიან „ჩვენც სალტკროკელები“ ვართ, სოფელ ონჭევში მეზობლის ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე და მას მერე შეყვარებული ვარო. გვანცა ჩემი უბნელია. მერე ჩვენი ბავშვობის წიგნის მაღაზიას ვიხსენებთ, „სახელგამს“ ვეძახდითო, ამბობს გვანცა. მე და ჩემი მეგობრებისთვის კი წიგნის მაღაზია ერთ-ერთი ადგილი იყო, სადაც ყოველდღიურად დავდიოდით. თაროების წინ სივრცე ხის დაბალი რიკულებით იყო შემოსაზღვრული. შევიდოდი და უსასრულოდ ვათვალიერებდი ერთი და იმავე წიგნებს. ერთხელ საკანცელარიო ნივთებთან ერთად რამდენიმე ფერის გუაში მოიტნეს და უბნის ყველა გოგომ დღიურები ავაჭრელეთ, ახლაც ვგრძნობ მათ სპეციფიკურ სუნს. მერე იმ წიგნის მაღაზიის ადგილას რა აღარ გახსნეს. არაფერი ამართლებდა. მალევე კეტავდნენ. ახლა ერთ-ერთი ცნობილი მაღაზიაა და ყოველი ავლისას თუ ჩავლისას გული მეკუმშება. გვანცას დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ მიაქვს. დიანაც ჩვენი უბნელია და მგონია, რომ მასაც ექნება თავისი წილი ამბავი იმ წიგნის მაღაზიასთან დაკავშირებით.

მეორე დღეს სპექტაკლისთვის როლებს ვანაწილებთ, ვარჩევთ სცენარს, მერე ირმასთან მივდივართ – ერთი მასწავლებელი და თერთმეტი ბავშვი. „ფორესტ გამპს“ უნდა ვუყუროთ. გზაზე ნიკუშას ორი პატარა გველის სანახავად მივყავართ, ატმის ნერგი მეგონა გადახრილი, ვიფიქრე, გავასწორებ, ქვა გადავწიე და ამ დროს ესენიც შევამჩნიეო.

ირმასთან მისულები კართან ტალახიანი ფეხსაცმელების გორას ვაყენებთ.

ირმა სკოლის ამალას გვაპურებს და მოცვის ჩაისთან ერთად ფილმის საყურებლად ტელევიზორთან ვინაცვლებთ.

მარიამის თხოვნით ელიფ შაფაქის „ღირსების“ კითხვას ვიწყებ. 147-ე გვერდზე ჩემი მინაწერი მხვდება. თბილისში ყოფნისას თან ის წიგნები გვქონდა, რომლებსაც იმ პერიოდში ვკითხულობდით. ასეთი წესი შემოვიღეთ: ვიღებთ ერთმანეთის წიგნებს, ვშლით და ვირჩევთ სიტყვას, ფრაზას რაიმე ნიშნით, ვხაზავთ და არშიაზე წარწერას ვტოვებთ. მე ლონდონი გამიხაზავს. წიგნის ბოლოს ავტორი „ბითლზის“ ალბომს Yellow Submarine-ს ახსენებს და ომარ ხაიამს, ჩემს უსაყვარლეს პოეტს, მარიამის ტოლმა აღმოვაჩინე და მისი სითამამით გაოგნებული ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, როგორ წერდა ასე თავისუფლად ტაბუდადებულ თემებზე. წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი სპარსელი პოეტის ლექსს ციტირებს: „დაივიწყე სამყარო. გამოიყენე დარჩენილი დრო, სანამ ჩვენც მტვრად გდავიქცევით.“

კონფერენციისთვის თბილისში მივემგზავრებით. გორის „გუდვილში“ მარიამს დონ კიხოტი ახსენდება და აბსურდით გვართობს, ახლა რომ აქ შემოვიდეს თავისი აღჭურვილობით, ეს ადამიანები რა დღეში ჩაცვივდებიანო.

ქალაქში აღმოჩენილები დილიდან დაღამებამდე დავდივართ. „ლუკა პოლარეში“ ფერად ნაყინებს ვჭამთ, კედლის დაფაზე ცარცით წარწერებს ვტოვებთ, ლესელიძეზე ჩვენი სოფლელი ბიჭი გვხვდება და ისეთი გაოგნებული თვალებით გვიყურებს, ჩვენი იმ რეალობაში აღქმა უკვირს. სიონის ეზოში თეთრკაბიანი პატარძლების აღმოჩენისას ხარობენ, გოგოების თხოვნით ერთ-ერთი წყვილის ჯვრისწერას ვესწრებით, მთელი ცხოვრება ვოცნებობდით ამ რიტუალის ნახვაზეო. ჩვენს სოფელში იშვიათად თუ იწერს ვინმე ჯვარს. სიონიდან შუშის ხიდისკენ მიმაქროლებენ, მანამდე იეთიმ გურჯის მონუმენტის უკან უძველეს სახლს ვამჩნევთ, სუროს ფოთლებით. დედა ენის ბაღში ერთი ბუკინისტი გვხვდება მხოლოდ. მარიამი ჯორჯ ორუელის „1984“-ს ყიდულობს 5 ლარად. თქვენ რომ წაიკითხეთ, ის წიგნი ვიპოვე და მეც მინდა მქონდესო.  წიგნების გროვაში იანუშ კორჩაკსა და ჩარლზ დიკენსს მანახებენ, სამწუხაროდ, ბუკინისტი მამუკა თავაქარიშვილის მინიატურებიან „ვეფხისტყაოსანს“, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აღმოვაჩინე და თვალი დავადგი, ვერ პოულობს. ცხრა წლის ბიჭი სკეიდბორდს გვთხოულობს და მარიამი და თამო მასზე დადგომის სწავლას ცდილობენ. ცდამ წარუმატებლად სრულდება, რაც გვახალისებს. ვფიქრობთ და აღვიქვამთ, რომ ძალიან გრძელი დღე გვაქვს.

სოფელში გადამყიდველი აზერები შემოგვეჩვივნენ. იმ დღესაც ჟუჟუნა დეიდა გამოგვეცხადა სამასწავლებლოში, თქვენი ბიჭი მოვიდაო და სანამ მისი ნათქვამი გავიაზრეთ, ოთახში ახმახი აჰმედი ან მუჰამედი შემოვიდა, ამოიღლიავებული ჰქონდა ჭრელი და სხვადასხვა ზომის თეთრეული. საწყალ კაცს ხმა არ ამოაღებინეს და ისიც რამდენიმე უიმედო მცდელობის შემდეგ თავისი თეთრეულიანად უკან გაბრუნდა. შემოდგომაზე თითქმის მთელმა სოფელმა შევიძინეთ ფერადი ზეწრები და ბალიშისპირები. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ უხარისხო საქონელი შეგვრჩა ხელთ.

ღია ფანჯრიდან მიშოს ხმა მესმის, ევგენი ბაბუას ოჯახს ეუბნება, რომ მეორე დღეს, ორს საათზე, ორმოცში არიან დაძახებულნი. მიშო მთელ სოფელს დაივლის და ყველა ოჯახს სათითაოდ გააფრთხილებს. ოჯახიდან ერთი კაცი უნდა წავიდეს წლისთავსა და ორმოცში. ასეთია წესი.

მთვარე კი ნელ-ნელა გაივსო და იდუმალ შუქს აფრქვევს მთის თავზე დაყუდებული. ღამე თეთრი ღრუბლები დასჩემდა ცას. სოფლის ერთადერთი ვირი კი, როგორც ჩემი ოთხი წლის ბიჭი ამბობს, საათობით ყროყინებს.

ერთ მზიან დილას გაბრიელი ხელს ჩამკიდებს და ალფეზა ბაბუას ვირისკენ გამაქროლებს. რამდენიმე წუთის წინ დონ კიხოტის როსინანტისა და სანჩო პანსას სახედრის მეგობრობის შესახებ მექნება წაკითხული: „ყოველთვის, როცა ეს ორი თვინიერი ცხოველი ერთად შეიყრებოდა, თავის ქიცინით მოჰყვებოდა ერთმანეთის ფერდების ფხანას, რის შემდეგაც დაღლილ-დაქანცული და სიამოვნებისგან თვალებმინავლული როსინანტი ერთ ადლზე წაგრძელებულ კისერს კისერზე გადაადებდა არანაკლებ დაღლილ-დაქანცულსა და სიამოვნებისგან თვალებმინაბულ სახედარს, თავჩაქინდრულნი დააშტერდებოდნენ მიწას და მზად იყვნენ, სამ დღეს თუ არა, ყოველ შემთხვევაში, იმდენ ხანს მაინც მდგარიყვნენ გაუნძრევლად, სანამ ასე გარინდებით ყოფნას აცლიდნენ, ან შიმშილი არ გარეკავდათ საძოვარზე ფერდების ამოსავსებად.“

ვირს მუშვანის პირას, ყანაში ვიპოვით. ჩვენთან უჩვეულოდ ახლოს მოვა და მოვეფერებით. გაბრიელს ვთხოვ, პირთან ახლოს ნუ მიუტანს ხელს, ის კი დამარწმუნებს, რომ ალფეზა ბაბუას ვირი არ იკბინება. ჩვენ ღობეს აქეთ ვიდგებით: მე, თეკლა და გაბრიელი, ღობის იქით, შემაღლებულზე კი – ვირი, სახელად ნიკორა.

ჩვენი მოფერებისგან მტვერი აუვა და მზის სხივებში გაიფანტება. ვირის მუქ, დიდრონ, სევდიან თვალებში ჩვენს თავს დავინახავთ და გაგვიხარდება.

გზაში პლატერო გამახსენდება. წიგნს მოვძებნი და წავიკითხავ: „პლატერო პატარაა, გაბურძგნილი, ფაფუკი. ისეთი ქუნქულაა, თითქოს მთლად ბამბისა იყოს და ძვლები არც კი ჰქონდეს. მხოლოდ თვალები აქვს მკვრივი, რომლებშიც სარკესავით იხატება არემარე.“

სახლში გვიან დაბრუნებული ზვიო მკითხავს, გაგიგონია რამე გოგოს შესახებ, რომელიც ზაფხულობით საქორიაზე დაკიდებულ ფიჭვზე ზის და წიგნს კითხულობს ხოლმეო. მერე დამპირდება, რომ ხვალ იმ ფიჭვის სანახავად წამიყვანს.

89488f7e2b5790e45979e5b418eca700

 

 

 

 

 

 

 

მეათე მირამისობა გადავიხადეთ

17098676_1441630975848940_8076169281114171179_n

მეათე მირამისობა გადავიხადეთ. – ეს მეექვსეკლასელი ანის სიტყვებია. ჩვენთან წვიმს. დღეც წვიმასთან ერთად გათენდა და სურვილთან, რომ მეათე მირამისობის შესახებ გიამბოთ. ხვალ სერვანტესის გარდაცვალების დღეა. თუ საიდან მახსოვს, ეგ სხვა ამბავია. გადავწყვიტე, მახვილგონიერი დონ კიხოტის მეორე ნაწილის კითხვა დავიწყო. ბაკალავრი სამსონ კარასკო რომ დინ კიხოტთან მივა და მის შესახებ დაწერილ წიგნზე უყვება – ამ ეპიზოდის გავლენით წერა მინდება. აღფრთოვანებული ვარ მწერლის ხერხით – საკუთარ პერსონაჟს (სანჩოს მიხედვით პრესონაჟს) ამცნოს, რომ მის შესახებ წიგნი დაწერა ვინმე მავრმა და მიკვირს იმის გააზრებისას, რომ ასეთი ლიტერატურული ხერხებით წერდა სერვანტესი XVI საუკუნეში. დონ კიხოტიც დაწვრილებით გამოიკითხავს წიგნის რაგვარობას, ამბების თანმიმდევრობას. კარასკო მწუხარე სახის რაინდს ეუბნება, მოკლედ, კაცი რომ თავისი თხზულების გამოქვეყნებას დააპირებს, ამით ყოველთვის დიდ საფრთხეში იგდებს თავს, ვინაიდან არ არსებობს ისეთი თხზულება, ყველას ერთნაირად რომ მოსწონდესო.

აქვე ამატებს, რომ მეორე ნაწილის გამოქვეყნებას სიხალისითა და სიცოცხლით სავსენი დაჟინებით მოითხოვენო. მე წიგნის არშიაზე ჩემი ორი მერვეკლასელი გოგოსთვის წარწერას ვტოვებ, ჩვენ გვგულისხმობს-მეთქი ავტორი. დონ კიხოტს ერთად ვკითხულობთ სამივე. მეორე ნაწილს ელოდება მერვეკლასელი მარიამი, თამუნას კი გუშინ წავუღე პირველი ტომი და მერე ჯადოსნურ ოთახში დებატებისას გადაღებულ სურათზე შევამჩნიე, რომ იდაყვით ჩამოყრდნობილა სქელტანიან დონ კიხოტზე, სახეზე ხელი შემოუდია და თანამედროვე ტექნლოგიების როლზე ჩაფიქრებული აღბეჭდილა კადრში.

კითხვის ასეთი უწყვეტი პროცესი ქმნის ჩვენს დღეებს.

მეათე მირამისობა ონში ახალგახსნილ კაფე „გვირილაში“ გადავწყვიტეთ. კაფეს მეპატრონე, ახალგაზრდა და ულამაზესი ანა სიხარულით დათანხმდა ჩვენს წამოწყებას. თოვლისა და მოყინული გზების გამო დაშინებულები გამოდარებას ველოდებოდით. ამასობაში სკოლაში სადღესასწაულო განწყობისთვის ფუსფუსი დავიწყეთ. ბავშვები, დირექტორი, მასწავლებლები, მშობლები – ყველა გააბედნიერა სიახლემ და ჩვენი კაფეს მოგზაურობის იდეა აიტაცეს, ფრთები გამოაბეს და გასაფრენად მოამზადეს.

დადებითი განწყობები დიდ ძალას ქმნიან. არ გეგონოთ, პრობლემები არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ არ ვუშინდებით, გულებამდე არ ვუშვებთ, მათაც ფეხი უსხლტებათ და თავს გვანებებენ.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მეათე კაფეს ინტერიერის გასაფორმებლად მაგიდის გადასაფარებლების შექმნა-მოხატვა მომაფიქრდა. სკოლაში წავიღე ბიაზის ნაჭერი, საღებავები, ფუნჯები, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს თავი მოვუყარე და ვთხოვე, მოეფიქრებინათ ლიტერატურული პერსონაჟები და მათი დიალოგებით კომიქსები გაეკეთებნათ. რაც იმ დღეს მათ ჩაიდინეს თვალებიდან, გულიდან არ ამომდის: მომისმინეს, რამდენიმე კითხვით კიდევ გადაამოწმეს, რას ვითხოვდი მათგან, ჯადოსნური ოთახიდან მოპირდაპირე საკლასო ოთახში გადაბარგდნენ, მასწავლებლის მაგიდის გარშემო შეჯგუფდნენ, თავები ჩახარეს, ფუტკრებივით იბზუილეს და რამდენიმე წუთში „ესკიზებით“ გამომეცხადნენ. ერთმანეთს შეახვედრეს რამდენიმე ლიტერატურული პერსონაჟი ეროვნებით, ასაკითა და სტატუსით განსხვავებულები და საკმაოდ გონებამახვილურად ასაუბრეს. შეკითხვაზე, თუ როგორ შეარჩიეს ისინი, მიპასუხეს, რომ თავიდან ნახატებს უბრალოდ მიაწერეს იუმორით გადაწყვეტილი ფრაზები და შემდეგ თავისით მოვიდა იდეებიო, რაღაცით დავაკავშირეთ ერთმანეთთან პერსონაჟებიო, გოგოები აწუწუნდნენ ფუშუს (გიორგის) ძლივს გავაგებინეთ, რა უნდა გაეკეთებინაო. სანამ მაგიდის კომიქსებიან გადასაფარებლებზე ცალკე სტატიას დავწერ, მანამდე გეტყვით, რომ ბავშვებმა ისინი მოხატეს, გააფერადეს, ონიდან უწერაში სამსახურში ყოველდღიურად მოსიარულე გელას ნაყიდი ტუშის პასტით დიალოგები დააწერეს, მერე მე დამავალეს ერთი მაგიდის გადასაფარებლისთვის კომიქსების მოფიქრება და ასე ავამხედრე ორთავიანი დონ კიხოტი როსინანტზე, რომლის ერთი თავი მალალა იუსაფზაის უყურებს, ხოლო მეორე – ცამეტი წლის მარგარეტს.

წარდგინების ფორმად სლაიდ შოუს შევარჩიევთ, რომელსაც ლიტერატურული დღიურების მიხედვით შევქმენით. ქარგა ასეთი იყო: სათაური, ავტორი, სიუჟეტი, პერსონაჟები, ქუჩები, ჟანრი, ეპიზოდი, ფრაზა, რეცენზია. მართალი გითხრათ, ჩემთვისაც აქილევსის ქუსლი იყო Power point, მაგრამ ოცამდე წიგნის სლაიდებად ქცევის პროცესში კარგად შევისწავლე. დავსხდებოდით წიგნების სურნელით გაჟღენთილ ჯადოსნურ ოთახში, ჟუჟუნა დეიდა დილიდანვე აგვიგიზგიზებდა ღუმელს და ვიყავით შემოქმედებით ღწვაში: ვეძებდით, ვარჩევდით, ვწერდით, ვკითხულობდით, ვთარგმნიდით, ვხარობდით, ვიცინოდით და რაც მთავარია, გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებდით. ასე აღმოვაჩინეთ შერონ დრეიპერის ოფიციალური საიტი, საიდანაც შევიტყვეთ, რომ განათლების სპეციალისტიც ყოფილა, საუკეთესო მასწავლებლის სტატუსიც ორჯერ მოუპოვებია და ამ ყოველივესთან ერთად ძალიან მოგვეწიონა მისი დამოკიდებულებები სამყაროსადმი. წვიმაში ცისარტყელას ვხედავ, პრობლემებში – შესაძლებლობებსო, წერს შერონი და მეშვიდეკლასელმა ნიკუშამ ერთერთი სლაიდი ამ ფრაზით გააფორმა. აღმოვაჩინეთ, რომ ჟიულ ვერნის კიდევ ერთ სახელად გაბრიელი რქმევია, მიხაელ ენდეს „მომო“ კი ძალიან ცნობილი წიგნი ყოფილა და ვოცნებობთ, ვინმემ ქართულადაც თარგმნოს, ფუხურისა და ბასტიანის სურათების ძებნისას მომოს ილუსტრაციებს ვაწყდებით და აღვფრთოვანდით, „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი პირველი ქალი ყოფილა, რომელმაც წიგნების წერით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, ანე ფრანკის გამო ვირტუალურად ამსტერდამში ვიმოგზაურეთ, ხოლო ენდი უირის მარკ უოტნის მარსზე გავყევით, ვაკვირდებოდით მწერლების დაბადების ადგილებს, ეროვნებას, ხელმოწერებს, გავიგეთ, რა არის Magnum Opus და განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევდა შემდეგ ვიკიპედიაში შესვლისას ეს ორი ლათინური სიტყვა.

ჩემი წიგნი ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“ იყო. დედაჩემის სტუდენტობის დროინდელი წიგნი მოვქექე და პერსონაჟების ინგლისური სახელწოდებები ამოვიწერე. ასე აღმოვაჩინე, რომ უსაყვარლეს ჭყიტას ორიგინალში რქმევია Scoute , რაც ქართულად მზვერავს ნიშნავს. მთარგმნელის არაჩვეულებრივ მიგნებაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ეპიზოდად შევარჩიე ის მომენტი, ჭყიტა რომ ატიკუსსზე უყვება ძმას, ხანდახან თავის ოთახში რადიოს უსმენს და თან ფეხს აყოლებსო. ეპიზოდის დახატვისთვის კი დახმარება მერვეკლასელ თამუნას ვთხოვე, რომელიც არაჩვეულებრივად ხატავს, ასევე არაჩვეულებრივად ხვდება, რა მინდა და მეორე დღეს ნახატით მახარებს. თამუნასეულ ატიკუსს სურათი გადავუღე და ეპიზოდის სლაიდიც გავამზადე.

მირამისობის წინა დღეს გაკვეთილების მერე ერთად წამოვედით სახლისკენ. მეშვიდეკლასელი მარიამს ვეკითხები, რა შეგძინათ წინამოსამზადებელმა დღეებმა-მეთქი და ალბათ, ურთიერთობაო, მერე მოაყოლა, თვითრწმენა გაგვიღვივაო, მერე შემოგვხედა და გვეუბნება, რა ფილოსოფიურად ვლაპარაკობო.

ჩემს დღიურში 25 თებერვალს ჩაწერილ გეგმას ვპოულობ – გასაკეთებელი და მოსაგვარებელი საქმეები დამინომრია:

  1. გემრიელი ვიქტორინა
  2. მუსიკა
  3. ტორტის შეკვეთა
  4. მაგიდის გადასაფარებლები
  5. ფოტოაპარატი, გადამყვანი
  6. ტრანსპორტი
  7. სტუმრები
  8. სლაიდშოუ
  9. ლიტერატურული დღიურები
  10. სვიტრი მოქსოვა თეკლასთვის

 

4 მარტის დილას კი ჩამიწერია: დაუთავებულია მაგიდის გადასაფარებლები, კაბები, გამომცხვარია ერთი „ზებრა“, მეორე ცხვება, მრავლისმნახველ ჭრელ ჩანთაში ბიჭების თხოვნით ვალაგებ ჰალსტუხებს, ვანილს, დარიჩინს, თაფლს, ფოტოაპარატს, გადამყვანს … – აქ თხრობა წყდება, თუმცა ქმედება გრძელდება და ჩამოთვლილ ნივთებს სკოლიდან ვამატებთ ყველაფერს, რასაც შეუძლია გაალამაზოს გარემო: სპექტაკლისთვის შეკერილ მთვარესა და თევზებს, ნაჭრის ბალიშებს, კედლის პოსტერებს, პუფებს, ალუმინის ქვაბს გლინტვეინისთვის, პროექტორს, შთაბეჭდილებების ჩარჩოს, მერხსა და სკამს. ზვიოს მანქანის საბარგულს ვავსებთ და ონისკენ მივქრივართ.

„მას, გლინტვეინისთვის შავი ღვინო წამოვიღოთ?“ – სოფლის თავიდან მეექვსეკლასელმა ანიმ მომწერა წინა დღეს.

გლინტვეინი მართლაც უგემრიელესი გამოვიდა, თაფლი შევურიეთ და განსაკუთრებული გემო შესძინა.

კაფე ჩვენებურად მოვრთეთ.

მოწვეული სტუმრებიც მოვიდნენ, საგანგებოდ მეათე მირამისობისთვის შერჩეულ მუსიკას ვრთავთ და ჩვენ დღეს ვიწყებთ.

ასეთ დღეებს ადამიანები გვილამაზებენ, რომლებთაგანაც ზოგს ველით ხოლმე, ზოგს კი – არა. ამჯერად, მოულოდნელად გვანცა გვსტუმრობს, დედაჩემის ყოფილი მოსწავლე, რომელიც ონშია გათხოვილი და ჩვენი გულშემატკივარია. გვანცა ორჰან ფამუქის „სტამბოლსა“ და ერიხ მარია რემარკის „ლისაბონის ღამეს“ გვჩუქნის.

იცით, აი, გიამბობთ ამბებს, ვცდილობ, თქვენამდე მოვიტანო განწყობები, ჩემთვისაც ვწერ, რომ ამ ფორმით შემომრჩეს აქ ყოფნისას დაგროვილი თავგადასავლები, მაგრამ შეუძლებელია, გადმოვცე ჩვენ შორის უხილავი ძაფებით გაბმული სიყვარული. ეს უნდა იგრძნოთ და განიცადოთ ჩვენთან ერთად. უნდა შემოცუროთ ამ უწონადობაში და მოეშვათ, არ დაიძაბოთ, არ დაგვძაბოთ, უბრალოდ, უნდა იყოთ ჩვენთან ერთად და უნდა მოგვისმინოთ. მერე ჩვენც სიყვარულით მოგისმენთ და ჩვენგან რომ წახვალთ, გაგატანთ დაუვიწყარ შეგრძნებებს. მთავარია, თქვენი და ჩვენი სურვილები გადაიკვეთოს. ეს აუცილებელი წინაპირობაა.

„ექიმი აიბოლიტი“, „ბიულერბიელი ბავშვები“, „რობინზონ კრუზო“, „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“, „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“, „ჩვენც სალტკროკელები ვართ“, „მარსელი“, „ნუ მოკლავ ჯაფარას“, „ლაშარელა“, „წერილი ბოთლში“, „გათვლა“, „პატარა დინოზავრი“, მარო მაყაშვილისა და ანე ფრანკის დღიურები, „ავგუსტი და მე“ , „დაუსრულებელი ამბავი“, „თამაში ჭვავის ყანაში“, „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ – ეს იმ წიგნების სათაურებია, რომლებიც ერთმანეთს გავაცანით.

თითოეული მოსწავლე განსაკუთრებული იყო. ზოგმა წინასწარ გააკეთა პრეზენტაცია სკოლაში, ზოგი კი სახლში მესტუმრა და იქ ვისაუბრეთ. პირველი შემთხვევა იყო, როცა ასე წინასწარ მოემზადნენ და ძალიან მოეწონათ, თავდაჯერებულობა შეემატათ, თუმცა რამდენიმემ არ ისურვა, გაგვეგო, რისი თქმა სურდათ ჩვენთვის.

ჩვეულებისამებრ, „გემრიელ ვიქტორინას“ მოუთმენლად ელოდნენ და სტუმრები, მშობლები და მასწავლებლებიც ხალისით ჩაებნენ აქტივობაში. როსტომ მასწავლებელმა სელინჯერი და მარო მაყაშვილის შესახებ ამონარიდები ადვილად გამოიცნო და არც გაგვკვირვებია.

შთაბეჭდილებების დრო დადგა. ჩემი სულიერი საზრდო, რომლის წაკითხვასაც ვწელავ და ვწელავ. ჩემი სიხარული წარმოიდგინეთ, როცა მათ შორის კაფეს მენეჯერის, ნატალის წერილი აღმოვაჩინე.

თითო წინადადებით ჩვენს სამყაროში გამოგზაურებთ:

ერნს გრებერის მსგავსად მეც სიყვარული მჭირდება ადამიანებისგან.

მეათე მირამისობა გადავიხადეთ.

ყველაფერი იმისთვის, რომ მიხვდე, როგორ აკავშირებენ წიგნები ადამიანებს.

იმედია, ბევრი საუკეთესო დღე იქნება კიდევ.

მინდა, რომ ყოველთვის გაღიმებულს გხედავდე, ჩემო ლამაზო მასწავლებელო.

ძალიან შემაყვარეთ თავი.

ბედნიერებით და სიყვარულით აღსავსე ვარ.

მინდა, ასეთი დღეები ხშირად იყოს და დიდხანს გაგრძელდეს ეს ბედნიერი წუთები.

მომწონს, როგორ ხარობთ ერთმანეთის წარმატებით.

ჩემი უსაყვარლესი დღე.

აღფრთოვანებული ვარ.

შთაბეჭდილბებით დატვირთული მივდივარ სახლში.

მომეწონა, კაფეში რომ ჩავატარეთ დღე.

დედიკო, ჩემთვის ეს დღე ბრჭყვიალა დღე იყო და ბრჭყვიალა ვარსკვლავი.

17155202_1441630925848945_657452788282687569_n

ლიტერატურულ ტექსტებად ქცეული ცხოვრება და პირიქით

ხუთშაბათ საღამოს ზვიოს მამა თბილისიდან უწერაში ჩამოვიდა და ისევ თბილისისკენ გამობრუნდა. მეც გამოვყევი. უცნაური დღეებია – ადამიანები თავიანთ მკვდრებთან მიდიან. მე ჩემს მკვდართან ვარ მისასვლელი. მისი ძვლები მიწას შეეგუენ, მე იმას, რომ ისინი მიწაში არიან და მიზიდულობას ვგრძნობ. აქამდე არ მიყვარდა სასაფლაოზე სიარული. ისიც არის, რომ დედაჩემისა და ჩემი საყვრელი ადამიანების გარეშე ვხმები, საკუთარ თავში ვიწყებ ისეთ ჩაბრუნებას, შველას ვსაჭიროებ. შენ თუ შენ თავს არ უშველე, აბა, ვინ გიშველის სხვა. მთავარია, გზები იცოდე – არსებულიც, გამოგონილიც, ხილულიც და მხოლოდ შენ მიერ დანახულიც.

მოვდივართ მე, ზვიოს მამა და ერთი ბიჭი თბილისისკენ. შუა დღეა. ზესტაფონში ვჩერდებით, ვისვენებთ, ყავას ვსამთ. ზვიოს მამას ფლეშკა შემოაქვს, იმ ბიჭმა იპოვა მარშუტკაში და ვნახოთ, რა იქნება, დილას პატარა გოგო-ბიჭები წამოვიყვანე და ეტყობა, იმათ დარჩათო. ის ოცნებობს, რომ „არ დაიდაროს“ სიმღერები იყოს, მე მეღიმება და ვნატრობ, რამე ჩემებური აღმოჩნდეს, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავთ, რა დავარდა ყვითელ მარშუტკაში. უკან დაბრუნებულები ვსინჯავთ და ის ხმას არ იღებს. ვხვდები, რომ მუსიკა არ არის და ლეპტოპს ვხსნი. პირველი რაც თვალში მხვდება, რუსული რელიგიური ტექსტებია და მასთან ერთად ბულგაკოვიც. აღარ ვაგრძელებ ქექვას. ფლეშკას ვიღებთ და ნუგზარი ინახავს, იქნებ ვინმემ მოაკითხოსო. მუსიკას ვუსმენ. ყურსასმენებით ვეთიშები რეალობას და ჩემს საყვარელ მდგომარეობაში ვირინდები – მარტოობით, გზით და მუსიკით ვტკბები. ამასობაში ჩვენმა თანამგზავრმა ბიჭმა გადაწყვიტა, რომ თავისივე ნაპოვნი ფლეშკა ეკუთვნის მას და არავის სხვას და ზვიოს მამას მოადგა თავისი არგუმენტებით, ვითომ დედამისის ფლეშკა იყო, ვითომ ვერ იცნო, ვითომ მერე მიხვდა და მსგავსი ტექსტებით თავისას ცდილობს, ნუგზარი ფრთხილად იცილებს თავიდან – ჯერ გაარკვიე, თუ მართლა დედაშენის ფლეშკაა, მერე მომაკითხე და ა. შ., მე ბუნდოვნად ჩამესმის და ვნატრობ, რომ მალე მოგვარდეს ეს პატარა გაუგებრობა, რომ ჩემი ნირვანა გაგრძელდეს, მაგრამ დიალოგი ეშხში შედის, ბიჭის ფანტაზია და მონდომება უკან არ იხევს და ნუგზარიც არ ნებდება. ბიჭი დედის გვარს იშველიებს, მისი სურათებია ფლეშკაზეო. ნუგზარიმ, აი, ახლავე შევამოწმებთო და ისევ ჩემს ლეპტოპს ვხსნი. ჯერ ბიჭის დედის გვარს ვიმახსოვრებთ და მერე ვიწყებ ძებნას. პირველივე საქაღალდეში მხვდება გრიგოლ რობაქიძის ლექსები და ისე ვხარობ ამ აღმოჩენით, ყველა და ყველაფერი მავიწყდება: ნუგზარიც, ბიჭიც, ყვითელი მარშუტკაც და ვკითხულობ  პირველ სტრიქონებს: „ტანს გეტმასნება სველი ალერდი, ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს, და აზიდული, მაღალი მკერდით მიეფინები მწვანე ეზოებს.“ – ზეპირად ვიმეორებ და ვხდები 18 წლის, ვარ ჩემი დაქალის სახლში და ქეთის ძმის ძმაკაცი, რომლის დედა ფილოლოგია და, სავარაუდოდ, მისი გავლენით აქვს იმ ბიჭს აღმოჩენილ-შეყვარებული ეს ლექსი, ყვება ამ სტრიქონებს. აბა, როგორი ამბავია?! ხომ არის ჯადოსნურობა?! მერე “ვასაკას“ კითხვას ვიწყებ და ახლა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, გალაკტიონის გაბინეტში ვინაცვლებ და საკონფერენციო თემას ვიცავ, სახელად: „გრიგოლ რობაქიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას სახისმეტყველებითი ურთიერთობანი“. 24 აპრილია, ოცი წლის წინა დღეს გავხდი და წელში გამოყვანილი, შავი ქურთუკი მაცვია, ნანას ნაჩუქარი საყურეები მიკეთია და ვარაზის ხევზე ავრბივარ, მაგვიანდება და ვჩქარობ, მერე ვსაუბრობ ჩემი თემის შესახებ და ვგრძნობ, რომ მისმენენ. თემაზე მუშაობის პერიოდში გრიგოლ რობაქიძე მესიზმრა, ისე მძაფრად მახსოვს ის სიზმარი, ვერ ვივიწყებ დღემდე. მერე „აქლემს“ ვამჩნევ და ჩემი ოთახი მახსენდება, მზისგან გამოხუნებული ფარდები, ფანჯრის რაფა და შუშები, მე ჩემს საწოლზე ვწევარ და ვკითხულობ ამ უცნაურ ლექსებს, ვკითხულობ, აღვიქვამ მათ უცნაურობას, არაჩვეულებრიობას, მიჭირს გაგება, მაგრამ ვერ ვეშვები.

ეს ყველაფრი წამებში ამოტივტივდნენ ცნობიერებიდან და ბიჭისკენ ვტრიალდები, ვეუბნები, რაც არის ფლეშკის მეხსიერებაში და ისიც ბუტბუტით უკან-უკან, თავისი სკამისკენ მიდის. ფლეშკა ნუგზარისთან რჩება. თუ მიაკითხავს ვინმე, ხომ კარგი, თუ არადა, „არ დაიდარდოს“ სიმღერებს ჩავწერთო.

მე ეს გაუგებრობა სიხარულით მავსებს და ვფიქრობ, რომ ყვითელ მარშუტკაში ვიღაცას ჩემთვის დაუვარდა გრიგოლ რობაქიძის ლექსები.

ჩემი ლიტერატურული ოდისეა გრძელდება. ცხოვრების პარალელურად აგრძელებს არსებობას: ხან ცხოვრება შედის ტექსტში, ხან ტექსტი გადმოდის ცხოვრებაში. ტექსტთან ასეთი კავშირი ჯერ კიდევ ამოუცნობია ჩემთვის, თუმცა კავშირი რეალურ ცხოვრებასთან იმდენად შთამბეჭდავი დამთხვევებით მყარდება, ირეალური სამყარო ტალღებივით მევლებიან. მთავარია, ამ ტალღებზე ტივტივი იცოდე და არ ჩაიძირო.

ბინდდება. გზა ილევა. ავტობანზე ალეკო შუღლაძის „გადამალვას“ ვიხსენებ და კითხვას ვიწყებ. მალე ისეთი ისტერიული სიცილი მიტყდება, თვალებზე ცრემლი მადგება. ნუგზარი ღიმილით მიყურებს, უხერხულობა პიკს აღწევს, ასეთ დროს უფრო მეცინება და ვგრძნობ, როგორ ვიგუდები. პირზე ხელს ვიფარებ კისკისის ჩასახშობად. არ მშველის. გადავწყვიტე, ნაწყვეტი მასაც წავუკითხო და მცირე შესავლის მერე ვიწყებ: „როცა მამაჩემის გასვენებაზე ვიღაცამ იკითხა, ლიფტით ხომ არ ჩაგვეყვანაო, ამ მოულოდნელი ექსპერიმენტის მოლოდინში, ჩემდა უნებურად, თვალები ამენთო და ცნობისმოყვარეობისგან ავცმუკდი. ცხადია, ცდა უშედეგო გამოდგა, რადგან კუბო კი შეატიეს როგორღაც, მაგრამ სხვა ვეღარავინ შეეტია და გარდაცვლილის ეული მოგზაურობა ლიფტით, მერვედან პირველამდე, სატანისტურ რიტუალს თუ არა, ცხედრის თავიდან მოშორებას დაემსგავსებოდა.“ – აღწერილია თავგადასავლები, რომლებიც ლიფტში ხდებოდა ხოლმე და ყველაფერი თვალწინ მიდგება, ავტორისეულ სიტუაციებს ჩემი ბავშვობის ამბებიც ემატება, მაგალითად, როგორ შეიტყუა მანიაკად შერაცხულმა ვიღაც ბიჭმა ჩემი მეზობელი გოგო ლიფტში და როგორ შეაშინა ან ჩემი მეგობარი ბიჭის ისტორია, რომელსაც ხშირად ვაყოლებდით ხოლმე და ისიც არაჩვეულებრივი იუმორის საბურველში ხვევდა პატარა შემთხვევას, როგორ ელოდა ლიფტს, ამასობაში როგორ შემოუერთდა რამდენიმე ქალი და როცა ლიფტი, როგორც იქნა მოვიდა, ერთერთს განუცხადებია, მე ამასთან (ჩემს მეგობართან) ერთად ამ ლიფტში არ შემოვალო.

ტექსტის სასწაულ ძალაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები: შეუძლია, სუნთქვისშეკვრამდე გაცინოს, მოთქმით გატიროს, რამდენიმე საათი მუცლად პეპლები მოგივლინოს, საშინელ განწყობაზე დაგაყენოს, სევდა შემოგახვიოს, შეგაყვაროს, შეგაძულოს, მესაიდუმლე გაგხადოს, გაგენდოს, საერთოდაც, ყველა ადამიანური ემოცია განგაცდევინოს.

კითხვას პარასკევს ვაგრძელებ, წითელ პარასკევს.

ვკითხულობ: „ასევე ამბობენ, რომ მამათქვენს დიდედა ხელებზე ჰყავდა გადაწვენილი და ისე ჩაიყვანა. დიდედა იყო ძალიან გამხდარი, ფერწასული, თითქმის უგონოდ.“

პიეტა მახსენდება.

მეორე დილას ჩემი შვიდი წლის გოგო მეტყვის, რომ ღმერთზე ფილმს უყურა, რომ ქრისტეს დედამ ბევრი იტირა თავისი შვილის გამო და რომ თვითონაც ძალიან, ძალიან ბევრი იტირა. მე ჩემი ბავშვობა გამახსენდება, იმავე ფილმის ყურებისას ძალიან ბევრს რომ ვტიროდი, ოღონდ ქრისტეს გამო.

სახლში მარტო ვარ. კედლები ცარიელია და ჩვენი სული არ ტრიალებს. კითხვას ვაგრძელებ. ქარი ღმუის. ვერ ვიტან თბილისის ქარს. მთაზე ჩამუქებული ღრუბლები მისრიალებენ. მახსენდება, რომ მაღაზიაში ვარ ჩასასვლელი. მეორე დღეს ბედიანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მივდივართ. კანფეტი უნდა ვიყიდო იქ მყოფებისთვის – ავადმყოფებისთვის, როგორც ეძახიან, როგორც ვეძახით. კარზე აკაკუნებენ. ვიღაც ბიჭი ხატებს ყიდის. სულ მგონია, რომ, როცა ასე მომადგებიან კარზე ადამიანები, შემთხვევით არ მოდიან. პანტანასას ხატის ლოცვას მაძლევს.

კითხვას ვუბრუნდები და ვკითხულობ: „მე და ქეთუშა ერთად გავიზარდეთ. სახლში ხუთნი ვიყავით: მამა, დედა, ბებია, ქეთინო და მე. დიაგნოზი ბავშვობაშივე დაუსვეს: ოლიგოფრენია-შიზოფრენია. არ შეშინდე, მკითხველო, არ გაიქცე, ეს არ არის შენთვის სახიფათო. სიმართლე თუ გაინტერესებს, მან მხოლოდ ერთხელ გააფრინა.“

არ ვშინდები, გული მტკივდება, გავრბივარ. საღამოვდება. ქარი სახეში მეხლება. მაღაზიისკენ მიმავალ გზაზე ეზოში დამწყვდეულ ცხვარს ვამჩნევ. მეორე დღეს ცხვრები და მწყემსები ხშირად შემხვდებიან ბედიანისკენ მიმავალ გზაზე.

მაღაზიაში ხილის კანფეტს მიწონის გამყიდველი და სალაროსთან მაგზავნის. მოლარე გოგო ფასის ეტიკეტს ვერ პოულობს და ისევ გამყიდველ ქალთან მაბრუნებს, ვატარებთ პატარა კვლევას, სად გაქრა თუ აორთქლდა ხსენებული წებოვანი ქაღალდი, მე არ მაკვრია, ცელოფანზე არ არის, ხედავ როგორი ფოკუსნიკი ვარო, გვიღიმის გამყიდველი და თავიდან აკრავს ფასს კანფეტებს, რომლებსაც მეორე დღეს, სადღაც პირველი საათისთვის, ფსიქიატრიული კლინიკის სანიტარს მივაწვდი, ისიც სათითაოდ დაურიგებს შემოჯარულ კაცებს – დასუსტებულებს, ფერმკრთალებს, გამხდრებს, უცნაურტანსაცმლიანებს, სიგარეტის სუნით გაჟღენთილებს, შუადღის მზეზე სასეირნოდ გამო -შვებ- ულებს. მე თვალს ავარიდებ და გული მომიკვდება ამ ადამიანების საცოდაობის შემყურეს.

სახლში დაბრუნებული კითხვას ვაგრძელებ: „როცა ღმერთს ვერ ვხედავდი, ადამიანი მაინც მყვარებოდა. სხვანაირად როგორ? რომ გამეშვა, რითი ამომევსო სიცარიელე? უნდა ამერჩია: ან სიცარიელე, ან ტკივილი.

ტკივილი ვარჩიე.“ – წიგნი დავხურე, თვალები დავხუჭე და დავიძინე.

შაბათი დილა.

ვარდისფერ პომადას ვისვამ და ვფიქრობ, მე ფსიქიატრიულ კლინიკაში მივდივარ და რატომ ვისვამ ვარდისფერ პომადას? თეთრი კერამიკის ჭიქას წრიულად ვატრიალებ და ვარდისფრად ვაჭრელებ. დილის ყავას ლია სტურუას დღის ლექსს ვაყოლებ, რომელსაც ასეთი სახელი ჰქვია: „ზღვაზე ვფიქრობ“.

ორი თვე ხდება ყოველდღიურად თითო ლექსს ვკითხულობ და სხვადასხვაგვარად ვუკავშირებ დღის ლიტერატურულ ტექსტებს, მუსიკას, ვან გოგის ნახატებს. ჩვევად მექცა და თავს ძლივს ვიკავებ, რომ მეორე დღის ლექსი არ შემომეკითხოს. დილას ვიწყებ ერთი ლექსით, ღამე ვუბრუნდები. თუ ისე მოხდა, დილას ვერ მოვახერხე წაკითხვა, საღამოს სიამოვნებისგან მაკანკალებს იმის მოლოდინში, ნეტავ რა დამხვდება, ნეტავ რას აღმოვაჩენ.

15 აპრილის დილის ლექსში ვკითხულობ: „რა პანიკურად ვცდილობ,

ერთი-ორი ტალღა გავაჩინო.

ვის მოუნდება მათი მოკვლა,

სად ჩაარჭობენ ლურსმანს?“

რამდენიმე საათის წინ გოლგოთის მთაზე 2017 წლის წინ აწამეს ქრისტე. რა უცნაური წინადადებაა, არა?! ყოველ წითელ პარასკევს მთელი არსებით შევიგრძნობ ორი ათასეული წლის წინანდელ ქრისტეს ჯვარცმას. ჰაერში იგრძნობა. მისტიკური ამბავია.

გზაში კითხვას ვაგრძელებ.

დედის სიმსივნის აღმოჩენისას ალეკოს ექიმი რიე ახსენდება. მე კი ექიმი რიე მამაჩემის ექიმს მახსენებს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ რამდენიმე წლის წინ იმ კაცს ვკითხე, ექიმი რიე თუ იცით-მეთქი, მამაც იქ იყო, იმედიანად უყურებდა მაღალ და ჭაღაროსან ონკოლოგს, რომელსაც ხელში მისი დარენდგენებული ფილტვები ეკავა. ძალიან, ძალიან მინდოდა სცოდნოდა ექიმი რიე, თითქოს ამ წვრილმანზე იყო დამოკიდებული მამაჩემის მეტასტაზმოდებული ფილტვები განიკურნებოდა თუ არა. სამწუხაროდ, მამას ექიმმა ექიმი რიე არ იცოდა. გული დამწყდა.

გზა ბედიანამდე ყველაზე დამღლელი, მაგრამ ულამაზესია. ოცი კილომეტრი მიდიხარ უკაცრიელ ხეობაში და ისე გალევ მანძილს, რომ ერთი მანქანა არ შემოგხვდება.

საავადმყოფოსკენ რომ გადავუხვევთ ხოლმე, გზის ის პატარა მონაკვეთი საუკუნესავით იწელება. ნეტა იცოდეთ, როგორ მინდა, რომ არასდროს დასრულდეს. ჭიშკარს ახალი სანიტარი გვიღებს. ქალთა განყოფილებისკენ ვიყურები, სარეცხის თოკები ჭრელი ტანსაცმლით არის ხოლმე გადავსებული. დღეს რამდენიმე შავი სვიტრი ფრიალებს.

ეზოში ვართ, ხის მაგიდის გარშემო ვსხედვართ. დედა ზურას გვერდით ზის, ეკვრის, ეფერება, ელაპარაკება. შენობიდან ვიღაც კაცი გვიყვირის, გვგონია, რომ სიგარეტს ითხოვს ან ტკბილეულს. ისევ მოგვმართავს ჩვენ და ახლა უკვე კარგად ვარჩევთ სიტყვებს: ქრისტე აღსდგა! – გვეძახის.

– ეტყობა სიგარეტი უნდა. – ვეუბნები ზურას.

– წაუღე. – მეუბნება.

მე ადგილიდან ვერ ვდგები, არც არაფერი მიმაქვს და არც იმას ვპასუხობ, რომ ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე. მგონია, რომ ხმას ვერ მივაწვდენ და ჩემი ყვირილი არაბუნებრივი იქნება, თან ჯერ შაბათია, ჯერ უნდა დაღამდეს. ის კაცი რკინის ცხაურის მიღმა, სიშავეში გაუჩინარდა.

ზურას სახე ახალი გაპარსული აქვს და ძალიან უხდება, მურაზამ გამპარსაო, მისი მეგობარია და როგორც კი დამინახავს, ლელა, დაიკო, როგორ ხარო, მომიკითხავს ხოლმე.

ერთ საათში ზურას თავის შიშებთან დავტოვებთ, შეწუხებულს, დარდიანს, დავუბარებთ, რომ ორ კვირაში „პასილკას“ გავუგზავნით, ზუსტად ერთ თვეში კი ისევ ჩავალთ.

-არ შემეშინდეს, ხო? – მეათასედ გვეკითხება. ვპასუხობთ და ჩვენს სიტყვებს ჩალის ფასი აქვთ, ისეთი უღონოები და უსუსურები არიან. ზურას შიშებს ვერ ვუმკლავდებით. ეს არის ჯოჯოხეთი, რომ ვაცილებთ, ვკოცნით და საავადმყოფოს კართან მიგვყავს. ზურა ზარს რეკავს და ცოტა ხანში კარს უღებენ. ის შედის. ჩვენ მანქანაში ვსხდებით.

სახლში დაბრუნებული წიგნს ვამთავრებ. ბოლო გვერდზე ვკითხულობ: „მოშორებით ღობე ჩანს – საცხოვრებელ კორპუსს საგიჟეთისგან მიჯნავს. შეშლილები ადრე კლინიკიდან ხშირად გარბოდნენ. აგურის კედელზე დაცოცავდნენ და დაბალ ადგილს ეძებდნენ გადმოსახტომად. ერთმა გიჟმა მთელი „ვეფხისტყაოსანი“ იცოდა ზეპირად.“

 

მკითხველო, არ შეგეშინდესო, მომმართა და მე ვუპასუხებ:

– მწერალო, რომ იცოდე, რამდენჯერ ვყოფილვარ ხრუშოვკების გავლით თქვენ მიერ ხსენებულ საგიჟეთში. მეტროდან ცისქვეშეთში ამოსული მაგ ხრუშოვკების უკანა ეზოებით გზას ვიმოკლებდი და ისე ვუახლოვდებოდი ფანჯრებაჭედილ შენობას, ჩაგუბებული „ასტრის“ სუნად რომ ყარდა.

დღეს კვირაა.

მალე ორშაბათი გათენდება და მამას საფლავზე გავალთ, ქრისტეს აღდგომას მივულოცავთ, მისი ვენახის ღვინოს დავლევთ და ერთმანეთს სიხარულით ავავსებთ.

დილას, სანამ სახლიდან გავიდოდი, ჰომეროსის “ოდისეას” ვკითხულობდი.

ჩემი ტექტსებისა და ცხოვრების ოდისეას ტელემაქეს სიტყვებით დავასრულებ, ქალღმერთ ათინას რომ ეტყვის:

” -კეთილო სტუმარო, დაუფარავად გეტყვი ყველაფერს. დედაჩემისგან ვიცი, რომ მისი ძე ვარ. სხვა რა გითხრა, განა მოკვდავმა შეიძლება იცოდეს, ვინ არის მამამისი?”

 

ნაკოჩილა მომხვდა, მასწავლებელო

17342785_1455124461166258_6230759520061950154_n (more…)

კითხვის მაგია

16728996_1421921044486600_4346839492214766736_n-2

თქვენ ახლა ამ ტექსტს  კითხულობთ და ეს სიტყვები აზრს იძენენ. თქვენ გარეშე ისინი არ გაცოცხლდებიან, მათ არსებობას აზრი არ ექნებათ.  თქვენ ტექსტის შექმნის უშუალო მონაწილე ხართ. კითხვის ყველაზე დიდი მაგიაც, ალბათ, ეს არის: მე, ავტორი და ჩვენ შორის ხიდად გაბმული სიტყვები.

სიტყვას ძალა აქვს. ფიზიკურად განვიცდი ამ ორი სიტყვის აზრს – სიტყვის ძალა. სიტყვებს სხვადასხვა ბგერას ვაცმევთ და ჩვენს ხმაში ამოვლებულებს ვუშვებთ ჩვენგან. ხმა რომ არა, რა იქნებოდა სიტყვა?

დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეა. გუშინ დათოვლილ მთებში გაწოლილ გზაზე რომ მივაბიჯებდი, დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი. ხუთშაბათი ონის დღეა, რადგან ეს ერთადერთი დღე აქვთ აქაურებს მთელი კვირის სამყოფი პროდუქტის მოსამარაგებლად, ალბათ, შარშანდელივით ყველა ვერ შეძლებს მოსვლას და ხომ არ გადავდო-მეთქი, მაგრამ მერე წარმოვიდგინე, ერთი დღის განმავლობაში დედამიწელები ხმამაღლა კითხულობენ, მერე ეს ხმები ჰაერს ერევიან და საოცარ ენერგიას ქმნიან, რომელსაც მართლაც შეუძლია სამყაროს შეცვლა. ამიტომ, გადავიფიქრე. რამდენიმე საათში ჩვენი სკოლაც შეიკრიბება ჯადოსნურ ოთახში და ერთმანეთს წავუკითხავთ საყვარელ ტექსტებს.

დღევანდელი დღისთვის პატარა მინი ლექცია მოვამზადე და კითხვის შესახებ სლაიდები შევქმენი. წიგნი, რომლითაც ვიხელმძღვანელე, ფრანგი მწერლისა და მასწავლებლის, დანიელ პენაკის ესეების კრებულია.

სახელი – “რომანივით საკითხავი”;

დაბადების წელი და ადგილი – 1992 წელი, პარიზი;

ავტორი – დანიელ პენაკი, 72 წლის, ჩვენი დროის ერთ-ერთი საინტერესო განმანათლებელი.

წიგნი კითხვის შესახებაა და ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზავნილს პირველივე წინადადება გვამცნობს: “კითხვა” ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს. ამით ის “სიყვარულსა” და “ოცნებას” ჰგავს.”

ნამდვილად ასეა. ნებისმიერი ბრძანება გვთრგუნავს და გაქცევის სურვილს გვიჩენს.

კითხვის შესახებ ამ პატარა წიგნში იმდენ საინტერესო და გულისხმიერ რამეს ვიგებთ, სხვა სულ რომ არაფერი აღარ წავიკითხოთ, ესეც საკმარისი იქნება მკითხველად ჩამოყალიბების ხანგრძლივ გზაზე სიარულისას, თუმცა ამ ყველაფერს ემატება ჩვენი ინდივიდუალური თავგადასავლები, რომლებიც თითოეული წიგნის კითხვის პროცესში გადაგვხდება ხოლმე თავს.

“კითხვა არასდროს იძლევა ცხოვრების მზა რეცეპტს, თუმცა ურღვევ ბადეს აბამს ადამიანსა და ცხოვრებას შორის. ეს თხელი, იდუმალი ძაფებია, რომლებიც ცხოვრების ბედნიერებისა და მისი აბსურდულობის ურთიერთგამომრიცხავ ამბებზე ეგება.”

მუსიე პენაკ, რა კარგად ამბობთ – ურღვევი ბადე ადამიანსა და ცხოვრებას შორის. ბადე იდუმალი ძაფებითაა ნაქსოვი.  რომ იცოდეთ, როგორ გამახარეთ ამის წაკითხვისას! ისიც რომ იცოდეთ, ჩემი რამდენი საინტერესო და უცნაური ამბავია გაბმული ამ ბადეში, ალბათ, არ გაგიკვირდებოდათ.

– იცი, გაბრიელ, შენ რომ ძალიან პატარა იყავი, ღამით ცუდად გახდი და საავადმყოფოში წაგიყვანე.- ერთ საღამოს ბავშვობის ამბებს ვიხსენებთ.

– მახსოვს ეგ მე. მე და მამა სახლში მარტოები დავრჩით და მამამ ფერიებზე წიგნი რომ მაქვს, ეგ წამიკითხა. – ხუთი წლისაც არ იყო მაშინ თეკლა.

არ გამკვირვებია, გამიხარდა.

ჩვენ გვამახსოვრდებიან პირველი წიგნები, გვამახსოვრდებიან ადამიანები, ვინც ისინი გვირჩიეს, გვამახსოვრდებიან ადგილები, სადაც ვკითხულობდით, გვამახსოვრდებიან კითხვისას ჩვენ მიღმა სიტუაციები –  ამინდი, ოთახები, დიალოგები. წიგნები გვინახავენ ცხოვრებას. მეტ ხიბლს მატებენ მას.

მახსოვს, რომელი წიგნი რამდენი წლისამ წავიკითხე, ისიც მახსოვს, რომელი  როგორ მიყვარდა და ვერწაკითხული წიგნებიც არ მავიწყდებიან.

დანიელ პენაკის “რომანივით საკითხავი” 2013 წელს მეგობრის სახლიდან წამოვიღე, თუმცა მეგობარზე მეტად მამას მახსენებს.

ზაფხულია. მარნეულში მივდივართ. გზაში ვკითხულობ, ჩვენს სოფელს ვუახლოვდებით, ბოლო გვერდებს ვამთავრებ. აღტაცება და აღფრთოვანება მეუფლება.  მამას კაკლის ხეზე საქანელა ჩამოუბამს თეკლასთვის, ხელში იყვანს და ისე მიყავს ხისკენ. სათუთად სვამს საქანელაზე, დასაჯდომ ფიცარს ასწორებს და აქანავებს ზევით და ქვევით, ზევით და ქვევით. პატარა გოგო ბედნიერია, თავს უკან წევს და თმებით მიწიდან გამხმარ ბალახებს იკრობს. თეკლას სიხარული მამასაც ბავშურად ახარებს – იცინის და იცინის, თვალები სითბოთი უელვარებს. ვუყურებ ამ ენითაუწერელ ამბავს, ვიმახსოვრებ და მამაჩემზე ვფიქრობ, როგორ შეუძლია ამ უხორხო და უხმოდ დარჩენილ ადამიანს ასე გაგვახაროს, ასე იზრუნოს ჩვენზე, ასეთი ძლიერი იყოს, ასეთი სიხარულის უნარი ჰქონდეს კიდევ, ვეხუტები გაოფლილ სხეულზე, გულში ვიკრავ და უთვალავს ვკოცნი. ისიც ყუჩდება და მინებივრდება.

წამოსვლისას მამა გვაცილებს. გზაზე დგას გამხდარი და მზითგამომხმარტანსაცმლიანი. დგას და  ხელს გვიქნევს. თეკლა ყველაზე მეტად უფართხალებს ხელებს და ემშვიდობება. მამა ნელ-ნელა სივრცეს ერევა, პატარავდება, მაგრამ მაინც უძრავად დგას. თეკლა ტრიალდება და ამბობს, პაპიკო მეცოდებაო. მაშინ არ ვიცოდით, რა სჭირდა შესაცოდი პაპიკოს, მხოლოდ რამდენიმე თვეში გავიგებთ მის დიაგნოზს.

სულ პატარა წიგნია, პალტოს ჯიბეშიც რომ ჩაგეტევა ისეთი და ამდენ მძაფრ განცდას უკავშირდება.

მერე წიგნის ფესტივალზე ვნახე. ჩამოფასებულ წიგნებში იყო არეული და ორი ლარი ღირდა. ათეულობით თითმა სხვა წიგნების სიღრმისკენ გააქანა და ვეღარ ვიპოვნე.

ორი დღის წინ მეორედ მივუბრუნდი.სოფელში ცხოვრებისას კვამლის სურნელი აუკიდებია და ცოტა დანესტილა კიდეც.

არც ამჯერად დავრჩენილვარ მინიშნებების გარეშე.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მიერ წამოწყებულ ფეისბუქ აქციას ჩვენც შევუერთდით და წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად პატარა ვიდეო ჩავწერეთ.

ჩემი არჩევანი ბაჩანა ბრეგვაძის ჩანაწერები იყო, რომელიც უსაყვარლესმა მეგობარმა აღმომაჩენინა და სამაგიდო წიგნად მექცა. რადგან ბაჩანა ბგერვაძის ნათარგმნ “დონ კიხოტის” წაკითხვას ვაპირებდი, დოსტოევსკისა და ფლობერის აზრი ამ რომანის შესახებ საინტერესოდ მომეჩვენა. დანიელ პენაკის  წიგნში ამ ავტორების ერთად ხსენება სასიამოვნო მოულოდნელობა იყო: “მდაბიო ლიტერატურით გამოწვეულმა პროტესტმა გვაჩუქა ორი მსოფლიო შედევრი: “დონ კიხოტი” და “მადამ ბოვარი”.

ან ეს:

“უცნაურია, რომ ხმამაღლა კითხვის ტრადიცია გაქრა. ნეტავ რას იტყოდა ამაზე დოსტოევსკი? ფლობერი? ნუთუ აღარ არსებობს იმის ფუფუნება, რომ სიტყვები ჯერ გავახმოვანოთ და მერე გავიაზროთ? აღარაა სმენა? მუსიკა? ნერწყვი? სიტყვების გემოს ვეღარ ვიგებთ? ესე იგი, არაფერი აღარაა!”

კიდევ ბევრი, ბევრი სასწაული დამთხვევა იყო ამ ორი დღის განმავლობაში.

რატომ? რატომ ხდება ასე? – კითხვები არ მასვენებს.

ფრანგი მუსიე მპასუხობს:

“წიგნების სიყვარული ზოგადად სიყვარულისგან მოდის. ეს თავად სიყვარულია.”

დამეთანხმებით, სიტყვა წკაპაწკუპს ხშირად არ ვამბობთ. 14 თებერვლის დილას ჩემმა ოთხი წლის ბიჭმა თვალები გაახილა თუ არა, შემომხედა და მითხრა:

– დედიკო, წკაპაწკუპი გაიგონე? – ცეცხლის ხმას გულისხმობდა.

-წკაპაწკუპი, წკაპაწკუპი, რა მაგარი სიტყვაა, გაბრო! – ახლა თეკლა აჭყვიტინდა.

წკაპაწკუპი იყო ორი დღის თემა.

ორი დღე დავატარებდი  ამ წინადადებას, მერე დღიურში დავაბინავე.

15 თებერვლის საღამოს ვკითხულობ:

“მაგრამ აი, მასწავლებელმა კითხვა დაიწყო და აისბერგმაც თვალსა და ხელს შუა წკაპაწკუპით იწყო დნობა.” –  ხმამაღლა ვუკითხავ ჩემს ორ შვილს. უნდა გენახათ, რა ჟრიამული გამოიწვია ამ აღმოჩენამ. გარეთ გაბმულად თოვს.ჩემს საყვარელ ნაძვებზე ნისლი ჩამოწოლილა.

მერე ცხრა წლის სანდრო ჩამომიდგა და ასი ათას კითხვას მისვამს. მე ბოლო გვერდებში თავით ვარ გადაშვებული.

– ლელა, მაგას რომ დაამთავრებ, ორი ანეკდოტი უნდა მოგიყვე. – თან მხართან მყავს ასვეტილი.

-ააა, მივხვდი, ეგ გული მანდ იმიტომ დასვი, რომ რაღაც მოგეწონა, ხო? – სანდროს ვეთანხმები და თვალი ერთ-ერთი დაგულული აბზაცისკენ გამირბის:

“თუ არც დრო გვაქვს და არ საშუალება, ერთი კვირით ვენეციაში გავემგზავროთ, რატომ არ უნდა ვიმოგზაუროთ იქ თუნდაც ხუთი წუთით?” – ვკითხულობ ისევ და  ერთ-ერთი გაკვეთილი მახსენდება: სამ მეექვსეკლასელ გოგოს ვუყვები, იცით მე წყალქვეშა ნავითაც მიმოგზაურია, გემის კაპიტნობაც გამომიცდია, კუნძულზე მარტოც დავრჩენილვარ, პარიზის ქუჩებშიც მიბოდიალია, აფრიკაში და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ-მეთქი, ბავშვები თვალებში აღტაცებას იგუბებენ და გულწრფელად სჯერათ ჩემი წიგნებით ნაჩუქარი თავგადასვლებისა. სწორედ  ის დღე გამახსენა ამ აბზაცმა. ახლა, როცა თვითონ დედამიწას გასცდნენ და მარსზე მოგზაურობენ, ხშირად გვახსენდება ის გაკვეთილი და ეცინებათ, როგორ ადვილად დაუჯერეს უცნაურთავგადასავლებიან თბილისელ მასწავლებელს.  .

გუშინ შევიკრიბეთ ჩვენს უსაყვარლეს და ფერად ოთახში, აგიზგიზებული ღუმელის სითბოს ჩვენი სიყვარული გავურიეთ და ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხავდით წიგნებს. არაფერი სჯობს იმის ყურებას, როგორ კითხულობენ ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენთვის, ცალკე ნეტარებაა იმის თვალთვალი, როგორ უჭირავთ წიგნი ხელებში, თითები როგორ აქვთ განლაგებული ფურცლებზე, როგორ სხედან კითხვის დროს, როგორი ხმა აქვთ და როგორი სახე. დღეს განსაკუთრებულ ხიბლს მატებდნენ მასწავლებლები, რომლებიც გვიკითხავდნენ და გვისმენდნენ.

გუშინ ბევრი ადამიანი კითხულობდა ხმამაღლა. ჩემთვის კითხვა, როგორც მოვლენა, მაინც ამოუცნობი და იდუმალი რჩება და  სრულიად ვეთანხმები ფრანგ მოაზროვნეს, რომ –

“ადამიანი  კითხულობს იმიტომ, რომ მარტოსულია. წიგნი მის ცხოვრებაში ისეთ ადგილს იკავებს, რომელსაც სხვა ვერავინ და ვერაფერი დაიკავებს, თუმცა ამ სხვასაც ვერასდროს  შეცვლის წიგნი. კითხვა არასდროს იძლევა ცხოვრების მზა რეცეპტს, თუმცა ურღვევ ბადეს აბამს ადამიანსა და ცხოვრებას შორის. ეს თხელი, იდუმალი ძაფებია, რომლებიც ცხოვრების ბედნიერებისა და ურთიერთგამომრიცხავ ამბებზე ეგება. ამიტომ ჩვენთვის კითხვის საფუძველი ისეთივე უცნაურია, როგორც არსებობის. და არავის აქვს უფლებაა, ასეთ საკითხებზე ანგარიშის ჩაბარება მოგვთხოვოს.”

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რონიადან პერსეპოლისამდე და სადღაც პარიზიც

16265257_1398853593460012_5292502531357963489_n-3

The materials of writing

Choose a subject that you know something about.

Your own experiences

Taking a good look at yourself and your life is an excellent way to being to find materials for writing. You are unique, special. You are special in the things that have happended to you, in the people you know best, in the way you see things. Begin to share your uniqueness by writing about your special experiences. „

“საწერი თემა (მასალები წერისთვის).

აირჩიეთ თქვენთვის ნაცნობი თემა ან თქვენი საკუთარი გამოცდილება.

საკუთარ თავზე და პირად ცხოვრებაზე დაკვირვება, საწერი თემის მოძებნის საუკეთესო გზაა. შენ განსაკუთრებული ხარ. განსაკუთრებული ხარ იმ ისტორიების გამო, რომლებიც შეგემთხვა, ასევე, – იმ ადამიანების გამო, რომლებსაც იცნობ… იმითიც განსაკუთრებული ხარ, თუ როგორ აღიქვამ სამყაროს. გაგვიზიარე შენი უნიკალურობა  პირადი ისტორიების მოყოლით.” – ეს ამონარიდი დედაჩემის ინგლისური გრამატიკის წიგნიდანაა. წიგნს საინტერესო თავგადსავალი აქვს – XXI საუკუნის დასაწყისში გადმოცურა ან გადმოიფრინა ოკეანე და საქართველოს ესტუმრა. მერე ქართველი ინგლისურის მასწავლებლები მივიდნენ და სახლში მოიტანეს  წიგნები სხვა სამყაროდან და სხვანაირები – ფერადები და დიდები, სურათებიანები და საინტერესოები.

დედაჩემის მწვანეყდიანი ინგლისურის გრამატიკის სახელმძღვანელო ორი თვეა ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. პირველი – იმიტომ, რომ მშრალი წესების ნაცვლად შემრჩა  საინტერესო და მარტივი ენით დაწერილი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვწეროთ წერილები, ამბები, თხზულებები, როგორ უნდა გავიმდიდროთ ლექსიკური მარაგი, მეორე მიზეზი, რის გამოც აქტუალურობას არ კარგავს ჩემთვის, არის ის, რომ ინგლისურს ვიუმჯობესებ, ვკითხულობ, ვკითხულობ და ვხვდები, რომ ყველაფერი ნათელი და გასაგებია, ნაკლები ძალისხმევა მეხარჯება კითხვისას და თან  ბევრისმომცემია, მესამე – რაღაცნაირად ჩემი წიგნია, ჩემთვის გამოგზავნილი, ჩემთვის საგანგებოდ დადებული დედას საწერ მაგიდაზე, ათასი მინიშნების მომტანი, თითქოს მეუბნება, ლელა, ძალიან მომწონხარ და უნდა წამიკითხოო, რომ ვიწერებოდი, შენ არ არსებობდი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ იარსებებედი. მართალია, წინ ბევრი რამ გაქვს აღმოსაჩენ-განსაცდელ-გასააზრებელი, მაგრამ, აი, ზუსტად ახლა უნდა ვიყო შენთან და ზუსტად ახლა უნდა შემამჩნიოო. ჰოდა, მეც ვემორჩილები.

წიგნი 1965 წელს არის გამოცემული. ავტორების შესახებ ინფორმაციის მოძიებისას ჯონ ვარინერი (1907-1987) აღმოვაჩინე. მხოლოდ ერთი წელი გვიცხოვრია დედამიწაზე ერთად სხვადასხვა სივრცესა და ადგილას.

ჯონ ვარინერს მიჩიგანის უნივერსიტეტის მერე სწავლა ჰარვადში გაუგრძელებია, შემდეგ ნიუ ჯერსის მასწავლებელთა კოლეჯში ასწავლიდა, საიდანაც მასწავლებლური მოღვაწეობა გარდენ სითის უმაღლეს კოლეჯში დაუსრულებია.

მისი ხელმძღვალენობით დაწერილი ინგლისური გრამატიკის წიგნი, რომელიც სკოლის სხვადსახვა კლასისთვის არის განკუთვნილი, ექვს სერიად გამოცემულა და 30 მილიონი ეგზემპლარი გაყიდულა. ასევე არსებობს წიგნის აუდიო ვერისები, დაბეჭდილია ელექტრონულად და ბრაილის შრიფტით.

როდესაც გეუბნებიან და თან ამას გეუბნებიან მოზარდობისას, სკოლაში, რომ შენ უნიკალური და ერთადერთი ხარ შენი გამოცდილებითა და არსებობით, ზუსტად იმით ხარ საინტერესო, რითაც ჩემგან განსხვავდები, რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობას გიმაღლებს, თვითძიების გზას გიადვილებს და გიმრავალფეროვნებს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ყოყლოჩინა და თავკერძა უნდა გახდე, პირიქით, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და ცხოვრების გზაზე ფეხზე მყარად დგომის ძალას გაძლევს.

ისევ ჩემს მოსწავლეობის ხანას ვუბრუნდები და დაღდასმული ადამიანები მახსენდებიან – ოროსნებად, სამოსნებად, ოთხოსნებად, ხუთოსნებად, უცნაურებად, ნიჭიერებად და უნიჭოებად დაყოფილი, პატარა ადამიანებისგან შემდგარი სოციუმი, სადაც ნებისმიერი განსხვავებულობის გამოხატვა ჩვენში ერთდროულად იწვევდა დაუფარავ აგრესიასა და ფარულ მოწიწებას.

მე მასწავლებელი ვარ და არ მინდა, რომ დღეს იგივე ხდებოდეს სკოლაში, საკლასო ოთახში.

რა შემიძლია? – ვეკითხები საკუთარ თავს.

პატარა ნაბიჯების ძალის რწმენას ვიღვივებ და ვცდილობ, არ გამოვარჩიო მოსწავლეები ერთმანეთისგან. სასწაულებს ახდენს ეს მიდგომა. საკლასო ოთახის კარს მივხურავთ თუ არა, სულ სხვა სამყარო იწყებს არსებობას. სამყარო, რომლის წეს-კანონებს, განწყობას მასწავლებელი და მოსწავლეები ქმნიან. ფაქტიურად, პატარა ექსტრასენსების წინაშე ხარ: გშიფრავენ იმაზე კარგად, ვიდრე ეს სიმართლის დეტონატორსა თუ თვითონ შენ შეგიძლია, მათთვის არ არის საჭირო სიტყვები, სიტყვებზე მეტად შენი მზერით, მოძრაობებით, მიმიკებით გცნობენ.

მაშ ასე, წერაატანილი სამი გოგო და მათი ასევე წერაატანილი მასწავლებელი იწყებენ კონფერენციისთვის თემების წერას. მიდგომა ასეთია: თითოეული მათგანი განსაკუთრებული და განსხვავებული ხასიათის, თვისებების, უნარ-ჩვევების მატარებელია, სწორედ ამაში უნდა დარწმუნდნენ და სხვებიც დაგვარწმუნონ. ეს არის თემაზე მუშაობის უმთავრესი მიზანი.

შეთანხმება თავისი გეგმებითა და სათაურებით არდადეგების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაფორმდა თითქმის ყველა მერვე, მეცხრე და მეათეკლასელ მოსწავლესთან, მაგრამ, საბოლოოდ, მას მხოლოდ სამმა მერვეკლასელმა მოაწერა ხელი.

პროცესი

მუშაობის პროცესი  ძალიან საინტერესო და რთული იყო. თამუნა, მარიამი და კესო პირველად ეჭიდებოდნენ ამ სტილის თემას, მაგრამ გეგმებმა ყველაფერი გააადვილა. თემის სათაურების შერჩევისას ორ პრინციპს ვითვალისწინებდით: 1. თემა თვითონ მათ უნდა მოსწონებოდათ და 2. წაკითხული წიგნები უნდა მოერგოთ თემებისთვის.

ასე შევარჩიეთ სამი თემა ლიტერატურის სექციისთვის:

  1. ომის თემა მხატვრულ ლიტერატურაში (ნოდარ დუმბაძის „მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი“, მირზა გელოვანის პირადი წერილები, ერიხ მარია რემარკის „ჟამის სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, ნუგზარ შატაიძის „მოგზაურობა აფრიკაში“, თამთა მელაშვილის „გათვლა“, თეა ლომაძის „წერილი ბოთლში“, მალალა იუსაფზაის „მე ვარ მალალა“, მარჯან სატრაპის „ პერსეპოლისი“);
  2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ლიტერატურული პერსონაჟები (მიხეილ ჯავახიშვილის „ჩანჩურა“, ნოდარ დუმბაძის „დიდრო“, პალაციოს „საოცრება“, შერონ დრეიპერის „გონების მიღმა“, დენიელ კიზის „ყვავილები ელჯერნონისთვის“, მარკ ჰედონის „რა შეემთხვა ღამით ძაღლს და სხვა უჩვეულო ამბები“);
  3. სკოლა ორი მოთხრობის მიხედვით – გოდერძი ჩოხელის „უფლისჩიტა“ და რეი ბრედბერის „მთელი ზაფხული ერთ დღეში“

ზოგი წიგნი წაკითხული ჰქონდათ, ზოგი საგანგებოდ თემისთვის წაიკითხეს.

და ერთი თემა ფოლკლორის სექციისთვის – “თქმულებები „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟების შესახებ და დიალექტური კორპუსი“;

Corpora.co

Corpora.co ანუ დიალექტური კორპუსი, ჩემთვის ნაცნობი ინტერნეტ რესურსი იყო, თუმცა ასეთი საინტერესო თუ აღმოჩნდებოდა, ნამდვილად არ მეგონა.

მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის დიალექტური კორპუსი საინტერესო თავგადასავლების საძიებლად შესანიშნავი ადგილია. შეგიძლიათ, დაგეგმოთ გაკვეთილები, გაიგოთ საკუთარი სოფლის, გვარის შესახებ უცნობი ამბები, თქვენ თვითონ ჩაწეროთ და მიაწოდოთ ამ პროექტის ხელმძღვანელებს თქვენი თანასოფლელების საუბარი, ერთი სიტყვით, გადასარევი რამეა შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად და ცოდნის მისაღებად.

რადგან ჩემი მოსწავლეები პირველად წერდნენ საკონფერენციო თემას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩემთვის საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა მუშაობის პროცესი: უნდა მომეძებნა შესაბამისი სამეცნიერო ლიტერატურა, სტატიები და ეს ყველაფერი იმ მწირი სამეცნიერო ლიტერატურის ფონზე, რაც აქ მაქვს (გვაქვს), ჯეოსელმაც ზუსტად ამ პერიოდში აურია და ოპერატორებთან მთელი სოფელი ვრეკავდით, რომ რაც შეიძლება მალე გამოესწორებინათ ტექნიკური ხარვეზები.

მოსწავლეებმა თემაზე მუშაობისას გაიგეს, რა არის გამოყენებული ლიტერატურა, სქოლიო, როგორ უნდა შეარჩიონ სათანადო ამონარიდი თემისთვის, როგორ არ უნდა დაკარგონ სათაურთან კავშირი და კიდევ ბევრი სხვა რამ.

წინა დღის ამბები

წინა დღეს კესომ და მარიამმა იმიტირებული პრეზენტაცია ჩაგვიტარეს. ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ, ის დღე დაუვიწყარ მოგონებებად შემოვიტოვეთ. გაკეთილების დასრულების მერე კიდე დიდხანს შემოვრჩით სკოლას მე, კესო, მარიამი, თამუნა მასწავლებელი და ჟუჟუნა დეიდა. მერე ხელი მოვხვიე წიგნებს, კომპიუტერს,  ჩანთებს, გულში პრინტერი ჩავიხუტე და სახლის გზას – თოვლიან აღმართს – დავადექით.

თამუნა ვირუსის გამო სკოლაში არ იყო. პრეზენტაციისა და რჩევების გარეშე განწყობა არ შეეცვალოს-მეთქი, ვიფიქრე და საღამოს მისი სახლის გზას დავადექი. თეკლამ ტირილი დაიწყო, არ მეშინია ვირუსების, ბოროტისა და ავი სულებისგან უნდა დაგიცვაო, დამაშანტაჟა, გაბრიელიც აგვეტორღიალა, უზარმაზარი ფანრით ხელში მივიკვლევდით გზას ღამეული სოფლის მდუმარებაში.

სახლში დაბრუნებისას ფანრის შუქზე მოფარფატე ფიფქების უხმაურო და ულამაზეს მოძრაობას ვაკვირდებოდით და ვეძებდით სახლს, რომელიც საკვამურიდან ამომავალი კვამლითა და და განათებული ფანჯრებით უნდა ამოგვეცნო.

მოგვიანებით მარიამმა დამირეკა, უკვე მზად ვარო და ასეთი წინა დღეებისთვის დამახასიათებელი აუცილებელი კითხვა დამისვა, ხომ ვიპრანჭებით, მასწავლებელოო. ბოლოს მითხრა, წარმოვიდგინოთ ხვალ  ვითომ პარიზში მივდივართო.

ონში გამგზავრება დღესასწაულს ემსგავსება ხოლმე, თუმცა სადაც არ უნდა ვიყოთ ან მივდიდეთ, სადღესასწაულო შეგრძნებებს ჩვენ ვიქმნით.

კონფერენციის დღე

მთელი ღამე გადაუღებლად თოვდა. ონში კომბოსტოებივით შეფუთულები მივემგზავრებით. ადრე ჩავდივართ და ცხელ-ცხელი ჩაის დასალევად ახალგახსნილ კაფეში მივაქროლებ სამ მერვეკლასელ გოგოს. კაფე დაკეტილი გვხვდება, თუმცა მის ზემოთ მავთულზე ჩამომსხდარი მტრედები განწყობას გვიმაღლებენ,  ერთერთს განმარტოებით ჩამოსკუპებულს ვამჩნევთ ხის ტოტზე, ერთმანეთს ვანახებთ, სურათებს ვუღებთ და რომ არ დაგვაგვიანდეს, რესურსცენტრში ვბრუნდებით.

ჟიურის წევრების თბილი და კეთილგანწყობილი აურა ბავშვებს ათამამებს და თავდაჯერებულობას მატებს.

სამწუხაროდ, დიდთოვლობის გამო გზები ჩაიკეტა და სოფელ ღების სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ონში ვერ ჩამოვიდნენ.

ეს იყო განსაკუთრებული ემოციებისა და შთაბეჭდილებების დღე. შეუძლებელია, არ იგრძნო მოზარდების მომნუსხველი ძალა და ხიბლი, რომელსაც ასხივებენ. თითოეული მონაწილე საინტერესო და განსაკუთრებული იყო.

ჩემმა გოგოებმაც წარმატებით გაართვეს თავი დაკისრებულ პასუხისმგებლობას. და როცა თავის ადგილებს უბრუნდებოდნენ, ერთი სული ჰქონდათ, როდის გამიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს, მაგრამ კონფერენციის დამთავრებამდე გასუსულები ვისხედით.

კაფე „გვირილა“

სოფელში დაბრუნებამდე ნახევარი საათია დარჩენილი. ოთხივე კაფე „გვირილასკენ“ მივქრივართ. გზადაგზა სურათებს ვიღებთ, მარიამს სინაგოგის ნახვა უნდა, მაგრამ ვერ ვასწრებთ. გზად უფანჯრო და მიტოვებულ სახლი მის პერეგრინის სახლს გვაგონებს და კიდევ ნინია მაჭარაშვილის სტატიის სურათს, ერთერთ გაკვეთილზე რომ დავამუშავეთ. მტრედები გაფრენილან.

-მასწავლებელო, ერთი სული მაქვს, როდის გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს, იცით, მეგონა, რომ ჩემი სული ლაპარაკობდა და ხორცი არ მქონდა, მეგონა, რომ მე მე არ ვიყავი და ვიღაც სხვა გოგო ლაპარაკობდა ჩემ მაგივრად, ადამიანები რომ მიღიმოდნენ, დიდი ბედნიერება იყო, – ემოციებს გვაფრქვევს მარიამი – თავიდან შიშის დასაძლევად, ვიფიქრე, რომ რონია ვიყავი, მგლის ხახასთან რომ იდგა და ვიფიქრე, რომ მალალა ვიყავი, ამ ფიქრებმა გამაძლიერა. წიგნები რომ არ მქონდეს წაკითხული, ასე ვერ გავართმევდი თავს. ესმე კი არ ვიყავი, ეს ჩემი რემარკი მალაპარაკებდა ( რემარკის  წიგნმა „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“ გადააწყვეტინა ომზე თემის დაწერა).

კაფეში თბილა. უჟმური ამინდი ვერ აღწევს ჩვენს გულამდე. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, სხვები არ უნდა ვალოდინოთ. მაგიდას ვირჩევთ და მის თავზე დაკიდებულს სურათს ვამჩნევთ წარწერით PARIS – კი, მარიამ, ჩვენ ჩვენს პარიზში ვართ, ამბებში, რომლის მთავარი გმირები ჩვენთან ერთად საყვარელი წიგნების პერსონაჟები და ავტორები არიან და ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ, ამიტომ ვკითხულობთ მეტი ინტერესით, ვწერთ და ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ამიტომ გვეინტერესება ცხოვრება ჩვენს ულამაზეს, მაგრამ მოსაწყენ სოფელში. წიგნები დროს არ გვიტოვებენ მოსაწყენად და არც წიგნიერი ადამიანები გვაკლებენ სიყვარულს. ეს ყოველივე კი უზომოდ სასიამოვნოა!

მარიამი ჭამას არ გვაცლის, გვალაპარაკებს და გველაპარაკება, ჩვენ საჩქაროდ ვიტენით ალბუს დამბლდორის გამოგზავნილ ყვითელ გულებიან და ღიმილოსან ნამცხვრებს, ვხვრეპთ ყავას და ველურებივით ვიქცევით, იმიტომ, რომ არ უნდა დაგვაგვიანდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ერთად ყოფნის დრო იწურება, იმიტომ, რომ საერთოდ ვერაფერს ვასწრებთ, მაგრამ ამასობაში მოვასწარით: ათასი სურათის გადაღება, შთაბეჭდილებების ნაწილობრივ გაზიარება, ნამცხვრებისა და ლობიანების გადასანსვლა, ჩვენი წიგნების – „ფაზლი, ეტლი, წინდა“ , მარჯან სარტრაპის „პერსეპოლისისა“ და დიანა ანფიმიადის „წინასწარმეტყველება მურაბით“ – გამომზეურება, კომბოსტოებად გადაქცევა და  იაშას მარშუტკისკენ თავქუდმოგლეჯური ქროლვა.

თამუნამ, ემოციებისგან საუბარი არ შემიძლიაო.

კესომ, მასწავლებელო, მე მინდოდა ისე გამეკეთებინა პრეზენტაცია, როგორც თქვენ გინდოდათო. ჰგონია, რომ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ყველანაირად ვცდილობ, მოვუხსნა შფოთვა და დავარწმუნო, რომ ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად გამოუვიდა. მეთანხმება, მაგრამ მგონი, არ მიჯერებს.

კაფეს გარემო არ გვეთმობა და იდეა თავისთავად იბადება – შემდეგი მირამისობის აქ მოწყობა. ამ იდეის განხორციელება არ არის რეალურობას მოკლებული. მთავარია, ონიდან უწერამდე გზა ყინულისგან გათავისუფლდეს.

აბა, ახლა ერთმანეთი შევაფასოთ! – თვითშეფასების მერე ურთიერთშფასების დრო დგება, მარშუტკაში ვინაცვლებთ, ერთმანეთს აქებენ და ეფერებიან. ისე არიან აჟიტირებულები, ცოტა არ იყოს მეშინია. ვჩუმდები, ისინი არ ჩუმდებიან. გზა თანდათან უფრო მოლიპლიპებული ხდება. თითქოს წინასწარ ვგრძნობ, რომ მანქანა უნდა მოსრიალდეს. თოვლიან გზაზე საჭე უმისამართო რომ ხდება, უკვე შევეგუე. ახლაც მანქანა ოდნავ მოსრიალდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია ასეთ გზაზე, ჯაჭვების იმედად ყველაფერი კარგად სრულდება ხოლმე, თან გზის კიდეებზე ისეა თოვლი მოყინულ-შეზვინული, ვერსად გადავარდები, ძალიანაც რომ გინდოდესო, მამშვიდებენ ხოლმე. მანქანას ვაჩერებ და გოგოებთან ერთად გზას ფეხით ვაგრძელებ. სოფელში ვართ უკვე. ეს შეჯანჯღარება ნიშანი იყო იმისა, რომ ციდან მიწაზე უნდა დავეშვათ და ნებისმიერი წარმატება ისეთივე სიმშვიდით, სიხარულით და მოწიწებით მივიღოთ, რომ მიწაზე მყარად დგომა არ დაგვავიწყდეს-მეთქი.

სოფელი სულ თეთრია და მასთან უკან დაბრუნებულები ვგრძნობთ, რომ უფრო მეტად გვიყვარს.

მიწას თოვლი გვაშორებს, სიხარული არ გვტოვებს, მაგრამ უჩვეულოდ მშვიდად ვართ.

ამ უგრძელეს წერილს  მარიამის შეფასებით დავასრულებ – ეს დღე მოგზაურობა რონიადან პერსეპოლისამდე იყოო. რონია მისი (ჩვენი) წაკითხული პირველი წიგნია, პერსეპოლისი – ბოლო.

ვის დაესიზმრა ეს?

15135922_1324392044239501_8218212003983548892_n

“ადამიანები გრძნობენ ვინმეს სიზმარს?

მე ვერ ვგრძნპბ შენს სიზმარს.” – თეკლა

“შენ კი, როგორ გგონია, მაინც ვისი სიზმარი იყო ეს?” -ლუის კეროლის სარკისმიღმეთი

მესიზმრა, აღმაშენებელზე ვსეირნობდი. კაფეების მთელი რიგი იყო ქუჩის ჩაყოლებაზე. ვიღაცასთან ერთად ვიყავი. ვერ ვიხსენებ. ბუნდოვანებაშია გახვეული. მინდოდა, თავის გზით წასულიყო. ვფიქრობდი, რომელიმე კაფეს ამოვირჩევ და დავწერ-მეთქი. მერე აივანზე აღმოვჩნდით. აივანი ქვით იყო მოპირკეთებული. სვეტად რომელიღაც ცხოველი ედგა. მივუახლოვდი, ჩავეხუტე და ლოყა მივადე. მესიამოვნა ქვის სითბო და გამოფიტული სირბილე. ცისკენ ავიხედე. ვარსკვლავები უცნაურად დიდები და ამოძრავებულები იყვნენ. თვალი ვერ მოვწყვიტეთ ცას. მალე პლანეტებიც მოგვიახლოვდნენ. სახლების სახურავებამდე ჩამოვიდნენ. მთელი გალაქტიკა მოგვიახლოვდა – სატურნიც, იუპიტერიც. ყველას გვეშინოდა, ვცახცახებდით. მერე ამ უძველეს აივანზე ხმაურით ცვიოდა ციდან გაქვავებული, დაპატარავებული ბრჭყვიალა ვარსკვლავები. თავზარდაცემულები ვასკდებოდით ერთმანეთს. საშიში არაფერი იყო, მაგრამ ცის არსებების უჩვეულობამ და გადედამიწელებამ თავდაყირა დააყენა ჩვენი განცდები, ფიქრები, ქმედებები.

რამდენიმე დღის წინ მდინარე მესიზმრა –  ძველისძველი, განიერი, ღრმა და დაწმენდილი. ნაპირს მივუახლოვდით და თევზები დავლანდეთ. ჩვენს დანახვაზე ნაპირთან მოჯარდნენ და ჩხუბი დაიწყეს. სხვადასხვა ზომისა და ფერის იყვნენ, შემაშფოთებლად ლამაზები და მედიდურები. სანახაობა ჭეშმარიტად უცნაური იყო.

სიზმრებს შორის საღამოა. მე და ჩემი ბიძაშვილი კაფეში ვსხედვართ, მოპირდაპირე კედელზე წიგნებით სავსე ღია თაროა. სუსტი განათებაა და ჩაბნელებულ წიგნებს ვუთვალთვალებ. ვხვდები, რომ უმეტესობა ძველი გამოცემაა. ვფიქრობ, ავდგები, სურათს გადავუღებ და აქტივობად გადავაქცევ: ავტორებისა და სათაურების მიხედვით, ასოციაციების მოშველიებით საინტერესო გაკვეთილს დავგეგმავ-მეთქი, ზუსტად ამ დროს წყვილი მოვიდა, მაგიდასთან დასხდნენ და წიგნებს ჩამოეფარნენ. რამდენიმე წუთში რაჭიდან წერილი მოწკაპუნდა:  “ჩემო მშვენიერო მასწავლებელო, ნეტავ ახლა რას ფიქრობთ?”

ვსაუბრობთ და თვალს ვაპარებ იქით, ჩაბნელებული კუთხისკენ. წიგნები შემეცოდნენ. არ ვიცი, რატომ. შორიდანვე ეტყობათ, რომ უმეტესობა ძველი გამოცემაა. თაროზეც დიზაინის მრავალფეროვნებისთვის შემოულაგებიათ. წამოსვლისას მივედი და სანამ მივუახლოვდებოდი, ჩავიფიქრე, პირველივე წიგნს, რომელსაც ხელს მოვკიდებ, ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდება-მეთქი. ჟან-ჟაკ რუსოს სქელტანიანი რომანი „ჟიული, ანუ ახალი ელიოზა“ შემრჩა ხელთ. რუსოს სახელი მეცნობა, წიგნის ყდაც თვალმოკრულია, მაგრამ, რომ დავფიქრდი, აღმოვაჩინე, რომ ავტორის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მერე ვიკიპედიამ მამცნო, რომ მე-18 საუკუნის ფრანგი განმანათლებელი ჟან-ჟაკ რუსო დედით მალევე დაობლებულა და მამას გაუზრდია. რუსო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აღზრდასო და დიდი ცვლილებებიც შეუტანია საკუთარი ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეში.

აღზრდა, სწავლა, განათლება – გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს წიგნი კიდევ ვიღაცასთან მაკავშირებს და რაღაცას მიპირებს. ჯერ არ ვიცი რას.

წამოსვლამდე კიდევ ერთი წერილი მომივიდა რაჭიდან, ნაძვებისა და ფიჭვების სამეფოდან, ცხრა წლის ნინი ჰარი პოტერზე მწერდა: “ჰარის სარკეზე რომ უთხრა დამბლდორმა დაიმახსოვრე, ოცნებაში არ უნდა გადაეშვა და ცხოვრება არ უნდა დაივიწყოო, კიღამე ვიტირე. გული ამიჩუყდა და ამიჩქარდა.”

იცით როგორ კითხულობს ნინი ინგლისურის ტექსტებს? წვრილ თითებს აყოლებს სიტყვებს და სულ ოდნავ, ოდნავ უკანკალებს. რომ ვუყურებ, სიყვარულისგან გული მტკივდება ხოლმე.

 

გაქცევა მომინდა ამ კაფედან, ამ ქალაქიდან. ყველასგან გაქცევა. სიზმრებიდანაც, რეალობიდანაც ან – პირიქით.

მე აქ ვარ.

საერთოდაც, იქნებ ვინმეს სიზმარი ვარ?

იქნებ ჩვენ ყველა ერთმანეთის სიზმრები ვართ?

“- ახლა კი, ციცი, მოდი, ერთად დავუფიქრდეთ, თუ ვის დაესიზმრა ეს ყველაფერი. უბრალო საკითხი არ გეგონოს… იცი, მე თუ მკითხავ, ეს სიზმარი ან ჩემი იყო, ან შავი მეფისა. მე ის მესიზმრებოდა და ამას წყალი არ გაუვა, მაგრამ შემდეგ მასაც ხომ ვესიზმრებოდი?! არა, ნუთუ ეს მაინც შავი მეფის სიზმარი იყო, ჰა, ციცი? დამეხმარე, გთხოვ, გამარკვევინე ეს ამბავი! ”

 

 

 

ცასთან ახლოს

იანვრის ერთ მზიან დღეს მეგობრებთან ერთად გუდაურში აღმოვჩნდი.

გზა – თბილისიდან გუდაურამდე – ყველაზე მეტად მიყვარს.

არსებობენ გზები, ყოველი გავლისას ტკივილისგან გულის შემკუშველები – ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი გზები.

აი, მისაქციელი, ახალსოფელი, ანანური, ჭართალი, ჯუღისი, ხანდოს ხევი, ფასანაური, ჩაბარუხის ასახვევი, გუდამაყრისკენ გადასახვევი, იქვე სოფელი ბახანი, ისევ აქეთ – არაგვის მეორე მხარეს შეფენილი სოფელი და მამაჩემი, თავის მეგობართან რომ წაგვიყვანა მე და დედა, აღმართებზე რომ გვატარა, მერე – დაღმართებზე, თავის შინაგანი ძალა და მზრუნველობა სამუდამოდ დატოვა ჩემს ბავშვურ სამყაროში იმ ფერდობებზე.

ბავშვობას მთებში ვტოვებ და რეალობას ვუბრუნდები. მოგონებები არ მეშვებიან, თავისკენ მიზიდავენ, სოფელ არახვეთს მივუახლოვდით, მერე ქვეშეთი გავიარეთ, მერე მლეთა და უღელტეხილის გზას შევუდექით.

ყველგან ჩემი ოჯახის წევრების, მეგობრების, ახლობლების, ძვირფასი ადამიანების ანარეკლია, მათი ხმებისგან და სიცილისგან გაკვეთილა ჰაერი, ჩვენი არსებობის ნიშანი დაგვიტოვებია.

ათი წლის მერე ისევ ვირგებ თხილამურებს. ირგვლივ ვერავის ვერ ვცნობ, საშინელი განცდაა. უამრავი ხალხი ირევა და შენი ნაცნობებიდან საერთოდ არავინაა. შეიძლება, ვიღაცისთვის ეს სასიხარულოც კი იყოს, მაგრამ მე ადგილები ადამიანების გამო მიყვარდებიან და მამახსოვრდებიან.

ათი წლის მერე ისევ აღმოვჩნდი საკამოდ მაღლა, ცასთან ახლოს. წინ მოყინული დაღმართები მელის, თვალს ვერ ვაწვდენ ადგილს, საიდანაც ამ მთაზე აღმოვჩნდით. მე და ჩემმა მეგობარმა ქეთომ გადავწყვიტეთ, გავბედოთ და მოლიპულ დაღმართებზე დავეშვათ.

ამ სასრიალო ტრასაზე მესამედ ვარ, ის ორი შემთხვევა მთელი ათი წლის წინ იყო და ახლა ისევ რომ აღმოვჩნდი აქ, გამოწვევად მივიღე. არადა, არც არავინ მყავს ისეთი, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს, სხვები ქარის უსწრაფესად დასრიალებენ, ქეთოს თავისი თავი გასჭირვებია, ზვიოც ქვემოთაა, მუხლების გამო ვერ სრიალებს და ჩვენ გველოდება. ერთი სიტყვით, მარტო ვარ, უმწეო და დაუცველი, მთებში და ცის მახლობლად. სამი გზა მაქვს: პირველი – ისევ ავბრუნდე და საბაგიროს ჩავყვე, მაგრამ მძიმე თხილამურების თრევა მეზარება, მეორე – უთხილამუროდ დავუყვე გზას, ეს კიდევ უფრო მეზარება და მესამე – გავბედო, გავბედო, გავბედო, მხოლოდ    გა – ვ -ბედ -ო    და დავეშვა, თან საკუთარ თავზე ნერვები მეშლება, რას ამოვეხეტე აქ ე.წ. „ჩაინიკი“, თან იმაზე ვბრაზობ, რატომ ვერ ვბედავ, ხომ შემეძლო ადრე ის, რისიც ახლა მეშინია.

უეცრად ვდუნდები და საოცრად მინდება ჩემი შესაძლებლობების გამოვლენა, გამოცდა, შიშსაც ვივიწყებ.

ვბედავ და ვეშვები ქვევით, მწვერვალიდან დაბლობისკენ.

მოვქრივარ და თან ავტოტრენინგს ვიტარებ: ლელა, მთავარია, არ შეგეშინდეს, არ იფიქრო, რას აკეთებ, იფიქრე, როგორ აკეთებ. გაიხსენე ყველა წესი, ხომ გახსოვს, მთავარია, პირდაპირ არ დაეშვა, სისწრაფე რომ არ აკრიფო, აა, ფეხები გიკანკალებს? ეგ არაფერი, ყურადღება არ მიაქციო. გეშინია, არავინ დაგეჯახოს? არ იფიქრო მათზე, ისინი თვითონ აგარიდებენ თავს და ჩაგივლიან, თავისი გზით წავლენ და იმ სისწრაფით ივლიან, რომელსაც აირჩევენ, ვერასდროს ნახავ ამ სიტუაციაში მათ.

გზადაგზა დაღმართები საშინლად ციცაბო და მოლიპულია, მერე რაა, ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად გამოგდის, მთავარია, არ გაჩერდე, არ შეშინდე, არ იფიქრო, რას აკეთებ და არ გათამამდე.   ჩემს თავზე მეცინება. ამასობაში მზე ჩადის და ცა მუქდება, ვჩერდები და სურათებს ვუღებ ბედნიერებით ამვსებ ჩემს მთებსა და ადგილებს.

ფიქრები მომყვებიან და ახლა იმაზე ვფიქრობ, როგორ გავს ცხოვრებას ეს სიტუაცია. ამ აღმოჩენით გახარებული ხმამაღლა ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ არ გავჩერდე, პარალელურად ვფიქრობ, განა მარტო ამ მოლიპულ გზებზე, ცხოვრების გზაზეც არ გავჩერდე, არ შემეშინდეს წაქცევის, ვინმეს დაჯახების, ისეც შეიძლება ქმედება, ეს ყოველივე რომ ავიცილო, წინ შენი გზაა, შენი ქმედების დრო და თუ იმაზე იფიქრე, რას აკეთებ, აუცილებლად წაიქცევი, აუცილებლად დაკარგავ წონასწორობას. ამასთანავე მთელი არსებით ვგრძნობ სამყაროს მშვენიერებას.

ამასობაში ბინდდება, ქვემოთ სასტუმრო „მარკო-პოლოს“ ვლანდავ და ჩემი თხილამურებიანი მარკოპოლობაც დასასრულს უახლოვდება.

მთელი გზა თოლია ჯონათან ლივინგსტონი მახსენდებოდა, დილასაც დავიმგზავრე და მანქანაში, იასამნისფერ ზურგჩანთაში მელოდა.

„მოწყენილობა, შიში და რისხვა: აი, მიზეზები, რომელთა გამო თოლიას სიცოცხლე ასე ხანმოკლეა, და რაკი ეს ყველაფერი ჯონათანმა თავისი თავიდან განდევნა, იმიტომაც იცხოვრა ხანგრძლივი, მშვენიერი ცხოვრებით.“

თოლია ჯონათან ლივინგსტონ, მე შენი ძალის მჯერა!

პ.ს: წიგნები და ადამიანები შემთხვევით რომ არ ჩნდებიან ჩემს ცხოვრებაში, ამაზე ხშირად ვწერ. ორი დღის წინ ნინო მიყვებოდა ჯონათანის შესახებ, ვკითხულობდი და რატომღაც მახსენდებოდი, მინდა, რომ წაიკითხოო. ეს ის ნინოა, ჩიკაგოდან ორი დღის ჩამოსული ოჯახიანად მოულოდნელად რომ დამადგა თავს უწერაში. წიგნი ქეთომ გვათხოვა. გუდაურში მათთან ერთად ვიყავი. ქეთო სულ მეორედ იდგა თხილამურებზე და იმ მწვერვალიდან მაინც დაეშვა, სულ მაოგნებს მისი შესაძლებლობები, გამბედაობა, შინაგანი თავისუფლება, იუმორი. ხომ არსებობს ინტერტექსტუალური პარალელები. ეს დღე  ლიტერატურულ ტექსტსა და ჩემს ცხოვრებასთან გავლებული პარალელებით იყო სავსე.

15826499_1377817405563631_6238874680436819607_n

ადგილის ძალა

ადგილის ძალის მჯერა. ბევრს ვფიქრობ მასზე. ადგილებისა და ადამიანების მიზიდულობებისაც მწამს. ხშირად აღვნიშნავ, რომ სოფელში ყოფნისას აქაურობა მიზიდავს, ქალაქში ჩამოსულს სოფელი მენატრება. ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის. გამობმული ვარ უხილავი ძაფებით ორივესთან და მარიონეტივით მათამაშებენ. მომწონს ეს თამაში. ორივე ადგილი სხვადასხვა შეგრძნებებს იწვევს ჩემში.

თბილისში რომ ჩამოვდივარ, ვერ ვწერ. ისეთი უფერული ხდება ჩემი შინაგანი სამყარო, თავს მაკარგვინებს. საკუთარი თავისთვის დროს არ მიტოვებს ქალაქი. სწავლის დაწყებამდე დღეებს ვითვლი. უჰაერობას ემსგავსება ჩემი მოსწავლეების გარეშე არსებობა.

ადამიანები, რომლებიც ამრეზით უყურებენ სოფლის ცხოვრებას, სიბრალულს მიღვივებენ. სოფელი მეცოდება – უმწეო ადამიანივით რომ იჩაგრება საზოგადოების მიერ. სოფელი ვერ იცვამს ბრჭყვიალა ნეონის განათებებს, ვერ მოიწონებს თავს ადამიანების სიმრავლით, თან ყველა გაურბის. მარტო ზაფხულში იხსნებენ ხოლმე, როცა სჭირდებათ. აგერ ჩემი უკეთილესი გოგოც ამბობს, რომ დაიღალა სოფელში ცხოვრებით, რომ სამი წელია უკვე იქ ცხოვრობს. გაბრიელსაც ვერ ვატყობ დიდ მონატრებას.  მხოლოდ ამ დილას წამოცდა უწერის სახელი, თუმცა ეს გაუცნობიერებელი მოვლენებია.  ქვეცნობიერი მონატრება და მიჯაჭვულობა თეკლას ნახატებში მჟღავნდება – ხელიხელჩაკიდებული თანატოლები და თანასკოლელები წმნიდა გიორგის ეკლესიის ფონზე.

თბილისი ქედმაღლობს. თბილისში სხვადასხვა უბნები ქედმაღლობენ. დაბადებიდან დაშტამპულები ვართ ის ადამიანები, რომლებიც გარეუბანში დავიბადეთ. რა ვქნათ, თუ სხვებისგან განსხვავებით არ გაგვიმართლა?! სოფელში დაბადებულები კიდევ უფრო ცუდ დღეში არიან. ასე გამოდის ლოგიკურად. არადა, რომ დაფიქრდე, რა კოშმარია, რა საშინელებაა, გეოგრაფიული ნაგლეჯის მიხედვით ერთმანეთის გამორჩევა.

ამას წინათ ერთი ჩემი მეგობარი რაჭველი ბიჭი  ამბობდა, ნეტავ მითხრას ვინმემ სოფლელოო, გულისტკივილი და მუქარა იგრძნობოდა მის სიტყვებში. არადა, ძალიან მეამაყება და მეიმედება ეს ჩემი სოფელში დაბადებული და გაზრდილი მეგობარი.

სიტყვა სოფელი დიდი ხნით ადრე მთელ ქვეყნიერებას ნიშნავდა ქართველი ადამიანისთვის. მერე დავიწროვდა, დავიწროვდა და სალანძღავ სიტყვად ვაქციეთ – სოფლელო, სოფლელი – ისე მწარედ და მტკივნეულად წამოვისვრით, რომ გაუცნობიერებლად ვაზიანებთ სხვა ადამიანების ფსიქიკას.

პრობლემა ჩვენშია. არ აქვს მნიშვნელობა, სოფელში ვცხოვრობთ თუ ქალაქში, საზოგადოებრივი  აზროვნება არაჯანსაღია.

მგონია, რომ არც ქალაქში დაბადებულ ადამიანს აქვს უფლება სოფელში დაბადებულს ზემოდან უყუროს, თავი მეტად განვითარებული ეგონოს და პირიქით – არც სოფელში მცხოვრებს აქვს უფლება დასცინოს ქალაქელს, თუ ძროხის მოწველა ან თიბვა არ იცის. ყოველთვის გამოიძებნება ისეთი სიტუაცია, რომელიც გვამხელს, ჩვენს ყოყლოჩინობას მოარქაგრეხილებს. მთავარია, ყველგან ვიყოთ ისინი, ვინც ვართ, ვაღიაროთ თუ რამე არ ვიცით, არ მოგვერიდოს კითხვების დასმის, ერთმანეთის უპირატესობების შემჩნევა და აღიარება შეგვეძლოს.

ახლა ვზივარ ჩაბნელებულ ოთახში, ფარდები გადაწეული მაქვს, გარე განათება ოთახს ანათებს და ისე ვწერ, ღამის ქუჩაზე წუთით არ წყდება მანქანების მოძრაობა, ნაძვების ნაცვლად ბეტონის შენობებს ვხედავ, რომლის ჩაბნელებული ფანჯრები ადამიანების ამოღამებულ, დაღლილ და გამოცარიელებულ თვალებს  მაგონებს. ორი დღის წინ მთვარე ერთ-ერთი კორპუსის თავზე ეკიდა, უწერაში ჩვენი სახლის წინ იქნებოდა ამობრდღვიალებული, ვინატრე იქ ყოფნა.

ქალაქიდან გაქცევა იმას არ ნიშნავს, რომ  ქალაქი არ მიყვარს ან სოფელში ცხოვრება მგონია საუკეთესო გამოსავალი. ამას ვერავის აიძულებ, ვერც გააგებინებ, ვერც აუხსნი. სოფელში ცხოვრება გამოსაცდელი და დასაგემოვნებელი ამბავია – კიდევ ერთ კუთხე-კუნჭულს ითავისებ, რომელთან მიჯაჭვულობას გრძნობ, გეძვირფასება, გენატრება,  სადაც ადამიანები შენები ხდებიან.

სოფელში ცხოვრება თვითონ უნდა მოგინდეს ადამიანს.

მთავარია, ფასეულობების ისე გადავაფასოთ, რომ სიტყვა “სოფლელი” სალანძღავი შინაარსისგან გავათავისუფლოთ.

მთავარია, ის ადგილი გვიყვარდეს, სადაც ვიბადებით, ვიზრდებით – გარეუბანი იქნება ის, ქალაქის ცენტრი თუ სოფელი.

ვიცი, როგორ უყვართ ჩემს მოსწავლეებს თავისი სოფელი.

ვიცი, როგორ ეყვარებათ ჩემს შვილებს სოფელი.

ქალაქის ცენტრში, მიწისქვეშა გადასასვლელში კიბეზე ჩასვლისას საღამოს შუქმა კედელზე თმის ჩრდილი აირეკლა . თმას ქარი აფრიალებდა. ბნელ გვირაბში გიტარაზე coldplay-ს უკრავდნენ.

Gravity  – მიზიდულობა – სიმღერის სახელი.

გამეღიმა.

გზაში “თოლია ჯონათან ლივინგსტონს” ვკითხულობდი.

ანარეკლი, მიზიდულობა, ჯონათან ლივინგსტონი – ქალაქის მიწის ქვეშ გამოვატარე სოფლიდან რამდენიმე დღის ჩამოსულმა და შინაგანი თავისუფლების სიხარული ვიგრძენი.

სადაც არ უნდა ვიყოთ, ვიცხოვროთ – სოფელში თუ ქალაქში – შინაგანი თავისუფლება ყველაზე მეტად გვიხდება.

 

15966116_1383055761706462_8645010840100359431_n

 

 

 

მეცხრე მირამისობის ამბები

“იდგა ვარსკვლავთცვენა. იტყოდით, ციდან ცეცხლის წვიმა წამოსულაო.

-უყურეთ ერთი, თითქოს სამოთხეში ფეიერვერკი გაუმართავთ, – გაუკვირდა ტერენსიოს.”

ხუან რულფო “პედრო პარამო”

მთელი დღეა ვარსკვალვებზე ვაპირებ წერას. აი, ამ წიგნს წავიკითხავს და მერე, ვფიქრობ. აი, ბავშვებს დავაძინებ და მერე. აი, ამ წიგნსაც დავიწყებ და წერის დროც დადგება, ფიქრს ვაგრძელებ.

ამასობაში ჩვენი სოფლის ცა ვარსკვლავებით გადაივსო.

წიგნებში მინიშნებებს ვპოულობ. დღევანდელ წერილს ორიონის ვარსკვლავების ამბებით რომ დავიწყებდი, ზუსტად ვიცოდი. 15 წლის კრისტოფერი წერს: “საკუჭნაოს სახურავსა და მესერზე გადმოწოლილ დიდ მცენარეს შორის ცის ნაგლეჯზე ორიონის თანავარსკვლავედს ვხედავდი.

ვარსკვლავების ცქერისას საკუთარი თავი უკვე ძალიან პატარა გვეჩვენება, ხოლო თუ ცხოვრებაში რაიმე სახის პრობლემები გვაქვს, ისინი უკვე უმნიშვნელო ჩანს, ანგარიშში ჩასათვლელი აღარც არის.” – ეს კრისტოფერის აზრია, რომელსაც უჭირს ადამიანების გრძნობების გაგება, ვერ იტანს შეხებას, ყვითელსა და ყავისფერს, თუმცა მოშინაურებული თაგვის გამო შეუძლია თავი საფრთხეში ჩაიგდოს და მატარებლის ლიანდაგებში სდიოს გაქცეულ ტობის.

კრისტოფერისგან გავიგე, რომ ორიონი 17 ვარსკვლავის ერთობლიობას ჰქვია. სამი მათგანი განსაკუთრებული კანონზომიერებითაა დაშორებული ერთმანეთისგან, ბრდღვიალებს და ყოველღამ მოწმენდილ ცაზე ჩემი სახლის წინ, მთების გასწვრივ დაერჭობიან ხოლმე.

სამი კვირის წინ ვიჯექი ჩემი ბავშვობის სახლის სამზარეულოში, დილის ყავას ვსვამდი და ვდარდობდი. ამ დროს წერილი მოწკაპუნდა, რომელიც ამ სიტყვებით სრულდებოდა:

“გუშინ წავიკითხე ბლოგი, სადაც სამ, ერთმანეთთან ახლო, კაშკაშა ვარსკვლავებს ახსენებ, სულ ერთად რომ არიან და ხშირად ხედავ, ალბათ ახალდაღამებულზე, ალბათ აღმოსავლეთით. ზუსტად ვიცი, რომელ ვარსკვლავებზე ლაპარაკობ და დღეს მეც რომ დავინახე, გავუღიმე და ისევ შენ გამახსენდი… ღიმილი გამოვატანე, იმედია მოიტანენ შენამდე, ისევე, როგორც შენ მოგაქვს ბევრი ღიმილი ჩემთან.”

წერილმა წამებში დაფარა მანძილი ჩიკაგოდან საქართველომდე და მეათასედ შემახსენა, რომ მარტო არ ვარ, არასდროს და არსად, რომ არ მაძლევენ მოწყენის უფლებას და ასეთი ამბებით მაფხიზლებენ.

წერილი ნინომ მომწერა. მეორე წელია ვიცნობ ვირტუალურად. თხუთმეტი წელია ოჯახთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობს.  “თავისუფლების დღიურებმა” გაგვაცნო ერთმანეთი. მალევე აღმოვაჩინეთ, რომ  ნინოს ქმარი ვახო  ჩემი კარის მეზობლის, ნუკრი ბიძიას ძმისშვილია. მოკლედ, ნინო ჩემი უსაყვარლესი და უახლოესი ოჯახის წევრი აღმოჩნდა.

მე უწერაში ორიონზე ვწერ, დედამიწის მეორე ნახევარსფეროზე კითხულობენ ამ წერილს და ახლა იქ უყურებენ ორიონს.

ამ ამბებიდან ორი კვირის მერე მეცხრე მირამისობისთვის ვიკრიბებით ჯადოსნურ ოთახში.

სოფელი თოვლშია ჩაფლული. ჩვენამდე მოსასვლელი ყველა გზა მოყინულია. წინა დღეებში ჩვეული სამზადისი დგას სკოლაში, სახლებში. განწყობაც ლიტერატურული პერსონაჟების ხატვისას გვიმაღლდება, საშეშედან რკინის კიბე ამოგვაქვს და მთელ ოთახს თავდაყირა ვაყენებთ – ჭრელი ძაფების ჭერი ავიკვიატეთ, რომელზეც ვკიდებთ ჰოლდენ კოლფილდს, ელისს, ჰარის, ჰერმიონსა და რონის, გრძელფეხება მამილოსა და ჯერუშას, მათიუშ მეფეს, პატარა პრინცს, ჯეინ ეარს, ოლივერ ტვისტს, ბიძია თომას, ზურიკელას, ბებიას, ილიკოსა და ილარიონს.  პერსონაჟები ბავშვებმა შეარჩიეს და მოხატეს. მე ამ ამბავში ჰოლდენის სილუეტის დახატვას თუ დავიბრალებ. აი, ნახტების ჩამოკიდებისას კი მთავარი როლი დამაკისრეს. დავატარებ ამ რკინის კიბეს  ოთახში და თან ბავშვობის დროინდელ   aus champs Elys-ს ვმღერივარ.

ბავშვები  საღებავებს დაატარებდნენ ოთახიდან ოთახში და მთელი არსებით ჩართულები იყვნენ ფერების შეხამებასა თუ ხატვის პროცესში. იმის გააზრება, რომ პრობლემების მართვას და დამოუკიდებელ გადაწყვეტილებების მიღება უკვე ასე კარგად გამოსდით, სიხარულით მავსებს.

სოფლის გამგებელს ონში ათას წვრილმანს ვაბარებ და ბატონი მელიტონიც ჩვეული პასუხისმგებლობით გვეხმარება.

გლინტვეინისთვის ჯანჯაფილი, იგივე კოჭა, თბილისიდან ჩამომიტანეს. ჯადოსნურ ოთახში შეკრებილები ერთად ვაკეთებთ ზამთრის ბრჭყვიალა დღისთვის სურნელოვან ცხელ სითხეს. არის ერთი ჟრიამული და სიხარული.

წინა დღეს პირველად ვაცხობ ღუმელში კექსს გემრიელი ვიქტორინისთვის. მართალია, ნამცხვარს თავი დაეწვა და დანახშირდა, მაგრამ პირველი მცდელობის კვალობაზე, მაინც აფრქვევდა ვანილის მადისაღმძვრელ სურნელს.

წინა დღეს აუცილებლად მისვამენ კითხვას: ხომ ვიპრანჭებით, მასწავლებელო?

– რა თქმა უნდა! – ვპასუხობ და თვალები უბრჭყვიალებთ.

წინა საღამოს აუცილებლად მიზიარებენ მოლოდინის სიხარულსა და მღელვარებას.

“უნდა გაგახაროთ.

იცით, საქართველო უგზავნის ალეპოს დახმარებას.” – მწერენ.

მერე ვთანხმდებით, რომ ჰარი პოტერის მოსასხამს დავჭრით და სამკლაურებად შემოვიხვევთ იმის ნიშნად, რომ ჩვენგან კილომეტრებით დაშორებული ადგილი, სადაც ბავშვები იხოცებიან, ისევე  გვეხება, როგორც ომისგან სიმშვიდე და სიცოცხლე წართმეულ ადამიანებს, რომ ასეთი პატარ-პატარა თანაგრძნობები აუცილებლად შეცვლის სამყაროს უკეთესობისკენ.

ისევ წინა საღამოს მიმოწერიდან:

“მე კი გუშინ ჯაფარა დავიწყე და წეღანაც  წავიკითხე. ერთი ფრაზა მომხვდა თვალში, რომელსაც თქვენ ერთი პერიოდი გამუდმებულად გვიმეორებდით.”

“რა საოცარია, ზუსტად ეგ ფრაზა ამოვიწერე გემრიელი მაფინებისთვის დღეს.”

“მაშინ, მასწავლებელო, როცა მაგ ფრაზას იტყვით, მე არ წამოვიძახებ. როგორ ველოდები ორშაბათს, რაღაც განსაკუთრებული განწყობა მაქვს.” 

19 დეკემბრის დილას ჩემი ხის ჭიშკართან ბავშვები გროვდებიან და ინაწილებენ ჩანთებს, რომლებშიც ათასი წვრილმანია თავმოყრილი – ქვაბი, ჭიქები, საწვნე, კოვზები, ყავა, ნამცხვარი, ფოტოაპარატი, გადამყვანი, დეკორატიული სანთლები და მეორე ათასს მე მივაქროლებ ცოტა ხანში თოვლიან ხევზე.

მანამდე ვიცვამ ნანა დეიდას შეკერილ მაღალწელიან თბილ შარვალსა და ლურჯ სვიტრს, თან მახსენდება, თავისებური სიცილით რომ შემომჩივლა, მარილები დამიგროვდა თითებში და ამ ბოლო დროს კერვა მიჭირსო, გული მეწურება, მაგრამ მისი შეკერილი ტანსაცმელი თვდაჯერებულობას მმატებს, ვიცი, რომ ნაკერსა და ნაკერს შორის ჩემდამი სიყვარულსაც აგვირისტებს ხოლმე. ამიტომ განსაკუთრებული აურა დასდევს მის ხელშენავლებ კაბებს, შარვლებსა და მაისურებს.

ვისვამ წითელ ტუჩსაცხს და თოვლიან გზას ვერევი.

სულაც არ ვიცი, რას მპირდება დღე.

მივდივარ ჩემთვის და მოწიწებას ვგრძნობ იმ სამყაროსადმი, რომელშიც დავაბიჯებ. ასეთ დროს გამიელვებს ის გარდაუვალი მოლოდინი, აქედან წასვლა რომ მომიწევს და უჰაერობა მეწყება.

დღე არის ნათელი, მშვიდი, თბილი, ნაძვების სიმეტრიულობას მათ ტოტებზე დაფენილი თოვლი ხაზს უსვამს.

ოთახს ვალაგებთ, წინა დღის ქაოსი იფანტება. განწყობას მესამეკლასელი გიორგის დედის, ქეთოს გამომცხვარი ტორტი გვიმაღლებს. ღუმელზე გლინტვეინია შემოდგმული, საშაქრე დამრჩა-მეთქი და ჟუჟუნა დეიდა თავისი ოთახიდან ლურჯყვავილებიან ძველებურ საშაქრეს მიგზავნის.

სტუმრებს არ ველით მოყინული გზების გამო, მაგრამ სკოლაში, რომელიც დიდ ოჯახს ჰგავს, ხმები მალე ვრცელდება, რომ ონიდან  შუქურა ჯაფარიძე და სოფო გუგეშაშვილი გვესტუმრნენ – ჩვენი ლიტერატურული მეგობრები. ვხარობთ, რადგან ვიცით, როგორი დაკავებულები არიან, როგორი მოყინულია გზები.

ერთი საათით ადრე ზვიო მირეკავს და მეუბნება, რომ ახალციხიდან მისი მეგობრები მოდიან უწერაში ერთი დღით და ჩვენს ლიტერატურულ კაფეში დასწრება სურთ, რადგან ერთ-ერთი მეგობრის ცოლი მასწავლებელია და დაინტერესებულია ჩვენი ამბებით.  ვახ, ნეტა ვინ არის, მეფიქრება, რატომ არაფერი მსმენია აქამდე ზვიოს ძმაკაცის მასწავლებელ ცოლზე.

ვიწყებთ ჩვენს დღეს. სტუმრებს ვერ ველოდებით, რადგან მოკლე დღეა და მალე ღამდება. ვფიქრობ, რომ შემოგვესწრებიან. თეკლა მამიკოს მეგობრებს ელოდება და მერე აპირებს საყვარელ წიგნზე საუბარს.

მეცხრე მირამისობაზე წიგნების წარდგინების ფორმად ლიტერატურულ დღიურებს ვირჩევთ. დღიურების ამბავი ძალიან საინტერესოა და სხვა დროს მოგიყვებით.

ერთი თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა და წაკითხული წიგნების შესახებ დაწვრილებით მოვაგროვეთ ინფორმაცია: სათაური, ჟანრი, ეპიზოდები, ფრაზები, სიუჟეტი, ქუჩები, პერსონაჟები, რეცენზია, შთაბეჭდილებები, წინადადებები – ვცდილობთ, ისე ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, რომ ერთმანეთი არ დავღალოთ და თან ძირითადი სათქმელი არ დავივიწყოთ.

პალაციოს “ავგუსტი და მე” – ჩემი არჩევანია. წიგნები ხომ პარალელური განზომილებაა ჩვენი ცხოვრების. მთავარია, დააკვირდე მინიშნებებს და საინტერესო თავგადასავლებისთვის მოემზადო. ჰოდა, სანამ კითხვას დავიწყებდი, ჩემი ბავშვობის მეგობარი, ქეთის ვესაუბრე. მეორე წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, მითხრა, რომ მანჰეტენზე დაიწყო მუშაობა. ლიტერატურული დღიურისთვის ქუჩებიც უნდა ამოგვეწერა და წიგნის კითხვისას ერთ-ერთ პირველი ქუჩა, რომელსაც გადავაწყდი, მანჰეტენი იყო.

მერე ესპანური ფრაზა მხვდება და მეორე ბავშვობის მეგობარს ვურეკავ ბარსელონაში, რომელიც ჩვეული დახვეწილობით მითარგმნის და მიგზავნის ხმოვან შეტყობინებას, საიდანაც ულამაზესი ესპანური სიტყვები იღვრება. თიკო მწერს, რომ სხვა ენაზე საუბრისას განწყობაც განსხვავებული მექმნებაო და ბევრს ვსაუბრობთ ენების მრავალფეროვნებისა და ენერგიის შესახებ.

მერე მთელი ღამე მესიზმრებოდა, რომ მე და ზვიო ჩვენი მანქანით მადრიდიდან ბარსელონაში მივდიოდით თიკოსთან, მივდიოდით და გზა არა და არ  სრულდებოდა.

ჯადოსნური სამყაროს ოთახი სავსეა ჩემი საყვარელი ადამიანებით, ერთად ყოფნის სიხარულით სავსეა ჰაერი, ბავშვები უჩვეულოდ ღელავენ, ელოდებიან ერთმანეთს, თეკლას სტუმარი ჰყავს თბილისიდან – რვა წლის ბიძაშვილი ელენე.

ამასობაში სტუმრებიც მოვიდნენ. მე შესახვედრად მივრბივარ, სკოლის შემოსასვლელ კარში კი ზვიოს ახალციხელი მეგობრის ცოლის ნაცვლად  ჩემი მეგობარი ქეთო შემოდის და უთბილესად მიღიმის.  მე ვერ ვიჯერებ, არა აზრზეც ვერ მოვდივარ, წამებში ათას რამეს ვფიქრობ – უი, როგორ გავს ეს გოგო ქეთოს, რა უჩვეულოდ მიღიმის პირველი შეხვედრის კვალობაზე და ნელ-ნელა ვხვდები, რომ საოცარი სიურპრიზი მომიწყვეს. ცხრასაათიანი მგზავრობის მერე ჩვენს ლიტერატურულ კაფეში გვესტუმრნენ ჩიკაგოდან სამი დღის ჩამოსული ოჯახი: ნინო, ვახო, მათი თერთმეტი წლის გოგო თამარი, სამი წლის ვაჟა, როზი დეიდა და ჩემი ქეთო.

აი, ასე: რამდენიმე დღის წინ ვარსკვლავებზე ვსაუბრობდით დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან და ახლა კი ულამაზესი სოფლის ერთი პატარა სკოლის ასევე პატარა ოთახში ერთმანეთს პირველად ვხედავდით.

ეს იყო ნამდვილი სასწაული.

არსებობენ ასეთი ადამიანები: შენი წერილებით შეგიყვარონ, დილის ექვს საათზე ბავშვებიანად მოყინულ გზას დაადგნენ, ათასი სიძნელე გადალახონ, შენთან მოვიდნენ, სიხარული მოგაფრქვიონ, შენთან ერთად ირგვლივ მყოფი ადამიანები გაახარონ, მერე კილომეტრ-ნახევარი ფეხით იარონ თოვლსა და ყინვაში, სახლში გესტუმრონ, ღამე გაყინულ ოთახში გაათიონ, დილას ადრე ისევ თბილისის გზას დაადგნენ და ცხრა საათის მერე საკუთარი სახლის კარი შეაღონ.

ნინომ ჰარი პოტერის ის ახალი გამოცემა გვაჩუქა,  შვიდი წიგნის ყდისგან ჰოგვორტსის სკოლა რომ იწყობა. ნაჭრის საღებავებიც ჩამოგვიტანა.

ჯადოსნურ ოთახში ჯადოსნური ამბების მერე წიგნებზე საუბარი გაგრძელდა.

რემარკის “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”, “ნასესხები სიცოცხლე”, მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი”, “სამი მუშკეტერი”, “კორალაინი”, “ძმები ლომგულები”, “ბიულერბიელი ბავშვები”, აკა მორჩილაძის “ქართულის დღიურები”, შერონ დრეიპერის “გონების მიღმა”, ბერძნული მითები – სხვადასხვა ავტორები და სათაურები ცვლიდნენ ერთმანეთს, ჩემი მეგობარი ქეთო ხალიდ ჰოსეინის “ფრანით მორბენალსა” და ბექა ქურხულის რომანზე გვესაუბრა, ნინომ სამსახურამდე დიდ დროს გზაში ვატარებო და ჰარი პოტერის სამი ტომი წავიკითხე ბოლო დროსო, ქალბატონმა სოფომ დავით კლდიაშვილის “შერისხვა” გაგვახსენა, ჩემი  გოგოს თხოვნით გადავიკითხე ხელახლაო, თამუნა მასწავლებელმა ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალი” გაგვაცნო.

მერე “გემრიელი ვიქტორინის” დრო დადგა. ეს არის აქტივობა, რომელიც ერთდროულად არის კვლევაც, მიზანიცა და შედეგიც. უნდა ნახოთ, როგორ ელოდებიან ამ თამაშს, როგორ შეუფიქრიანდებათ  ხოლმე სახეები პატარა ფურცლებიდან ნაცნობ სათაურებსა და პერსონაჟებს რომ ეძებენ.

ტორტიც დავჭერით ჩვეული ჟრიამულით და შთაბეჭდილებების წერილების დასაწერად განმარტოვდნენ.

 დედაჩემის ინგლისური გრამატიკის სრულიად გადასარევ წიგნში გადავაწყდი  წერილის ქარგას და დარეჯან მასწავლებელმა ფერად ფურცლებზე ჩვეული დაუზარლობით აგვიწყო ხაზების განლაგება.

ასეთი დღეების მერე სახლში გამოფიტული და სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილი ვბრუნდები. ეს წერილები ახალი ენერგიით მავსებენ. წერილებს სხვადსხვანაირი სიტყვებით იწყებენ : ძვირფასო ლელა, ძვირფასო ლელა მასწავლებელო, უძვირფასესო ლელა მას, ჩემო საყვარელო მეგობარო, ძვირფასო დედა, ტკბილო ლელა მასწავლებელო, Dear Teacher – ძვირფასო მასწავლებელო – ორ ენაზე მწერდა თამარი.

წერილებს მისამართებიც მრავალფეროვანი ჰქონდა: კაკალასთან ჩასახვევი, რუსიაანთ უბანი, კურორტთან მდებარე სახლი, სახლი კაკალასთან, პეტუნაანთ უბანი, შიუნაანთ უბანი, თერთმეტი წლის თამარს კი საცხოვრებელი სახლის მისამართად ეწერა – 1010 Parkhill Circle, ჩიკაგო.

ხომ არის საოცარი კონტრასტი?  ოთახს ჯადონური სამყარო ტყუილად არ დაარქვეს ბავშვებმა. ეს არის კარი, რომლის მიღმა ჩვენეული ნარნია დაგხვდებათ, თავისუფლებისა და წიგნების სურნელი ტრიალებს, თვითრწმენისა და სიყვარულის, თავგადასავლების, სიხარულის, განსაცდელების დღეები დაფარფატებენ, საინტერესო ადამიანების ხმებს ინახავენ კედლები, ფანჯრები, კედლები და ჭერი ლიტერატურულ მეგობრებს იტევენ.

თამარს და ელენეს ჩვენს სკოლაში სწავლა უნდებათ, მოსწონთ ჩვენთან ერთად ყოფნა. ვამჩნევ, დიდი ხნის ნაცნობებივით რომ ესაუბრება თამარი თანატოლ გოგოებს. ესენიც ექაქანებიან და მერე შთაბეჭდილებების წერილებში სიხარულს მიზიარებენ.

მუსიკას ყოველ ჯერზე სხვადსახვას ვარჩევ ხოლმე. Benny Goodman-ის Sing, sing, sing-ს ვრთავ და თამარი გაოგნებულია, ჩვენს სკოლაში ცეკვის შეჯიბრზე გვქონდა ეს სიმღერაო.

მეორე დღეს მესინჯერში მწერენ: ” ნინიმ ჰარი პოტერის პირველი ნაწილი წაიღო. კიდევ ერთი პოტერჰედი შემოგვემატება.”

იმავე საღამოს მე და ნინო ვიდექით ჩემი სახლის პატარა აივანზე და ერთად ვუყურებდით ორიონის სამეულს.

იმავე საღამოს ჩემი წიგნების თაროდან “პალომა – უცნაური მეფის ასული” გადმოვიღე და თან ვფიქრობდი, რა სასწაულია ცხოვრება, რას წარმოვიდგენდი, ამ წიგნს ამ ოთახში თუ ვაჩუქებდი ნინოს-მეთქი. ვიცოდი, მაია დეიდა ეძებდა ამ წიგნს მისთვის, ორ ენაზეა და თამარს გაუადვილდება წაკითხვაო.

იმავე საღამოს ნინო ჩანთიდან პლანისფეროს იღებს და წვრილად მობნეულ ვარსკვლავებში ვცდილობთ, დავადგინოთ ორიონის მდებარეობა ცაზე თვისა და საათის მიხედვით.

ამ წერილის დაწერამდე მარკ ჰედონის წიგნს  – “რა შეემთხვა ღამით ძაღლს” – ვკითხულობ. ვერ ვეშვები და აი, რას ვაწყდები:

“ცას დიდხანს ვუყურებდი. მიყვარს ღამღამობით ბაღში გასვლა და ცის ცქერა. ზაფხულობით ხანდახან ღამით ეზოში გავდივარ ჩემი ელექტროფარნითა და პლანისფეროთი. პლანისფერო შუაში ერთმანეთზე დამაგრებული ორი დისკოსგან შედგება. ქვედა დისკოზე ცის რუკაა გამოსახული, ხოლო ზედაზე  კი პარაბოლის ფორმის ნახვრეტია, რომელიც დატრიალების შემთხვევაში ცის რუკის იმ მონაკვეთს აჩვენებს, მოცემულ დღეს რომ შეესიტყვება ჩრდილოეთის განედის 51.5°- ზე. ეს სუინდონის განედია, ხოლო ცის ბევრად უფრო ფართო მონაკვეთი მუდამ დედამიწის მეორე მხარესაა.”

ჰო, ცხოვრება ნამდვილად სასწაულია და  წიგნებთან ერთად ამის აღმოჩენა უფრო ადვილია!

img_0110-2!

img_0030-2img_0130

img_0103

img_0037-2

 15731016_1067170196763023_544989548_n

img_0094-2

img_0100-2

img_0034-2

img_0105

კითხვის პროცესი

რამდენიმე დღის გადაუღებელი თოვის შემდეგ ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდნენ, მთვარეც, თოვლიანი მთებიც – ხვალ კარგი ამინდი იქნება, კამკამა ცისფერ ცას დაითენებს სოფელი და თოვლი დნობას დაიწყებს.

ერთ-ერთ თოვლიან საღამოს ღუმელთნ სავარძელში მიმეძინა. მეძინა და დახუჭული ქუთუთოების მიღმა თოვდა, სათითაოდ ვარჩევდი ფანტელებს. დაუვიწყარი განცდა იყო.

ერთ-ერთ გაკვეთილზე საკლასო ოთახში ყოფნისას რაღაცას ვუამბობდი ბავშვებს, მექანიკურად გარეთ გამექცა მზერა და წამიერად დამავიწყდა სათქმელი – დათოვლილ კაკლის ხეს ქარი არხევდა, ნელა და მონოტონურად – აქეთ-იქით არწევდა, ხეც, ასეთი ლამაზი და თეთრი, მშვიდად ემორჩილებოდა ქარის ნებას.

ამავე გაკვეთილზე მარიამმა მითხრა, რომ განსაკუთრებით მოსწონდა შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი”, ბუნების მოვლენების დაწვრილებითი აღწერის გამო.

კითხვის პარალელურად წერილებს მწერენ. თამუნასთან და მარიამთან მიმოწერა სამი ათასზე მეტ  გზავნილს იტევს.

როჩესტერი მარიამსაც თავდავიწყებით შეუყვარდა. მომწერა, როჩესტერი ჩემზე მეტად არავის უყვარსო. როგორ არა, არსებობს ერთი ქალი, რომელსაც ორმოცი წელიწადია უყვარს და დღემდე არ განელებია სიყვარული-მეთქი. დედაჩემს ვგულისხმობდი.

ყველაზე მეტს მერვეკლასელი გოგოები – მარიამი და თამუნა კითხულობენ. მარიამმა ხომ,  საერთოდ, ყველა უკან ჩამოგვიტოვა. მსაყვედურობს კიდეც, რა ნელა კითხულობთო და უცნობ პერსონაჟებს რომ მიხსენებს, სიცილი უტყდება. მერე დამშვიდებას მიწყებს, ეგ არაფერი, მასწავლებელო, კომპიუტერი გამიფუჭდა და ამიტომ ვკითხულობ  ბევრსო.  ერთ-ერთ თურქულ სერიალს “ღირსების სახელით” მაინც ვუყურებო და ახლა ჩვენ ვეხუმრებით, ასეთი ლიტერატორი გოგო თურქულ სერიალებს რომ უყურებ, ეგ რა წესიაო. მარიამი ყელმოღერებული გვიგერიებს, მერე რა რომ სერიალები მიყვარსო. თურქული ჯანდაბას, შარშან ინდური სერიალებით იყო გატაცებული და სულს გვიმწარებდა.

კესოს არც მობილური აქვს, არც – კომპიუტერი. რამდენიმე დღის წინ თამუნა და კესო სახლში დავიბარე ჩვენი ლიტერატურული ბლოგის გამოსაცოცხლებლად. თავდაჯერებულად  იჯდა და მუშაობდა კლავიატურასთან წითურთმიანი კესარია. ბლოგზე მუშაობას იმისთვის ვაჩვევ, რომ თბილისში დაბრუნებულს  ვირტუალურად დამიკავშირდნენ მეც და  გარესამყაროსაც და  შთაბეჭდილებები გაგვიზიარონ.

ბოლო მირამისობიდან ორი თვეც არ გასულა, თამუნამ და მარიამმა კი ბევრი წიგნის წაკითხვა მოასწრეს:

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”, ერიკ ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”, ასტრიდ ლინდგრენის “მიო, ჩემო მიო” და “ლოტა აურზაურის ქუჩიდან”, ჯერომ სელინჯერის ” თამაში ჭვავის ყანაში”, ნოდარ დუმბაძის “მე, ბებიკო, ილიკო და ილარიონი”, პალაციო ” ავგუსტი და მე”, ჯონ სტაინბეკი  “თაგვებსა და ადამიანებზე”, ერიხ მარია რემარკის “ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა”, ლუისის ” ჯადოქრის დისწული”, შარლოტა ბრონტეს “ჯეინ ეარი”, მარკუს ზუზაკის “წიგნის ქურდი”, რენსომ რიგზის “მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის” – დამეთანხმებით, საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო ჩამონათვალია იმის გათვალისწინებით, რომ საპროგრამო მასალას არანაირ ყურადღებას არ აკლებენ.

სამ დღეში, 19 დეკემბერს მეცხრე ლიტერატურულ კაფეს გავმართავთ. ზუსტად ორი წლის წინ, ზუსტად 19 დეკემბერს, ნიკოლოზობას დაიწყო ყველაფერი. როგორ მახსოვს,  მთელი ღამე არ მეძინა და დილას, ჩვენი წითელი ავტობუსის ნაცვლად ნაცრისფერი მოფახფახებული მარშუტკა  მოგრიალდა კაკალასთან, ფერადი ხელნაკეთი ბურთებითა და ჯამ-ჭურჭლის რახარუხით ძლივს ავეკვეხე მანქანაში.

მას შემდეგ მეცხრედ ვიკრიბებით. შედეგი კი ზემოთ ჩამოთვლილი  წიგნების სიაა და ის, რომ ორი წლის წინ მარტო მე ვფუსფისებდი, მარტო მე ვსაქმიანობდი, ახლა კი ჩემთან ერთად ყველა ბავშვი ჩართულია ამ პროცესში.

რამდენი რამ გადაგვხდა თავს ამ დროის განმავლობაში, რამდენი მეგობარი და გულშემატკივარი შევიძინეთ, ამაზე  ხშირად ვსაუბრობთ.

ყველა თავისებურ კვალს ტოვებს ჩვენში.

სიახლისთვის ოთახის ჭერს ფერადი ძაფებით ავაჭრელებთ, რომელზეც ლიტერატურულ პერსონაჟებს ჩამოვკიდებთ.

წიგნების წარდგინების ფორმად ლიტერატურული დღიურები გადავწყვიტეთ.

დღის ბოლოს სკოლაში ყველა ფუსფუსებდა: მეექვსეკლასელი გოგოები ილიას დღიურს აკეთებინებდენ მწვანეთითება ტისტუს შესახებ. ეს მისი პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია და ყველას გვიხარია. ილიას  საღებავებით ტისტუ დაუხატია და მაჩუქა, ასე გამოხატა პირველადწაკითხვის სიხარული.

ნიკოს კიბე ამოაქვს ქვემოდან, კესოს – ნაჯახი ჩაქუჩის ნაცვლად ლურსმნების მისაჭედებლად, კესო და თამუნა ჯეინ ეარს, ჰოლდენ კოლფილდს, პატარა პრინცს, მეფე მათიუშს, ზურიკელას, ილიკოს, ილარიონს, ბიძია თომას, ჰარის ხატავენ, მარიამები ნახატებს აფერადებენ, ბიჭები კიბეს დაატარებენ და ლურსმნებს აჭედებენ, ჩემი მეგობარი თამუნა დღიურებისითვის გობელენს “ასტეპლერებს” რვეულებზე, ნაილი მასწავლებელი ონში აპირებს წასვლას და მეკითხება, ხომ არაფერი გვჭირდება, ფერად ქაღალდებს ვაბარებთ, მე გემრიელი ვიქტორინისთვის ფრაზებს ვიწერ და პარალელურად ვუსმენ ბავშვების ახმიანებულ წინადადებებს:

– პალაციოს “საოცრება” ვის აქვს?

– ნინის.

– “ტყეების მეფე” ?

– მირიანს.

– ბიძია თომას ქოხი ყავისფრად გავაფერადო?

– გაიწიე, გოგო!

– გიორგი, რატომ  ყვირიხარ?! ხომ შეგიძლია, წყანარდ მითხრა! მე გიყვირივარ?!

– კიდევ ვინ დავხატო, მასწავლებელო?

– “მწვანეთითება ტისტუ” გვათხოვეთ რაა.

–  გამოვიპრანჭოთ, მასწავლებელო, ხომ?

– თამო, ყავა გინდა?

– რა თქმა უნდა, ყავის გარეშე როგორ შეიძლება აქ ყოფნა!

– წვრილთავიანი ფუნჯი არ დაგავიწყდეთ ხვალ, მასწავლებელო.

ვტრიალებთ, ვტრიალებთ, ვტრიალებთ ერთმანეთის გარშემო. გასაშლელმა კიბემ ყველა კუთხე-კუნჭული მოიარა. ბათუმელი უცნობის ნაჩუქარი პრინტერი ისე გაყურსულა, თითქოს ყველაფერი ესმის და ერთ-ერთი ჩვენიანი გამხადარაო. ხვალ ამოუშვებს ორთქლადენილ ფრაზიან ფურცლებს. ხვალ ბევრი საქმე გვაქვს.

ფერადი ძაფები და ქართული ხალხური ზღაპრები პატარებისთვის გამზადებული მაქვს.

სკოლაში ყველა კითხულობს მეთერთმეტეკლასელი პაატას გარდა, გავატანთ რომელიმე წიგნს და უკან გვიბრუნებს ხელუხლებელს, სამაგიეროდ, დაუზარელი ადამიანია, საოცარი იუმორის მქონე და გვახალისებს ხოლმე. მთა-მთა დააქროლებს თავის შავ ცხენს და ფეისბუქზე გვანებივრებს ულამაზესი სურათებით.

– ნახეთ, პაატამ რომ სახლში ცხენი აიყვანა, ის სურათი? – კისკისებენ.

თეკლა თბილისიდან ჩამოსულ ბიძაშვილს, ელენეს მასპინძლობს. ვაიმეე, რა სახიფათო გზაა – ბეკეკოსავით კიკინებდა სკოლისკენ რომ მოვდიოდით ელენე, მე და თეკლამ ხელი ჩავავლეთ და მოვარბენინებდით, პატარა გოგოც გაბედნიერდა და გაუჩერებლად იცინოდა, ცერად დაადგი ფეხები, ელე, ასწავლიდა თეკლა თოვლში სიარულის წესებს.

ისე მომწონს თქვენი სკოლა, ჩემი საერთოდ არ მახსოვსო, მესამეკლასელმა ელენემ მითხრა, მაგრამ აქ მაინც ვერ გადმოვცხოვრდები, არ შემიძლია კომფორტის გარეშეო. ჩვენ გული გვწყდება, ხშირად ვისმენთ მსგავსი შინაარსის სიტყვებს, ხანდახან ირონიაგამორეულსაც.

ჯადოსნურ ოთახში  ქაოსი დავტოვეთ.

ხის მაგიდაზე იდო წიგნის მსგავსი კოლოფი, ქალაქიდან საჩუქრად რომ გამომატანეს თინამ და თამუნამ. მთის ბავშვებს პაწაწინა სიახლეებიც ხომ უზომოდ ახარებთ და სკოლაში დილიდანვე გავრცელდა ხმები, ლელა მსაწავლებელმა უცანური ყუთი მოიტანაო და სათითაოდ მორბოდნენ სანახავად.

დილას მოულოდნელ სიხარულად მექცა წერილი გოგოსგან, რომელიც წიგნების გამოგზავნას აპირებს ჩვენთვის. ეს რომ გაიგეს, ერთმანეთს არ აცდიდნენ ლაპარაკს: “უთავო მხედარი” არ უთხარით, მასწავლებელო? არავის არ აქვს, არც სკოლის ბიბლიოთეკაშია, ძალიან გვინდა და რამდენი ხანია, ვეძებთო. “კლოუნის თვალთახედვა”, “ქარწაღებულნი”, “ტრიუმფალური თაღი” – აღარ ჩერდებიან.  უკვე იყოფა ჩვენი ინტერესები, უკვე ინდივიდუალურად არჩევენ წიგნებს, უკვე პარალელებს ავლებენ საკუთარ ცხოვრებასთან, წიგნიდან წიგნში მოგზაურობენ, აქეთ მიზიარებენ შთაბეჭდილებებს ჩემთვის უცნობი წიგნების შესახებ, უკვე წერაზეც შეეტყოთ, რომ კითხულობენ, იუმორზეც, პრობლემების მართვაზეც.

მედიათეკის ოთახის წიგნები კი ნელ-ნელა ყვითლდებიან, ფურცლები უსქელდებათ, ალაგ-ალაგ ლაქებიც აჩნდებათ, ფანქრით საყვარელ ფრაზებს ხაზავენ და სულაც არ მაწუხებს ეს ამბავი, რადგან წიგნებთან დამოკიდებულებაც თავისუფლების პრინციპზეა აგებული. არავის აქვს უფლება, ერთმანეთს უთვალთვალოს, ვინ როგორ კითხულობს წიგნს. არავის!

ნდობა, თავისუფება, სიამოვნება, ემოციები, თანაგანცდა, დროის საინტერესოდ გატარება, ცხოვრების გამრავალფეროვნება  – კითხვის უმთავრესი მიზნებია ჩემთვის, მერე კი სხვა დანარჩენი  – ავტორი, სათაური, ჟანრი, სიუჟეტი, ეპოქა, გაგება-გააზრება, პერსონაჟები.

ვფიქრობ, სწორედ ასეთი მიდგომის გამო არ იკლებს კითხვისადმი ინტერესი ამ ულამაზეს სოფელში.

 

15578618_1356055217739850_4555723787102114971_n-2

15439730_1356053741073331_8886360711176337282_n

 

 

15578474_1356056264406412_4178101692914077413_n

 

15541306_1356056361073069_752552722206750129_n

 

 

 

 

 

 

 

გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობა

დილას თეკლამ გადაწყვიტა, ჩემი სვიტრი ჩაეცვა. ნაცრისფერ ჯინსს უხამებს, ღუმელთან ცუცქდება და ჩაცმას იწყებს. სვიტრის შიგნიდან ლურჯი პერანგის ჩაცმა ვურჩიე და დამთანხმდა. ღია ყავისფერი სვიტერი თავისუფლად ადგას და უზომოდ უხდება, ლურჯი პერანგის საყელო მისი კისრის მოხაზულობას იმეორებს და პატარა გოგოს ასაკს ამხელს. თოვლიანობის გამო ყველა რეზინის ჩექმებით დავდივართ. წყალგაუმტარი შარვალიც აუცილებელია. ხელ-პირს ცივი წყლით ერთად ვიბანთ. სკოლის გზას ვადგებით. ზემოდან ნაბიჯების კვალი დაუტოვებიათ და ვამბობთ, რომ ანის და მარის უკვე ჩაუვლიათ, მედიკო დეიდასაც. გაკვალულ ნაბიჯებს მივუყვებით. წინ ჩემი გოგო მიკუნტრუშებს, თვალი მიჭრელდება მისი პატარა ნაფეხურებისგან.

რამდენიმე დღე არ მინახავს და ძალიან გაზრდილი მეჩვენება.

დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება საკმაოდ რთული პროცესია. ყველაზე დიდი სიმდიდრე, რაც შეიძლება შვილებს ვაჩუქოთ, დამოუკიდებლობაა. აღზრდის რამდენიმე სტილი გაგახსენდებათ. უკიდურესობებს ამ შემთხვევაშიც ფსიქოლოგიურ სტრესამდე მივყავართ: მუდმივი კონტროლი ან უყურადღებობა თავისებურ დაღს ასვამს ბავშვის ფსიქიკას.

ოქროს შუალედი აღზრდისას განსაკუთრებულად საძიებელია.

რთულია.

ძილ-ღვიძილის რეჟიმი, კვება, წესრიგი, სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება, ემოციური მრავალფეროვნების ბალანსი, თავის მოვლის სწავლება – ყოველდღიური და აუცილებელი რუტინული ქმედებებია.

თავისუფლების გზაზე პირველი ნაბიჯები კი დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილებებიდან იწყება.

არც ეს არის ადვილი.

ამას წინათ დილას მარტო გავუშვით სკოლაში და სანამ სკოლამდე მივიდა, სანამ დამირეკა და მისი ხმა არ გავიგონე, სხეულის ყველა ნერვის არსებობას ვგრძნობდი. მერე რაა, თუ ძაღლი შემხვდება, მე არ მეშინია ძაღლების, შარაგზაზე გასვლისას, ხიდის ნაპირ-ნაპირ ვივლი – დამაჯერებელ არგუმენტებს გვეუბნებოდა. თვითონ როგორ უხაროდა, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

ვცდილობ, შიში არ ჩავუნერგო, თუმცა ხშირად ვუმეორებ, რომ საკუთარ თავს გაურფთხილდეს.

არასდროს ვსჯი. არ გამომდის და არც დასჯის აუცილებლობას ვხედავ, თუმცა ვუწესებ გარკვეულ საზღვრებს და შენიშვნებისას ხმაც ხშირად მიმკაცრდება.

ხშირად ვაქებ, ვეუბნები, რომ ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა, თუმცა არასდროს ვეუბნები, რომ ყველაზე საუკეთესოა. მეშინია, თვითრწმენის გაღვივებისას მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეს.

ჩემი უმიზეზო გაღიზიანებების მსხვერპლიც ხშირად ყოფილა, მაგრამ აუცილებლად ვუხდი ბოდიშს და ვუხსნი ჩემი ცუდი საქციელის მიზეზს.

მისგანაც იგივეს ვგრძნობ ანუ ურთიერთობის რა ფორმასაც ვთავაზობ, იმავეს მიბრუნებს.

ამ პატარა გოგოსგან ბევრს ვსწავლობ. სასტიკად ვყავარ გაფრთხილებული, რომ იმ ბავშვებთან, რომლებსაც დედა გარკვეული მიზეზის გამო ახლოს არ ჰყავთ, არ მოვეფერო. ის კი არადა, სოფელში ერთი მარტოხელა კაცი ცხოვრობს, ბესო. ხოდა, ერთხელ ბესოს თანდასწრებით, ყურში ჩამჩურჩულა, გაბრიელს ნუ ეფერები, ბესოს დედა არ ჰყავს და ცოდოაო.

არასდროს ვეუბნები ტყუილს და ეამაყება.

მე კი მისი მჯერა.

სულ პატარა რომ იყო, ეზოს სასრიალოზე გაბმულ ბადეში ყოველ გადაგმულ ნაბიჯს სიხარულით ვხვდებოდი, თუმცა ხშირად მეც მიწევდა შიგნით ყოფნა და სანამ სიმაღლიდან მიწამდე დაეშვებოდა, ჩემი მემართებოდა.

შვილის თავისუფლების გზაზე აჩრდილად ყოფნა გვიწევს.

მოსწავლეებთანაც ვგრძნობ აჩრდილად გადაქცევის აუცილებლობას.

როგორ არჩევენ წიგნებს, ყველაზე საინტერესო პროცესია: ზოგი ლიტერატურული კაფედან მეგობრის წიგნს ადგამს თვალს, ზოგი თანაკლასელის გავლენით კითხულობს, ზოგს ჩემი წაკითხული წიგნები აინტერესებს.

ყოველთვის ვიცი, ვინ რას კითხულობს. ვცდილობ, მათი ასაკი გავითვალისწინო.

წიგნების დამოუკიდებლად შერჩევისას უზომოდ საინტერესოები არიან. გარეგნულადაც ეტყობათ – დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება ალამაზებთ. ალბათ, იმიტომ, რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე საინტერესოა და ერთმანეთისგან გამოგვარჩევს.

ჩვენი ოთახის ხელნაკეთი ხის თაროები მათ გულისცემას და ფიქრებს ინახავს. ჩამოდგენიან ხოლმე მის წინ და ეძებენ, ქექავენ, საჩვენებელ თითებს ასრიალებენ წიგნის ყდებზე, რომელიმეზე ჩერდებიან და თავისკენ ექაჩებიან: ხან – ფრთხილად, ხან – თამამად. დღეს შესვენებაზე შევირბინე და უფროსკლასელმა გოგოებმა მაცნობეს, თეკლამ „ემილის თავგადასავალი“ გაიტანაო. პეპის და ბიულერბიელი ბავშვების მერე მაწანწალა რასმუსი დაიწყო, მაგრამ თბილისიდან დამირეკა, ვერ ვიგებ ამ წიგნსო და ემილი ვურჩიე. ძალიან მოეწონა და მთელი საღამო კითხულობდა.

მისი თანატოლები მოუთმენლად ელოდნენ. ერთადერთი კლასელი ხომ ჰყავს, გიორგი და თეკლას მოსვლას ველოდებით, რომ კლასი მოვრთოთო. ისე ჩაგვეხუტა, კინაღამ გაგვჭყლიტაო, სათითაოდ მეუბნებოდნენ.

სახლში დაბრუნებისას წინ გამისწრო და თოვლში გაწოლილი აღმოვაჩინე – გულაღმა იწვა და ფიფქებს აკვირებოდა.

რომ გაიზრდება, ალბათ, მადლობას გვეტყვის, რომ მისმა დედ-მამამ სოფელში ცხოვრების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს.

 

15541991_1356623837682988_4289913193955074235_n

 

 

 

 

გოგო ყვითელი მარშუტკიდან

ცხრა საათი ვიმგზავრე გუშინ. ოთხი საათი თეთრ გზაზე ვიარეთ. თოვდა. ბოლოს ფანჯრებიც დაიბურა. მობილური დამიჯდა. კითხვა დავიწყე. ნაქერალაზე თოვამ იმატა.

მანქანა სრიალს იწყებს. ჯაჭვებს აცვამენ საბურავებს და ისე ვაგრძელებთ გზას. დედაჩემს მოყინული გზების ისტერიულად ეშინია და მემუქრება, სანამ თოვლი არ გადნება, აღარ ჩამოხვიდე თბილისშიო. მე მშვიდად ვარ. საჭეს ნუგზარი, ზვიოს მამა უზის, გამოცდილი მძღოლია და თვალდახუჭული ვენდობით.

ერთი წელია ყვითელი მარშუტკის მძღოლად მუშაობს. ზამთარში ღამით დგება, მანქანის ძრავას ამუშავებს, რომ არ გაიყინოს. შვიდ საათზე სოფლიდან ონში ჩადის, სადგურიდან  თბილისისკენ ზუსტად ცხრის ნახევარზე გადის. მანამდე რამდენჯერმე უწევს მანქანის სახურავზე დამაგრებულ საბარგულზე ასვლა და ბარგის ატანა-დაბმა. უკიბოდ. საკვირველია მისი შემართება, მონდომება, პასუხისმგებლობა, საქმისადმი დამოკიდებულებები. რამდენიმე წელი უმუშევარი იყო. არარეალიზებულობას, უსამსახურობას ძალიან განიცდიდა. რაც მუშაობა დაიწყო, გახალისდა. ზაფხულში ორჯერ სერავს უწერა-თბილისის გზას. საღამოს დაღლილობისგან ითიშება ხოლმე, მაგრამ მაინც პასუხობს მგზავრების ზარებს, ადგილს უნახავს, იმახსოვრებს, ვის სად უნდა დახვდეს. როცა არ უნდა დაურეკოს გაბრიელმა, სახე ებადრება, ბედნიერდება. რას შვრები, ბაბუ, ახლა? – ათასჯერ ეკითხება და ათასჯერვე სიხარულით პასუხობს. უწერაში ამოსვლამდე ურეკავს და რასაც სთხოვს, ყველაფერს დიდი გულისხმიერებით ყიდულობს. მერე ერთად მიდიან შიუნაანთ წყალზე, ლორგოზე თუ გვერითას. გაბრიელი დასვენების დღეებში დილას ბაბუასთან მირბის, მეც მშვიდად ვტოვებ სახლში და სკოლაში მივდივარ.

ერთხელ ფასანაურში ლომისობას აღვნიშნავდით. დალიეს და მამაჩემთან ერთად მეუბნება, მამას რომ არ მეძახი, მწყინსო. მამას ვერასდროს დაგიძახებთ-მეთქი. მამაჩემს ეღიმება. ახლაც თვალწინ მიდგას მისი უკეთილესი ღიმილი.

სულ პირველად ზვიოს ძმისშვილის, სანდროს ნათლობაში გავიცანი. შეყვარებულის სტატუსით ვიყავი მიწვეული. ხოდა, საცეკვაოდ გამიწვია. ვცეკვავთ მე და ნუგზარი ვალსს, მაგიდიდან მისი სამივე ბიჭის მზერას ვგრძნობ, მახოს ეღიმება, ზვიო ღელავს, პეტრე იცინის და ამ დროს მეკითხება:

– ზვიკო გიყვარს?

– კი, – ვპასუხობ.

– მერე არ არის კარგი ბიჭი ეგ! – იცინის.

– ვერ დაგეთანხმებით, ზვიადი ძალიან კარგი ბიჭია. – ორივეს გვეცინება და ამ კაცზე ცუდს მაინც არ ვფიქრობ. ვგრძნობ, როგორი გულით მეუბნება.

რა უცნაურია ეს ურთიერთობები.

მოკლედ, ბევრი წელი გავიდა და ახლაღა შევთანხმიდით მიმართვის ფორმაზე – პეტროვიჩზე.

აგერ სამი წელია ერთ სახლში  ვცხოვრობთ და ყვითელი მარშუტკით მგზავრობებმა განსაკუთრებულად დაგვამეგობრა.

დილას, სახლიდან გასვლამდე ერთად ვსვამთ ყავას. იცის რომელ ადგილას მიყვარს ჯდომა და ცდილობს, შემომინახოს.

სურამში ერთი სასადილოა, იქ ჩერდება ხოლმე და მპატიჟებს. ჩემთვის ქაბაბს და ხაჭაპურს უკვეთავს. თავი ჩარლზ დიკენსის რომანებში აღწერილ სასადილოში მგონია: ჩაბურული სივრცე, მაგიდებთან ძირითადად მამაკაცები სხედან, ალაგ-ალაგ მარტო  სადილობენ, ფიქრებში ჩაძირულები, გაცხარებულად მოსაუბრენიც შეიმჩნევიან, საქმით ატაცებულნი, შემოსასველ კართან ღუმელი დგას, რომელთანაც რამდენიმე ადამიანი ყოველთვის თბება.

უნალექო ყავა კიდეებშემოტეხილი ჭიქით მოაქვთ. ვცდილობ, ჭრილობების გარეშე დავლიო. ჩქარ-ჩქარა ვსვამთ, მგზავრები რომ არ ვალოდინოთ. როცა მისი მორიგეობა არ არის, თავის მეგობრებს მაყოლებს. უღიმღამოა ხოლმე მის გარეშე მგზავრობები.

რამდენჯერ გაფუჭებია მანქანა შუა გზაზე.

ერთხელ ახლობელმა თაფლით სავსე ბიდონი გამოატანა, ამბროლაურში თოკი გაწყდა და ჩამოვარდა. გადაფითრებული დაბრუნდა სახლში. რამდენი ასეთი სტრესი და დარდი.

ცალკე ამბავია, რას აღარ დაატარებს და თბილისიდან სოფელში ეზიდება გამოტანებულ ნივთებს: ფქვილის ტომრებს, მაცივრებს, სარეცხ მანქანებს, ახალნაყიდ თუ შესაკეთებლად გატანებულ მობილურებსა და აიპადებს, პურს, ხეხილის ნერგებს, სახელწარწერილ ყუთებს,  ჩემი ლიტერატურული კაფესთვის ათას წვრილმანს, სპექტაკლისთვის ნაყიდ ნაჭრებს.

სოფლიდან კი – საგულდაგულოდ ჩალაგებულ ჩანთებს, სეზონის მიხედვით რომ არის ხოლმე ამოვსებული. შემოდგომა-ზამთარში ნაქერალას გავლით ქალაქისკენ მიემგზავრებიან ლობიანები, ხაჭაპურები, დახვეულები, ვაშლი, მსხალი, კაკალი, ჩურჩხელები, შებოლილი ლორი, ლობიო, სიმინდის ფქვილი,  თაფლი და კიდევ რა აღარ. გაზაფხულიდან სოფლის სახლები ნელ-ნელა გამოცარიელებას იწყებენ. გასაგზავნი ჩანთების რაოდენობაც კლებულობს.

თუ გზავნილი სალამატინთან მიაქვს, ვიცი, რომ ჩემი მეგობარი თამუნა ჩაინაშოპიდან გამოწერილი ნივთებით გაიხარებს, ზეპირად რომ ვიცით ერთმანეთის ამოჩემებული კაბების, ფეხსაცმელებისა თუ ჩანთების შესახებ.

როდის გადის შენი მამამთილი სმენაში? – ეს კითხვა ძილში რომ დამისვათ, დაუყონებლივ გიპასუხებთ და ტელეფონის ნომერსაც მოვაყოლებ.

უნდა ნახოთ რა ჟივილ-ხივილით გავცვივდებით ხოლმე, სამასწავლებლოს ფანჯრიდან სკოლის ჭიშკართან ყვითელ მარშუტკას რომ მოვკრავთ თვალს. გახარებულები მივქრივართ ზედა უბნის ხალხი. ხანდახან ისეთი თავსხმა წვიმა ან სუსხია, მისი გამოჩენა ჩვენთვის დღესასწაულია.

ათასნაირი ხასიათის ადამიანთან უწევს ურთიერთობა.

ამას წინათ, ნიგავზებიდან ერთი ასაკოვანი მამაკაცი წამოვიყვანეთ. ნიკორწმინდაში ცუდად გახდა, გულის ოპერაცია მაქვს გაკეთებულიო, მოგვიბოდიშა. ძლივს ჩაიყვანეს ჰაერზე. ყველა შეწუხდა და თავს ევლებოდა. წინ ვიჯექი, ფანჯრიდან ვხედავდი იმ კაცის უღონოდ ჩამოშვებულ მხრებს, უსუსურობას რომ ასხივებდნენ და ვფიქრობდი, რომ ადამიანებს არაფრის გამო არ უნდა შეგვჯავრდეს ერთმანეთი, ყველაფერი წარმავალია, ერთხელაც ყველას ასე უღონოდ ჩამოგვეშვება მხრები, ასეთი უსუსურობით შევიმოსებით, სამყაროს შეუცნობელ კანონზომიერებას ვიგრძნობთ და სხვა ყველაფერი აზრს დაკარგავს.

იმასაც ვფიქრობდი, არაფერი ისე არ გვიხდება ადამიანებს, როგორც ერთმანეთზე ზრუნვა.

ზოგი პრეტენზიულია, ზოგი ჩუმად მგზავრობს, ზოგი ხმაურობს, ზოგი მთელი გზა საუბრობს, უმეტესად ილოცებიან და მადლობას ამბობენ.

გუშინ ერთი კაცი მეჯდა გვერდით, მთელი გზა ხმა არ ამოუღია, საბურავებზე ჯაჭვების გადაცმაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ონში რომ შემოვედით, დაურეკეს და ისე გულიანად ათუხთუხდა, ვიღაცას უბრაზდებოდა, შენ დაბნეული ხომ არ ხარ, სადაც გითხარი იქ დამხვდიო. სიცილი ამიტყდა და რამდენჯერაც მახსენდება, გულიანად მეცინება.

ხუთი საათი ხდებოდა, უწერაში რომ ამოვაღწიეთ. მანქანა შავ წყალთან გავაჩერეთ და ადუას თეთრ ნივაში გადავბარგდით. ჰამერად მეჩვენება ეს მანქანა და გულში ვლოცავ პატრონს, ასეთი სიკეთისთვის. სოფლის ბოლო აღმართი მოყინულია, მანქანის ბორბლები გაკვალულ გზაზე იწყენებ სვლას. სოფელში დიდი თოვლი მოსულა. ნამბული ანუ სველი თოვლია, სახლითავებს ჩაგვინგრევსო, ამბობს ზვიოს მამა და მე ვიმახსოვრებ ამ ულამაზეს რაჭულ წინადადებას.

ბნელდება.

სანამ სახლის საკვამურიდან ბოლი ამოიფრქვევა და ჩვენს სახლში დაბრუნებას მთელ სოფელს ამცნობს, მე ზვიოს მეგობრის, ნიკოს სახლისკენ მივდივარ. სახლში ნიკოს მშობლები და სვანეთიდან რაჭაში გამოსაზამთრებლად ჩამოყვანილი ოთხმოცდახუთი წლის ბებო მხვდებიან. ბებო ხმელ-ხმელი, ჭრელთვალება, თავსაფრიანი ქალია და ულამაზესი სახელი -ბათი ჰქვია.

სასწაულია იმის განცდა, რომ სადღაც შენი მისვლა უხარიათ.

ნინო დეიდა დახვეულს მიფიცხებს ღუმელში და თავისი ეზოს ვარდის ფურცლებზე დაყენებულ ლიქიორს მასმევს. ღუმელთან ახლოს ვჯდები და ვგრძნობ, როგორ ვლღვები ნელ-ნელა.

სახლში ვბრუნდები. სოფელში მარტოობა ჩამოწოლილა. ჩემი ბათინკები თოვლში მიჭრაჭუნებენ და ვუსმენ. ისევ თოვს. ნაცრისფერ ცაზე ერთ ადგილას ცა გარღვეულა და მთავრის ნათებას ვხედავ. ერთი წითურთმიანი გოგო  მახსენდება, სახეზე ჭორფლებით, როგორ მთელი გულით მეუბნებოდა მთვარე მიყვარსო ქალაქის ხმაურიან კაფეში. ალბათ ისიც დაინახავს ამღამ მთვარის ნათებას, ვფიქრობ.

ზვიოს მამა დილას თბილისში დაბრუნდა. გამთენიისას სითბომ გამომაღვიძა, სახლიდან გასვლამდე ჩემს ოთახში ღუმელი აენთო და  შეშას უკეთებდა ჩუმად და ბნელში, რომ არ გამღვიძებოდა.

მამას  წასვლის მერე ყველაზე მეტად ეს მენატრებოდა – უთენია დანთებული ცეცხლის სითბოში გამოღვიძება.

 

15492551_1354231727922199_8199071425622545384_n

 

15541434_1354231884588850_5336127252123015334_n

 

 

 

 

 

 

ზამთრის კოქტეილი – ყინვა, თოვლი, სკოლა, მარტოობა, ბავშვები

წუხელ ცა მოწმენდილი იყო.

გათენდება და სკოლაში რეზო მასწავლებელი იტყვის, წუხელ მინუს თორმეტი გრადუსი ყინვა იყოო. მანამდე ბევრი დროა. მანამდე სკოლიდან მოვალ, ღუმელს ავანთებ, დაჩიჩილაკებული შეშით სავსე მუყაოს ყუთს ოთახში შემოვიტან, ერთმანეთზე ასიმეტრიულად დავაწყობ, ზემოდან მსხვილ შეშებს დავალგებ, ზედ “სალიარკით” დასველებულ ნაცარს კოვზით მოვაბნევ და ასანთის ღერით ნელა, ძალიან ნელა ცეცხლს მოვუკიდებ. ჩვენი ვერცხლისფერი რკინის ღუმელი ძნელად გახურდება. ოთახში სიცივე იქნება. ჩავიცვამ ძველ ნარინჯისფერ ხალათს, დავიხურავ თეკლას “უშანკას” და შუშაბანდში სტაფილოს სალათს მოვიმზადებ. ფანჯარას ყინულის ლოლუები ჩამოაცოცდებიან, რამდენჯერაც  საჭმლის ნარჩენებს ჩიტებისთვის თოვლში გადავყრი, იმდენჯერ თვალში მომესობიან.

რომ დაღამდება, თეკლას მივეკრობი და გამოღვიძებულს უცნაური ცა მომჭრის თვალს – სანახევროდ დიდი და თეთრად გადავსებული ღრუბელია, მის მერე იწყება ცა – ცისფერი და კამკამა. მაგიდიდან და რაფიდან წიგნებს ვალაგებ, გაღებული ფანჯრიდან  ჰაერში ვეკიდები და სურათს ვიღებ. თან სიზმარს ვიხსენებ, სადაც თბილისის ქუჩებში დავდივარ და ფანჯრების თვალიერებით ვირთობ თავს. არც ერთ სახლს ჭერი არ აქვს და ყველა ძველია, მხოლოდ ფანჯრები შემორჩენიათ. უჭერო სახლის ფანჯრები საოცრად შთამბეჭდავები არიან – მრავალფერიანები და ფორმიანები, გაცრეცილსაღებავებიანები და დასვრეტილფარდებიანები. ერთ-ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრებს თავს – შაბიამნისფერი საღებავი ალაგ-ალაგ აქვს აქერცლილი. ვდგავარ და ვცდილობ წარმოვიდგინო, სახლის უჭერო შიგთავსსა და შაბიამნისფერი ფანჯრის მიღმა რა ხდება.

სიზმარია და ვფიქრობ, მართლაც, რა ხდებ -ოდ- ა ნეტავ?!

წუხელ კი მოწმენდილი ცა და ნათელი ღამე იყო. თოვლით გადათეთრებული მთები ბრდღვიალებდნენ. ვარკსვლავები განსაკუთრებულად ბრჭყვიალებდნენ და ყოველ ჯერზე, როცა შეშის შემოსატანად აივანზე მიწევდა გასვლა, თავისკენ მახედებდნენ. ჩემი სახლის კიბის მოპირდაპირე მხარეს, ცაზე სამი თანაბრად დაშორებული ვარსკვლავი ციმციმებს ყოველღამ. ოდნავ მსხვილები არიან დანარჩენებთან შედარებით და თან – სულ ასე ერთად.

ნეტავ რა ხდება მათთან?!

გათენდება და გაყინულ სახლში ვისაუზმებთ, ჩავიცვამთ, მოვწესრიგდებით და სკოლაში წავალთ. გზა მოლიპული და მოყინული იქნება, ხელიხელჩაკიდებულები ვივლით – პატარა გოგოს ბოტები ყინულზე ისრიალებს, ჩემი სქელლანჩიანი ბათინკები მშვიდად მიგვიყვანენ სკოლამდე. მედიკო დეიდა მეტყვის, რა ქენით, ხომ კარგად ხართ, დილას რომ ჩამოვიარე, კვამლი არ ამოდიოდა და დამედარდეთო. გამიხარდება. უფრო მეტად შემიყვარდება ეს ცისფერთვალება, თავისებური ქალი და საღამოს ვიფიქრებ, მარტო ამ სიტყვების გამო მეყვარება მთელი ცხოვრება-მეთქი.

სანამ გათენდება, შიში შემიპყრობს მარტოობის გამო, გარესამყაროსგან მხოლოდ ხის გამოფიტული კარი და მისი თხელი რკინის საკეტი რომ გვიცავს. წარმოვიდგენ ყველაზე საშიშ და ამაღელვებელ სცენებს, რაც შეიძლება გადამხდეს და გულს გავიმაგრებ, თუმცა მივხვდები, რომ ეს გამაგრებული გული შეიძლება შიშისგან გამისკდეს, ამიტომ ძილს შევაფარებ თავს, თვალებს დავხუჭავ და ამ სახლიდან უჭერო და ულამაზესფანჯრებიანი სახლების სანახავად წავალ.

მერე გათენდება და გაკვეთილის დაწყებამდე მარიამს და ნიკოლოზს ვკითხავ, წუხელ მათთანაც თუ გაიყინა წყალი. ისინი მეტყვიან, ჩვენ მოშვებულს ვტოვებთ ხოლმე და არ იყინებაო. მე წინა საღამო გამახსენდება, შუშაბანდიდან შემოსული წყლის ჩხრიალი ნერვებს რომ მაგლეჯდა და რომ ჩავკეტავ, მერე თბილისიდან ნინო  დამირეკავს და სანამ თეკლა სანდროს რაჭულ სიტყვებს აწერინებს, სანამ მათ საუბარს ვიწერ და ვხარხარებ, ამასობაში წყალი  გაიყინება. მერე ვერც ადუღებული წყალი გვიშველის და ვერც ონკანისთვის სანთლის შენთება.

ამავე გაკვეთილზე ნიკოლოზი მარიამს გულყვითელას ხსენებას აუკრძალავს, გული რომ ყვითელი აქვთ მაგ ჩიტებს სკიჭამიები ჰქვიათო, საოცარი თავდაჯერებულობით იტყვის ნიკო და ჩვენც დავუჯერებთ.

ყინვები დაიწყება, შიშველი ფეხით სიარულისას ყინვა კბენას დაიწყებს და დილაობით ხელების ისე მოგვეყინება, სიმწრისგან გვატირებს. ჩვენ შევეცდებით სიცივე დავამარცხოთ.

საღამოს დედაჩემის გამოგზავნილი თხილი, ჩურჩხელები და მარნეულის ვენახის ღვინო უგრძელეს გზას მოილევს და შუშაბანდის მაგიდაზე შემოსხდებიან. იმაზე ფიქრი, რომ თითოეულ თხილი დედაჩემის ხელშენავლებია, დამამუნჯებს.

საღამოს ზვიოს მამა დამირეკავს და მთხოვს, თავის ოთახშიც ავანთო ღუმელი, მე კი ვეტყვი, რომ მის ოთახში უკვე გიზგიზებს ღუმელი. ის ხმამაღლა გაიცინებს და მისი სიხარული მეც მომეფრქვევა.

დაღამდება და თოვას დაიწყებს.

თეკლა მოგონილი ზღაპრის მოყოლას მომთხოვს, მეც დავიწყებ იყო და არა იყო რა და წარმოდგენა რომ არ მაქვს,  წამის მეათასედში ისე გავაგრძელებ: იყო ერთი წისქვილი, რომელსაც სხვისი საუბარი ესმოდა და როცა უნდოდა, თვითონაც ლაპარაკობდა. ეეეე, რა მაგარიაააა, სიამოვნების ტალღა გადაუვლის სახესა და თვალებზე თეკლას და  მეც გავაგრძელებ, თან იმპულსებზე დავფიქრები, ძალაზე, რომელსაც არ ვიცნობთ, დაუგეგმავ ქმედებებსა და ნაბიჯებზე.

თეკლა დაიძინებს და წიგნის კითხვას დავიწყებ, სადაც კიპლინგის “კიმის” გადავეყრები, თვალი ჩემი წიგნების თაროსკენ გამექცევა, ჩვენი მედიათეკის ოთახიდან წამოღებული დიოგენესეული მინიმალისტურყდიან “კიმისკენ”, ვერა და ვერ რომ მივღწიე ამ წიგნამდე, მინიშნებად მივიღებ, რომ ამ წიგნიდან “კიმიში” უნდა გადავინაცვლო.

მერე მაიკლ ონდააჩი სხვა წიგნებსაც ახსენებს, დამწვარ-დაფუფქულ ადამიანს ოცი წლის ჰანას შეაყვარებს, მერე სხვებიც გამოჩნდებიან და ამ გოგოს ირგვლივ დაიწყებენ არსებობას, მერე ავტორი  გერშვინს ახსენებს და ამ მუსიკოსზე შეყვარებული ჩემი ბავშვობის მეგობარი გამახსენდება.

ვირტუალურ სამყაროში მოვბარგდები და გერშვინის ფონზე წერას დავიწყებ.

თეკლა ბიულერბიელ ბავშვებს დაამთავრებს, მეექვსეკლასელ ილიას პირველად დავტოვებ წიგნების თაროსთან მარტოს – მორის დრიუონის “ტისტუს” მოსაძებნად, მერე დერეფანში შემოხვდება და ნაპოვნ ტისტუზე ღიმილით მიმანიშნებს, მეშვიდეკლასელი მარიამი პეპის წაკითხვას გადაწყვეტს, მოძებნის და წაიღებს, თან ჩაატარებს  დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილების ხიბლს.

წუხელ ძლიერი ყინვა იყო, მერე გათენდება და სოფლის სახლის საკვამურებიდან ათასგანწყობილებიანი კვამლი ამოიფრქვევა, დღე ივლის, ივლის, დაიღლება და მოსაღამოვდება, დაღამდება კიდეც.

15203326_1347217095290329_7998701619190543818_n

 

 

შაშვები თოვლში პოულობენ ვაშლებს

ჩვენი ხის ჭიშკარი დაფიფქულია, თითქოს იმისთვის მიუკრავს და ერთად მოუგროვებია გაყინული  ფიფქები, რომ ზუსტად გასვლისას დაგვაბნიოს თავზე მე და თეკლას. შეფუთულები ვართ, ფეხები რომ მშრალად ჩაგვყვეს სკოლამდე. გზა გაკვალულია – ჩვენამდე მთელმა სკოლამ ჩაიარა. ვდგებით კვალში და თეკლას ნაბიჯებს ჩემსას ვატყობ. ფეხსაცმლის ძირების მრავალფეროვნების აღმოჩენით ვერთობით. მივსუნსულებთ მარტოები. არ ყინავს, მშრალი ჰაერია, თოვლის სუნს ხარბად ვისრუტავთ. გაბრიელი ზვიოს მიჰყავს თბილისში და გახარებული  დავტოვეთ სახლში. მოდი, ერთიც გაკოცოო, გამომეკიდა კარში.

ბეგიდან მოყინულ შარაგზაზე ვინაცვლებთ. დარეჯან მასწავლებლის ფუტკრის სკების დათოვლილი სახურავები  მხვდება თვალში მუშვნის პირას. ახლა სიმშვიდე დგას ფუტკრებთანაც. მაისში გაფაციცებულია ხოლმე დარეჯანი, ლოცულობხ ხოლმე, ნაყარი ფუტკარი რივნის გადაღმა არ გადაიკარგოს.

სკოლის ჭიშკარს შევაღებ თუ არა, აღმართს ავივლით, კიბეებსაც ავირბენთ და შესასვლელში მე და ჩემი გოგო ერთმანეთს ვშორდებით. იმას თავის ცხოვრება ეწყება, მე – ჩემი. ხშირად მსაყვედურობს ხოლმე, სულ შენს მოსწავლეებთან ერთად ხარო.

როგორც კი შევდივარ საკლასო ოთახში, კარს მოვხურავ თუ არა, სიხარული მიპყრობს, ჩემს საკუთარ კოსმოსურ სამყაროში ვიწყებ მოძრაობას, სადაც მარტო მე და ჩემი მოსწავლეები ვართ. ნიკოლოზი თავისუფალ თემას გვიკითხავს და რამდენიმე სწორად დასმული მძიმე ისე მახარებს, მზად ვარ, ბავშვობაში ნაცადი ბრეიქდანსის ილეთები შევასრულო. ვერ წარმოიდგენთ, რა მაგარი შეგრძნებაა, მთელ ფურცელზე გადაჭიმულ ნაწერში მხოლოდ ერთადერთ წერტილს რომ ხარ მიჩვეული და ერთ დღესაც გააზრებულად დასმულ სასვენ-ნიშნებს აღმოაჩენ. ნიკოლოზის მძიმეებს მარიამის ლოგიკური პარალელები მოჰყვა. ისინიც გრძნობენ ერთ გაკვეთილზე მიღწეულ პატარა წარმატებებს და სახეები უბრდღვიალებთ. გარეთ გადათეთრებულია სამყარო. ნისლი მთა-მთა მიიწევს და დათოვლილი ნაძვების კონტური ნაცრისფერ ცას ებიჯნება.

– გუშინ თოვა იყო გამოცხადებული და არ უთოვია,- ნიკოლოზი სველ თოვლს ელოდება, მშრალში გუნდები არ კეთდებაო.

– ჩემთან მთელი დღე თოვდა. – კვირა დღის ფიფქიანობა მახსენდება.

– არ უთოვია, მასწავლებელო. – თვალები ეჭუტება ღიმილისგან.

– ჩემთან თოვდა.

– მსხვილი ფიფქებით?

– კი. – ახლა მე მეცინება “მსხვილი ფიფქების” გამო.

– ერთი-ორჯერ წამოთოვა წვრილად. – თავისას არ იშლის.

ორივეს გვეცინება. სიტყვა-სიტყვით ვიწერ ამ დიალოგს, თორემ მერე დამავიწყდება. არ უნდა დამავიწყდეს!

მარიამი კარლსონს კითხულობს, უკვე მესამე ნაწილზე ვარო, უხარია.

დავიწყეთ.

სათითაოდ მეტყვიან ვინ რა წაიკითხა, რა დაამთავრა, რა დაიწყო, რისი გამოტანა უნდათ, რას აპირებენ, რას დაადგეს თვალი. გაზიარებას ყოველთვის ახერხებენ – შესვენებებზე, კიბეებზე არბენისას თუ ჩამორბენისას, გაკვეთილის ბოლოს, დასაწყისში, შუაშიც – პარალელებს ავლებენ  და ასოციაციურ კავშირებს ეძებენ ხოლმე, სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მედიათეკის ოთახში, დერეფანში, ეზოში, ჭიშკართან, წერილებით, პატარა ფერადი ბარათებით, საღამოს მესინჯერში ან სმს – ებით.

ეს არის ცოცხალი პროცესი – გულისცემა აქვს, პულსიც, ხასიათიც. ჩვენ ყველა ერთად ამ საოცარ მდინარეში ვცურავთ და ახალ-ახალ სამყაროებს ვპოულობთ, მერე ერთმანეთი მიგვყავს, რომ ვანახოთ, რაც ვნახეთ, რაც განვიცადეთ და ერთმანეთის ფერებში ჩვენი ფერები აღმოვაჩინოთ, ჩვენი სიტყვები გამოვუძებნოთ განცდილსა და ნანახს.

შესვენებაზე თეკლას კლასში შევიხედე. მარტო იჯდა მერხთან და ბიულერბიელ ბავშვებს კითხულობდა. დამინახა თუ არა, გიორგის მერხისკენ გამახედა, ნახე, “დედა, მამა, რვა ბავშვს და საბარგო მანქანას” ამთავრებსო. ნიკოლოზის მძიმეებს გიორგის პირველი სქელტანიანი წიგნის წაკითხვის სიხარული ებმება. სანთლის შუქზე ვკითხულობდი გუშინო, განგვიცხადა. ამ წიგნს ჯერ არ ჩაგაბარებთ, გაგრძელებას კი წავიღებ, ეს ბაბუაჩემს მოეწონა დილას და უნდა წავუღოო.

თამუნა “წიგნის ქურდს” კითხულობს, აღფრთოვანებულია,  მარიამი – ნარნიის ქრონიკებს, დღეს დავამთავრებ და  “ჯეინ ეარი”  მიმაქვსო.

ჩვენს ოთახში ისევ არეულობაა, წიგნები კი გადმოვალაგეთ, მაგრამ დასალაგებლად დრო ვერ გამოვნახეთ. კარს რომ ვკეტავდი, შავ დაფაზე ვარდისფერი ბარათი მომხვდა თვალში – “მასწ, “მიდი, დააყენე დარაჯი” გავიტანე და იცოდეთ” – მეათეკლასელი ნინო მწერდა.

სახლისკენ ერთად მოვდივართ.

თეკლას კლასელი გიო სახურავზე შეყინულ ლოლუებს სათითაოდ ტეხდა და გოგოებს ურიგებდა. ესენიც საწუწნი კანფეტებივით ლოკავდნენ.

გაბრიელისგან დაცარიელებულ სახლს გავურბივართ, სტუმრად ანისთან და მარისთან მივდივართ ლიტერატურული დღიურების გასაკეთებლად.

ანი და მარი ჩვენი სტუმრობის გამო სიხარულით ცას სწვდებიან.

აი, ხომ არის ისეთი სახლები, წამოხვალ და შენს სახლში წამოგყვება ამაღლებული განწყობა, სიმშვიდე, სიხარული. ზუსტად ასეთი ემოციებით დატვირთული სახლი აქვთ ამ ირმის მსგავს გოგოებს. ფანჯრიდან ვხედავდით როგორ დარბოდნენ შაშვები ეზოში, თოვლში პოულობდნენ ხიდან ჩამოცვენილ ვაშლებს და ერთმანეთს ეცილებოდნენ, გულყვითელა ბეღურები ფანჯრის წინ წვრილ ტოტებზე სხდებოდნენ უფრო წვრილი ფეხებით, გოგოებმა მოიჩვიესო, მიყვებოდა ნინო.

ვფიქრობდი, ღმერთო, რა ბედნიერებაა, დათოვლილი სოფლის ბოლოს რომ არსებობს ეს სახლი, ამ სახლში ზუსტად ეს ადამიანები რომ ცხოვრობენ, ზამთრის პირველი დღეები რომ არის, ღუმელი რომ გიზგიზებს, მაგიდაზე ამ სახლის ფუტკრების ფიჭიანი თაფლი რომ დევს, ჩვენ რომ აქ ვართ.

თოთხმეტ დღეში ლიტერატურული კაფე გველის და უკვე ვიწყებთ მზადებას, დღიურებს ვაკეთებთ წაკითხული წიგნების მიხედვით – ვირჩევთ ავტორებს, ვაფორმებთ , ვწერთ, ვხატავთ – ხვალ სკოლაში წავიღებთ და პირადი მაგალითის ძალის ზემოქმედებით საინტერესო ამბებს დავატრიალებთ.

სახლისკენ მიმავალ დაღმართზე გარეგანათების ლამპიონი გვინათებდა  გზას. ნარნიის ლამპიონი მახსენდება – ფავნი რომ პოლის მიასწავლის, როგორ უნდა დაბრუნდეს სახლში.

“ნარნია ჩვენც გვაქვს იცით? ნარნიის მეტი რა ეთქმის ჩვენს წიგნებით და ბედნიერებით გამოტენილ ოთახს. ნარნია, სადაც ყველამ ფეხი ავიდგით და ნამდვილ ბავშვებად ვიქეცით.” – დღის ლოგიკურ დასასრულად ასეთი წერილი მომდის.

თეკლა ძილის წინ ქართული ხალხური ზღაპრების სამტომეულიდან იასამნისფერყდიან წიგნს ირჩევს და წიქარას წაკითხვას მთხოვს. კითხვის პარალელურად წინადადებებს “ვიჭერ” და ხვალინდელი გაკვეთილისთვის რთული სიტყვების მაგალითებისთვის ვინახავ:

“სალამურის ხმაზე ჭრელ-ჭრელა ჩიტუნებისა და პეპლების გუნდი თავს დასტრიალებს.”

“ხეები, ბუჩქები, ბალახი – ყველა ერთნაირად ამღერდება და ბიჭს ნაირ-ნაირი საჭმელებით გაწყობილი სუფრა გაეშლება.”

“ბიჭი ახლაც იმ ალვის ხეზე ზის, უკრავს სალხინო სალამურს და თვითონაც ხარობს და ნადირ-ფრინველსაც ახარებს.”

ღუმელთან გაბრიელის წითელი ბოტები დევს, გუშინ ეზოდან შემოიტანა გასაშრობად.

– გაბრიელი მენატრება და დამანახე რაა ეგ ბოტები.- საწოლიდან მესმის თეკლას ხმა.

ოთახს შუქის ნაცვლად თოვლის სითეთრე გვინათებს.

15267895_1346128848732487_1409665684206255375_n

 

15241764_1346128698732502_5136029313477930321_n

 

15390882_1346128718732500_5933381228582043139_n

15380737_1346128062065899_7681690953449500806_n

15390854_1346128692065836_6469529897354604005_n

15253497_1346128705399168_191627451722435106_n

15253656_1346128558732516_4470185338419319442_n

გიხდება ბავშვობა

კესო ყველასგან განხვავდება.

– მასწავლებელო, კესო როგორია, არასდროს არაფერზე წუწუნებს, შვიდი გაკვეთილი აქვს, ხმას არ იღებს, შია, არ იმჩნევს, არასდროს არაფერი წყინს. – ამბობს თამუნა.

– რას ვიზამ, თუ შვიდი გაკვეთილი მაქვს?! – იცინის წითურთმიანი კესარია და ჩვენ მის სიმშვიდეს შევნატრით.

სემესტრის ბოლო ახლოვდება და შეცვლილი როლების დრო დადგა. მარიამისა და თამუნას შემდეგ დღეს კესო მასწავლებლობს. მე მის ადგილს ვიკავებ. ვაჟა-ფშაველას ლექსი “ჩემი ვედრება” უნდა აგვიხსნას.

მასწავლებლის მაგიდაზე ვაჟას ლექსების წიგნს, მის ბიოგრაფიასა და ფოსფორისფერყდიან დღიურს დებს. კესო მასწავლებლის გაკვეთილი იწყება. ჩვენც თავის სიმშვიდეში გვხვევს  და საოცარი განწყობა გვექმნება.

თვალებს გვახუჭვინებს. ვხვდებით, რომ მაგნიტებით დაფაზე ფურცლებს ამაგრებს. ვახელთ თვალებს და ვხედავთ  სამ ულამაზეს ნახატს. სახელმძღვანელოდან თემატური  თავების მიხედვით ნახატები შეუქმნია და სათითაოდ გვთხოვს გამოცნობასა და სახელების დაწერას.

შემდეგ ვკითხულობთ “ჩემ ვედრებას”. ორი წლის წინანდელი სპექტაკლი ახსენდებათ, თამუნას ლექსი იყო და კიდევ უფრო გვიხარია ერთმანეთი.

კესო არ გვაცლის მოდუნების საშუალებას. დაფაზე წერს მზეს და გვეუბნება, რასაც მზე გაგვახსენებს, ვუკარნახოთ. მერე ამ სიტყვების მიხედვით ლექსის დაწერას გვთხოვს. ბავშვობის სულელური ლექსების მერე  ლექსი აღარ დამიწერია.

დღეს კი კესოს ხათრით ძალიან, ძალიან მოვინდომე:

სულო ჩემო

მზეს ჰგავხარ, სულო ჩემო,

ხან ბნელდები, ხან ნათლდები,

ხან ჩნდები, ხან ქრები,

მაგრამ მზის მსგავსად სულ არსებობ ჩემში.

სულო ჩემო, ჩემში მყოფო,

სად ხარ? რატომ ვერ გხედავ?

იქნებ მზის სხივს ჰგავხარ –

თვალისმომჭრელი და უგრძელესი ხარ?

სულო ჩემო, იყავი სხივნათელი მზის მსგავსად,

სიბნელის გამფანტველი.

გაიქეცი, გაიქეცი, წყვდიადი თუ დაგემუქრება,

მზესთან გაიქეცი.

ერთი სული მაქვს, ჩემი ჯერი როდის მოვა და როდის წავიკითხავ. ბავშვობაში ვბრუნდები.

თამუნა ულამაზეს ლექსს წერს. მარიამი შუაში ზის და მოსთქვამს, არაფერი გამომდისო.

ლექსები წავიკითხეთ და კესო ვაჟა-ფშაველას მშობლებზე იწყებს საუბარს. თურმე მის ბიძას პარასკევა რქმევია და ერთი დამთხვევა აღმოვაჩნეო, სიცილი უტყდება, რამდენიმე დღის წინ ხბო გვეყოლა, პარასკევ დღეს დაიბადა და პარასკევა დავარქვითო.

რაღაც უცნაური დღეა, თამუნა ამბობს, ყველას ენა გვებმება და გვიხარიაო.

კესო ფოსფორისფერყდიან დღიურს შლის და სათითაოდ გვაწერინებს თემების სათაურს:

მარიამ, შენ ზამთარი რომ გიყვარს, ამიტომ შეგირჩიეო და მარიამი რვეულში წერს: “ზამთრის დილა”;

 “ფიფქები მოჰქროდა” – ახლა თამუნას აწერინებს და ესეც სიხარულისგან აჭყვიტინდა, როგორ მიყვარს ზამთარიო.

ჩემი ჯერი დგება: “ქარი რომ უბერავდა და თან წვიმდა” – ვიწერ დღიურში.

მარიამს ახსენდება, რომ მისი მობილური ფიფქებიან სურათებს იღებს, დგება და გვიღებს.

კესო, ჩემო გოგოვ, ჩემო უკეთილესო, როგორი მაგარი გოგო მყავხარ, როგორ დაკვირვებულად გაქვს შერჩეული სათაურები, გაკვეთილისთვის აქტივობები, მეფიქრება და ვწერ ერთ ქარიან დღეზე, თუ როგორ მედებოდა ქარი ხავსივით კანზე და თავის სიმძაფრეს ტოვებდა ჩემში .

ვუკითხავთ ერთმანეთს, ვუსმენთ, ვისრუტავთ ფრაზებს, განწყობებს.

კომენტარების დაწერის დრო დგება და წინასწარ მომზადებული ფლომასტერებიდან გვარჩევინებს ფერებს და რვეულებს გვიჭრელებს: “მარი, შენ თუ ვერ დაწერე ლექსი, არაუშავს, მთავარია, თემა ხომ დაწერე. მივხვდი, რომ ზამთარი გიყვარდა, იმიტომ დაგიწერე “ზამთრის დილა”.

“თამო, შენ ძალიან საოცარ თემებს და ლექსებს წერ. ლექსების წერა მე შენსავით არ მეხერხება.”

“ლელა, ძალიან კარგი იყო და გიხდება ბავშვობა. თემა და ლექსი ძალიან მომეწონა.”

ვინ ხარ შენ, კესო? – ეკითხება თამუნა და კესოს გულიანად ეცინება.

მეც ხშირად მიჩნდება ეს კითხვა.

ქალაქის სკოლების  მსგავსად კლასში ოცდაათ მოსწავლეს შორის რომ იყოს კესო, ალბათ, ვერასდროს აღმოვაჩენდი მას. ფარული შესაძლებლობების ძიება და აღმოჩენა მრავალრიცხოვან კლასში საკმაოდ რთულია.

შეცვლილი როლების სამმა დღემ სასწავლო პროცესი გაგვიხალისა, დამანახა, რა მოსწონთ, შემახსენა, როგორ უყვართ  და მონატრებიათ ჩემგან მივიწყებული განმავითარებელი კომენტარები.

გაკვეთილების შემდეგ მედიათეკის ოთახში ვიკრიბებით და ლიტერატურული დღიურებს ვაკეთებთ. ამასობაში გაგვიწვიმდა. აღარც წვიმა მაშინებს, აღარც თოვლი, აღარც შიმშილი, აღარც კილომეტრ-ნახევრიანი აღმართი, ნაბიჯსაც არ ვუჩქარებთ. თეკლა კევის ყიდვას მთხოვს, მაგრამ მაღაზია დაკეტილი გვხვდება. სკოლის ჭიშკართან ბოსტნეულის გამყიდველი ჩარიტას მარშუტკა დგას. მანდარინს ვყიდულობთ.  გზაში ზვიოს ბიძა გვხვდება მანქანით და ჩვენი მოფახფახებული სახლისკენ მიგვაქროლებს. მანქანიდან  ბავშვებს ვხედავ, დგანან შეჯგუფებულები, მათი დრო გაყინულია, სხვაგან არიან და ულამაზესია მათი ეს სხვაგანმყოფობა.

გზა სკოლიდან სახლში დაბრუნებისას ყოველთვის ისე  უგრძელდებათ, როგორც ბიულერბიელ ბავშვებს.

15220050_1340099069335465_3360525102052896961_n-2

15219433_1340050622673643_3475963023324045008_n-2

დღე სა-მსახური- სა

მეოთხე ღამეა ჩვენი სოფლის ცაზე ვარსკვლავები ციმციმებენ. ეზოში ჩავდივარ, თავს მაღლა ვწევ და რამდენიმე წუთი ისე ვუყურებ. არაამქვეყნიური განცდა მეუფლება. თეკლა და გაბრიელი მბაძავენ. მერე თავბრუ გვეხვევა და სახლში ვბრუნდებით. ჩვენს ოთახში ნაცრისფრად გადაღებილი ღუმელი შეშას შეშაზე ჭამს. ჩვენც რიგ-რიგობით ვეზიდებით აივნიდან და  სუფთა ჰაერში ამოვივლებულები ვუბრუნდებით ერთმანეთს.

დილით ტანსაცმლის კარადიდან ნანა დეიდას შეკერილ ვარდისფერ ქვედაბოლოს ვიღებ და ვიცვამ. პრინცესას გავხარო, გულს მიხარებს ჩემი ბიჭი. თეკლა გოგოებთან ერთად დაადგა სკოლის გზას. პირველი გაკვეთილი არ მაქვს და გაბრიელით ვტკბები. რამდენიმე წუთში გავიხურავ კარს და ოთხ საათამდე მარტო უნდა იყოს ბაბუასთან, ბებიასთან  და მათ მეგობრებთან ერთად. თანატოლი არ ჰყავს. ბაღიც დაუხურეს, კიდევ მოძებნეთ სხვა ბავშვიო, შემოთვალეს. ბავშვი ვერ მოვძებნეთ. გული დასწყდა. თეკლა უხსნის, რატომ ვერ წავიყვანთ სკოლაში, უსმენს, მაგრამ გვიბრაზდება.

ხშირად ვფიქრობ,  რა იქნება ჩვენი მომავალი სოფლის გარეშე. ჩვენს სკოლას რამდენიმე წელი პირველკლასელი არ ეყოლება. როცა ამ თემაზე ვსაუბრობ, ვამბობ, რომ აუცილებლად რამე სასწაული მოხდება და სკოლა არ დაცარიელდება. მინდა, რომ ასე მოხდეს, მაგრამ რეალობა მძიმეა.

თბილისს საძირკველი გამოაცალეს. დამძიმდა მიწა. ქუჩები მანქანებით გადაიჭედა. უცნაური რამ ხდება ჩვენს თავს. ძალიან უცნაური. თუ სოფელში ცხოვრობ, ამ ყველაფერს აცნობიერებ, თუ არადა, შეიძლება აცნობიერებ, მაგრამ ვერ ითავისებ.

ხუთშაბათია, ონის დღე. სკოლისკენ მივრბივარ. შორიდანვე ვხედავ ზაური ბაბუას. ვეწევი. ნაბიჯს ვანელებ. ვსაუბრობთ, სკოლაში მაგვიანდება, ზაური ბაბუა, უნდა გავიქცე-მეთქი, ვგრძნობ, გული წყდება.

ისევ მივრბივარ. ჩემი ქვედაბოლოს ბოლოებს მივაშრიალებ. ნანა დეიდა მახსენდება. დედაჩემის ტოლია და ვმეგობრობთ. მახსენდება და გული მტკივდება სიყვარულისგან. ჩემი ყველა ჭრელი და განსაკუთრებული კაბა ნანა დეიდას შეკერილია. ქორწილის კაბაც მან შემიკერა. დარდით და პრობლემებით სავსეა, მაგრამ შენ არასდროს გაგრძნობინებს. საოცარი იუმორი აქვს. გლდანის მეშვიდე მიკროში ცხოვრობს, პირველ სართულზე, მის ოთახში მობილური არ იჭერს და სამყაროს ვწყდები, როცა მასთან მივდივარ. ყოველთვის აქვს “ბურდას” ახალი ნომერი. ძველებური საკერავი მანქანების, ძაფების, მოდის ჟურნალების კოლექციის, ნაჭრების გარემოცვაში თავს კარგად ვგრძნობ. ვზივარ ნანა დეიდას მოწესრიგებულ ქაოსურ სამყაროში და ბედნიერების განცდით ვივსები. არ ვიცი, რატომ. იქნებ იმიტომ, რომ მასაც ძალიან ვუყვარვარ.

ერთხელ დედაჩემი მოიკითხა, როგორ არისო, მომისმინა და მერე დამაბარა, უთხარი, სხვაც ბევრია, ვისაც შენზე მეტი დარდი აწევს გულზე და გამაგრდიო.

წმინდა გიორგის ეკლესიას რომ ჩავუარე, ზუსტად მის უკან ამოდიოდა მზე მთელი თავისი დიდებულებით.

თბილისში თოვს, სამასზე მეტი  კილომეტრით დაშორებულ რაჭაში თბილი და მზიანი დღეა.

სკოლის ჭიშკარში შევდივარ, პირველკლასელი თიკო მორბის და მეხუტება. მიხარია, რადგაან ასეთი თავისუფლად პირველად გამოხატავს ემოციებს. ძილის წინ თეკლამ მითხრა, დაგინახეთ შენ და თიკუნა და ისეთი საყვარლები იყავით,ფოტოაპარატი რომ მქონოდა, სურათს გადაგიღებდითო.

სკოლაში წიგნებზე საუბარი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ხან გაკვეთილზე აიბრჭყვიალებენ თვალებს და მიამბობენ, რა ადგილას არიან, რას კითხულობენ, ხან  მედიათეკის ოთახში მომაკითხავენ. ყველგან  წიგნებია, ყველა კითხულობს. ყოველი დღე ახალი ამბებითაა სავსე.

მეოთხეკლასელი გიორგი მერხის ქვემოდან ანე-კატერინე ვესტლის წიგნს იღებს და მაჩვენებს, რა ადგილას არის და რომელ ადგილამდე მიღწევას ოცნებობს.

მეცხრეკლასელი თამუნა ბერძნულ მითების აბრუნებს და ყველაზე მეტად რაც დაამახსოვრდა, აღელვებული მიყვება. მერე ჩერდება, რა მემართება, ენა მებმისო, საკუთარ თავზე ბრაზობს.

გაკვეთილზე ვაცემინებ და ჯანიო, წამსვე მეხმიანება მესამეკლასელი გიორგი.

დროდადრო შეშას ვუკეთებთ ღუმელს.

მერვეკლასელებთან შემაჯამებელი გაკვეთილი მაქვს დაგეგმილი – აკაკი წერეთლის “ბაში-აჩუკზე” უნდა გააკეთონ პრეზენტაცია. მერხებზე დაკეცილი თაბახის ფირცლები უდევთ. ასე იციან. წინასწარ არასდროს გაგიმხელენ, რას აპირებენ.

წინა დღეს გავიხსენეთ შეფასების კრიტერიუმები. ვრთავთ წამზომს და ისინიც იწყებენ. საუბრობენ თავისუფლად, სიხარულით, ფორმატი გადავსებული აქვთ გამოჭრილი და გაფერადებული პერსონაჟებით. მარიამმა ფოთლები იმიტომ დავხატე, რომ მოთხრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენო. თამუნას დანაწევრებული კაკლის ნაჭუჭები წებოვანი ლენტით დაემაგრებინა  ფურცელზე და ერთ ხაზზე ჩაემწკრივებინა. როგორც აგვიხსნა, იმ რთული გზის სიმბოლოდ, რომელიც მოთხრობის მოქმედმა გმირებმა გაიარესო; კესოს დროც დგება და თვალებს მახუჭინებენ, ისეთი საოცარი ნახატები აქვს, ცოტა უნდა მოიცადოთ, მასწავლებელოო. ახალი მწვანე დაფები გვაქვს და საპრეზენტაციო ფორმატებს ფერადი მაგნიტებით ამაგრებენ, უხარიათ და იხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ისინი გვაჩუქეს.  კესოს ნახატები ყველას გვაკვირვებს, განსაკუთრებით, აბდულ-შაჰილი, ხელში ჭოგრიტი რომ უკავია და ოცდამეერთე საუკუნის ადამიანებს გვიყურებს.

სკოლაში სოფლის ამბები მალე ვრცელდება. ასე გავიგეთ, რომ ქეთო მასწავლებელი უგონო მდგომარეობაში ლოგინიდან გადმოვარდნილი უპოვნიათ. ასაკოვანი ქეთო მასწავლებელი მარტო ცხოვრობს. სახლში რომ ვბრუნდებით, ხევის გადაღმა თავის მეგობრებთან ერთად გზის პირას ზის ხოლმე, ხელს ვუქნევთ და ძალიან უხარიაო, თამუნა მიყვება. ორი კვირის წინ მეც შევნიშნე ისინი, მაგრამ დამეზარა გამოხმაურება, ახლა მახსენდება და მრცხვენია. ასეა, სამწუხაროდ. ერთმანეთს ისე ჩავუვლით, გამოხმაურება გვეზარება, არადა, ვინ იცის, გვიწერია თუ არა კიდევ შეხვედრა.

შავ დაფაზე წარწერა მხვდება ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებიდან “მიო, ჩემო მიო”:”იქნებ მხედარი კიტო ყველაზე მეტად მხედარ კიტოს ეზიზღებოდა?!”

მე და ჩემი მეგობარი თამუნა ერთად ვბრუნდებით სახლში. ჟუჟუნა დეიდას ოთახში ძველებურ კარადაზე პატარა სარკე მიუმაგრებიათ. სურათებს ვიღებთ, ძალზედ უცნაური გამოდის და სიცილი გვიტყდება. ქეთო მასწავლებელი ონის საავადმყოფოში გამომჯობინებულაო, გავიგეთ და გვიხარია.

ამინდია ისეთი, სახლში წასვლა რომ არ მოგინდება. გზაზე სულიერი არ ჩანს, მარტო ჩვენ ვართ.

თამუნა სურათს მიღებს. მზის მცხუნვარებას ვგრძნობ და თვალებს ვხუჭავ.

ამ დღეს ასე გავიხსენებ: ნოემბერში სახეზე მწველი მზე ვიგრძენი, ნანა დეიდას შეკერილი ქვედაბოლო მიხაროდა, თეკლამ “პეპი გრძელწინდას” კითხვა დაამთავრა, გაბრიელმა აივანზე ამოზიდული შეშა დამახვედრა, წერილი მივიღე, რომელშიც პალაციოს  რომანიდან “ავგუსტი და მე” ამონარიდი ეწერა:

“მე, პირადად, მომწონს მისის ატანაბი თავისი გრძელი, ჩანჩქერივით დაშვებული კაბებითა და შარფებით, აბურდულად შეკრული თმით. ისე გამოიყურება, თითქოს ხანგრძლივი  მოგზაურობიდან   დაბრუნდა და ჯერაც სული ვერ მოუთქვამს.”

 

15170890_1332681210077251_6184105272570363356_n

 

15179206_1332681556743883_854384195518950066_n

15135929_1332681830077189_3764769218566180444_n

 

15109353_1332681270077245_6283240246724691380_n

15230669_1332682133410492_5865491209618401962_n

15241189_1332682103410495_948621225195626255_n

15181309_1332681460077226_2720694246699958174_n